პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ქართული მართლმეტყველების სწავლებისთვის

– ოჰ, ეს გრამატიკა!..

– რატომ არის საჭირო ამ წესების დამახსოვრება?

– რატომ უნდა ვიცოდე ზეპირად? ,,დავგუგლავ’’ და ვნახავ…

– მთავარია, შინაარსი დავწერო. მერე რა მოხდა, თუ სასვენ ნიშნებს სწორად არ დავსვამ?..

დამეთანხმებით, რომ 21-ე საუკუნის მოსწავლეები ხშირად სვამენ ამგვარ შეკითხვებს.

მეც მქონია შემთხვევა, დაახლოებით ანალოგიური შინაარსის კითხვები დაუსვამთ ჩემს მოსწავლეებს…

პასუხად ჩემ მიერ დასმული შეკითხვა მოუსმენიათ:

– როგორ ფიქრობთ, რატომ არ მოგწონთ ხშირ შემთხვევაში ადამიანების მეტყველება?

– იმიტომ, რომ, როგორც წერენ, ისე მეტყველებენ და პირიქით! აი, რატომ არის საჭირო გრამატიკის საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.

დიახ, ასეა. გრამატიკის სწავლებას სწორედ ეს ფუნქცია აქვს, რომ მოსწავლეებმა წერონ და იმეტყველონ მართებულად.

თითქოს ყველამ ვიცით, მაგრამ მეტყველებაში მაინც მკვიდრდება მცდარი გამონათქვამები. სამწუხაროა, რომ ეს გამონათქვამები გვესმის მედიიდან, სატელევიზიო გადაცემებიდან, სხვადასხვა სოციალური ქსელის ვიდეოჩანაწერიდან.

ცოტა ხნის წინ, ჩემი ძველი წიგნების საცავში, გ. შალამბერიძის ,,ქართული სწორმეტყველების სწავლების ზოგიერთი საკითხი’’ ვიპოვე და ხელახლა გადავიკითხე. მინდა, გაგიზიაროთ რამდენიმე კონკრეტული მაგალითი, რომელიც არცთუ იშვიათად გვხვდება მეტყველებაში.

როდის არის მართებული სხვადასხვა მნიშვნელობის სიტყვების ,,მიმართებით’’ და ,,მიმართულებით’’ გამოყენება?

ორივე სიტყვა ზმნიზედაა და სხვადასხვანაირად არის ნაწარმოები ერთი ძირისგან. ამათგან პირველი სიტყვა ,,მიმართება’’ მოქმედებითი ბრუნვის ფორმაა, რომელიც  დამოკიდებულებას, შეფარდებას გამოხატავს, ხოლო მეორე სიტყვა ,,მიმართულება’’ – შეხედულებას, მრწამსს, თვალსაზრისს.

სამწუხაროდ, ზოგჯერ ხდება აღრევა. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ ითქვას: ,,ამ მიმართულებით ბევრი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა’’, გვესმის: ,,ამ მიმართებით ბევრი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა’’.

 

,,კარგი ავტორიტეტით’’ თუ ,,კარგი რეპუტაციით’’?

საიდან გაჩნდა გამონათქვამი ,,კარგი ავტორიტეტი?’’

როგორც ბ-ნი გ.შალამბერიძე განმარტავს ,,ავტორიტეტი’’ ლათინურიდან გერმანულის გზით შემოსული სიტყვაა. იხმარება ორი მნიშვნელობით:

  1. საყოველთაოდ აღიარებული საზოგადოებრივი მნიშვნელობა, გავლენა.
  2. ის, ვისაც ან რასაც ასეთი მნიშვნელობა აქვს (იხ. ,,ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი’’).

,,ვფიქრობთ, ეს გამოთქმა გაჩენილია უცხოურივე სიტყვა ,,რეპუტაციის’’ ანალოგიით. რეპუტაცია ნიშნავს ვისიმე ან რისამე ღირსებათა შესახებ შექმნილ საერთო აზრს, შეხედულებას’’.

ზოგჯერ გვსმენია ამა თუ იმ ადამიანის შესახებ, რომ კარგი ავტორიტეტით სარგებლობს,  მაგრამ რომ გავაანალიზოთ, რას ნიშნავს მსაზღვრელად დართული სიტყვა ,,კარგი’’, ნათლად წარმოჩინდება, რომ შეუძლებელია,  საყოველთაოდ აღიარებული საზოგადოებრივი მნიშვნელობა ცუდი იყოს.

სჭირდება საერთოდ ,,ავტორიტეტს’’ მსაზღვრელი? ალბათ უფრო ლოგიკური იქნება თუ ვიტყვით, რომ კონკრეტულ პიროვნებას ავტორიტეტი აქვს, ავტორიტეტულია.

ზემოთ აღწერილის გათვალისწინებით, აზრი და შეხედულება შეიძლება იყოს კარგიც და ცუდიც. ამიტომ მისაღებია გამოთქმა ,,კარგი რეპუტაცით’’ და არა – ,,კარგი ავტორიტეტით’’.

რას ნიშნავს გამოთქმა ,,ადგილი აქვს?’’

ძალიან მარტივია ახსნა, რომ ამ დროს თავისთავად გვახსენდება:

ა) ვინმე ან რაიმე, რომელსაც ჩვენს გულში ან ნივთების ნუსხაში განსაკუთრებული ადგილი აქვს მიჩენილი;

ბ) ადგილი, რომელიც ბილეთის შეძენის შემდეგ უნდა დავიკავოთ;

გ) გამორჩეული ადგილი, რომელიც შერჩეული გვაქვს განსაკუთრებული შეხვედრებისა და წვეულებებისთვის და ა.შ. მრავალი მაგალითის დასახელება შეგვიძლია.

მაშინ რატომ დამკვიდრდა სამეტყველო ენაში გამოთქმები:

,,ადგილი აქვს უსაფრთხოების ნორმების უხეშად დარღვევას’’,

,,ადგილი აქვს ლარის კურსის დღითიდღე გაუფასურებას’’?

ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში გამოთქმა ,,ადგილი აქვს’’ ამგვარად არის განმარტებული: ,,ხდება ხოლმე, რისიმე შემთხვევაში არის, შეინიშნება რაიმე’’.

 

 

სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში გამოთქმა ნასესხებია რუსული ენიდან. მართალია, ყოველი ენა შეიცავს სხვა ენიდან ნასესხებ სიტყვებს, მაგრამ რატომ უნდა დამკვიდრდეს სამეტყველო ენაში, როცა შესატყვისი ქართული გამოთქმა არსებობს?

,,გამოთქმა ,,ადგილი აქვს’’ იმდენად გავრცელებულია, რომ იგი ,,ქართული ენის განმარტებით ლექსიკონშიც არის შეტანილი, როგორც იდიომი, თუმცა იქვე უზის შენიშვნა – ბარბარიზმი’’.

არადა, ძალიან მარტივია, ამ გამოთქმების ზმნური ფორმებით გადმოცემა:

უსაფრთხოების ნორმები უხეშად ირღვევა…

ლარის კურსი დღითიდღე უფასურდება…

ამით თავიდან ავირიდებთ მართლაც უადგილოდ გამოყენებულ გამოთქმას ,,ადგილი აქვს’’ და გამოვიყენებთ იქ, სადაც მისი ადგილია. მაგალითად:

,,განსაკუთრებული ადგილი აქვს შერჩეული წვეულებისთვის’’…

,,ერთი ადგილი აქვს ამოჩემებული, სადაც ყოველდღე მიდის’’…

,,ამგვარად, თუ ზემოაღნიშნულ მაგალითებს დავაკვირდებით, ადვილად დავრწმუნდებით, რომ ყველა სიტყვასა და გამოთქმას თავისი ადგილი ჰქონია’’.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი