ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

გიორგი ლობჟანიძე – მასწავლებელს ყოველთვის აქვს დრო მოწაფისთვის

ერთი დიალოგი მაგონდება: მაშინ გიორგი ლობჟანიძე “ყურანის” თარგმანზე მუშაობდა და აღნიშნა, არაბული უცნაური ენაა, ამ ენაზე “ბალახი” და “ვარსკვლავი” ერთნაირად გამოითქმისო. პოეტმა დიანა ანფიმიადიმ უპასუხა, ალბათ იმიტომ, რომ ვარსკვლავი ზეცის ბალახიაო. მახსოვს ეს გასაუბრება და შიში, რომელიც განვიცადე, როცა წარმოვიდგინე, რას ნიშნავს, თარგმნო “ყურანი” – წიგნი, რომელიც რწმენას უნერგავს მილიონებს, სხვა მიზეზებთან ერთად, თავისი მხატვრული ფასეულობითაც.

კიდევ, არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როდესაც ჩემმა ნამდვილმა მასწავლებელმა, ეკა ნავროზაშვილმა, უნივერსიტეტში მოგვიტანა გაზეთი, რომელშიც ჩემთვის უცნობი ავტორის ორი ლექსი იყო დაბეჭდილი: “ბრბოს კაცი” და “ქაღალდის სახლი”, – და მე ის ავტორი ჩემს საყვარელ პოეტად ავირჩიე. ორიოდე წლის შემდეგ ეკა მასწავლებელმა გიორგი ლობჟანიძე სტუმრადაც გვაწვია. მახსოვს, ვკითხე:

– მე თქვენი მშურს. ვისი გშურთ თქვენ?

ისე, რომ წამითაც არ შეუცბუნებია ჩემი კითხვის უცნაურ ფორმულირებას, მყისვე დამისახელა სამი ადამიანი: თინა მარგველაშვილი, ალექსანდრე გვახარია და ვახუშტი კოტეტიშვილი. სამივე მისი მასწავლებელი იყო. სწორედ ეს სამი ადამიანი ახსენა ახლაც, როცა ინტერვიუ ვთხოვე როგორც პედაგოგსა და შესანიშნავი პედაგოგების მოწაფეს. იგი დამთანხმდა, რადგან იცის, რომ ჩემი მასწავლებელია და ამბობს, რომ მასწავლებელს ყოველთვის აქვს დრო მოწაფისთვის.

გიორგი ლობჟანიძე ფიქრობს, რომ მასწავლებელს მართლა შეუძლია მოსწავლის ცხოვრების შეცვლა და მისი აზროვნების სრულიად სხვა რელსებზე გადაყვანა. ოღონდ მაინცდამაინც იმ მასწავლებელს არა, რომელიც ბედმა გარგუნა, – მასწავლებელი შენ თვითონ უნდა აირჩიო, როგორც საყვარელი პოეტი ან, უფრო ზუსტად, როგორც მოძღვარი. ასე აირჩია მან ვახუშტი კოტეტიშვილი, რომელიც სულ ერთი სემესტრის განმავლობაში იყო მისი პედაგოგი, მაგრამ მას შემდეგ ოთხი წელი ყოველთვის და ყველგან ახერხებდა დასწრებოდა მის მეცადინეობებს და ესწავლა მისგან ყველაფერი, რისი სწავლაც ერთ ადამიანს მეორისგან შეუძლია. ბატონი ვახუშტი ეხუმრებოდა ხოლმე, მე ხომ მზე ვარ და მზე ვარ – შენ ჩემი თანამდევი პლანეტა ხარო.

ბატონი ვახუშტისგან მაშინ ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა: როგორ უნდა გაუძლო ცხოვრების ფსკერზე აღმოჩენას, საყოველთაო სიყვარულს შეჩვეულმა როგორ უნდა აიტანო ყველას განდგომა და დამცირება; რომ ხალხის აღტაცება ეფემერაა და წამში ქრება; რომ მასწავლებელი უშურველია და შეგირდში არასოდეს ხედავს მეტოქეს და რომ შინაგანი თავისუფლება არის ის, რაც ყველა გასაჭირს გაგიიოლებს.

არაბები უცნაური ხალხია – მასწავლებელს გვამების გამბანს ადარებენ, რომლის ხელშიც შეგირდი მიცვალებულივით დამყოლი უნდა იყოს. თუ მოძღვარი აირჩიე, უნდა ბოლომდე დაემორჩილო კიდეც და მისცე საშუალება, შენგან ის გამოძერწოს, რაც სურს.

გიორგი ლობჟანიძის გამოძერწვის ამბავი იქიდან იღებს სათავეს, 11 წლისა ბლის საკრეფად წასული შუა გზიდან რომ მიბრუნდა უკან და სასწრაფოდ ფურცელზე გადაიტანა პირველი ლექსი. ერთხანს აწუხებდა საკუთარი განსხვავებულობა, ბალზეც კი რომ ათქმევინა უარი, მაგრამ როდესაც აღტაცებულმა უფროსმა დებმა მისი ლექსები ხაშურის რაიონულ გაზეთ “გამარჯვების გზაში” გაგზავნეს, იქ, ასე განსაჯეთ, დაბეჭდეს კიდეც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ჰონორარიც, მანეთი და ორი კაპიკი, მისცეს, მიხვდა, რომ ლექსების წერას დადებითი მხარეც ჰქონდა. გაზეთის რედაქტორმა თავისთან დაიბარა და ისე ღელავდა, ამ შეხვედრის ამბები მხოლოდ რედაქტორის ნაამბობიდან ახსოვს: თურმე იმხანად იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა მესამე ტომს კითხულობდა და საუბარი ასე დაიწყო: “ჩვენ, პოეტები…” ასე გაუჩნდა მასწავლებელი, რომელიც მთელი ცხოვრებაა მოჰყვება – გოგი გოგოლაძე. მეორე დღეს ბედმა მეორე მასწავლებელი გამოუგზავნა: ფოსტალიონმა, რომელმაც წინა დღეს თავისლექსებიანი გაზეთი მოუფრიალა ჭიშკართან, ახლა დეპეშა მოუტანა; დეპეშა მურად მთვარელიძისგან იყო, რომელიც იმ დროს სკოლის დირექტორი გახლდათ, მაგრამ არ დაიზარა, პატარა ბიჭის მიმართ საკუთარი აღტაცება ჯერ დეპეშით, მერე კი პირადად გამოეხატა, ჩასჭიდა ხელი და გზა გაუკვალა. იყო მესამეც, გიორგის ქართულის მასწავლებელი ფატი კურტანიძე. ეს სამი ადამიანი დღემდე მის ყოველ ნაბიჯს ადევნებს თვალს და მოწაფეც მორჩილად დგამს ახალ დიდ ნაბიჯებს.

მერე იყო მისი პუბლიკაცია იმდროინდელ ყველაზე პრესტიჟულ საყმაწვილო გაზეთ “ახალგაზრდა კომუნისტში”, რედაქტორის, პაატა ნაცვლიშვილის, მეტად კეთილმოსურნე წარდგინებით. იმ დროს 13 წლის გიორგი ერთი თვით “არტეკში” იყო წასული და რომ ჩამოვიდა, დახვდა შვიდასი წერილი, გახსნილი და გადახარისხებული მისი სკოლის მასწავლებლების მიერ (სხვათა შორის, მხედველობის არიდან მოარიდეს ციხიდან გამოგზავნილი წერილებიც). აღიარებს, რომ საკუთარი ნიჭის რწმენასთან ერთად ამპარტავნების ნიშნებიც გაუჩნდა, აგრესიაც მაქებართა მიმართ და შიშიც, რომ ანგარების კარნახით უმეგობრდებოდნენ. ამ დროს მასწავლებლად დედა მოევლინა, უთხრა, რომ ნიჭი ღმერთის საჩუქარი იყო და თუ ვინმეს ზევიდან გადახედავდა, ღმერთს ეწყინებოდა და ამ საჩუქარს წაართმევდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ ფიზიკის ფაკულტეტზე უნდოდა ჩაბარება ნანოტექნოლოგიების განხრით, მერე გადაიფიქრა და უცებ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩააბარა, სადაც პატარა სამოთხე დახვდა: ყველას ერთმანეთი უყვარდა და თაობებს, ისევე როგორც ოჯახის წევრებს, ლეგენდებად გადაეცემოდათ წინამორბედთა ამბები. თვითონაც სულ მალე გახდა ამ ოჯახის წევრი. უნივერსიტეტის წლებში თინა მარგველაშვილი, ცნობილი არაბისტი და “ათას ერთი ღამის” მთარგმნელთაგანი, იყო მისი “გვამის გამბანი” – თან მზრუნველი და თანგადაყოლილი “თინა ბებო”, თან მკაცრი მასწავლებელი, რომელიც ერთ არასწორ ნაბიჯსაც არ გაპატიებს. სწორედ მისი წყალობით იქცა გიორგიც პედაგოგად. ახალუნივერსიტეტდამთავრებული, პირდაპირ ლექციაზე შეუშვეს, თანაც მეოთხეკურსელებთან. შედეგი თითქმის გარდაუვალი იყო – საკუთარი სტუდენტი შეუყვარდა…

ამბობს, რომ მათ შორის, ვინც ასწავლის და ვინც სწავლობს, ხშირად წარმოიშობა მიზიდულობა, რომელიც მასწავლებელმა უნდა აკონტროლოს და ახსოვდეს, რომ ეს არ არის ეროსი – ეს აგაპეა.

ის რომანი უიღბლოდ დასრულდა, მაგრამ ორი გაკვეთილი კი დაუტოვა: აღარასოდეს შეჰყვარებოდა სტუდენტი და ესწავლებინა შეგირდისთვის ყველაფერი, მაგრამ მცირე რჩევაც კი არასოდეს მიეცა პირად საკითხებთან დაკავშირებით. მით უმეტეს, რომ ფატალისტია და სჯერა, რომ ადამიანს საკუთარ ცხოვრებაშიც კი არ შეუძლია ჩარევა. იმისიც სჯერა, რომ მოსასმენად ყველაზე ვულგარული, მავანის ცხოვრებაში შეიძლება ყველაზე მშვენიერი რამ იყოს.

სჯერა ბავშვების – მათ ასაკი აძლევთ საშუალებას, უკეთესობისკენ შეიცვალონ და მრავალი მარცხისა და იმედგაცრუების შემდეგაც არ უსუსტდება ნდობა თითოეული მათგანის მიმართ, მოწადინება, მათ ფრთების გაშლის უნარი შესძინოს. მაგრამ, მეორე მხრივ, არასოდეს უჩლექს ენას მოწაფეებს, არასოდეს არაფერს უიოლებს.
არაბული უცნაური ენაა, ერთი და იგივე სიტყვა შეიძლება “სიყვარულსაც” ნიშნავდეს და “სიძულვილსაც”, გააჩნია კონტექტს. ცხოვრებაც კონტექსტია და მასწავლებელმა მოსწავლეს ამ კონტექსტის ზუსტად დაჭერა უნდა ასწავლოს.

ანი კოპალიანი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი