პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

დისტანციური  სწავლებიდან  რეალურ  სასკოლო  გარემოში – სირთულეები და დაძლევის გზები

ყველამ კარგად ვიცით, რომ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა ობიექტური აუცილებლობით იყო განპირობებული და გამომდინარე იქიდან, რომ სასწავლო პროცესის უწყვეტობის შესანარჩუნებლად სხვა გზა ნამდვილად არ არსებობდა, საკითხი დისტანციური სწავლების აუცილებლობის და საჭიროების შესახებ განსჯის ან კრიტიკის საგნად არასოდეს ქცეულა.  თუმცა, ყველამ, ვინც პირდაპირ ან არაპირდაპირ ჩართული ვიყავით დისტანციური სწავლების პროცესში, კარგად ვიცით, რომ რეალურ სასკოლო გარემოში სწავლა-სწავლებას, მთელი თავისი მრავალფეროვნებით,  დისტანციური სწავლება ნამდვილად ვერ ჩაანაცვლებს.  სწორედ ამიტომ ველოდებით ყველა, დიდიც და პატარაც, მოსწავლეც და მასწავლებელიც ასე მოუთმენლად რეალურ სასკოლო გარემოში, საკლასო ოთახებში შეხვედრას. მაგრამ,  ჩვენი დიდი სურვილის მიუხედავად,  აუცილებელი იქნება იმის გათვალისწინება, რომ ერთი გარემოდან მეორე, თუნდაც ძალიან სასურველ და სანატრელ გარემოში გადასვლა უმტკივნეულოდ და სირთულეების გარეშე ვერ განხორციელდება.

მაინც, რა სირთულეებს შეიძლება ველოდეთ აღნიშნულ პროცესში და რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ ის უმტკივნეულოდ წარიმართოს:

  • პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულე ბავშვის სკოლასთან ხანგრძლივ განშორებას უკავშირდება. თითქმის მთელი ოთხი თვის განმავლობაში ბავშვებს ონლაინ რეჟიმში უწევდათ საგაკვეთილო პროცესში ჩართვა. ამას შემდეგ მოყვა ძალიან მნიშვნელოვანი, საჭირო და აუცილებელი, თუმცა საკმაოდ ხანგრძლივი დასვენების პერიოდი, საზაფხულო არდადეგები. ვფიქრობ, ყველას კარგად გვახსოვს, რომ საზაფხულო არდადეგების შემდეგ მოსწავლეებს ყოველთვის უჭირდათ სასკოლო რეჟიმთან შეგუება და იმ მდგომარეობაში დაბრუნება, რომელშიც ისინი არდადეგების დაწყებამდე იმყოფებოდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ ამჯერად მათ ჩვეულებრივზე დიდხანს მოუწიათ სკოლასთან განშორება, დიდი ალბათობით, სასკოლო გარემოსთან ადაპტაციის პროცესი კიდევ უფრო გახანგრძლივდება.

რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ სასწავლო წლის საწყის ეტაპზე, სკოლასთან ადაპტაციის პროცესში მოსალოდნელი გართულებები შეძლებისდაგვარად ავიცილოთ თავიდან. კარგი იქნება, თუ სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც ბავშვს შევთავაზებთ დღის იმ რეჟიმს, რომელიც მას მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ექნება – ადრე დაწოლა, ადრე ადგომა, უბრალო გართობის და თამაშის ჩანაცვლება შემეცნებითი აქტივობებით. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ მას კვლავ განახლებული რეჟიმით მოუწევს ცხოვრება და რაც უფრო დროულად გადაეწყობა ახალ რეჟიმზე, მით უფრო გაუადვილდება სკოლასთან ადაპტაცია. გავითვალისწინოთ, რომ დისტანციური სწავლების შემდეგ ეს პროცესი ბევრად უფრო რთულად და ბავშვისთვის მტკივნეულად წარიმართება, ვინაიდან ონლაინგაკვეთილებზე დასასწრებად მას დილაობით ბევრად უფრო გვიან უწევდა ადგომა, ვიდრე სასკოლო სწავლების პერიოდში, გაკვეთილების ხანგრძლივობაც შემცირებული იყო და არც  საშინაო დავალებებით იყო გადატვირთული, როგორც სკოლაში სიარულის დროს. რა თქმა უნდა, მთელი ოთხი თვის განმავლობაში განსხვავებული სასწავლო რეჟიმით მომუშავე ბავშვისთვის, განსაკუთრებით ხანგრძლივი საზაფხულო არდადეგების შემდეგ ადვილი ნამდვილად არ იქნება ადრინდელ რეჟიმზე გადართვა. თუმცა, უფროსების მცდელობა და ძალისხმევა უშედეგო ნამდვილად არ იქნება;

  • მეორე სირთულე ბავშვის სოციალურ და ემოციურ განვითარებაში დაფიქსირებულ პრობლემებს უკავშირდება. ონლაინსწავლების პერიოდმა საკმაოდ არასასურველი გავლენა იქონია ბავშვის სოციალურ და ემოციურ განვითარებაზე. ეს არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ პერიოდში მოზარდი თითქმის მთლიანად მოწყვეტილი იყო თანატოლებთან ცოცხალ ურთიერთობას, იმ გარემოს, რომელიც მისი სოციალური განვითარების ხელშემწყობი უნდა გამხდარიყო. ალბათ, ბევრის აზრით 4-5 თვე დიდს არაფერს უნდა ნიშნავდეს ადამიანის ცხოვრებაში. როცა საქმე ზრდასრულს ეხება, შეიძლება ეს მართლაც ასე იყოს, მაგრამ როცა ბავშვის განვითარებაზე ვსაუბრობთ, 4-5 თვეს კი არა, 2-3 კვირასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასე, რომ ადვილი შესაძლებელია სექტემბრიდან მოსწავლეთა უკვე საკმაოდ ნაცნობ ჯგუფებში შემსვლელი პედაგოგები სრულიად ახალი და ამასთან განსხვავებული  სოციალური ურთიერთობების მოწმენი გახდნენ და სერიოზული მუშაობა მოუწიოთ ჯგუფებში მოზარდის განვითარების ხელშესაწყობად და თანატოლთა წრეში  მისი თვითრეალიზებისათვის კომფორტული პირობების შესაქმნელად. გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ ახალ, ბავშვისთვის მანამდე უჩვეულო და უცხო სასწავლო გარემოში ყოფნამ სერიოზული გავლენა მოახდინა მის ემოციურ განვითარებასა და ემოციურ მდგომარეობაზეც. ბავშვების გარკვეულ, არცთუ მცირე ნაწილში,  მოიმატა ნევროტულობამ, შფოთიანობამ, დეპრესიამ, გარიყულობის შეგრძნებამ. ამდენად, კარგი იქნება, თუ რეალურ სასკოლო გარემოში დაბრუნებული ბავშვისგან მაღალი აკადემიური მოსწრების მოლოდინი არ გვექნება და, პირველ რიგში, მისი ემოციური მდგომარეობის წონასწორობაში მოყვანით და ემოციური განვითარებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნით ვიქნებით დაკავებული;
  • ერთ-ერთი სირთულე შეიძლება თავად პედაგოგებთან იყოს დაკავშირებული, იმასთან, თუ რამდენად მოახერხებენ თავად ისინი რეალური სასკოლო გარემოში უმტკივნეულოდ დაბრუნებას. შეიძლება ეს ბევრს ცოტა უცნაურადაც კი მოეჩვენოს, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მასწავლებლებს არცთუ ისე მცირე ხნის განმავლობაში უწევდათ მათთვის საკმაოდ უცხო და  არცთუ სასურველ გარემოში მუშაობა,  ამასთან, აუცილებლობიდან გამომდინარე ბევრი ისეთი რესურსის შექმნა, რომლის გარეშეც ონლაინგაკვეთილებს  საჭირო დონეზე უბრალოდ ვერ ჩაატარებდნენ, შეიძლება მათ მოინდომონ ონლაინრესურსების გამოყენება რეალურ საკლასო გარემოშიც ისეთივე დოზით, როგორც ამას ონლაინგაკვეთილებზე აკეთებდნენ. მასწავლებლებთან და თანატოლებთან ცოცხალ ურთიერთობებს მონატრებული ბავშვებისთვის ვფიქრობ, ეს ნამდვილად არ იქნება მოსაწონი და მიმზიდველი, რაც ბუნებრივად გაართულებს შეცვლილ სასწავლო გარემოსთან ადაპტაციის პროცესს. ამდენად, კარგი იქნება, თუ პირველ ხანებში მაინც უფროსები უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ მოზარდთან ცოცხალ ურთიერთობას და ეს ურთიერთობები  ნაკლებად იქნება გაშუალებული კომპიუტერული ტექნიკით.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ სასკოლო გარემოში დაბრუნების მიუხედავად, ბავშვს იქ მაინც არ დაგვდება ის, რაც მან ონლაინსწავლების დაწყებამდე დატოვა. იმის გამო, რომ სკოლებს ჯერ კიდევ მძვინვარე პანდემიის პირობებში   მოუწევთ მუშაობის გაგრძელება, საჭირო ხდება მთელი რიგი ცვლილებების შეტანა იმ გარემოში, სადაც ყველა ასე მოუთმენლად ელის შეხვედრას. ეს ცვლილებები ბავშვს მორიგ, ახალ სასწავლო გარემოში მოხვედრის და ამ გარემოსთან ადაპტაციის აუცილებლობის  წინაშე აყენებს. თუმცა, იმდენად დიდია მოზარდთა სურვილი სასწავლო პროცესში ცოცხალი ურთიერთობა იქონიონ თანატოლებთან და პედაგოგებთან, რომ უფროსების თანადგომის და  მხარდაჭერის პირობებში ისინი ბევრ სირთულეს უმტკივნეულოდ გადალახავენ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი