პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მარინა ლომოური – ჩვენ ვეხმარებით სკოლას

„მე ვარ თიკო კუპრაძე, ვსწავლობ 182-ე სკოლაში. ნორჩ ეკონომისტთა სკოლაში იმისთვის მოვედი, რომ გავცნობოდი ეკონომიკის ფაკულტეტს, რადგან მსურს, შემდგომში სწავლა ამ უნივერსიტეტში და ამ ფაკულტეტზე გავაგრძელო. ნორჩ ეკონომისტთა სკოლაში ყველაზე მეტად მომეწონა ლექციები მიკროეკონომიკაზე, პირადად ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო იყო”, – სწერს თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტს 182-ე სკოლის მოსწავლე თიკო კუპრაძე.
2007-2008 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოში პირველად, დაარსდა „თსუ საბავშვო უნივერსიტეტი”, რომელიც 2011 წელს ევროპის უნივერსიტეტთა საბავშვო უნივერსიტეტების გაერთიანების (EUCU NET – the European Children's Universities Network https://eucu.net/) წევრი გახდა.
„EUCU NET-ის დეკლარაციაში ვკითხულობთ: „უპირველესი მიზანი, რამაც ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბება განაპირობა, არის თანამედროვე, დემოკრატიული, საუნივერსიტეტო ევროპის რწმენა, რომ ყველა ბავშვს, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა და სოციალური წარმომავლობისა, უნდა ჰქონდეს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა და ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. ცივილიზებული საზოგადოება მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი სახელმწიფოსთვის უაღრესად ფასეულ სტრატეგიულ რესურსს წარმოადგენს, გაცილებით მნიშვნელოვანს, ვიდრე წიაღისეული ან სხვა ბუნებრივი რესურსი, ხოლო საბავშვო უნივერსიტეტის საქმიანობის მთავარი მიზანი სწორედ სწავლის სურვილის, მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივებაა”, – როგორც თსუ რექტორის კონსულტანტი, თსუ-საბავშვო უნივერსიტეტის კოორდინატორი მარინა ლომოური აცხადებს, პირველი ქართული „თსუ საბავშვო უნივერსიტეტი” სავსებით იზიარებს ამ დოკუმენტის პათოსს.

კიდევ რა მიზანს ემსახურება „თსუ საბავშვო უნივერსიტეტი”? – ამის შესახებ mastsavlebeli.ge მარინა ლომოურს ესაუბრება. 
– სასკოლო განათლების სფეროსთვის საბავშვო უნივერსიტეტს, ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი მიზანია, დააინტერესოს მოსწავლე ცოდნის მიღებით, დაანახვოს ის პერსპექტივა, რასაც ცოდნა აძლევს. ჩვენი დევიზია „ცოდნა ძალაა”, ლათინურად – Scientia potentia est. ეს გამოთქმა ევროპული ფილოსოფიური აზროვნების ერთ-ერთ ფუძემდებელს, ფრენსის ბეკონს ეკუთვნის. ჩვენც ვიზიარებთ მას. განათლებული ადამიანი უფრო ძლიერია, ვიდრე გაუნათლებელი – ცხოვრებისეული წარმატების, კარიერული ზრდის მისი პერსპექტივა უფრო საიმედოა, ვიდრე გაუნათლებელი ადამიანისა. საუბედუროდ, სკოლაში მიღებული ცოდნა, არცთუ იშვიათად, თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
უკანასკნელ ათწლეულებში არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში შეინიშნება სასკოლო განათლების ხარისხის დაქვეითება, ამიტომ საბავშვო უნივერსიტეტის უპირველესი ამოცანა სასკოლო განათლების ხელშეწყობა, სწავლისადმი მოსწავლის ინტერესის გაღვივება, ცოდნის შეძენის მოტივაციის გაზრდაა. ამას უნივერსიტეტის პროფესორები უსასყიდლოდ, საკუთარი დროისა და ენერგიის ხარჯზე აკეთებენ. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საქმეა და რომ არა მათი ენთუზიაზმი და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, პროექტი ვერ განხორციელდებოდა.   
საბავშვო უნივერსიტეტი მოსწავლეებს რამდენიმე სალექციო კურსს სთავაზობს. მაგალითად, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში – მათემატიკაში, ასტრონომიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, გეოგრაფიაში. მოსწავლეები ინტერესით ისმენენ ლექციებს, მაგრამ ლაბორატორიული მეცადინეობები უფრო მეტად აინტერესებთ. მით უმეტეს, რომ სკოლებში, საუბედუროდ, მარტივი ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებაც კი შეზღუდულია. ეს სასწავლო პროცესის დიდი ხარვეზია. ჩვენთან, უნივერსიტეტში, მოსწავლეებისთვის თეორიული ლექციებიც იკითხება და ექსპერიმენტული მეცადინეობებიც ტარდება, მაგ., საბავშვო უნივერსიტეტს ფიზიკის სპეციალური ლაბორატორია აქვს. აქ ტარდება ცდები და კვლევები, რომლებიც სასკოლო პროგრამას შეესაბამება. მოსწავლეები ექსპერიმენტული ფიზიკის ელემენტებს ეუფლებიან. იგივე ხდება ქიმიაში. ძალიან საინტერესოა გეოგრაფიის ლექციები, ეკოლოგიური პრობლემების განხილვა, რასაც ექსკურსიები მოსდევს და ლექციაზე მოსმენილს მოსწავლეები ბუნებაში აკვირდებიან. წარმატებულია „ნორჩ ასტრონომთა სკოლა”, მით უმეტეს, რომ სკოლაში ასტრონომია არჩევითი საგანი გახდა და ფაქტობრივად აღარ ისწავლება, რაც მოსწავლეებს სამყაროს შესახებ ცოდნის საგრძნობ დეფიციტს უქმნის. ეს დღეს მით უფრო სავალალოა, რომ მოსახლეობაში უფრო და უფრო მძლავრობს უმეცრებასა და ცრურწმენაზე აღმოცენებული სხვადასხვა ფობია თუ აგრესია. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულებით მოსწავლეებთან აქტიურად მუშაობენ პროფესორები გ. დვალაშვილი, ი. თავხელიძე, რ. ლომსაძე, ე. მარქარაშვილი, დ. ნიკოლაიშვილი, შ. საბაშვილი და სხვები. ძალიან საინტერესო პროგრამაა დანერგილი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, სადაც საბავშვო უნივერსიტეტის ეგიდით „ნორჩ ეკონომისტთა სკოლა” ფუნქციობს. ამ სკოლას ყოველწლიურად 80-100 მოსწავლე ირჩევს, რომლებიც შაბათობით ესწრებიან ლექციებს, ირჩევენ თემებს, ბოლოს კი კონფერენციაზე წარადგენენ მათ. სკოლის კოორდინატორია მ. უკლება, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ სწავლების პროცესში ფაკულტეტის მთელი პროფესურაა ჩართული. სხვათა შორის, „ნორჩ ეკონომისტთა სკოლაში” ლექციები მინისტრებმაც – ნოდარ ხადურმა და დავით ნარმანიამ – წაიკითხეს. მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ავტორიტეტულ პირებთან უშუალო კონტაქტი. ვფიქრობ, გვაქვს უფლება მივიჩნიოთ, რომ ამ სკოლის მოსწავლეები ეკონომისტის პროფესიას არა ბრმად, არამედ გაცნობიერებულად აირჩევენ.

რაც შეეხება იურიდიულ მეცნიერებებს, მათდამი ჩვენი მიდგომა განსხვავებულია. თსუ-ს დოქტორანტი იურისტები, ამ პროექტის კოორდინატორის შ. ჩარბაძის წარდგინებით, დადიან სკოლებში და მოზარდებისთვის აქტუალურ საკითხებზე ლექციებს კითხულობენ.

„ნორჩთა სკოლების” მუშაობის სხვადასხვა სტილი და მეთოდოლოგია შემთხვევითი არ არის. ყველა პროფესიას და საგანს თავისი სპეციფიკა აქვს. მაგალითად, ფიზიკის ლექციებს ირჩევენ და ისმენენ ის მოსწავლეები, რომლებიც კარგად სწავლობენ და აინტერესებთ ეს საგანი, მაგრამ სამართლებრივი საკითხების შესახებ ლექციები ყველამ უნდა მოისმინოს, რადგან ამ შემთხვევაში მიზანი მხოლოდ პროფესიის გაცნობა კი არა, უფრო მნიშვნელოვანი რამ – მოქალაქის აღზრდაა. მოსწავლეებს, რომლებიც ცუდად სწავლობენ, არ აპირებენ სწავლის გაგრძელებას, ცხოვრებისეულმა სირთულეებმა შესაძლოა მცდარი გზისკენ უბიძგოს, ამიტომ მათთვის მოზარდთა სამართლებრივ უფლება-მოვალეობებზე, საფრთხეებსა და დანაშაულებზე პრევენციული ლექციების მოსმენა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ერთი სიტყვით, კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტისას საბავშვო უნივერსიტეტი ურთერთობის ადეკვატური მეთოდისა და ფორმის შერჩევას ცდილობს. 
მეცნიერების სხვადასხვა დარგის გაცნობასთან ერთად, ჩვენ სკოლის მოსწავლის უნივერსიტეტთან დაახლოებასაც ვისახავთ მიზნად. გვინდა, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში გავაცნოთ მას საუნივერსიტეტო ცხოვრება. გვინდა, მოსწავლისთვის უნივერსიტეტი იყოს არა რაღაც მიუწვდომელი, უცხო, რთული, არამედ საინტერესო, მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო, რომელიც მას სასარგებლო უნარ-ჩვევებითა და ცოდნით შეაიარაღებს. 
მოზარდმა სკოლაშივე უნდა იცოდეს, რა სარგებლობას მოუტანს მას განათლება, სერიოზულად ფიქრობდეს მომავალი პროფესიის არჩევაზე, გაცნობიერებული ჰქონდეს ის შესაძლებლობები, რასაც ესა თუ ის პროფესია მისცემს მას. ამისთვის კი საჭიროა, მან სკოლაშივე გაიცნოს საქმიანობის სხვადასხვა სფერო, ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა სხვადასხვა პროფესიის შესახებ.

უნივერსიტეტში შემოსული პირველკურსელი ხშირად ძლიერ კულტურულ შოკს განიცდის, უცხოდ და უსუსურად გრძნობს თავს. სტუდენტობის საწყისი პერიოდის სირთულეებს დღევანდელი უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის თავისებურებაც უწყობს ხელს – თუნდაც ის, რომ სკოლაში სწავლის ტრადიციულ მეთოდებზე გაზრდილს, უნივერსიტეტი სასწავლო საგნების არჩევის თავისუფლებას სთავაზობს. გუშინდელმა მოსწავლემ თავად უნდა განსაზღვროს, რის სწავლა სჭირდება არჩეული პროფესიის დასაუფლებლად. მაგრამ იცის კი მან თავიდან, რა დასჭირდება ბოლოს? გვინდა, მოსწავლეს ამ პრობლემების მოგვარებაში ზედმიწევნით დავეხმაროთ.
ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საბავშვო უნივერსიტეტის ძალზე პოპულარული პროექტი „თსუ დესპანი”, რომელიც ორი წელია ხორციელდება. თსუ-ს სტუდენტები ბრუნდებიან თავიანთ სკოლებში და თანასკოლელებს უამბობენ საკუთარი პროფესიის შესახებ, აცნობენ თსუ-ს. აღმოჩნდა, რომ უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ეს ფორმა ძალიან საინტერესოა მოსწავლეებისთვის, მეტადრე – რეგიონებში. დესპანის მეშვეობით, ერთი მხრივ, უნივერსიტეტი ცნობადი ხდება მოსწავლისთვის, მეორე მხრივ კი დესპანი მოზარდს არასრულფასოვნების კომლპექსის გადალახვაში ეხმარება. მოსწავლე ფიქრობს: „თუ ჩემი თანასკოლელი გახდა სტუდენტი, ესე იგი მეც შემიძლია იმავეს მივაღწიო”. ყველაზე შორეული სოფლის სკოლის მოსწავლეს გაბედულება და საკუთარი თავის რწმენა ემატება. სოციალურ განსხვავებათა სტიგმის გადასალახავად, გაბედულების შთაგონებისთვის საჭიროა მუშაობა ყველა სკოლაში, კარგი იქნება ის თუ ცუდი, ახლოს მდებარე თუ შორს. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ არც ერთი პოტენციურად ნიჭიერი მოსწავლე, უნდა დავაძლევინოთ მას ის კომპლექსები, რომლებიც შეიძლება ჰქონდეს საკუთარი წარმომავლობის, საცხოვრებელი ადგილის ან თუნდაც კუთხური კილოს გამო. ჩვენ ვცდილობთ იმ შეგნების დამკვიდრებას, რომ მოსწავლეს, თუ ის მართლა მოინდომებს, თვითონ შეუძლია წარმატების მიღწევა. 
– სკოლები თავად გამოთქვამენ საბავშვო უნივერსიტეტთან ურთიერთობის სურვილს?
– ჩვენს ვებგვერდს https://junior.tsu.ge/ მოსწავლეები და მასწავლებელები იცნობენ და საკუთრ მოსაზრებებსა და სურვილებსაც ხშირად გვწერენ, რომლებსაც შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებთ. ამავე დროს ჩვენ ვთანამშრომლობთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ვაცნობთ ჩვენს პროექტებს და ზოგჯერ სკოლისთვის ინფორმაციის მიწოდებაში დახმარებას ვთხოვთ. მოგეხსენებათ, სამინისტროს ინფორმაციის გავრცელების დიდი საშუალება აქვს. გვეხმარებიან რესურსცენტრების ხელმძღვანელებიც. ძალიან მნიშვნელოვანია სკოლების დირექტორების დამოკიდებულება ჩვენი წინადადებების მიმართ. ჩვენი საქმიანობა მაშინ არის ეფექტური და წარმატებული, როდესაც სკოლა თანამშრომლობის სურვილსა და მზადყოფნას იჩენს. მაგრამ კიდევ გავიმეორებ – ეს საქმიანობა ვერ განხორციელდებოდა, რომ არა თსუ-ს პროფესორების უანგარო სამსახური. ეს მათი მხრივ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოვლინებაა და, ვფიქრობ, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი და უკეთესი, ვიდრე დაეხმარო მოსწავლეს, საკუთარი შრომითა და მონდომებით შეასხას ხორცი თავის ოცნებას. 
– რა შედეგი აქვს საბავშვო უნივერსიტეტის მუშაობას?
– აშკარად ვხედავთ, რომ მოსწავლეების თვალსაწიერი ჩვენი ლექციების შემდეგ ფართოვდება. ამასთან, არსებობს სტატისტიკა, რომ ჩვენი მუშაობის შედეგად იზრდება უნივერსიტეტის პოპულარობა. მოსწავლეთა დიდი ნაწილი მომავალში სწავლის გასაგრძელებლად სწორედ თსუ-ს ირჩევს. ჩვენ უშუალოდ ვაცნობთ მათ უნივერსიტეტს, ვთავაზობთ ექსკურსიებს მის პირველ კორპუსში, ვათვალიერებინებთ პირველი კორპუსის მუზეუმს, პანთეონს, ბიბლიოთეკას, ასევე ზოოლოგიისა და მინერალოგიის მუზეუმებს. ყველა ღონეს ვხმარობთ, რათა უნივერსიტეტი სკოლის მოსწავლისთვის მშობლიური სახლი გახდეს. 

– სამომავლოდ რამე სიახლეს ხომ არ სთავაზობთ მოსწავლეებსა და მასწავლებელებს?
– ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ვაპირებთ პროგრამების გამრავალფეროვნებას. უახლოეს მომავალში დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასკოლო განათლების მესვეურებთან, რესურსცენტრების ხელმძღვანელებსა და სკოლების ადმინისტრაციასთან, რომელზეც უნივერსიტეტისა და სკოლის ურთიერთობის საკითხებს განვიხილავთ. მინდა ხაზგასმით განვაცხადო – ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვერევით სასკოლო სწავლების პროცესში. ამის არც მორალური და არც ფორმალური უფლება არ გაგვაჩნია. სკოლას უზარმაზარი საგანმანათლებლო ამოცანები აქვს გადასაწყვეტი და ეს მხოლოდ სასკოლო განათლების სპეციალისტების კომპეტენციაა. თსუ-ს პროფესორის ლექცია არ არის გაკვეთილი, მას სულ სხვა მიზანი და დატვირთვა აქვს, ამაზე ზემოთ მოგახსენეთ. მაგრამ როდესაც უნივერსიტეტელი ლექტორი მოზარდს საინტერესო ლექციას უკითხავს (რა თქმა უნდა, იგი ანგარიშს უწევს მისი ცოდნის დონეს, ესაუბრება მოსწავლისთვის გასაგები ენით), ეს სასარგებლოა არა მარტო მოსწავლისთვის, არამედ მასწავლებლისთვისაც. ამით ჩვენ ვუბიძგებთ მასწავლებელს, თვითონაც მეტი წაიკითხოს, მეტი გაიგოს. მომხრეები ვართ, ჩვენს ლექციებს მასწავლებლებიც ესწრებოდნენ, რადგან მათაც ვაწვდით ცოდნას, რომელიც საგნით დაინტერესებას, მათი თვალსაწიერის გაფართოებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრისას სკოლის მასწავლებლებს ვესაუბრებით არა სკოლის ნაკლოვანებებზე, არამედ იმაზე, რის შეთავაზება შეგვიძლია, რაში შეიძლება დავეხმაროთ და როგორ შეუძლიათ გამოიყენონ მიწოდებული ინფორმაცია. ჩვენ ვეხმარებით სკოლას, მაგრამ არ ვაკრიტიკებთ მას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი