სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ვისი ბრალია?

თორმეტი წლისა შარშან გავხდი. მახსოვს, პირველად არ მაჩუქა მამამ სათამაშო და მივხვდი, რომ გავიზარდე. ასე იცოდა ყოველთვის, საჩუქრებითაც კი რაღაცას მასწავლიდა და მიმანიშნებდა ხოლმე და ეს ერთგვარი თამაში იყო ჩვენთვის.

სასექტემბროდ, ახალი წლის დაწყების აღსანიშნავად, კლასის მშობლებმა ექსკურსია დაგეგმეს. არასოდეს მიყვარდა ექსკურსიები, რადგან მგზავრობას ვერ ვიტან და ვერ ვიტან ხმაურს, რომელიც ასეთ მოგზაურობებს ახლავს თან. მე სიმშვიდე და მარტოობა მერჩივნა ყველაფერს, მაგრამ როცა კლასი ერთად მიდის, დედიკოს თქმით, უხერხულია გამორჩე.

მშობლებმა და მასწავლებლებმა გადაწყვიტეს ყველასთვის უცნობი კუთხე, ხევსურეთი გვენახა. ბევრი იყო წინააღმდეგი, მაგრამ ხომ ხდება ასე, რომელიღაც აქტიური დედა ან მამა ყველას დაარწმუნებს, რომ დროა მათმა შვილებმა სამშობლო უკეთ გაიცნონ, ვიღაც მეტი დამაჯერებლობისთვის იტყვის, ვაჟას სამშობლო არ უნდა ნახოს ბავშვმა? სხვა იქაური ხინკლის დაგემოვნების ხათრით აყვება, ძირითადად კი, მაინც მშობლებს უხარიათ ასეთი მოგზაურობა და სწორედ ასე გადაწყდა ჩვენი ექსკურსიის ბედიც.

ყველამ იცის, რომ ორდღიანი მოგზაურობა არ უყვართ სკოლაში. ვიღაცას დრო არ აქვს საკმარისი, სხვა უცხოდ დარჩენის დისკომფორტს იმიზეზებს, ძირითადი და რეალური მიზეზი კი უსახსრობაა – ჩვენ მშობლებს უჭირთ სკოლის ძვირადღირებული ექსკურსიების დაფინანსება, ამიტომ გადავწყვიტეთ ერთ დღეში გვენახა სანახავი. საბანაძის მამამ სამი მანქანა მოძებნა, ფოტოები დადო ფეისბუკის საერთო ჯგუფში და სამი დღე არჩევდნენ ფასისა და ხარისხის მიხედვით. ვერაფრით შეთანხმდნენ – ზოგს ეს არ მოსწონდა, ზოგს ის. ბოლოს, კაკულიას დედამ თქვა, მაგ მანქანის ფასად, აგერ ხევსურეთის ტური არის და ბარემ გიდიანად ვიქირავოთ, მოგვიყვება მაინც რამესო.

 

ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ჯგუფში დავიმატეთ. მხიარული გოგო ჩანდა. დეტალურად მოგვიყვა რას ვნახავდით, სად ვნახავდით და რატომ უნდა გვენახა ის, სადაც წასვლა გადავწყვიტეთ.

შატილი, ანატორის აკლდამები, მუცოს ციხე. ამბები საინტერესო და საშიში ჩანდა. მე არ მიყვარს სიკვდილის გაგონებაც კი, მაშინებს, მაგრამ ყველა აღფრთოვანდა და ხმის ამოღება ვერ გავბედე. დედას კი ვუთხარი, იქნებ მამრიკიშვილივით ჩვენც არ წავიდეთ-მეთქი. მამრიკიშვილები საერთო მანქანას არ კადრულობენ და სირცხვილიაო, მითხრა. მამას არაფერი უთქვამს, საერთოდ არაფერი და მეც გავჩუმდი.

უთენია უნდა წავსულიყავით. ხუთზე. ორმა ბავშვმა დააგვიანა. დამრიგებელი ძალიან ბრაზობდა. გიდიც ბრაზობდა, ვერ მოვასწრებთ ნახვას და ჩემი ბრალი არააო. ვიღაცამ თქვა, მოდი არ დაველოდოთო. ფული რომ დადესო? წიკლაურის დედა იმდენს იჩხუბებდა რომ დაგვეტოვებინა, ამად არ ღირდა, ამიტომ მაინც დაველოდეთ.

მანქანა არავის მოეწონა. დედიკომ თქვა, საბურავები არ უვარგაო. ცოტა ხანი იწუწუნეს და აბა, ამ ფასად უკეთესი რა მოგვივიდოდაო, ვიღაცამ თქვა. ახლა ვეღარ გამოვცვლითო, გვითხრა გიდმა და კაი ოცი წუთი ამაზე გავჩერდით.

ახლა თუ ჩაიშლება, მე ვეღარ წამოვალო, მამრიკიშვილის მამამ და საბოლოოდ, გადავწყვიტეთ „რაც იყო, იყო.“

ექვსი ხდებოდა, რომ დავიძარით. გზაში ყავა დალიეს მშობლებმა, წყლები გვიყიდეს ბავშვებს. მე ბოლოდან მესამე წინა ადგილას მომიწია დაჯდომა. ძალიან ვნერვიულობდი – თუ გზას არ ვუყურებ, გული მერევა და არ მინდოდა ბავშვების თვალწინ გული ამრეოდა. დაძაბული ვუყურებდი მძღოლის მხარს და ნათენაძის დედას, სასაცილო ამბებს რომ ყვებოდა მთელი მოგზაურობის განმავლობაში.

ხევსურეთი ძალიან ლამაზია. ჟინვალის წყალსაცავზე ამ სილამაზით სული გიგუბდება. თან თუ ნისლი ხინკლის ქვაბიდან ამოვარდნილი ორთქლივით სქელია და რძის სუნი მოაქვს ხეობიდან, შეიძლება გულის რევაც დაგავიწყდეს. შავი და თეთრი არაგვს შესართავთან ვიკითხე, მალე მივალთ-მეთქი, გიდს გაეცინა, ჯერ ახლა დაიწყო ხევსურეთიო და აღარც დამთავრდა ეს გზა.

 

აღმართი, აღმართი, აღმართი. ტალახი, ტალახი, წვიმა. მოსახვევები და ბევრი მანქანა. ბისოსთან გზას აფართოებდნენ და ლამის საათი ვიდექით. მე გამიხარდა გაჩერება. სუფთა ჰაერმა დროზე მომისწრო და სანამ სხვები ბურგერებით ილუკმებოდნენ, მე ჟანგბადის მარაგს ვმალავდი უბეში. დათვიჯვრის უღელტეხილზე სამჯერ გავჩერდით. უკვე მეოთხე საათი იწყებოდა, რაც გზაში ვიყავით. ვიღაცამ დაიწუწუნა, აქ რომ ადამიანს ზამთარში კბილი ასტკივდეს, ნეტავი რითი ჩავა ექიმთანო. გიდმა გაიხუმრა, ხევსურებს კბილები არ სტკივდებათ ან ითმენენო.

დათვიჯვრის წვერთან კიდევ გავჩერდით. ფოტოებს ვიღებდით და მე კიდევ ერთხელ ამოვისუნთქე. დედიკომ ჩამჩურჩულა, ახლა ხომ არ ნანობ ამ სილამაზეს რომ უყურებო. ხმა არ გამიცია. ხეობაში მდინარესავით გაწოლილ ნისლს გავცქეროდი. მე ასეთი სილამაზე არც მინახავს და არც გამიგონია. დედამ იცის, როგორ მიყვარს ნისლი, ხელი მომხვია და სელფი გადავიღეთ. სურათზე არ ვიღიმი, ფეხქვეშ ღრუბლებია და ჩემი ნარინჯისფერ საწვიმარზე ტალახის წინწკლები მოჩანს – გამვლელმა მანქანამ გაგვწუწა.

არღუნის მოსახვევთან მძღოლმა მეოთხედ გააჩერა. მუხრუჭები გადამიხურდა და უნდა დავასვენოთო. კიდევ ერთხელ გამიხარდა ამ დაკლაკნილი გზის გამო. ნათენაძის მხიარულმა დედამ ხმამაღლა ჩაილაპარაკა, ჩვენ კონდიციონერის ხარისხზე ვდაობდით და ეს მანქანა მგონი ვერც ჩაგვიყვანსო. მძღოლი გაბრაზდა და მერე წვიმის ფარდამდე ძალიან ჩუმად ვიარეთ. აქ საერთო ფოტო გადავიღეთ ბავშვებმა. სამახსოვროდ დაგრჩებათო, გიდმა გვითხრა. ამინდი გამოკეთდა და პირველად დავინახე მზე.

 

შატილის შესასვლელი იცით როგორია? სული გეგუბება და ნერწყვის გადაყლაპვა გიჭირს. აუტანელი თავის ტკივილიც უცბად სადღაც ქრება და სილამაზე ჯობნის შიშსაც და დაღლილობასაც. ორი საათი ვიხეტიალეთ. ისევ წიკლაურის დედას ველოდით. სიარული უჭირდა და ყველაზე გვიან დაბრუნდა. შუადღე ორი საათის მიწურული იყო უკვე. დედიკომ იკითხა, მუცოს და უკან გზას რანაირად მოვასწრებთო. ყველამ წიკლაურს გახედა, მაგრამ გიდმა დაგვამშვიდა, ყველაფერი კარგად იქნებაო და გადავწყვიტეთ საქართველოს ყველაზე უცნაური ციხე-სოფელი მაინც გვენახა.

მუცომდე გზა ორჯერ დაგრძელდა. „აი, ამ მოსახვევის მერეს!“ შემდეგ კიდევ ათი მოსახვევი აღმოჩნდა და ოთხი საათი იწყებოდა, რომ გავჩერდით. მშობლებმა თქვეს აღმართზე ასვლა გაგვიჭირდებაო, მაგრამ მამრიკიშვილის მამამ მოკიდა შვილს ხელი და მუცოსკენ წავიდა. რაკი ველოდით, სხვა რა გზა იყო, სხვებიც წავიდნენ. დედიკომ თქვა, ვერ ავალო, სხვას კი ვერ ვანდობ შენ თავსო და ისე წამოვედით, მუცო არ მინახავს. მუცოს ციხესთან ძალიან გემრიელი ხინკალი ვჭამეთ და უკვე ბინდდებოდა, როცა ანატორის აკლდამებთან გავჩერდით.

მთაში ადრე დაღამება სცოდნია. მზე უცბად იმალება. იმ დროს, როცა ჩემ სოფელში საღამოს გაბანავებისთვის მივდივართ ხოლმე, აქ ცა მოიქუშა, აცივდა და საშიში გახდა ყველაფერი. ნახევარი ჩვენგანი არც ჩასულა მანქანიდან, გიდი ანატორის ამბებს გვიყვებოდა და უკვე შეზარხოშებულ მშობლებთან ერთად ჭაჭის არაყს სვამდა.

უკანა გზაზე გამიმართლა. წინ დამსვეს, დედები და მამები უკან გადავიდნენ და მთელი გზა ცეკვავდნენ და მღეროდნენ. გზაში კიდევ ორგან გავჩერდით. მძღოლმა თქვა, ისევ მუხრუჭების პრობლემააო. მსუბუქად წვიმდა, მაგრამ მივხვდი, რომ ხევსურეთს საშიში წვიმები ეცოდინება, როცა არღუნი კიდევ უფრო ბობოქარი და დაუნდობელი ხდება და გზაზე მიმავალ ადამიანებს, ტუჩზე დარჩენილი საჭმელივით ილოკავს.

ათის ნახევარზე დათვიჯვრის წვერზე ავაღწიეთ. მთავარი ჭირი მოვილიეთ, ახლა საშიში არაფერიაო, დაგვამშვიდა გიდმა და ნელა დავუყევით დაღმართს. გზა თავისუფალი იყო. რამდენჯერმე მსუბუქად მოგვაცურა გზაზე ჩამოდინებულ ღელეებთან. ბისოსთან ისევ გავჩერდით. აქაური თაფლი და ყველი ვიყიდოთო. კიდევ ერთხელ გამიხარდა, აუტანელი მუსიკა და ხმაური ცოტა ხნით შეწყდა და მანქანის ანთებულ ფარებთან ჩაცუცქულ ძაღლს მოვეფერე. დედიკო ძალიან დაღლილი იყო. მანქანიდან არ ჩამოსულა. მივხვდი, რომ ჩემზე მეტად მას გაუჭირდა და სახლში მისვლისას იტყოდა, რომ ეს ამ კლასთან ერთად ბოლო წასვლაა, რადგან შეუძლებელია ასეთი ზედახორის კიდევ ერთხელ ატანა.

თაფლი იყიდეს. ყველის პატრონმა ცოტა გვალოდინა, სასწორი ვერ მოძებნა და როცა მოძებნა, უკვე თორმეტი საათი იწყებოდა.

აქედან ტრასა შორსაა? – ვკითხე გიდს.

არა პატარა გოგო, მალე მივალთ, მითხრა და თმაზე ხელი გადამისვა. ეს ბოლო იყო, რაც ცხადად დამამახსოვრდა.

მერე რაღაცამ იქუხა. მე დედიკოს თავს შევეხეთქე და ყველაფერი დატრიალდა. ჯერ მეგონა, რომ ბოლოს-და-ბოლოს მაინც ამერია გული და საშინლად, საშინლად შემრცხვა გულზე ჩამოწუწული სისველის. მხარიც სველი მქონდა და მერე უცბად გავთბი. მზე გამოვიდა. განათდა და ოდნავ დამცხა კიდეც.

 

ყველამ დაწერა სამძიმრის წერილი. ხელისუფალმაც, ხალხმაც, სკოლამაც.

ტურისტული კომპანია მძღოლს აბრალებდა, სატრანსპორტო კომპანია ტურისტულს ასეთი დიდი მარშრუტის დაგეგმვისთვის, სკოლა ორივეს და ჩემი შავებჩაცმული მამიკო სახელმწიფოს, რაკი ასეთი რთული გზის მონაკვეთზე უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული, ღამე გადაადგილება არ იზღუდებოდა და ხევებთან, დამცავი ქვის ბარიერების დალაგება არავის მოსვლია თავში აზრად, რადგან ეს პროექტის ხარჯებს ძალიან გააძვირებდა.

იტირეს, იგლოვეს და დაავიწყდათ. გაისად და იმის მერეც კიდევ წავა სხვა კლასი და სხვა მანქანა ასე, სპონტანურად. მანქანას არავინ შეამოწმებს, გაუმართავ ტრანსპორტს არავინ გააჩერებს. დაგეგმილ მარშრუტს დეტალურად არავინ განიხილავს, მანქანაში არავინ იცეკვებს და გზის უსაფრთხოებაზე არავინ იზრუნებს.

ვისი ბრალი იქნება ყველაფერი? ვინ აიღებს პასუხისმგებლობას?

ალბათ ისევ ჩემი, 12 წლის გოგოსი, ვინც ისე წამიყვანეს სამოგზაუროდ, აზრიც კი არავის უკითხავს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი