ფერისცვალება

განა არ ვიცი, რომ ადამიანი საკუთარ წარსულს ეყრდნობა, გუშინდელი დღეების ჯამია და სხვანი, მაგრამ ხშირად ეს შეჯამება იმ დღეების გამოკლებას უნდა გულისხმობდეს, ვიდრე შეკრებას. ეგრე მგონია და კიდევ ის, რომ გუშინდელი დღის არდაზუთხვით ვვითარდებით, უცხო გზაზე სიარულით და ხელახლა დაბადებით. მტკივნეული დაბადებით. იმ დაბადებით, როცა დაბადებულს ტკივა, რადგან თვითონვეა დამბადებელი. ფერისცვალების მთავარი არსიც ესაა. ამადაც გვეშინია ფერიცვალების – მწიფე ზაფხულის ჩამავალ მზესავით მობერებულ, უფორმო სხეულიდან გამოსვლა და სხვაგან გადაბარგება გვიჭირს. არადა, ეს არის ჩვენი მთავარი უპირატესობა – ადამიანად ყოფნის საუკეთესო ნიშანი. კი, ძველის მიტოვება ტკივილს გულისხმობს – შეჩვევის და სითბოს დაკარგვის, ახლის მიღების, უცხოს და რთულის შიშს. მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. ან გვაქვს და უკან მიდის.

მე გუშინ ქალაქ ოზურგეთის ერთი ჩვეულებრივი სახლის მოხურულაში ვიყუჟებოდი, „უმივალნიკთან“ პირს ვიბანდი და სახეზე ლიმონს ვისვამდი – ვიღაცამ მასწავლა. თან ცალი თვალით ვუყურებდი, მეზობელი სახლში როდის შევიდოდა, მომესწრო და უცებ შემერბინა ოთახში. მეგონა, სამყაროზე დიდი  გამონაყარი მქონდა და ყველაზე მახინჯი ვიყავი. და თან საშინლად მრცხვენოდა გამარჯობის თქმის და ადამიანის მოკითხვის. ეს „სიმახინჯის“ გამო არა, აი, ასე, უბრალოდ მრცხვენოდა. გამონაყართან გაყრის მერეც. ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ვინმესთვის სიყვარულის ახსნას შევძლებდი. ეს „სიყვარულის ახსნა“ ხომ მაშინ სკოლის ცხოვრების გარდაუვალი პროცედურა იყო და ჩემი ფიქრებით, ჩემთვის მიუწვდომელი.
ასე ვისწავლე და ყოველ ახალ დღეს წინანდლის მტრად ვაქცევ. დილით რომ სარკეში თავს ვუყურებ, საღამოს ანარეკლს ვაჯიბრებ. მაშინ რომ გზაზე ფეხი მიცდებოდა, ვცდილობ, ფეხსაცმელი გამოვიცვალო – გზას ვერ გამოცვლი, ჩვენი სამყარო პატარაა. ხან ვმარცხდები, ხან ვიმარჯვებ, მაგრამ ერთს არასდროს ვაკეთებ, სხვას არ ვეკითხები ნიშნის მოგებით და წამღერებით – „რას შვებოდი, რატომ, რისთვის, სად იყავი მაშინ?“ რადგან, თუ იმ მხარეს ვიყავი, რომელიც ახლა მეცუდება, ვცდილობ, ახლა აღარ ვიყო. სანამ ცოცხალი ვარ, ამის შესაძლებლობა მაქვს და გაქვს. ამას გვარნახობს ფერისცვალება. ცოცხლების დღესასწაული.

 

კომენტარები

comments