პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

რატომ არის მშობლობა ასე რთული (დასაწყისი)

ძვირფასო მშობლებო, მასწავლებლებო, აღმზრდელებო გაეცანით ფრაგმენტებს გორდონ ნიუფელდისა (კანადელი ფსიქოთერაპევტი, კლინიკური ფსიქოლოგი, პედაგოგი, ფილოსოფიის დოქტორი და მრავალშვილიანი მამა.  მან ვანკუვერში დაარსა ინსტიტუტი, რომელიც ეხმარება მშობლებს, მასწავლებლებს, თერაპევტებს, აღმზრდელებსა და პედიატრებს რათა მათ შეძლონ სიღრმისეულად გაერკვნენ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიაში) და გაბორ მათეს (უნგრული წარმომავლობის კანადელი ექიმი-თერაპევტი. ექსპერტი ნარკომანიის, ტრავმის და ბავშვთა განვითარების საკითხებში. ის ავტორი და თანაავტორია წიგნებისა, რომლებიც ბეტსელერებად არის აღიარებული)  წიგნიდან: „Hold On to Your Kids: Why Perents Need to Matter More Then Peers“ („ჩაეჭიდეთ საკუთარ შვილებს: რატომ უნდა იყვნენ მშობლები უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე თანატოლები“). ეს წიგნი ვფიქრობ საინტერესო და მნიშვნელოვან მოსაზრებებს გაგიზიარებთ თქვენი ოჯახის თინეიჯერ  წევრებთან ურთიერთობების შესახებ. მკითხველი ამ ფრაგმენტში შეძლებს ბევრ საჭირბოროტო საკითხზე დაფიქრებას.

თორმეტი წლის დავითი საკუთარ კომპიუტერთან ზის. კლავიატურას აჩხაკუნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმოწერა აქვს გაჩაღებული მეგობრებთან და არად დაგიდევთ, რომ მალე დაძინების დრო მოდის, მას კი სასკოლო დავალებები ჯერაც არ აქვს მომზადებული.  „თავი დამანებე!“ – უხეშად პასუხობს დავითი ოთახში შესულ მამას. „საქმეს რომ აკეთებდე დაგანებებდი, მაგრამ ამდენი ხანია ერთობი“ – ხმამაღლა საყვედურობს მშობელი. თანდათან სიტუაცია იძაბება და უკვე შვილი უყვირის მამას: „შენ საერთოდ არაფერი გაგეგება!“ და კარებს ცხვირწინ უჯახუნებს მშობელს.

მამა ძალიან ნაწყენია შვილზე, მაგრამ საკუთარ თავზე გაცილებით მეტად ბრაზობს. „ისევ არაფერი გამომივიდა – ფიქრობს ის – მე არ ვიცი, როგორ გამოვნახო საერთო ენა საკუთარ შვილთან“. დედ-მამას უკიდურესად აწუხებთ დავითის ბოლოდროინდელი ქცევა. ადრე ის ისეთი დამყოლი და მშვიდი იყო, ახლა კი სრულიად უკონტროლო გახდა და არაფრის მოსმენა არ სურს. დავითის ყურადღება მხოლოდ მეგობრებთან ურთიერთობებზეა კონცენტრირებული. კვირაში რამდენიმეჯერ ოჯახში სერიოზული კონფლიქტია და თითქმის ყოველთვის ერთი და იმავე სცენარით ვითარდება. სამწუხაროდ, არც შვილს და არც მშობლებს არ შესწევთ უნარი, შეცვალონ საკუთარი ქცევა, რათა მოძებნონ ჩიხიდან გამოსავალი. განრისხებული მშობლები, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს მიმართავდნენ დასჯის არანაირ ფორმას,  უკვე მკაცრ ზომებს ატარებენ, მაგრამ მსგავსი სიტუაციების შემდეგ დავითი უფრო მეტად ბოროტდება და უფრო გამომწვევად იქცევა.

რატომ არის მშობლობა ასეთი რთული? დიახ, ყველას მშვენივრად მოეხსენება, რომ უფროსი თაობა ყოველთვის უკმაყოფილო იყო უმცროსი თაობით. თანამედროვე მშობლები ინტუიციურად გრძნობენ, რომ ბავშვები ნამდვილად შეიცვალნენ. უფროსების მაგალითი მათთვის აღარ არის მისაბაძი, მათ ნაკლებად ეშინიათ უსიამოვნებების. ისინი ნაკლებად ბავშვური არიან. არ არიან მშობლებივით გულუბრყვილო. მშობლები მათ ასაკში გაფართოებული თვალებით უყურებდნენ ბუნების რომელიმე საოცრებას, ადამიანის გენიის მიერ შექმნილ შედევრებს. ბავშვები საკუთარ ასაკზე მეტად ზრდასრულად გამოიყურებიან. მათ არ შეუძლიათ მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების გარეშე. მშობლებთან ურთიერთობა მათთვის მომაბეზრებელი და მოსაწყენი გახდა.

ბავშვების აღზრდის მეთოდებიც სრულიად შეიცვალა. ჩვენი მშობლები ჩვენზე მეტად მშვიდი და საკუთარ თავში დარწმუნებული იყვნენ. ისინი მეტ გავლენას ახდენდნენ საკუთარ შვილებზე, ვიდრე თანამედროვე მშობლები. უდავოა, დღევანდელ მშობლებსაც ძალიან უყვართ საკუთარი შვილები, მაგრამ ამ სიყვარულს, სამწუხაროდ, არ შეუძლია, დახმარება გაუწიოს მშობლებს შვილების აღზრდაში. ახალი თაობის მშობლებსაც ბევრი რამ აქვთ სასწავლი შვილებისათვის, მაგრამ რატომღაც მათ არ ჰყოფნით შესაბამისი უნარ-ჩვევები, რომ დაეხმარონ შვილებს პოტენციალის გამოყენებაში. მშობლებს სულ უფრო ხშირად უჩნდებათ შიში, რომ მათ არ შეუძლიათ დაიცვან შვილები საფრთხისგან. სულ უფრო იზდრება ის ნაპრალი, რომელიც თანდათან ზრდის მანძილს თაობებს შორის.

მშობლები ცდილობენ შეესაბამებოდნენ „კარგი მშობლის“ შესახებ თანამედროვე შეხედულებებს. როდესაც სასურველ შედეგს ვერ იღებენ, იწყებენ შვილების დამუნათებას, მოსყიდვას, დაჯილდოვებას ან სულაც დასჯას. როდესაც მშობლები შვილებს ელაპარაკებიან, მათი ტონი ხშირად ძალიან უხეში ხდება და ხანდახან მათ თავადაც ყურს სჭრის მისი სიმჭახე. თითქოს სხვა ადამიანი საუბრობს. კრიზისის მომენტებში მშობლები უფრო მეტად გულგრილი ხდებიან, იმის ნაცვლად, რომ საკუთარი უპირობო სიყვარულის ძალა გამოამჟღავნონ. მშობლები თავს იდანაშაულებენ, რომ მშობლის მოვალეობა სათანადოდ ვერ შეასრულეს. შემდეგ ადანაშაულებენ შვილებს, რომ ისინი ჯიუტი არიან. დამნაშავე აღმოჩნდება კომპიუტერი, რომელიც უამრავ დროს ფუჭად აკარგვინებს ბავშვებს; სასკოლო განათლების სისტემა, რომელიც სათანადო სიმკაცრეს ვერ იჩენს განათლების მიცემის პროცესში. მოკლედ დამნაშავეა ყველა და ყველაფერი.

მშობლების გავლენაზე ბავშვების აღზრდის პროცესში უამრავი წიგნი დაწერილა და დღესაც იწერება. არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლებელია მშობლების როლის აღზრდის პროცესში ცოტათი გადაჭარბებულია. ეს საკითხი სულაც არ იქნებოდა ამდენი განხილვის საგანი, მოზარდებს რომ ამდენი პრობლემა არ ჰქონდეთ. ყველას მშვენივრად მოეხსენება, რომ თინეიჯერები ცუდად აკონტროლებენ საკუთარ თავს, მოიხმარენ ნარკოტიკს, ალკოჰოლს, ავლენენ ძალადობის ნიშნებს, აგრესიას. მათ ცხოვრების საზრისის პრობლემა უჩნდებათ. მოზარდები სულ უფრო ნაკლებად ინტერესდებიან სწავლა-განათლებით. თინეიჯერები ნაკლებად ახერხებენ ადაპტირებას ცვალებად გარემოში. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ გახშირდა დეპრესიები, ფობიები და სხვა კიდევ უამრავი პრობლემა იჩენს თავს. ახალგაზრდების მძიმე კრიზისულ მდგომარეობაზე მიუთითებს სკოლებსა და სხვადასხვა საბავშვო დაწესებულებაში მომრავლებული ბულინგის შემთხვევები.

ყურადღებიანი, თავდადებული მშობლები შფოთავენ, რადგან შვილებისადმი მათი დიდი სიყვარულისა და ზრუნვის მიუხედავად, ბავშვები მაინც სულ უფრო ნაკლებად ენდობიან საკუთარ მშობლებს და ზოგადად უფროს თაობას. ახლა ისე როგორც არასდროს უამრავი წიგნი იწერება აღზრდაზე, ასაკობრივ თავისებურებებზე, ხელმისაწვდომია ტრენინგები მშობლებისთვის, კურსები და სხვა საშუალებები. და მაინც რაშია საქმე? პასუხი ერთი მარტივი სიტყვით ამოიწურება: – „კონტექსტი“. ჩვენი მოსაზრებით – განმარტავენ ავტორები, – არსებობს ურთიერთობების განსაკუთრებული ტიპი, რომლის გარეშეც აღზრდა მოკლებულია ყოველგვარ საძირკველს. ფსიქოლოგები და ადამიანის პიროვნული განვითარების სპეციალისტები ამას მიჯაჭვულობას უწოდებენ. ანუ ბავშვი მხოლოდ იმ ადამიანისაგან ითვისებს აღზრდის ადეკვატურ მეთოდებს, რომელთანაც ძლიერი მიჯაჭვულობა აქვს.

ცხოვრების დასაწყისში მიჯაჭვულობა სრულიად აშკარაა, პატარები ნათლად გამოხატავენ საკუთარ მიჯაჭვულობას მშობლებისადმი, მათ აქვთ სურვილი ხელში აიყვანონ, გულში ჩაიკრან უფროსებმა.  თანდათან ასაკის მატებასთან ერთად, თუ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს ყალიბდება ემოციური სიახლოვე, რაც თავის მხრივ აყალიბებს მტკიცე ფსიქოლოგიურ კავშირს მშობლებსა და შვილებს შორის. სწორი აღზრდისთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ რას აკეთებს მშობელი, არამედ ის, თუ რას წარმოადგენს ის მისთვის. როდესაც პატარები ეძებენ სიახლოვეს მშობლებთან და ცდილობენ კონტაქტის დამყარებას, სწორედ მაშინ ხდებიან უფროსები მათთვის აღმზრდელები, მასწავლებლები, მრჩევლები, მანუგეშებლები, მიბაძვის ობიექტები. ასეთ შემთხვევაში მშობლები შვილებისათვის თავშესაფარი ხდებიან, რომელთაგანაც ისინი უშიშრად გამოდიან, რათა შეისწავლონ სამყარო. მათ  იციან, რომ ნებისმიერ მომენტში ექნებათ მხარდაჭერა და შთაგონება. აღზრდის არცერთ მეთოდს არ შეუძლია ურთიერთობებში მიჯაჭვულობის კომპენსირება. ბავშვები უნდა იყვნენ მიჯაჭვული მშობლებთან თუნდაც მანამდე, სანამ მათ ეს მიჯაჭვულობა ძალიან სჭირდებათ. აი სწორედ ეს მიჯაჭვულობაა ის, რაც სულ უფრო ძნელი მისაღწევი ხდება.

ავტორებს მიაჩნიათ, რომ: მშობლები არ შეიცვალნენ, ისინი სულაც არ არიან უფრო ნაკლებად კომპეტენტური ან ნაკლებად თავდადებული. ფუნდამენტურად არც ბავშვის ბუნების ფენომენი შეცვლილა. არც ისინი არიან მეტად დამოუკიდებელი ან უფრო მეტად მგრძნობიარე. შეიცვალა ის კულტურული კონტექსტი, რომელშიც ამჟამად პატარები იზრდებიან. თანამედროვე საზოგადოება და კულტურა სულ უფრო ნაკლებად მიესალმება ბავშვების მშობლებთან მიჯაჭვულობას. ჩვენი დაკვირვებით – განაგრძობენ ავტორები – სწორედ ეს კონტექსტი განაპირობებს იმ კავშირის ჩამონგრევას, რომელიც საწყის ეტაპზე ყალიბდება. საზოგადოება თითქმის აღარ აქცევს ყურადღებას ასეთი კავშირების განმტკიცებას და ამიტომაც ის პირველივე დაბრკოლებისას იშლება. ზუსტად ამ მიზეზით, თანამედროვე მოზარდები ცდილობენ მშობლებისადმი მიჯაჭვულობის სხვა მიჯაჭვულობებით ჩანაცვლებას, რისი მიზეზიცაა მშობლებისადმი მათი მზარდი უნდობლობა. თანდათან უფროსებს უფრო და უფრო მეტად უჭირთ აღზრდის საკუთარი კონტექსტის გატარება. კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ – იმეორებენ ავტორები – მშობლების აღზრდის მეთოდების არაეფექტურობას სწორედ მათდამი შვილების მიჯაჭვულობის დეფიციტი განაპირობებს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი