შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

გაცნობის დღე პირველკლასელთათვის

სკოლის პირველი დღეები განსაკუთრებით ამაღელვებელია პირველკლასელთათვის,  რადგან ისინი ახლა იწყებენ სასკოლო ცხოვრების გაცნობას. იცვლება გარემო, ადამიანები, ნივთები. თითოეული ბავშვი განსხვავებულია. აქედან გამომდინარე, ყველა თავისებურად ახერხებს საკუთარი თავის წარმოჩენას. დამრიგებელი კი მოსწავლეებს ამის გადალახვაში ეხმარება – მას შეუძლია განიხილოს მოსწავლეთათვის მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხები; ესაუბროს პრობლემების მოგვარების სხვადასხვა გზაზე; გაუზიაროს გამოცდილება და მოისმინოს მათი მოსაზრებები.

გთავაზობთ ერთ აქტივობას, რომელიც სკოლის პირველ კვირაში კლასის დამრიგებლებს მოსწავლეების ერთმანეთთან დაახლოებაში დაეხმარება.

პირველკლასელები განსაკუთრებით ადვილად იმახსოვრებენ თვალსაჩინოებით მიწოდებულ მასალას. ერთი სული აქვთ, გაიცნონ ახალი მეგობრები, გაიგონ მეტი ამბავი მათ შესახებ. თითოეული მოსწავლის უკეთ გაცნობისთვის (როგორც მასწავლებლისთვის, ასევე თანაკლასელებისთვის) შეგიძლიათ კლასში მოაწყოთ გაცნობის დღე. წინასწარ შეურჩიეთ ამ დღეს სახელი, მაგ: ,,ერთმანეთის შესახებ’’,  ,,გაცნობის დღე“  და ა.შ. მიაწოდეთ წინასწარ ინფორმაცია მოსწავლეებს, რა უნდა მოამზადონ.

სთხოვეთ მოსწავლეებს და მათ მშობლებს, რომ დაგეგმილი დღისთვის მოიტანონ გაცნობის პოსტერი. პოსტერზე დახატული უნდა იყოს მოსწავლე, ან შეუძლიათ საკუთარი ფოტოც ჩააკრან. გარშემო უნდა ჰქონდეს სხვადასხვა შინაარსის წარწერა, მაგ: სახელი, ასაკი, დაბადების დღე, საყვარელი ანიმაციური ფილმი/გმირი, ფერი, თამაში, გასართობი ადგილი და ა.შ.

გაცნობის დღეს სთხოვეთ ყველა მოსწავლეს, რომ მერხზე დააწყონ პოსტერები. სანამ მოსწავლეების წარდგენას დაიწყებდეთ, თავად წარუდგინეთ თქვენი პოსტერი (სავალდებულო არაა, თუმცა სასურველი იქნება თქვენც გქონდეთ მომზადებული მოსწავლეების მსგავსი გაცნობის პოსტერი). ამის შემდეგ თქვენ რიგრიგობით გამოიყვანეთ ყველა მოსწავლე, რომლებსაც პოსტერი თვალსაჩინოდ ეჭირება ხელში, წაიკითხეთ მის შესახებ დაწერილი ინფორმაცია კლასის წინაშე. დარწმუნებული ვარ, თანაკლასელები ემოციებს ვერ დამალავენ, როდესაც საერთო გემოვნების საგანს აღმოაჩენენ. როცა ყველა მოსწავლის წარდგენას მორჩებით, კლასის წინაშე დასვით თავისუფალი შეკითხვები. მიეცით ერთმანეთთან საუბრის, აზრთა გაცვლისა და გაზიარების დრო.

გაცნობის დღე ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება მოსწავლეების დაახლოებისა და თანამშრომლობითი უნარების გამოსამუსავებლად.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი