ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სკოლა – შესაძლებლობა თუ განსაცდელი პირველკლასელისთვის?

ამ კითხვაზე ცალსახა პასუხს ვერ გავცემთ, რადგან სრულყოფილი მოსამზადებელი პროგრამის გავლის შემთხვევაშიც კი რჩება რისკი, რომ პირველკლასელმა სკოლა განსაცდელად აღიქვას და  საკმაო დრო დასჭირდეს ამ უარყოფითი ემოციის დასაძლევად.

უფროსების – მშობლებისა თუ მასწავლებლების – მცდელობაზე, დიდად არის დამოკიდებული, რამდენად პოზიტიურად განეწყობა ის სწავლისადმი.

ექვსი წლის ასაკი, სპეციალისტთა აზრით,  ეგრეთ წოდებული, გარდამავალი პერიოდია ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარების ორ ეტაპს შორის.

ეს არის ზღვარი სკოლამდელის უდარდელ, თავისუფალ ცხოვრების წესსა და მოსწავლის  მოვალეობასა და პასუხისმგებლობაზე დამყარებული ცხოვრების წესს შორის. ამ პერიოდში  ინტენსიურად ჩნდება და ვითარდება ის აუცილებელი ფსიქოლოგიური ახალწარმონაქმნები, რომლებიც უზრუნველყოფს  ცხოვრების ერთი ხარისხიდან (უმართავი ქცევიდან) მეორე ხარისხზე (მართულ ქცევაზე) გადასვლას. ამისთვის შემზადება  თანდათან, სკოლამდელ ასაკში ხდება.

ბავშვმა სკოლა  უცხო და დამთრგუნველ გარემოდ კი არა, სასარგებლო შესაძლებლობების გარემოდ რომ მიიღოს, სკოლამდე საჭიროა მისი შემზადება და სკოლაში კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა.

წერილი  წინასასკოლო პერიოდს ეხება, რომლის სწორად წარმართვაში მშობელსაც და სკოლამდელი დაწესებულების პედაგოგსაც ამ ასაკისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური პროცესების გააზრება დაეხმარება.

როგორ უყალიბდება ბავშვს მართული ქცევის ელემენტები? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მივყვეთ ფსიქოლოგების რჩევას და  გავაანალიზოთ უფროსი სკოლამდელი ასაკის ბავშვების ძირითადი საქმიანობა – თამაში.  ამ ასაკში ეს საქმიანობა აღწევს განვითარების მაღალ დონეს და სხვადასხვა ფორმით წარმოგვიდგება, მათ შორის, სიუჟეტურ-როლური თამაშისა და წესებზე აგებული თამაშის სახით. წესების მიღება და  გათვალისწინება, როლის მიღება და თანმიმდევრული შესრულება ბავშვისგან ქცევის გააზრებულ მართვას ითხოვს. ზოგჯერ, თამაშის დროს პატარა როლიდან აღძრული სპონტანური  სურვილებისა და მოტივაციების ტყვეობაში ექცევა. ეს ააქტიურებს მოტივაციათა ურთიერთდაქვემდებარების მექანიზმს – ნებისყოფას. აქვე იწყებს გამოკვეთას ადამიანის მორალური სახე, იმის შესაბამისად, თუ რომელი მოტივი მოიპოვებს უპირატესობას.

თამაშშივე ყალიბდება ქცევის მართვის ელემენტები, თუმცა თავად თამაში წარმოადგენს  თავისუფალი, უმართავი მოქმედების  სახეს და მასში ჩართვა მხოლოდ ბავშვის სურვილით ხდება. როლური თამაში ბავშვს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს, მაგრამ ამ სიამოვნებისთვის მას  განსაცდელის გავლაც უწევს, რადგან ის დაკავშირებულია მიმზიდველი მოდელის ქცევების გამეორებასთან. როცა ბავშვი ლახავს სხვა თანამდევ სურვილებს, თამაშით მიღებული სიხარული უფრო უძლიერდება. მომავალში ემოციურად მიმზიდველი როლის შესრულება მასტიმულირებელ გავლენას ახდენს  იმ მოქმედების შესრულებაზე, რომელშიც როლის ხორცშესხმა გამოიხატება. რაც უფრო მიმზიდველია როლი ბავშვისთვის, მით უფრო მაღალია თვითკონტროლი მის განხორციელებაზე. როცა თამაში ემოციურად დატვირთულია და უშუალოდ  ბავშვის მოტივაცია-მოთხოვნის სფეროს ეპასუხება, მასში ფეხს იკიდებს და მყარდება მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ახალწარმონაქმნები, რომელთა გადატანა   თამაშის მიღმაც ხდება. თანაც თამაშში ბევრად წარმატებულად  ვითარდება და გამომუშავდება ის თვისებები და უნარები, რომელთა გამყარებასაც უფროსები პირდაპირი შეგონებებით, არც თუ წარმატებით ცდილობენ.

შექმნილ სიტუაციაში, როცა სასწავლო წლის დაწყებამდე დიდი დრო აღარ რჩება, ამ ანალიზის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავაკვირდეთ, რომელ როლში ყოფნა მოსწონთ  ჩვენ სკოლამდელებს და დავეხმაროთ ასეთი როლური  თამაშის განხორციელებაში. სიუჟეტების ინსპირაციისთვის გამოგვადგება ფილმები, მოთხრობები, ნახატები ან ფოტოები, რომლებიც ბავშვისთვის საინტერესო და მამოტივირებელ სფეროს ეხება.

მაგალითად, წავუკითხოთ მოთხრობა ,,კესოვიზია“:

,,კესო მოუსვენარი გოგოა. ახალ-ახალი თამაშები უყვარს, მაგრამ ბოლო დროს სულ ტელევიზიობანას თამაშობს. თავად სულ ტელეწამყვანის როლშია. მიკროფონი დედამ აჩუქა. მოიწყობს სტუდიას, მაგიდასთან  დაჯდება, მოიმარჯვებს მიკროფონს, გაშლის ფურცლებს და მაყურებელს უამრავ საინტერესო ამბავს უყვება.

ვინ არიან მაყურებლები?

მისი ორი თოჯინა – მიმი და თეკლა, დათუნია ,,ცალყურა“, გოჭუნა ,,ღრუ-ღრუ“, ფისო ,,ანცი“ და კურდღელი ,,ცანცარა“. სხედან სავარძლებზე  და ყურადღებით უყურებენ და უსმენენ. დათუნია სათვალით ყურებას ამჯობინებს.

კესო თვალს მოავლებს აუდიტორიას და გამოაცხადებს: ,,მეგობრებო, თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო ამბები მაქვს. დღეს ვისაუბრებ იმაზე, რომ კომპიუტერთან დიდხანს ყოფნა ბავშვისთვის მავნებელია. პატარებისთვის დღის განმავლობაში, მხოლოდ ერთი საათით შეიძლება  ეკრანის ყურება, თანაც ნაწილ-ნაწილ, რადგან ეს ცუდად მოქმედებს  მხედველობაზე, ნერვულ სისტემაზე. თუ ეკრანს დიდხანს უზიხარ, მერე ვეღარ მოახერხებ მშვიდ და ჯანსაღ ძილს, რაც ბავშვისთვის ენერგიის აღსადგენად აუცილებელია. ამ თემას კიდევ გავაგრძელებთ“, – აიმედებს მაყურებლებს და დროებით ემშვიდობება. ფისო ,,ანცი“ აშკარად უკმაყოფილო დარჩა, მეტის მოსმენა უნდოდა. სამაგიეროდ, მიმის და თეკლას მადლიერების გამომხატველი სახეები აქვთ.

  • რა ვქნა? ყველას ჰყავს უკმაყოფილო და პრეტენზიული მაყურებელი… – ,,ანცის“ გასაგონად იმეორებს კესო  უფროსებისგან მოსმენილ ფრაზას და მომავალი გადაცემის თემაზე ფიქრობს.

თემის შერჩევაში ხომ არ დაეხმარებით?“.

მოთხრობის წაკითხვის შემდეგ დამხმარე კითხვებით ვაზუსტებთ, როგორ გაიგო ბავშვმა მოთხრობის შინაარსი? მოეწონა თუ არა? თავადაც ხომ არ ითამაშებდა ტელევიზიობანას? რა თემაზე მოამზადებდა გადაცემას? რა წესების დაცვა დასჭირდება?

შევთავაზოთ გადაცემის მომზადება სკოლაში ქცევის წესებზე. ამისთვის  მან ოჯახის წევრებს უნდა დაუსვას შეკითხვები სკოლაზე, სასკოლო წესებზე. ეს თამაში მისთვის საჭირო სხვადასხვა თემაზე (ჩემი ეზოს ბინადრები, როგორ მოვუაროთ ყვავილებს, ფერების სამყარო, ჩემი დღის წესრიგი, ჰიგიენის წესები ყველასთვის და ასე შემდეგ) რამდენჯერმე შეიძლება გაიმეოროს და სხვადასხვა სასარგებლო შედეგი მიიღოს – საჭირო ინფორმაცია სკოლის შესახებ, მოსმენილიდან აზრის გამოტანის, კომუნიკაციის, სივრცეში ორიენტაციის (სტუდიის მოწყობა), საკითხზე კონცენტრირებისა და სხვადასხვა  უნარების განვითარება. თუ ოჯახის წევრებიც მოიცლიან და „მაყურებლებს“ შეუერთდებიან, ეს პატარას მეტ პასუხისმგებლობას აგრძნობინებს და უფროსებსაც მიეცემათ დაკვირვების საშუალება, რა მიმართებით არის საჭირო ბავშვის უნარების გაუმჯობესება.

სექტემბრის დადგომამდე, ასეთ თამაშებში მონაწილეობით, ბავშვს წინასასკოლო პროგრამის (რომელზეც ინფორმაცია და რჩევები ჩვენსავე საიტზეც უხვადაა) ყველა მიმართულებით შევამზადებთ, რაც შექმნის წინაპირობას, რომ მომავალმა მოსწავლემ სკოლა სიახლეების შეცნობის, თანატოლებთან ურთიერთობის, თვითწარმოჩენის გარემოდ წარმოიდგინოს და პოზიტიური განწყობით შეუდგეს სასკოლო ცხოვრებას.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი