ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ვიდას კავალიაუსკასი – ქართული სკოლებიც უნდა დაინტერესდნენ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრი ამიერკავკასიის მასშტაბით პირველია. ცენტრი წელიწადნახევარია წარმატებით ფუნქციონირებს. აქ ნებისმიერ მსურველს შეუძლია უფასოდ გაიაროს ლიტვური ენის სწავლების სალექციო კურსი, გაეცნოს ამ შესანიშნავი ქვეყნის კულტურას და ტრადიციებს. ცენტრის სულისჩამდგმელი და პროგრამების კოორდინატორი ლიტვიდან სპეციალურად მოწვეული პროფესორი, ენათმეცნიერი ვიდას კავალიაუსკასია. 2000 წლიდან მოყოლებული მრავალი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეს, ათობით სტატიისა და ლიტვური ენის სახელმძღვანელოების თანაავტორს, სკოლაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. თუმცა უმეტესად სტუდენტებთან ურთიერთობს. ამჟამად ის ცენტრში 40-მდე ლიტვური ენით დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეს ასწავლის.

    

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრი ჩვენი ტექნიკური უნივერსიტეტისა და ლიტვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით ამოქმედდა, თქვენ გარეშე ეს შესაძლოა შორეული პერსპექტივა ყოფილიყო. გვიამბეთ, როგორ მოხვდით საქართველოში და რამ გაგიჩინათ აქ ლიტვური ენის პოპულარიზაციის სურვილი? 

 
პროფესიით ენათმეცნიერი ვარ, ლიტვის განათლების მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი. ვმუშაობდი ათწლიან სკოლაში. ვარ მეათე კლასის ლიტვური ენის სახელმძღვანელოთა ერთ-ერთი თანაავტორი. 2008 წელს გამოვეცი მსოფლიო ენების მონოგრაფია. დაბეჭდილი მაქვს არაერთი სამეცნიერო სტატია. ხშირად ვიღებ მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნების თემატურ კონფერენციებში. დიდი ხანია ვაგროვებ ინფორმაციას მსოფლიო ენების შესახებ ლიტვის 25-ტომიანი ენციკლოპედიისთვის. ის უახლოეს მომავალში იხილავს დღის სინათლეს. სხვათა შორის, მასში სვანური და მეგრული ენებიც შევა. ამ ენების გრამატიკის შესახებ თეორიულად ბევრი რამ ვიცი. 
2007 – 2008 წლებში ლიტვური ენის კურსის კითხვა მოსკოვის ლინგვისტურ უნივერსიტეტში მომიწია, სადაც ქართველი პოეტი ნიკა ჯორჯანელი გავიცანი. მან პირველად დამპატიჟა საქართველოში, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის გამო ჩემი სტუმრობა თქვენს ქვეყანაში გადაიდო. 2009 წელს, ბაქოში ყოფნისას, საქართველოში თსუ-ს პროფესორმა, ბატონმა დავით გოცირიძემ დამპატიჟა. სწორედ მისგან შევიტყვე, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსისტეტში იგეგმებოდა საერთშორისო კონფერენცია თემაზე „ვერბალური და საინფორმაციო ტექნოლოგიები ენების შესწავლის პროცესში”. ამ კონფერენციას სიამოვნებით დავესწარი. შემდეგ, სამეცნიერო კონფერენციის წყალობით, დავუმეგობრდი ქართული ენათმეცნიერების ინსტიტუტის წარმომადგენლებს. მისი წევრები ლიტვაშიც სტუმრობდნენ და ჩვენ შორის მჭიდრო კავშირი გაიბა. იმავე პერიოდში გავიცანი საქართველოს  მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი თამაზ გამყრელიძე. აქ რამდენიმე სტატია დავბეჭდე. სვანური ენის შესასწავლად კი სვანეთშიც ჩავედი.  
2012 წელს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ლიტვის განათლების მინისტრი იმყოფებოდა. ის ქართული უნივერსიტეტების რექტორებს, მათ შორის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, არჩილ ფრანგიშვილსაც შეხვდა. საუბრისას აღმოჩნდა, რომ ლიტვური ენის შესწავლის სურვილი 70 სტუდენტმა გამოთქვა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ საქართველოში ლიტვური ენის ცენტრი გახსნილიყო.  
ლიტვის მთავრობას აქვს სპეციალური პროგრამა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ლიტვანისტიკის დასახმარებლად. 2012 წელს პროგრამიდან დადებითი პასუხი მოვიდა და მუშაობას შევუდექი. 
თბილისში ერთი სახელმძღვანელოს ამარა ჩამოვედი. საქართველოში ლიტვის საელჩოს თანადგომით მის კოპიოებს ვაკეთებდი. ვიდრე ჩვენთვის სასწავლო ტერიტორია გამოინახებოდა, ხან თურქული, ხანაც გერმანული ენის ცენტრში ვმუშაობდით. ბოლოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ორი აუდიტორია გამოგვიყო, გამოაცხადა ტენდერი და უნივერსიტეტის დიზაინერთა დახმარებით ცენტრის კეთილმოწყობაც მოხერხდა. გაკეთდა რემონტი. აუდიტორიები აღიჭურვა სასწავლო ინვენტარით, წიგნებითა და ატრიბუტიკით. სულ მალე პროექტორიც ჩამოგვივა, რაც ვიდეოკონფერენციების გამართვის და სხვა ვიდეო მასალების დიდ ეკრანზე ჩვენების შესაძლებლობას მოგვცემს. 


ბატონო ვიდას, თქვენს ცენტრში მართლაც ბევრი ლიტერატურაა. ყველა თაროზე და კედლის კარადაში უამრავი წიგნია. როგორ მოახერხეთ ასეთი მდიდარი ლიტვური ბიბილიოთეკის შექმნა? 

 
დაუზარლად ვუგზავნიდი ოფიციალურ წერილებს ლიტვის სხვადასხვა ინსტიტუციებს: ეროვნულ მუზეუმებს, ქვეყნის ყოფილ და ამჟამინდელ პრეზიდენტებს, პარლამენტს, სამინისტროებს, ქალაქების და რაიონების მერებს. ყველას ვთხოვდი მოეწოდებინა ისეთი სახის ლიტერატურა, რაც ლიტვური ენისა და ქვეყნის შესწავლაში დაგვეხმარებოდა. ბევრი ადრესატი გამოგვეხმაურა. ლიტვის ყოფილი პრეზიდენტის, ვალდუს ადამკუსის ხელმოწერილი წიგნიც კი გვაქვს. ის თქვენს ყოფილ პრეზიდენტთან მეგობრობდა. მუზეუმებიდან ჩამოგვივიდა უნიკალური ალბომები და ვიდეომასალა. დაგვიგროვდა გაცნობითი წიგნები ლიტვის ფოლკლორზე, ბუნებაზე, მითოლოგიაზე, კულტურაზე, ისტორიაზე. შვიდმა პრესტიჟულმა ლიტვურმა გამომცემლობამ მხატვრული ლიტერატურა გვისახსოვრა. 
აეროპორტში წონის გამო წიგნების გადმოტანა პრობლემატური იყო, მაგრამ რაღაც გზებით მაინც ვახერხებდი. ერთხელ წიგნების ჩამოტანაში ლიტვის  ხელბურთის გუნდი დაგვეხმარა. თითოეულმა სპორტსმენმა ცენტრისათვის ხუთ-ხუთი კილოგრამის წიგნები გამოიყოლა. ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩარევით ლიტერატურა სამხედრო თვითმფრინავსაც ჩამოუტანია. ის თვეში  ერთხელ ავღანეთში თბილისის გავლით დაფრინავს. ძალიან დაგვეხმარა არაჩვეულებრივი ადამიანი, ლიტვაში საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძეც.  


არის შანსი, რომ თქვენს ცენტრში ლიტვურ ენას პედაგოგები ან სხვა პროფესიის ადამიანები დაეუფლონ?

 
ლიტვურ ენას ნებისმიერ მსურველს შევასწავლით. მთავარია, დაინტერესდეს. ამ ეტაპზე ჩვენთან უფასოდ თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან 40-მდე ახალგაზრდა დადის. მათი 70% ტექნიკური უნივერსიტეტიდანაა. ზოგი  სტუდენტი უკვე იყო ლიტვაში, ენის შემსწავლელ ინტენსიურ საზაფხულო კურსებზე. სტუდენტების გარდა, ცენტრში სამი უფროსკლასელი სკოლის მოსწავლე და ორი ზრდასრული მამაკაციც სწავლობს. 
რაც შეეხება სტუდენტებს, საქართველოსგან განსხვავებით, ლიტვაში მათ ძალიან დიდ პატივს სცემენ. სტუდენტებიც ყველა წესს იცავენ, მაგალითად, ჩვენთან დაუშვებელია აუდიტორიაში დაგვიანებით შესვლა. ამას ქართველ სტუდენტებსაც ვაჩვევ. მე პირადად მივესალმები მოწესრიგებულ ახალგაზრდებს, მათ ინიციატივებს, კრიტიკულ აზროვნებას, ძიების სურვილს. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩვენმა სუდენტებმა ცენტრის ლოგო თვითონ შექმნეს. 
2014 წლიდან ვუშვებთ ცენტრის ყოველთვიურ საინფორმაციო ელექტრონულ ლიტვურენოვან ბიულეტენს. აქამდე მაშფოთებდა ქართული კორექტურა, რომელსაც ვშიშობდი, რომ ჩვენი ტექნიკურ დისციპლინებზე ორიენტირებული სტუდენტები  თავს ვერ გაართმევდნენ. მაგრამ ახლა ახალ ჯგუფში ფილოლოგი სტუდენტებიც გვყავს. ამიტომ ვფიქრობ, რომ რიგით მეოთხე ბიულეტენი ლიტვურ და ქართულ ენაზე გამოიცემა. ბიულეტენში წაიკითხავთ ინფორმაციას ცენტრის საქმიანობისა და მნიშვნელოვანი თარიღების, საქართველოსა და ლიტვას შორის არსებული პარალელებისა და კავშირების შესახებ. ბოლო გვერდი გაგაცნობთ ცენტრის სტუდენტებს. სტუდენტები ამ ინფორმაციას თვითონ აგროვებენ. თან სტატიების მომზადებას სწავლობენ.                              
ბოლო წლებში ენის სწავლებისადმი მიდგომები მნიშვნელოვნად შეიცვალა. ადრე დიდი ყურადღება ექცეოდა გრამატიკას, ახლა სწავლებაში სხვა კომპონენტები შემოდის – ქვეყნის კულტურა, ტრადიციები, ყოფა, ისტორია, გეოგრაფია. 
სწავლა უფრო სახალისო რომ იყოს, ყოველ მეორე კვირას ვმართავთ შეხვედრებს იმ საინტერესო ადამიანებთან, რომლებსაც ლიტვასთან რაიმე კონტაქტი ჰქონიათ. მაგალითად, სტუმრად გვყავდა მსახიობი და რეჟისორი ზაზა კოლელიშვილი. ის გადაღებების გამო ნახევარი წელი ლიტვაში ცხოვრობდა. შევხვდით ნინო ქათამაძეს, რომელიც ხშირად გასტროლირებს ლიტვაში. ვუმასპინძლეთ გაცვლითი პროგრამის ლიტველ მონაწილეებს, ლიტვის ოფიციალური დელეგაციების წარმომადგენლებს და სხვ. ცენტრის სტუდენტები სტუმრებს საქართველოსა და ლიტვის ჰიმნებით ხვდებიან. 

ლიტვური ენის შესწავლის მსურველები ჯგუფებად არიან დაყოფილები?  
დიახ, სამი ჯგუფია. პირველმა ჯგუფმა, რომელიც უკვე 1-1,5 წელია სწავლობს ენას, 12-გაკვეთილიანი სრული კურსიდან 6 გაკვეთილი გაიარა (ერთი გაკვეთილი ხან ორი თვეც გრძელდება). ამ ჯგუფის წევრები უკვე ალაპარაკდნენ ლიტვურად. 

მეორე ჯგუფი შარშან შემოდგომის ბოლოს დაკომპლექტდა და ახლა მე-3 გაკვეთილს გადის. მესამე ჯგუფი კი ახლახან შედგა. თითოეული ჯგუფი კვირაში ორჯერ მეცადინეობს. 
საქართველოსა და ლიტვას მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს, რაც ხალხის საერთო ფასეულობებს, საზოგადოების მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას ემსახურება. თვალსაჩინოა თუ არა ქვეყნების დადებითი დამოკიდებულება განათლების სფეროში?  
ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ის მიესალმება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც უკრაინისას, რომელიც ახლა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ლიტველები ყოველთვის გამოირჩეოდნენ პრინციპული პოლიტიკით. 
ჩვენი დადებითი განწყობა მკაფიოდ ჩანს საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების მაგალითზე. ლიტვის უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებს ევროპის ყველა ქვეყანაში გზა ხსნილი აქვთ. 

ლიტვა მზად არის უკრაინის, ბელორუსიისა და საქართველოს სტუდენტებს შესთავაზოს უფასო მაგისტრატურა ნებისმიერი სპეციალობით. ის მათ უზრუნველყოფს სამთავრობო სტიპენდიითაც (500-600 ევრომდე). ამის პრეცედენტი უკვე არსებობს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 2013 წელს ლიტვაში 13 ასეთი განაცხადი გაიგზავნა. წელსაც ჩვენი ცენტრის 10-მდე მეოთხეკურსელი ამზადებს დოკუმენტებს ლიტვის უნივერსიტეტებში  ჩასაბარებლად.  
გარდა ამისა, ლიტვის უნივერსიტეტებს საქართველოს უნივერსიტეტებთან გარკვეული შეთახმება აქვს გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით. მაგალითად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ხუთ ლიტვურ უნივერსიტეტს ემეგობრება. ზოგი ქართველი სტუდენტი ვილნიუსის უნივერსიტეტში მთელი სემესტრი სწავლობდა. ლიტველი სტუდენტები კი აქ იშვიათად ჩამოდიან, რადგან საქართველოს უნივერსიტეტებს აღარ აქვთ საერთო საცხოვრებლები. ილიას უნივერსიტეტში მყოფ ლიტველ სტუდენტებს ცხოვრება ოჯახებში მოუწიათ.  
ასევე, შარშან სტარტი აიღო ევროკომისიის დამტკიცებულმა დიდბიუჯეტიანმა (17 მილიარდი ევრო 2020 წლამდე) პროგრამა „Erasmus+”-მა. პროგრამა მიმართულია  უმაღლეს სასწავლებლებსა და საშუალო სკოლებს შორის აკადემიური და კულტურული კადრების გაცვლის ხელშეწყობაზე (პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტების, სკოლის მოსწავლეების და პედაგოგების). პროგრამის პირველმა ნაწილმა ევროპის ქვეყნები მოიცვა, მეორემ კი – ევროპისა და აღმოსავლეთ ქვეყნების უნივერსიტეტები და სკოლები.  
მე კავშირი მაქვს სამ ლიტვურ სკოლასთან, რომელიც საქართველოში ეძებს პარტნიორებს. კარგი იქნება, თუ ვინმე გამოგვეხმაურება. მაგალითად, ამ პროგრამის დაფინასებით აზერბაიჯანის სკოლასთან ერთად ძალიან საინტერესო პროექტი განხორციელდა  – „ლიტვა ჩვენი თვალით” აზერბაიჯანში და „აზერბაიჯანი ჩვენი თვალით” ლიტვაში. ძალიან კარგი პროგრამაა. ვფიქრობ, რომ მისით ქართული სკოლებიც უნდა დაინტერესდნენ.   

და კიდევ ერთი – ლიტვური ენის შემსწავლელი უფასო საზაფხულო (ივლისში ან აგვისტოში) კურსები 30 ქვეყნის სტუდენტებისთვისაა შექმნილი. ამ სიაში საქართველოც შედის. შარშან სამკვირიანი კურსები 10-მა ქართველმა სტუდენტმა გაიარა. ამ პროგრამაში ოთხი ლიტვური უნივერსიტეტია ჩართული: ზღვისპირა კლაიპედას, კაუნასის და ორი ვილნიუსის უნივერსიტეტი. სქემა ასეთია – სტუდენტი წერს განაცხადს და სამოტივაციო წერილს. სჭირდება უნივერსიტეტის პედაგოგის ან რექტორის რეკომენდაცია. ეს ყველაფერი გაცვლითი პროგრამების მხარდამჭერ ფონდში იგზავნება, სადაც მონაწილეები ოფიციალური კონკურსის შედეგად ირჩევიან. მათ ეძლევათ 565 ევრო, მათ უზრუნველყოფენ საცხოვრისით, ასწავლიან ენას, რთავენ კულტურულ პროგრამაში, აქვთ ბევრი თავისუფალი დრო და მეზობელ ქვეყნებში მოგზაურობის შესაძლებლობა. პროგრამაში მოსახვედრად სტუდენტებმა დოკუმენტები 1 აპრილამდე უნდა გადააგზავნონ.   

რას შეცვლიდით ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში?  
ლიტვაში განხორციელებული რეფორმის შედეგად მეორეკურსელმა სტუდენტმა უკვე იცის თავისი სამუშაო თემა. ის მასზე მეოთხე კურსამდე მუშაობს. ჰყავს თემის ხემძღვანელი. ქართველ სტუდენტებს ასეთი თემები არ ეძლევათ, რაც ავტომატურად გამორიცხავს იმას, რომ თემატურად სტუდენტი რაღაცაზეა ორიენტირებული და  შეუძლია ამ თემით საერთაშორისო კონფერენციებზე წარსდგეს.   
ისე კი, ქართველი სტუდენტები და საქართველო ძალიან მომწონს. გამიმართლა, რომ ჩემმა მშობლიურმა უნივერსიტეტმა საუკეთესო პირობები შემიქმნა, რომ აქაც მემუშავა და ლიტვაშიც. საბედნიეროდ, ლიტვისა და საქართველოს უნივერსიტეტების სესიები და დასვენება ერთმანეთს არ ემთხვევა. 
ძალიან მომწონს საქართველოს მთიანი მხარე, ჩვენთან ხომ მთები არ არის. ბევრს ვმოგზაურობ მარტო. მოვიარე სვანეთი, თუშეთი და სხვა რეგიონები. თუმცა საქართველო ბავშვობაში რუსთაველის პოემით გავიცანი. საბჭოთა პერიოდში იყო თუ არა ის სკოლის პროგრამაში, კარგად აღარ მახსოვს, მაგრამ მე ვკითხულობდი. ახლანდელი ლიტველი მოსწავლეები კი თქვენი ქვეყნის შესახებ სკოლიდან იგებენ, რადგან უწევთ ლიტველი კლასიკოსის, ანტანას ვენუოლისის „დაწყევლილი ბერების” გავლა, სადაც მწერალი საქართველოზე ყვება.  

ესაუბრა ირმა კახურაშვილი

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი