შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

რამაზ ქაცარავა – ქიმია სხვანაირია, ამას უნდა შეეგუოს მოსწავლე

რამაზ ქაცარავა, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო პოლიმერებისა და ბიომასალების კვლევითი ცენტრის დამაარსებელი და ხელმძღვანელი, 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის (მათი უმეტესობა წამყვან უცხოურ ჟურნალებშია დაბეჭდილი) ავტორი და 45 პატენტის (30 გაცემულია ყოფილ საბჭოთა კავშირში, 9 – საქართველოში, 5 – აშშ-ში და 1 – ავსტრალიაში; შეტანილია კიდევ 20 საპატენტო განაცხადი, 2 – საქართველოში, 19 – აშშ-ში) მფლობელია. მასა და მის ასპირანტებსა თუ დოქტორანტებს მიღებული აქვთ 41 ადგილობრივი თუ საერთაშორისო გრანტი. ციტირების ინდექსით (620) და h-ინდექსით (14) (08.04.2011-თვის Web of Science-ის მიხედვით) ბატონი რამაზი ერთ-ერთი პირველია ქართველ მეცნიერთა შორის. რამდენიმე დღის წინ, რამაზ ქაცარავას გამოკვლევის საფუძველზე, ფირმა „პოლიმერფარმმა” როგორც წლის ნოვატორმა კომპანიამ საქართველოს ეროვნული ბიზნესჯილდო „მერკური” მიიღო.

ბატონი რამაზი ამბობს, რომ ქართული ფარმაცია დღემდე ეფუძნება მცენარეებისგან გამოყოფილ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რაც, თავისთავად, ძალიან საინტერესოა. მისი გამოკვლევა კი იმით არის ნოვატორული, რომ მის საფუძველზე ქართულ ფარმაციაში დაინერგა სინთეზური მოლეკულებით მიღებული პრეპარატები.

„30 წელიწადზე მეტია, ამ თემაზე ვმუშაობთ. ამ ხნის განმავლობაში შევიმუშავეთ ამინმჟავების ახალი ქიმია (ვგულისხმობ მაკრომოლეკულების ქიმიას). პრაქტიკულ გამოყენებაზე ორიენტირებული კვლევის პირველი შედეგი გახლდათ ის, რაც ჩვენს მწირ პირობებში შეიძლებოდა გაკეთებულიყო, ანუ გარეგანი მოხმარების პრეპარატები. ჩვენ შევქმენით ეგრეთ წოდებული ხელოვნური კანი (ნუ გაიკვირვებთ – ეს სამეცნიერო ჟარგონია) – ფაგობიოდერმი, რასაც უკვე საკმაო რეზონანსი მოჰყვა მსოფლიოში და საერთაშორისო ლიტერატურაშიც მოიხსენიება. ეს არის პრეპარატი, რომელიც შეიცავს ბაქტერიოფაგებსა და ანტიბიოტიკებს, ფერმენტებსა და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას, გამოირჩევა ჭრილობის შეხორცების უაღრესად მაღალი უნარით, გამოიყენება ტროფიკული და დიაბეტური წყლულების, დამწვრობის, ნაგლეჯი თუ ნაფლეთი ჭრილობების, ნაკბენებისა და სხვა წარმოშობის ინფიცირებული ჭრილობების სამკურნალოდ. ალბათ, გაზვიადება არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ დღეს ბიოსამედიცინო პოლიმერების სინთეზი მხოლოდ მაკრომოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კი არა, საზოგადოდ ქიმიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და, ამასთან, პერსპექტიული მიმართულებაა. ბიოდეგრადირებადი პოლიმერების დანიშნულებაა ცოცხალ ორგანიზმებში დროებითი ფუნქციის შესრულება, რის შემდეგაც ისინი უნდა დაიშალონ და ორგანიზმიდან ყოველგვარი ზიანის გარეშე გამოიდევნონ. უდიდესი მნიშვნელობა აქვს მათი მაკრომოლეკულის შემადგენელი ფრაგმენტების არატოქსიკურობასა და უვნებლობას. აქედან გამომდინარე, მეცნიერები ცდილობენ, ბიოდეგრადირებადი პოლიმერების ჯაჭვის ასაგებად გამოიყენონ ბუნებრივი, ფიზიოლოგიური მონომერები. ჩვენ მიერ სინთეზირებულმა ბიოდეგრადირებადმა მაკრომოლეკულურმა სისტემებმა ბუნებრივი ამინმჟავების საფუძველზე სამედიცინო პრაქტიკაში დანერგვის მიზნით წარმატებით გაიარა გამოცდა რამდენიმე სამეცნიერო და სამკურნალო ცენტრში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც. ექსპერიმენტულმა და კლინიკურმა გამოცდებმა აჩვენა, რომ აღნიშნული ჰეტეროჯაჭვური პოლიმერები პერსპექტიული სამედიცინო მასალებია სტენტების დასაფარავად რესტენოზისგან სისხლძარღვთა დასაცავად, ასევე იმპლანტების, ხელოვნური კანის, სისხლძარღვთა პროთეზების, პროლონგირებული სამკურნალო პრეპარატების, გაწოვადი ქირურგიული მასალების, წამლების კონტროლირებადი გამოყოფის უნარის მქონე სისტემებისთვის და სხვ. რაც შეეხება ბიოდეგრადირებადი პოლიმერების საფუძველზე შექმნილ ხელოვნურ კანს, პრეპარატ ფაგობიოდერმას, რომელიც ჭრილობების შეხორცების უჩვეულოდ მაღალი უნარით გამოირჩევა, ის უკვე რეგისტრირებულია საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ და რეკომენდებულია პრაქტიკული გამოყენებისთვის. ასეთი პოლიმერების გამოყენების პერსპექტივა ბიოსამედიცინო პრაქტიკაში (თუ მათ კომერციულ პოტენციალსაც გავითვალისწინებთ), როგორც ჩანს, ამოუწურავია”, – აცხადებს რამაზ ქაცარავა.

ცოტა ხნის წინ ბატონი რამაზის გამოკვლევის შედეგად მიღებული ბიოდეგრადირებადი პოლიმერები აშშ-ის რამდენიმე წამყვან კლინიკაში დაინერგა. ამ კვლევაზე ქართველი და ამერიკელი მეცნიერები ერთიანი, ამერიკული დაფინანსებით ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობდნენ. საბოლოოდ მიღებული ბიოდეგრადირებადი პოლიმერები ამერიკაში გამოიცადა. ქართული პოლიმერები, რომლებმაც ყოველგვარ გამოცდას გაუძლო და ყველანაირი მოთხოვნა დააკმაყოფილა, ჯერ ამერიკაშივე დააპატენტეს, მერე კი საავადმყოფოებში გაავრცელეს. ამ პოლიმერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალოდ იყენებენ. კერძოდ, სტენტი იფარება პოლიმერით, რომელიც შედის ორგანიზმში და გამოყოფს წამალს. მედიკამენტი ხელს უშლის იმ უჯრედების ზრდას, რომლებიც სადინარს ახშობს, ეს კი გულის ნორამლური მუშაობისა და ადამიანის გამოჯანმრთელების უტყუარი საშუალებაა.

ბატონი რამაზი „mastsavlebeli.ge”-ს სტუმარია და მკითხველს ქიმიის როლსა და მისი სწავლების მეთოდებზე ესაუბრება:

– ჩემი პოზიცია ასეთია: საქართველოს მძიმე ქიმია არ სჭირდება. დღეს რუსთავის ქიმიის ქარხანაში სასუქს აწარმოებენ, რაც რენტაბელურია და ამ მხრივ – სასიკეთო, მაგრამ დიდი ქიმიური საწარმოების აშენება ქვეყნისთვის არც ეკოლოგიური და არც ეკონომიკური თვალსაზრისით მოგებიანი არ იქნება. ამიტომ, ჩემი აზრით, აქცენტი უნდა გაკეთდეს მცირე ქიმიაზე. ის, რასაც ჩვენ ვემსახურებით, კერძოდ, ბიოსამედიცინო დარგი, მცირე ქიმიაა, მაგრამ საბაზრო ფასით ქართული ეკონომიკისთვის გამართლებულია. თუმცა ქიმიაში მხოლოდ კვლევები და გამოგონებები არაფერს ნიშნავს, თუ ისინი პრაქტიკაში არ დაინერგა, რაც კიდევ უფრო დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. საქართველოში ჩამოდიან ამერიკელები, რომლებიც ტრენინგებს გვიტარებენ სამეცნიერო კვლევების კომერციაზე, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ მეტისმეტად შორს ვართ იმ სქემებისგან, რომლებსაც ისინი გვთავაზობენ. დავიწყოთ იმით, რომ ურთულესი პრობლემაა დაპატენტება, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ჩემი აზრით, დაპატენტების თემა სკოლებშივე უნდა ისწავლებოდეს, რათა ადამიანს ბავშვობიდან ჰქონდეს ცნობიერებაში გამჯდარი მისი მნიშვნელობა და საჭიროება. ახალგაზრდამ უნდა იცოდეს, რა არის ბაზარი, რადგან პროდუქციის რეალიზაციის გარეშე ყოველგვარი გამოგონება თუ კვლევა აზრს კარგავს, მით უმეტეს – ქიმიაში.

ვფიქრობ, სახელმწიფოს მიზანი მცირე ქიმიის დახმარება უნდა იყოს, რადგან ეს დარგი პერსპექტიულია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენთან შექმნილი პროდუქცია შესაძლოა არ იყიდოს ამერიკამ, რადგან მას მკაცრი მოთხოვნები აქვს, მაგრამ არსებობს ძალიან დიდი ბაზარი – აზია, სადაც ფულიც ბევრია და მოსახლეობაც დიდი. მზა პროდუქცია თუ არა, შეიძლება, ტექნოლოგიები გაიყიდოს.

– არცთუ შორეულ წარსულში საქართველოში ქიმიისადმი ინტერესი სრულიად განელდა, რადგან იგი უპერსპექტივო დარგად იქნა მიჩნეული. ბოლო ხანს კვლავ შეიმჩნევა ტექნიკური საგნებისკენ შემობრუნება. როგორ აისახა ეს ახალი თაობის ქიმიკოსებზე?

– საქართველოში თავის დროზე ბევრი ქიმიური საწარმო დაიხურა. აღარ იხსნებოდა პატარა ქიმიური საწარმოები. არადა, სწავლა არცთუ იაფია. მშობელს, რომელიც მნიშვნელოვან კაპიტალს აბანდებდა შვილის განათლებაში, სურდა, უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ მისი შვილი უზრუნველყოფილი ყოფილიყო. ქიმიკოსებისთვის კი პერსპექტივა არ ჩანდა.

ბოლო ხანს მართლაც შეინიშნება გააქტიურება. მოსწავლეები მოდიან თსუ-ს თანამედროვე სამედიცინო პოლიმერული მასალების ინსტიტუტში და ათვალიერებენ თანამედროვე ლაბორატორიას. მათ ვაცნობთ ხელსაწყოებს, რომლებიც კვლევისთვის არის საჭირო. თავის დროზე, როდესაც ბავშვებს ქიმიაში მაღალ მატერიებზე ვესაუბრებოდით, ვატყობდით სკეპტიკურ განწყობას, მაგრამ როდესაც თავიანთი თვალით ნახეს ხელსაწყოები, თანამედროვე ლაბორატორიები, მათი დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა.

სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ მოგვმართა 58-ე სკოლის მასწავლებელმა – სურს, მოიყვანოს მოსწავლეები, რომ თანამედროვე მეთოდები ვასწავლოთ. ბავშვი თუ ძველ და ჭუჭყიან ლაბორატორიაში შეიყვანე, მეორედ იქ ვეღარაფრით შეაბრუნებ. მოსწავლემ უნდა ნახოს სუფთა, თანამედროვე ლაბორატორია, სადაც მუშაობის კომფორტული პირობებია. თუმცა მინდა ისიც აღვნიშნო, რომ თუ არ იქნება დაფინანსება, შედეგს ვერ მივიღებთ. როდესაც რეიგანს უთხრეს, რომ ამერიკაში მკვეთრად დაეცა ინტერესი ფიზიკა-მათემატიკისა და, საზოგადოდ, ტექნიკური დისციპლინებისადმი, აშშ-ის პრეზიდენტმა დიდი ფინანსური დახმარება გამოუყო სკოლებს, რომ ამ საგნებისადმი ინტერესი კვლავ ამაღლებულიყო.

კიდევ ერთი: იყო დრო, როდესაც ბავშვებს ძველბიჭური მენტალიტეტი იზიდავდათ, რაც მეცნიერებისა და, საზოგადოდ, განათლებისადმი ნიჰილიზმს, ცინიზმს ბადებს. ეს დამღუპველი იყო როგორც ცალკეული ადამიანებისთვის, ისე ქვეყნისთვისაც. ამიტომ ძველი ბიჭობის ინსტიტუტთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთ საუკეთესო ნაბიჯად მიმაჩნია.

– ნებისმიერი საგნისადმი ინტერესი მოწაფეს სკოლიდან მოჰყვება. რა შეიძლება იღონოს ქიმიის მასწავლებელმა იმისთვის, რომ მოსწავლეს ეს საგანი შეაყვაროს?

– მასწავლებელი, უპირველესად, მოწოდებით უნდა იყოს პედაგოგი. მას მართლა უნდა უყვარდეს თავისი საქმე, ბავშვები და საგანი, რომელსაც ასწავლის. ჩემი აზრით, არ არის დასაძრახი, თუ იგი მოახდენს სელექციას და 30-დან მეტ ყურადღებას მიაქცევს, ვთქვათ, იმ ხუთ მოსწავლეს, რომლებსაც უფრო მეტად აინტერესებთ ქიმია. ქიმია თავისებური მეცნიერებაა, მაგრამ, მერწმუნეთ, არ არის რთული. უბრალოდ, სხვანაირია. ბავშვებს ეს „სხვანაირობა” აშინებთ, მაგრამ მასწავლებელმა თუ შეძლო, მათ ამ საგნისადმი ინტერესი გაუღვიძოს, ქიმიას ძალიან ადვილად ასწავლის. ამისთვის კი აუცილებელია კარგად მოწყობილი ლაბორატორია, კონტაქტი იმ უნივერსიტეტებთან, სადაც არის უფრო დიდი ლაბორატორიები. მოსწავლეები შეიძლება მოვიდნენ კვლევით ცენტრებში, დაესწრონ ექსპერიმენტებს, შეიძლება კვლევითი ცენტრებიდანაც მიიწვიონ მეცნიერები ლექციების ჩასატარებლად… სხვათა შორის, ზაფხულში ბაკურიანში იხსნება საერთაშორისო სამეცნიერო სკოლა, სადაც წავიკითხავ რამდენიმე ლექციას ინგლისურ ენაზე. ეს ძალიან საინტერესო იქნება ქართველი მოსწავლეებისთვის.

– რამ განაპირობა ქიმიასთან თქვენი ასეთი მჭიდრო კავშირი?

– პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. ერთხელ უნივერსიტეტიდან ჩვენთან მოვიდა დოცენტი, ქიმიკოსი გიორგაძე, რომელიც ნერგავდა ქიმიის სწავლების საკუთარ მეთოდიკას. ძალიან საინტერესო სპეციფიკა ჰქონდა, „ცოცხლად” ატარებდა გაკვეთილებს, გვიჩვენებდა ექსპერიმენტებს. ასე გაგვიჩნდა რამდენიმე მოსწავლეს ქიმიისადმი ინტერესი. ბავშვებს მარტო წიგნით ვერ შეაყვარებ საგანს, მით უმეტეს – ინტერნეტის საუკუნეში, ამიტომ გაკვეთილზე ბევრი ექსპერიმენტი უნდა ჩატარდეს. მასწავლებელი მოსწავლეს ცოდნას პირდაპირ ვერ ჩაუდებს თავში. მან უნდა ასწავლოს ძირითადი ცნებები, წიგნებისა და ინტერნეტის გამოყენება დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. ერთი სიტყვით, პედაგოგი მიმართულებას აძლევს, მერე კი მოწაფე თავად მიისწრაფის ცოდნის გაღრმავებისკენ. თავდაპირველად ვფიქრობდი, მათემატიკას გავყოლოდი, მაგრამ ამ გადასახედიდან ბედის მადლიერი ვარ, რომ ქიმია ავირჩიე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი