ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

თამარ სანიკიძე – მასწავლებელი იგრძნობს, რომ სახელმწიფო და სამინისტრო მის გვერდით არიან

ჟურნალ „მასწავლებლის” სტუმარია განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ქალბატონი თამარ სანიკიძე
 

ესაუბრა ნატო ინგოროყვა


. საზოგადოება ახალი მინისტრისგან საკუთარ ხედვას, განათლების პოლიტიკისადმი საკუთარ დამოკიდებულებას ელის. იგეგმება თუ არა სიახლეები, იქმნება თუ არა რაიმე დოკუმენტი, რომელიც საზოგადოებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მომავალ საქმიანობას, მის სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიას გააცნობს, წარმოდგენას შეუქმნის იმის თაობაზე, საით მივდივართ და რა გზით?

– ასეთი გეგმა და სტრატეგია, რა თქმა უნდა, გვაქვს და შესაბამისი დოკუმენტიც მზადდება. საუბარია პოლიტიკის დოკუმენტზე. ჩვენ არ გადავუხვევთ იმ ძირითად გეზს, რომელიც ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ აიღო განათლების სამინისტრომ და რომელიც, როგორც შედეგებმა დაგვანახვა, სწორად იყო შერჩეული. ვგულისხმობ სისტემის დეპოლიტიზაციას, სწავლის ხელმისაწვდომობის გაზრდას, სწავლების ხარისხის ამაღლებას, მაგრამ არა სწავლის ღირებულების გაზრდით, არამედ სხვა ადაპტირებული მეთოდებისა გამოყენებით და არსებული რესურსების ადეკვატურად გადანაწილებით. ოქტომბრისთვის გვექნება საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მიხედვითაც სისტემურ ცვლილებებს განვახორციელებთ. ეს ცვლილებები იქნება მიზანმიმართული და დაეფუძნება მსოფლიოში არსებულ პრაქტიკასა და გამოცდილებას. ასეთი ცვლილებების განხორციელების მცდელობა თითქოს უკვე იყო საქართველოში, მაგრამ იმდენად სწრაფი, გაუაზრებელი და რიგ შემთხვევებში არაკეთილსინდისიერი განზრახვებით გაჯერებული, რომ გარკვეულ წილად შედეგები იყო სავალალო, ისეთი როგორიც არის ძალაუფლების რამდენიმე ადამიანის ხელში ჩაგდება, სახელმწიფო ქონების არამიზნობრივი გასხვისება და ა.შ. მთავარია, რომ ეს ტენდენცია შეჩერდა. 

რაც შეეხება ჩვენს ძირითად პრინციპებს და მიმართულებას უმაღლესი განათლების ნაწილში, მივდივართ იქეთ, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აუცილებლად  ჰქონდეთ სრულფასოვანი და დამოუკიდებელი თვითმმართველობა, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების საშუალება სწავლებისა და კვლევის პროცესებში. ჩვენი ახალი საკანონმდებლო შემოთავაზება სწორედ ამ პრინციპებზეა აგებული. ამ საკითხებზე ვმუშაობთ უწყვეტ რეჟიმში. ჩვენთან ერთად ამ საკითხებზე მუშაობენ საქართველოს სახელწიფო უნივერსიტეტების მმართველები და აკადემიური პერსონალი, უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი, დონორი ორგანიზაციები. ჩართულობა მრავალმხრივი და აქტიურია.  არ მინდა, ეს პროცესი დავაჩქარო – შესაძლოა, უკუშედეგი მივიღოთ. როგორი კრიტიკაც არ უნდა დავიმსახურო, ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ. შესაძლოა თქვან, მათი გაკეთებული ჯერ არაფერი ჩანსო, მაგრამ მიუკერძოებელი ადამიანი ადვილად დაინახავს, რამდენი რამ კეთდება და კეთდება სისტემის სრულყოფისა და გაჯანსაღებისთვის. სისტემური რეფორმა უნდა განხორციელდეს არა მარტო უმაღლეს, არამედ პროფესიულ და ზოგად განათლებაშიც. წინა ხელისუფლების დროს გადაწყვეტილებები არ მიიღებოდა კვლევასა და შეფასებაზე დაყრდნობით. ეს წარუმატებლობის ერთერთი ძირითადი მიზეზია. ამჟამად არსებული კვლევების შედეგები მუშავდება, ახალი კვლევებიც მიმდინარეობს საჭიროებიდან გამომდინარე. ყოველ ნაბიჯს ამ კვლევების გათვალისწინებით ვდგამთ. სხვაგვარად რამის გაკეთება გამორიცხულია. ყველა რეფორმა, რაც კი გატარდება, რეალურ საჭიროებებს იქნება მორგებული. წარსულს უნდა ჩაბარდეს გაუაზრებელი, პოპულისტური და შედეგების გაუთვალისწინებლად განხორციელებული რეფორმები. ჩვენ ყველაფერს სისტემურად, გააზრებულად და შედეგზე ორიენტირებით გავაკეთებთ.

. შესანიშნავი იქნება, თუ მომავალი საქმიანობა კვლევებსა და მათ შედეგებს დაეყრდნობა, მნიშვნელოვანია უნივერსიტეტების დამოუკიდებლობის ხარისხიც, მაგრამ, მოდი, ოდნავ უკან დავიხიოთ. უმაღლეს სასწავლებლამდე ადამიანი საკლასო ოთახს გაივლის. ვაღიაროთ, რომ პრობლემები აქაც გვაქვს. ეს სასერტიფიკაციო გამოცდებმაც დაადასტურა. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დიდი ძალისხმევა გაიღო მასწავლებლების პროფესიული განვითარებისთვის, შედეგმა მოლოდინი ვერ გაამართლა. დამეთანხმებით, ტრენინგი არ ნიშნავს საგნის სწავლებას და მისი ფორმატი არც გულისხმობს ამას. ტრენინგებზე მასწავლებლები სწავლების უნარებს იძენენ, არსებული ცოდნის გამოყენების მეთოდებსა და სტრატეგიებს ეცნობიან და, ბუნებრივია, გამოცდებისთვისაც ემზადებიან. შედეგების გათვალისწინებით, რას ფიქრობს მინისტრი, რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ?

– უპირველესად, მინდა ვუთხრა მასწავლებლებს – ნუ შეეშინდებათ. ჩვენ ამ გამოცდების შედეგებს არც შევუშინებივართ და არც პედაგოგებისადმი უნდობლად განვუწყივართ. პირიქით – მათ ისეთი პერიოდი გამოიარეს, კიდევ რომ შერჩათ მოტივაცია, ისწავლონ და თვითგანვითარებაზე იზრუნონ, ვფიქრობ, გმირობის ტოლფასია. რაც ახლა წარმოჩნდა, სამინისტროს შიშით წლების განმავლობაში აფარებდნენ ხელს. არც ერთ მასწავლებელს არ უნდა შეეშინდეს ტესტირების. განვლილი წლების შედეგებს თუ გადავხედავთ, არც იქ არის ბრწყინვალე მაჩვენებლები. ძალიან კარგია, რომ პრობლემები გამომჟღავნდა. ჩვენ მასწავლებლებს აუცილებლად შევთავაზებთ კონკრეტულ გეგმას როგორც პროფესიული, ისე საგნობრივი კომპეტენციების განვითარებისთვის. პედაგოგები იგრძნობენ, როგორ ვუწყობთ ხელს სრულფასოვან განვითარებასა და პედაგოგიურ მოღვაწეობაში.

მასწავლებლის სახლი, მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრი,  ვფიქრობ, ძალიან კარგად მუშაობს. წლევანდელი ტრენინგები ისეთი მასშტაბური იყოს, როგორიც არასდროს. მათი ხარისხისა და მასშტაბურობის ასამაღლებლად მიმართულ იქნა დამატებითი დაფინანსება, თუმცა ამაზე არ შევჩერდებით, რესურსების მობილიზება ამ კუთხით მომავალშიც გაგრძელდება. მუშავდება ახალი მოდულები, რათა ყოველმხრივ და უფრო ეფექტურად დავეხმაროთ პედაგოგებს. ჩვენ გვაქვს კომპლექსური გეგმა, გრძელვადიანი სტრატეგია იმისა, საით მივდივართ და რა გვინდა. ეს დოკუმენტი უკვე მომზადებულია, ამჟამად ზოგადი განათლების დეპარტამენტი დეტალებს აზუსტებს და უახლოეს მომავალში მას დასრულებული სახით წარვუდგენთ  საზოგადოებას.
. ვინ მუშაობდა ამ დოკუმენტზე? თავად მასწავლებლები თუ მონაწილეობდნენ მის შედგენაში? 

– დოკუმენტზე მუშაობდა ზოგადი განათლების დეპარტამენტი. პროცესში ჩართულები იყვნენ ექსპერტები, დონორი ორგანიზაციები, ჩვენი უცხოელი პარტნიორები, არასამთავრო ორგანიზაციები, პედაგოგები და, რაც მთავარია, გამოყენებული იყო უკვე არსებული კვლევის შედეგები, რამაც დაგვანახვა, რა მიმართულებით უნდა წავსულიყავით. ეს არის დახვეწილი, დოკუმენტი, რომელშიც კარგად ჩანს ჩვენი გეგმები ზოგადი განათლების მიმართულებით. მას მალე გამოვაქვეყნებთ ჩვენს ვებგვერდზე, სადაც ყველას შეეძლება მისი ნახვა. ეს არ იქნება დოკუმენტი, რომელსაც ვერ შევცვლით – მის განხილვაში ფართო საზოგადოება იქნება ჩართული და ყველა კვალიფიციურ კომენტარს განვიხილავთ და გავითვალისწინებთ.
. კიდევ რა გაკეთდა ან კეთდება?

– რეგიონებსა და სოფლებში სკოლების ინფრასტრუქტურის კუთხით სავალალო მდგომარეობაა. სახელმწიფოს მზრუნველობა დიდხანს უმთავრესად პიარისთვის გამიზნული პოპულისტური განცხადებებით შემოიფარგლებოდა. ისე ნუ გამიგებთ, თითქოს არაფერი გაკეთებულა, მაგრამ რესურსები სწორად რომ დახარჯულიყო, გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლებოდა. რა დროს ფასადის შეღებვაა, როდესაც შენობაში წვიმა და თოვლი ჩამოდის?! ძალიან მოკლე ხანში შევისწავლეთ საქართველოს ყველა რეგიონის სკოლები და შევიმუშავეთ ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა. მის განხორციელებას წელსვე დავიწყებთ. სარემონტო სამუშაოები დავიწყეთ სკოლების შეკვრით, კარ-ფანჯრის, სახურავის გამოცვლით, სველი წერტილების მოწესრიგებით. სკოლის ინფრასტრუქტურა უნდა მივიდეს იმ კონდიციამდე, რომ შიდა სამუშაოების ჩატარება შევძლოთ. მომდევნო წლის გეგმის მიხედვით, არ უნდა დარჩეს საქართველოში სკოლა, სადაც ჭერიდან წყალი ჩამოდის, არ აქვს კარ-ფანჯარა და ა.შ. მესამე წელს უკვე შიდა სამუშაოებს დავიწყებთ. ეს გეგმა მხოლოდ განათლების სამინისტროს არ შეუმუშავებია – დაგვეხმარნენ თვითმართველობები, რეგიონის მაჟორიტარები. პარლამენტშიც გახლდით და ჩვენს კოლეგებს დახმარება ვთხოვე. სამწუხაროდ, სწავლის დაწყებამდე ძალიან ცოტა დროა. მიუხედავად ამისა, წელს მაქსიმუმ 6 თვეში 692 სკოლას გავარემონტეთ. 
. მასწავლებლებისთვის სასიამოვნო იქნება თქვენი გზავნილი, არ ეშინოდეთ, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ისინი ხშირად აღნიშნავენ მოტივაციის უქონლობას. შესაბამისად, არც მზაობა აქვთ, ყველა ის სიახლე, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ, რომელიც არც ისე ცოტა დროსა და რესურს ითხოვს, აითვისოს და უპასუხოს სტანდარტებს, რომლებსაც ეს რეგულირებადი პროფესია კარნახობს. გარდა ამისა, მასწავლებლის პროფესია დაბერდა, ახალი თაობა ძნელად მიდის სკოლაში სამუშაოდ. რას აპირებს სამინისტრო მასწავლებლისთვის მოტივაციის ასამაღლებლად, ამ პროფესიისთვის ახალი სისხლის გადასასხმელად, ახალი ადამიანების მოსაზიდად?

– ეს ის მთავარი გამოწვევაა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, მაგრამ აქვე ისმის კითხვა: რა სჭირდება მასწავლებელს მოტივაციისთვის? მხოლოდ ხელფასი? არა, ეს შეიძლება იყოს გარემო, წახალისება ამა თუ იმ ფორმით, სიახლეები, ახალი ტექნოლოგიები… ამიტომ არავითარმა რეფორმამ ისინი არ უნდა დააფრთხოს. 2013 წელს მასწავლებლებს გავუზარდეთ ხელფასი, რა თქმა უნდა, ეს ზრდა არ არის ისეთი, როგორიც ეკუთვნით, მაგრამ არსებული რესურსი მეტის საშუალებას ჯერჯერობით არ გვაძლევს. პედაგოგის ხელფასის გასაზრდელად დაგვჭირდა 2013 წლის ბიუჯეტის ოპტიმიზაცია და სხვა სახსრების მობილიზება რათა დაგვენახვებინა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის პედაგოგის პროფესია, ცვლილება შევიტანეთ მათ სახელფასო კოეფიციენტში. აქამდე აქცენტს რატომღაც მასწავლებლის განათლების დონეზე აკეთებდნენ – ხელფასი იმატებდა იმის მიხედვით, ჰქონდა თუ არა მას ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორანტის დიპლომი. თვალი გავუსწოროთ რეალობას და ვთქვათ, რა გამოვიდა ამისგან. ამ პრინციპით, სკოლაში ახალმისულ დოქტორის ხარისხის მქონე პედაგოგს გაცილებით მეტი ხელფასი ექნებოდა, ვიდრე ოცწლიანი გამოცდილების მქონეს, ამიტომ კოეფიციენტები გავათანაბრეთ და ახალი მიდგომა დავამკვიდრეთ. იმისთვის, რომ სკოლაში მივიზიდოთ ახალგაზრდა პედაგოგი, მას უნდა დაუფასდეს მიღებული განათლებაც და დაინტერესებულიც იყოს კარიერული ზრდით. რა თქმა უნდა, ეს არ არის გრანდიოზული ცვლილება, მაგრამ ყველაფერი ხომ პირველი ნაბიჯით იწყება. 
. როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის დრო, სახელმწიფომ თავისი სიტყვა თქვას მასწავლებლის პროფესიასთან მიმართებით? თუ საჭირო განათლება და უნარები სკოლიდანვე არ მივეცით ადამიანს, თუ ის არ განვავითარეთ, რაც ჩვენს მსგავს პატარა ქვეყნებს გადაარჩენს, რაზეც უნდა იდგეს ჩვენი ქვეყანა, თუ იმ პროფესიის განვითარებას არ შევუწყვეთ ხელი, რომელიც ამას ყველაზე მეტად უზრუნველყოფს, ალბათ ძალიან ჩამოვრჩებით წარმატებულ რეფორმას. ვფიქრობ, მეტი რესურსი უნდა ჩაიდოს, რომ ახალი ადამიანებით შევავსოთ პროფესია. სამინისტროს ამ მხრივაც ექნება თავისი სტრატეგია…

– ასეც არის დაგეგმილი. უკვე ითქვა, რომ ქვეყნის პრიორიტეტია განათლება, სოფლის მეურნეობა და ჯანდაცვა, ამიტომ მომავალი წლიდან ჩვენ ველით გაზრდილ ბიუჯეტს, დამატებითი რესურსების ჩადებას იქ, სადაც საჭიროა, უწინარესად – პედაგოგის კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაში, ასევე – სასწავლო გარემოს გაუმჯობესებასა და სწავლების ხარისხის ამაღლებაში. ხარისხის ამაღლება უშუალოდ უკავშირდება კვალიფიციური პედაგოგების სიმრავლეს. ეს ისე არ გაიგოთ, თითქოს პედაგოგს, რომელმაც მრავალი წელი იმუშავა სკოლაში, არ ჰქონდეს სათანადო კვალიფიკაცია. ფაქტია, რომ მსოფლიო ძალიან სწრაფად იცვლება, მოთხოვნები იზრდება. ჩვენ არ უნდა ჩამოვრჩეთ ამ მოთხოვნებს. ეს არის ის სფერო, სადაც პედაგოგებს სჭირდებათ სახელმწიფოს დახმარება.

– უკეთ, მათ სჭირდებათ არსებული ცოდნის გამოყენების, მართვის, გადაცემის, გავრცელების მეთოდების ცოდნა, სახელმძღვანელოები და სხვა რესურსები...

– მათ აქვთ ცოდნა, სწავლების საკუთარი მეთოდები, მაგრამ ეს მეთოდები ნაწილობრივ მოძველებულია. სწორედ ეს არის პრობლემა და ამაში სახელმწიფო მასწავლებლებს აუცილებლად დაეხმარება. 
. სერტიფიცირების შედეგებს 2014 წლამდე ითვლიან. რას უნდა ველოდოთ შემდეგ?

– ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც ამ წლის დინამიკას დავინახავთ. წლის დასაწყისში გადაწყვეტილების მიღება არამც და არამც არ იქნება გამართლებული – ისიც უნდა ვიცოდეთ, რით დამთავრდება წელიწადი, რა ძირითადი მახასიათებლები გამოიკვეთება, ამიტომ რაც უფრო გვიან მივიღებთ გადაწყვეტილებას, მით უფრო გააზრებული და მართებული იქნება. ამ ეტაპზე ყოველგვარი გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიმაჩნია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი