შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ნარცისის ქრონიკები

დედის წიაღში მყოფმა ბავშვმა არ იცის არავინ საკუთარი თავის გარდა და მისი ეს მდგომარეობა ბუნებრივი და ლოგიკურია.

როდესაც ადამიანი ამ პირველყოფილ „სამოთხეს“ ტოვებს, მას ბევრი იმედგაცრუება მოუწევს, სანამ შეეგუება აზრს, რომ მარტო აღარაა. მისი ეს სხვასთან „თანაცხოვრება“ იძულებითია და რომ გადარჩეს, სულ მცირე დედა მაინც უნდა იყოს გვერდით, ძუძუ რომ მისცეს ატირებულს.

გადის დრო და ჩნდებიან დედ-მამიშვილები, ახლობლები, კლასელები, კურსელები, თანამშრომლები, თანაქალაქელები, თანადედამიწელები და ადამიანიც, ნელ-ნელა სწავლობს სხვასთან ერთად თანაცხოვრებას და ამ სწავლის პროცესში, საკუთარი ეგოიზმის დასაძლევად მან ობიექტის შეყვარებაც უნდა მოახერხოს, რათა არსებობა გაიადვილოს და გაუადვილოს სხვასაც.

ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანი ამას ეტაპობრივად, ბევრი „კისრის წატეხვისა“ და ცხოვრებისეული წვრთნის შედეგად ახერხებს, ზრდასრული, მაგრამ ინფანტილურობაშო ჩარჩენილი კი ერთგვარ ჩაკეტილ წრეში რჩება და არ აღიარებს სხვის არსებობას, საკუთარი თავით ტკბობას მისცემია და ცდილობს დედამიწა იმსახუროს, როგორც სამსხვერპლოზე დაბრძანებულმა კერპმა, რომლის სტომაქიც არასოდეს, არასოდეს ამოივსება ნაკერპავით.

 

 

მსოფლიო ისტორიამ იცის დაუნდობელი მმართველების შესახებ ის, რომ ეს უკანასკნელნი რეალობის საკუთარი სურვილის მიხედვით შეცვლას ცდილობდნენ. მხოლოდ სიკვდილს შეეძლო მათთვის წინააღმდეგობის გაწევა, ადამიანური ძალა კი ვერ წინაღუდგებოდა ბოროტებას, რომელსაც ისინი თესავდნენ რაიმე იდეის, სახელმწიფოს ან ღმერთის სახელით.

 

ეს ნამდვილი ფსიქოზი იყო. ფსიქოზი კი ნარცისიზმის უკიდურესი ფორმაა, როცა ადამიანი რეალობასთან სრულიად წყვეტს კავშირს და ცენტრში საკუთარ ფიგურას, როგორც კერპს აყენებს,

 

ნარცისიზმი, ამათუიმ ფორმით დამახასიათებელია ყველა ადამიანისთვის. საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს რომ ჰკითხო გაუცვლიდა თუ არა სხეულს სხვა უფრო მშვენიერი აღნაგობის ადამიანს, უარს მიიღებთ, რადგან არასრულფასოვნების კომპლექსის მიუხედავად, ადამიანს საკუთარი გარსი მაინც განსაკუთრებულად მოსწონს. ეს ბუნებრივი ფენომენია და ითვლება, რომ ადამიანური გაგებით ნორმაა, მაგრამ როდესაც თვითტკბობაში მყოფი ადამიანი ვეღარ ავლებს ზღვარს საკუთარ სურვილებსა და სხვის შესაძლებლობებს შორის, ეს უკვე საზოგადოების პრობლემაც ხდება.

რამდენჯერ გვქონია შემთხვევა, როდესაც ერთი შეხედვით ნორმალური თანამოქალაქე რაღაცით გვაწუხებს, თითქოს ენერგიას გვაცლის, გვძაბავს, არადა ერთი შეხედვით განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს, აი, მასთან კონტაქტი კი ერთი დიდი უსიამოვნებაა.

წარმოიდგინეთ ადამიანი, ვინც ურეკავს კბილის ექიმს და სთხოვს მიღებას. ექიმი პასუხობს, რომ დღეს ყველა საათი გაწერილი აქვს, მაგრამ პაციენტი ითხოვს მის მიღებას არგუმენტით, რომ იქვე ახლოს ცხოვრობს და უცბად მიირბენდა კლინიკაში. ეს, ცხადია, ექიმის დროის საკითხს არ წყვეტს, ირიბად იგულისხმება, რომ პაციენტი სხვა პაციენტის ნაცვლად მის მიღებას ითხოვს ისე, რომ ამას თავადაც ვერ აცნობიერებს. თუ ექიმს ფსიქიატრიული განათლება აქვს მიღებული, ადვილად მიხვდება, რომ საქმე უაღრესად ნარცისულ ადამიანთან აქვს, რომელსაც ექიმისა და საკუთარი დროისა და ვითარების გარჩევა უბრალოდ არ შეუძლია. ის თვლის, რომ ცოტა დრო დასჭირდება ვიზიტისთვის, მას დასჭირდება, იგია ამ სიტუაციაში მთავარი და დანარჩენი სხვა ყველა მეორეხარისხოვანი პერსონაჟები არიან. ექიმი, როგორც დამოუკიდებელი პიროვნება არ არსებობს, თავის მოთხოვნილებებითა და დროის განრიგით (თუნდაც სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ლუდის დასალევად ან შვილების მოსაფერებლად წასვლა რომ მოუნდომებია). უარის შემთხვევაში, ასეთი პაციენტი გულწრფელად გაკვირვებული და იმედგაცრუებული დარჩება და ვერავინ გადაარწმუნებს, რომ თუ მისთვის მოსახერხებელი იყო ექიმთან ამა და ამ დროს ვიზიტი, ექიმს რანაირად შეიძლებოდა არ სცლოდა?

მეორე მაგალითი შეყვარებული ნარცისის ლოგიკაა. თუ ასეთი კაცია, მას ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება საპასუხოდ არ უყვარდეს ქალს. ამიტომ, მისი ლოგიკა შემდეგშია: განა არ ვუყვარვარ, ვერ აცნობიერებს გრძნობას, რომელიც ჩემ მიმართ აქვს. ეშინია საკუთარი გრძნობების სიდიადის და ამიტომ ცდილობს ჩაკლას თავში ეს განცდა. თუკი არ მოვეშვები, აღიარებს და გრძნობებს გასაქანს მისცემს. უნდა რომ დამტანჯოს, რადგან ასეა მიღებული და ასე შემდეგ.

 

ნარცისიზმის ამოცნობა რამდენიმე საშუალებითაა შესაძლებელი – თუ ადამიანი უდიდეს დროს ატარებს სარკესთან საკუთარ თავზე დაკვირვებით, აქვს იპოქონდრიული შიში ჯანმრთელობის გაუარესებასთან მიმართებით, მისი ნარცისიზმი უკიდურესად გამწვავებულია. ასევე საინტერესო და ღრმად დაფარული ნარცისული მიდრეკილებებზე მეტყველებს სიტუაცია, როცა ადამიანი საკუთარ სახელსა და მორალურ „კოდექსს“ გამალებული იცავს „ცოდვებისგან“. „რამე ხომ არ შევცოდე, რამე ხომ არ დავაშავე? რას იფიქრებს ჩემზე ეს თუ ის ადამიანი, სიმართლე რომ ეგონოთ?“ მსგავსი მორალური იპოქონდრიის უკანაც ნარცისული ფენომენის მოძებნა შეიძლება მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად და თავად ამ ადამიანისთვისაც ყველაფერი ეს უაღრესად მორალური, მორწმუნე პიროვნების იმიჯს ატარებდეს. ფარული ნარცისიზმი ვლინდება იქაც, როცა ერთი ადამიანი მეორეს ან ადამიანთა ჯგუფს რამეში ეხმარება და ამ პროცესში მას საკუთარი როლი მოსწონს და აღაფრთოვანებს. ქრისტიანული „დაე შენმა მარჯვენამ არ იცოდეს რას იქმს მარცხენა“ მზა ფორმულაა იმ შემთხვევების გასააზრებლად, როცა ადამიანს საკუთარი სინდისიც კი ატყუებს.

მაგალითი მესამე: არის ასეთი ანეგდოტი მხატვარი ხვდება ნაცნობს და უყვება საკუთარი წარმატების შესახებ. დამშვიდობებამდე რამდენიმე ხნით ადრე კი წყვეტს ლაპარაკს და ამბობს: სულ ჩემზე ვილაპარაკეთ, მოდი ახლა შენზეც ვთქვათ ორი სიტყვა, როგორ მოგეწონა ჩემი ბოლო გამოფენა?

როგორ ამოვიცნოთ ნარცისი? არიან ადამიანები, ვინც საუბრისას რამდენიმე სიტყვას მიუგდებენ თანამოსაუბრეს და ამით მიანიშნებენ, რომ მან მთავარი სათქმელი იგულისხმა და მსმენელმა (!!!) კეთილი უნდა ინებოს და მიხვდეს რას გულისხმობდა მთქმელი.

ნარცისულ ტიპს არ შეუძლია დასაბუთებული კრიტიკის მიღება, რეაგირებს მძაფრად, ხისტად ან სულაც დეპრესიულად, განრიდებით, საკუთარ თავში ჩაკეტვით.

ნარცისულ ტიპად განიხილავენ მორჩილების იმ ფორმასაც, რომელშიც სუბიექტი საკუთარ თავს ტკბობისა და განდიდების ობიექტად აყენებს. მე გმორჩილებ შენ (თუნდაც მონასტრულ ცხოვრებაში), რადგან ვტკბები იმ როლით, რომელიც გარესამყაროსთან საკომუნიკაციოდ გამოვუნახე საკუთარ თავს. ერთგვარი თავმდაბლობა, რომელსაც ასეთი ადამიანი ავლენს, სინამდვილეში ნარცისული ტკბობის შედეგია „მე არ მჭირდება საკუთარი განსაკუთრებულობის აღიარება გარე სამყაროს მხრიდან, რადგან ჩემი გამორჩეული მე ისედაც საკმარისად კვებავს პატივმოყვარეობას!“

ასეთი ადამიანების პოვნა ადვილია საერთო შეკრებების დროსაც, როდესაც ადამიანი არც თავად ჭამს და მხიარულობს და არც სხვას აძლევს ამის საშუალებას, რადგან მთავარი შეკრებაში არც საკვები და არც საზოგადოება, არამედ ღია ან ლატენტური ნარცისია.

 

ნარცისიზმის გამოსავლენად აუცილებელი არაა პიროვნება საკუთარი მთლიანობით იწონებდეს თავს, არამედ ხშირად, ნარცისული გამოვლინებები მარტივ, მაგრამ ამოსაცნობ ფორმებში იჩენს თავს – ადამიანი ცალკეული თვისებით ან მიღწევით იწყებს ტკბობას.

ვიღაცას საკუთარი თმა აღაფრთოვანებს, სხვა დაწერილ ლექსებით ცდილობს ნარცისული მეს დაკმაყოფილებას, ერთი შეხედვით თავმდაბალი, ჩუმი ნარცისი კი შეიძლება ტკბობაში იყოს იმით, როგორი ბუხრის აშენება შეუძლია ან სულაც საკუთარ შვილზე მოახდინოს „მე“-ს გადატანა და სწორედ შვილის „მიღწევებით“ ამაყობდეს და ამ სიამაყეში ვერ რეალიზებული ნარცისული მე მეტია, ვიდრე ობიექტური რეალობა, რომელიც სულაც მშობელმა მოახვია შვილს თავს.

 

ხშირად, რომ ჰკითხოთ ადამიანს თუ რა არის მისი არსი, ვინაა ის თავად, შესაძლოა უცნაური პასუხიც კი გაგცეთ, რომ მისი ღირსება, გვარი, ადამიანობა, სიმდიდრე, ნიჭი, ცოდნა, გამოცდილება, პროფესიონალიზმი, სახელი ან სხვა რამაა. არის შემთხვევები, როცა ნარცისი ტკბობას იწყებს ისეთი უცნაური, ერთი შეხედვით, დამამცირებელი თვისებით, რაც სხვისთვის საამაყო სულაც არაა (საკუთარი შიშებით, ავადმყოფობისკენ მიდრეკილებით და სხვა).

მთლიანიდან ამოგლეჯილი ეს ცალკეული თვისებები ძალიან ჰგავს ძველი ათენის კერპების პანთეონს, სადაც ყველა ღირსებას თავისი საკუთარი ღმერთი ჰყავდა.

 

საინტერესოა, რომ ნარცისული მიდრეკილებების მქონე ადამიანი, არაცნობიერად მალავს ან გადატანას ახდენს საკუთარი „მე“-სი ისეთ ობიექტებზე, რაც თითქოს სხეულს გარეთაა: ჩემი სახლი, ჩემი პროფესია, ჩემი ოჯახი, ჩემი შვილები. ეს უკანასკნელი, ყველაზე გავრცელებული ფორმაა და სწორედ აქ იღებს სათავეს ეროვნული ნარცისიზმის ჯაჭვის უწყვეტობა, რომელზეც ოდნავ ქვევით უფრო დეტალურად დავწერ.

„ჩემი შვილი უკეთესია, გაცილებით კარგად დაუკრა კონცერტზე, მწვრთნელი ვერ ამჩნევს, თორემ აშკარად უკეთესი თავდამსხმელია, ვიდრე სხვა და ა.შ.“ რამდენი მსგავსი ფიქრი მოსდის მშობელს, ვინც საკუთარი თვითტკბობის გადატანას შვილებზე ახდენს და მათით იწყებს არაცნობიერ, მაგრამ შესამჩნევ მანიპულაციას.

მეორე ცხადი მაგალითი სასიყვარულო ურთიერთობებისას სუბიექტის მიერ ობიექტზე საკუთარი მეს გადატანაა, როცა მას, ვინც გიყვარს, საკუთრებად თვლი, მიაწერ ისეთ თვისებებს, რაც შენში მოგეწონებოდა, აღმერთებ და ამით თავში დამალულ, ღრმად დამალულ ნარცისიზმს კვებავ. გინახავთ ალბათ წყვილი, ერთი ძალიან ლამაზი, მეორე არც-თუ-ისე, იფიქრებ, ალბათ ლამაზი როგორ ტკბობაშია, რაკი მეორე მხარე ასე ეპყრობა, ქმნის მისგან კერპს და თითქოს ემსახურება იმის გამო, რომ „დაიმსახურა“ ასეთი გამორჩეული მეწყვილეო, სინამდვილეში კი, საქმე სულ სხვანაირად შეიძლება იყოს, ვინც ჩვენ უფრო შეუხედავი, უფრო უვიცი გვგონია, შეიძლება იყოს კიდეც ამ წყვილში მთავარი ნარცისი, ვინც ობიექტზე საკუთარი ვერ რეალიზებული „მე“-ს გადატანით ტკბობას მისცემია.

 

ეს კი იზოლაციაა, მარტოობაა, თაყვანისმცემელთა ჯარის მიუხედავად, მაინც მარტოდ დარჩენა და დესტრუქციის გზაა, რადგან ბუნების კანონები ისეა მოწყობილი, რომ ადამიანს მარტო გადარჩენა ძალიან გაუჭირდებოდა. ხომ სწორედ ამიტომ გაერთიანდნენ ინდივიდები ჯგუფებად, რომ უკეთესად დაეცვათ თავი, ერთობლივი ძალებით გაეტანათ თავი გამოქვაბულებში და მერე კი მარსზეც გაფრენილიყვნენ, მაშ, რანაირად იკვებება ნარცისიზმი და როგორ ახერხებს თავის გადარჩენას?

მას შემდეგ, რაც ადამიანმა საკუთარი „მე“-ს გაიგივება მოახერხა ოჯახთან და შვილებთან, კოლექტიური ნარცისიზმიც აღარ გახდა შეუძლებელი. „ჩემი განსაკუთრებული სახელმწიფო, რელიგია, კოლექტივი, გვარი, კუთხე და ა.შ“ ნარცისული ენერგიის წყაროდ იქცა. მე და ჩვენ გაერთიანდა და სადაც ჩვენს-ს ვამბობთ, სწორედ იქ იგულისხმება მე-ც და ამ მე-ს დამახინჯებული, ავადმყოფური ფორმებიც.

ჯგუფური ნარცისიზმი უკვე ინდივიდის არსებობას დაემუქრა და „ჩვენ“ ასე ვფიქრობთ, რადგან ასეა მართალი გახდა საბაბი ინდივიდზე დომინაციის გამართლებისა.

ჯგუფური ნარცისიზმი ინდივიდუალურისგან განსხვავებით, გაცილებით საშიშია, რადგან აქ მასშტაბი დიდია და შეიძლება სხვა ისე დააზიანო, კოლექტივის ნაწილად იგრძნო თავი და პასუხისმგებლობა ვერასოდეს გაინაწილო.

„ჩემი ქვეყანა ყველაზე ლამაზია, ყველაზე დიდი კულტურის, ყველაზე დიდი ისტორიისა. ჩვენი მეომრები ერთი კაცი ათს ამარცხებდა, ჩვენნაირი ღელე არსად ჩამოდის, აქ რომ საკვებია, დედამიწის ზურგზე არსად მოიპოვება მსგავსი. კაცობრიობა აქ დაიბადა და სხვა“ – ეროვნული ნარცისიზმის ცხადი და საშიში მაგალითებია, რომელსაც სკოლის ასაკიდან მოყოლებული ჩვენ თვითონ ვკვებავთ და ვასაზრდოვებთ შვილებში. ცხადია, არც ობიექტური რეალობის შეფასება უნდა დაივიწყოს ადამიანმა, თვითგვემასა და ჯგუფურ არასრულფასოვნების კომპლექსს არ უნდა მიყვეს, მაგრამ თვითტკბობის ასეთი საშიში ნარცისული ენერგია, ერის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს.

ასეთი მდგომარეობა ლოთი ან წამალდამოკიდებული ადამიანის ეიფორიაში „ქადაგებას“ ჰგავს. ის ცდილობს მაღალფარდოვანი, ბრძნული და თვითგანმადიდებელი აზრების ფრქვევას და გარშემომყოფებს არაფრად აგდებს, მიაჩნია, რომ მათ უბრალოდ არ ესმით იმ რეალობისა, რომელსაც თვითონ მიაღწია.

ინდივიდუალური და ჯგუფური ნარცისიზმისთვის მიუღებელია ჯანსაღი კრიტიკა და შეკითხვების დასმა იქაც კი, სადაც ეს თითქოს ბუნებრივია. ნარცისულად განწყობილი საზოგადოება მტრულად ხვდება ობიექტურ შეფასებას და ამას „ეროვნულ იდენტობაზე“ შეტევად აფასებს, რაც, სინამდვილეში, ჩვენთან გაიგივებულ მე-ზე შეტევის ტოლფასია.

ეს მძიმე საკითხი განსაკუთრებით ნიშანდობლივია ქართულ მაგალითზე, რადგან ძალიან საინტერესო განსხვავების პოვნა შეგვიძლია თუ ეროვნული ნიშნით დაკვირვებას მოვახდენთ, მაგალითისთვის, როდესაც ქართველი ადამიანი ლაპარაკობს დავით აღმაშენებელზე, გორგასალზე, ვაჟა ფშაველაზე ან შოთა რუსთაველზე ან თუ ის ქრისტიანია, რომელიმე წმინდანზე, კონკრეტული ინდივიდის უკან აუცილებლად საკუთარ „მე“-საც მოიაზრებს, ამიტომ განსაკუთრებით მტკივნეულად განიცდის კრიტიკულ ან ობიექტურ შეფასებას და სიამოვნებს ისეთი არარეალური ფაქტების მიწერა „ეროვნულ ან რელიგიურ“ გმირზე, რომელიც არასოდეს მომხდარა.

მქონია შემთხვევა, როდესაც ისტორიისა და ქართულის პედაგოგებთან შეხვედრისას ჩამოვარდნილ საუბარში საერთო ეროვნული სიამაყის შესახებ იმ ფაქტებსაც გავუსვი ხაზი, რომელიც ერთის მხრივ არაფრით აკნინებდა გმირს, მაგრამ მის იდეალურობას კი (მსმენელის აზრით) ჩრდილს აყენებდა.

მაგალითად, თუ შოთა რუსთაველი უდიდესი პოეტია (ობიექტურად), ის ვერ იქნება მშიშარა და ლაჩარი, ვაჟა ფშაველა ძუნწი, დავით აღმაშენებელი სადისტი და ერეკლე მეორე არასოდეს დაუშვებდა შეცდომას. წმინდანად შერაცხულ (ქართველ) მეფეს არასოდეს ამხელდნენ საკუთარ რძალთან ინცესტურ ურთიერთობაში და მეორე მეფე მხოლოდ იღლიაში მუხანათურად ნასროლი ისრით თუ მოკვდებოდა აქილევსივით, რადგან მისი დამამარცხებელი სხვა მეომარი უბრალოდ არ უნდა არსებობდეს.

ამბობენ, რომ მცირე ერებს ეს ნარცისული თვითგანმტკიცება სჭირდებათ, მაგრამ საინტერესოა, რომ მაგალითად მეორე მცირე ერის, ებრაელების შემთხვევაში (რომელსაც საკუთარი თავით ტკბობა არ აკლია), როდესაც ის ლაპარაკობს სოლომონზე, გულისხმობს სოლომონს და არ მიაწერს საკუთარ სურვილებს, სისუსტეებს ან ძალას. სოლომონის კრიტიკა კი პირად კრიტიკად არასოდეს მიაჩნია, რადგან თვითიდენტიფიკაციას არ ახდენს სხვა პერსონასთან.

 

ეთნიკური ნარცისიზმი განსაკუთრებით მწვავედ ვითარდება იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური მდგომარეობა სახარბიელო ვერაა. ამ დროს, საკუთარი სიღარიბის საკონპენსაციოდ, ადამიანთა ჯგუფები იწყებენ საკუთარი რასით, ეროვნებით, გვარითა თუ სხვა ჯგუფური იდენტობით ტკბობას და ამით ახდენენ ვერ რეალიზებული სურვილების დაკმაყოფილებას. „შეიძლება წარმატებული არ ვარ, არც მდიდარი, მაგრამ მთავარია სუფთა ჯიშის ქართველი ვარ და ღმერთმა დამიფაროს რასობრივი და ეროვნული შერევებისგან, მეტიც, სხვა კუთხიდან არ მოვაყვანინებ ცოლს ჩემ შვილს!“ – მსმენია ასეთი ნათქვამები საქართველოს სხვადასხვა მხარეში. ეს სრულიად ადამიანურია, არ ნიშნავს, რომ ჩვენ „გვჭირს“ რამე და სხვას არ უნახავს მსგავსი. მეოცე საუკუნის დასაწყისში დიდი დეპრესიის პერიოდმა წარმოშვა ამერიკის სამხრეთში რასიზმი და კანის ფერის ნიშნით ადამიანებზე უპირატესობის განცდა. მეორე მსოფლიო ომი და ფაშიზმი დიდი გაჭირვებებისა და დამარცხებების შემდეგ ჩამოყალიბდა გერმანიასა და იტალიაში. სიღატაკემ და გაუნათლებლობამ ააგორა ახალი რასობრივი ზიზღის ტალღა ამერიკის მდიდარი სახელმწიფოს ღატაკ ფენებში, აფრიკელი შავკანიანებიც ზევიდან და ზიზღით უყურებენ მათ კონტინენტზე მომუშავე თეთრებს. ვინაა დამნაშავე ჩემ წარუმატებლობაში? – რასაკვირველია ის, ვინც ჩემი წევრი არაა და სხვა ერთობას ეკუთვნის, მისი მოძებნა კი რთული არაა.

სამწუხაროდ, ეთნიკური ნარცისიზმის საკვები, ხშირად ის პოპულიზმია, რითაც საზოგადოებას მისი არაჯანსაღი წევრები უწყვეტ ჯაჭვად ვკვებავთ: მასწავლებლები, პოლიტიკოსები, საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა ადამიანები თვითკეკლუცობის ისეთ დაფარულ ფორმებს მიმართავენ, რითიც ხალხის გულის მოგება ადვილია და ამით თავად მათ ეგოსაც სიამოვნებს.

„მე და ჩემი ოჯახი ვართ საუკეთესოები დედამიწაზე. ჩვენზე მაგარი კულტურა არავის შეუქმნია, ჩვენნაირი ღირსეულები არ დაბადებულან, ჩვენისთანა ვაჟკაცები არცერთ ოჯახში არ ცხოვრობენ, არც ჩვენი აშენებული სახლი შეიძლება თქვენ ხუხულებს შევადაროთ და ზოგადად, რომც არაფერი გაგვეკეთებინა, რომ ვარსებობთ, მხოლოდ ამიტომ უნდა იყოს მადლიერი მსოფლიო!“ – ეს სიტყვები რომ რომელიმე ინდივიდმა თქვას, საყოველთაო დაცინვას და ზიზღს გამოიწვევს. მას ალბათ სულიერად აშლილადაც გამოაცხადებენ და ეს სავსებით ლოგიკური იქნება, მაგრამ „მე“-ს ნაცვლად თუ პიროვნება „ჩვენ“-ს დააყენებს და ილაპარაკებს ერისა და ბერის სახელით, ჯგუფური ნარცისიზმი სულ სხვა იერს შეიძენს და სასაცილო კი არა საამაყო ამბად გადაიქცევა. პოლიტიკოსთა ნაწილმა ეს ამბავი გონებით ან ინტუიციით იცის და წარმატებითაც იყენებს ამომრჩეველთან ურთიერთობისას, რითაც საკუთარ და საზოგადო ნარცისიზმთან, ამ გაუმაძღარ კერპთან შესაწირი მიაქვს.

ეროვნული ნარცისიზმი უხიფათო მოვლენა არაა, თვითგამოხატვის და თვითაღტაცების „ჩვენ კარგები ვართ, ისინი ცუდები“, „ჩვენ დიდი კულტურის ერი ვართ, მეზობლები არა!“, „ჩემ ეზოში მუხა უფრო დიდი ასაკისაა, ვიდრე ზოგი სახელმწიფო, ამიტომ“ უწყინარი გამოხატულება შესაძლებელია საშიშ ფორმებში გადაიზარდოს. არც სტალინურ და ჰიტლერულ რეჟიმებს ჰქონდათ ერთი შეხედვით უგვანი ჩანაფიქრი: ერთი კომუნიზმის და ამ იდეოლოგიის ქუდის ქვეშ გაერთიანებული ჯგუფის სახელით მსოფლიოს გაკეთილშობილებას და ძმობის, ერთობისა და თანასწორობის სისხლითა და მახვილით დამკვიდრებას ცდილობდა, მეორე არიული რასის დომინანტობის იდეით მილიონობით თანამემამულეს არწმუნებდა, რომ არსებობენ ისინი და დანარჩენები, ამ დანარჩენების ამოძირკვით კი არცა რა დაშავდება, განა სახლში მომრავლებულ ტარაკნების დახოცვაზე ოჯახის წევრებმა უნდა იდარდონ?

ეროვნული ნარცისიზმის ნებისმიერი ფორმით გაღვივება ძალიან, ძალიან საშიში მოვლენაა. თუ ინდივიდუალური პოზიტიური, ზომიერი ნარცისიზმი ერთგვარი გადარჩენის ინსტიქტია და რაღაც მომენტამდე ადამიანურია, ინდივიდუალური შხამიანი ნარცისიზმი კი ერთ ადამიანს და მის გარშემო არსებულ მცირე ჯგუფს ვნებს მხოლოდ, ეროვნული, რელიგიური ნარცისიზმის ნებისმიერი ფორმა ადამიანთა მთელ ჯგუფს აფერხებს და აზიანებს. ეთნიკური და რელიგიური ნარცისიზმის ამოცნობა ძალიან რთულია, მხოლოდ გამორჩეული მოაზროვნეები ბედავენ და შემოგვძახებენ ხოლმე გამოსაფხიზლებლად, ამისთვის სხვადასხვა დროსა და საშუალებას ირჩევენ და როგორც წესი, მათი ათეულობით წლის გასვლის შემდეგ გვესმის.

ყოველდღიურობაში კი, ასეთი მაფხიზლებლის ფუნქცია მასწავლებელმა უნდა იტვირთოს. საკუთარ თავსაც და მოსწავლეებსაც უნდა შეახსენოს მთავარი ადამიანური ამბავი – პიროვნული განვითარება და ცხოვრებაში რეალიზებულობა არ გადის ჯგუფურად თვითტკბობის ხაზზე. „ჩვენ“ თუ კარგები ვართ, არც სხვა არის „ჯაბანი“ და საკუთარის განდიდების ხარჯზე სხვისი დაკნინება უკეთეს შემთხვევაში ჩიხი, უარეს მდგომარეობაში კი – უფსკრულია.

სწორედ მასწავლებელმა უნდა შეინარჩუნოს ობიექტურობა როდესაც უმთავრეს რამეს – ეროვნულ საკითხებს მიადგება. მხოლოდ ზომიერება, სწორი ანალიზი, კარგისა და ცუდის გარჩევადობა, დადებითის შექება და უარყოფითის დამალვა კი არა, განსჯა უნდა გახდეს პედაგოგისთვის ის საჯილდაო ქვა, რომელსაც მოსწავლესთან ერთად ფრთხილად და აუცილებლად დაეჭიდება.

მასწავლებელი გონიერი ექიმივით უნდა იქცეოდეს, ავადმყოფობისას წამალს რომ აძლევს პაციენტს და არა კანფეტებს, აქაოდა მთავარია ახლა, ამ წამს დამიკრან ტაში და მერე კისერიც უტეხიათო. სწორედ სკოლიდან უნდა დავიწყოთ ეროვნულ და რელიგიურ ნარცისიზმზე უარის თქმა, რომ ჯანსაღ, განვითარებაზე ორიენტირებულ, იქნებ ღარიბ, მაგრამ მშრომელ საზოგადოებად ჩამოვყალიბდეთ. ის, რომ „დიდი წინაპრები გვყოლია“ არ ნიშნავს, რომ ახლაც დიდები ვართ. ექვთიმეები, ილიები, აღმაშენებლები და ხანძთელები კი გვყოლია და გვეყოლება, მაგრამ ეს ეროვნულ კეკლუცობის უფლებას არ გვიტოვებს როცა სადარბაზოში ადგილობრივი ნაგავს ყრის და ქალის კისერზე მცხოვრები კაცი უბანში დომინოს უჭახუნებს. ადამიანი, საბოლოოდ მაინც ინდივიდუალურად აგებს პასუხს ღვთისა და საკუთარი სინდისის წინაშე და საერთო ეროვნული ნარცისიზმი ცუდი ქოლგა არ აღმოჩნდეს იმ საშინელი რადიაციული მზისგან გაფლანგული ცხოვრება რომ ქვია.

ყველა მასწავლებელმა უნდა ივარაუდოს, რომ სწორედ მისი აღზრდილი მოსწავლე შეიძლება დადგეს რომელიმე ტრიბუნასთან და საკუთარი ეროვნული გამორჩეულობის სახელით კანფეტები არიგოს წამლის ნაცვლად.

“ჩვენ ვიტყვით კაცნი ჩვენა ვართ,
მარტოდ ჩვენ გვზრდიან დედანი,
ჩვენა ვსცხონდებით,ურჯულოთ
კუპრში მიელით ქშენანი.
ამის თქმით ვწარამარაობთ,
ხთიშვილთ უკეთეს იციან..
ყველანი მართალს ამბობენ
განა, ვინაცა ჰფიციან ?!”

დავუჯეროთ ვაჟას. იცოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი