შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

გივი ალხაზიშვილი – მასწავლებელი შეიძლება იყოს დამნაშავეც და გმირიც

გაზეთ mastsavlebeli.ge-ს სტუმარია პოეტი გივი ალხაზიშვილი, რომლის ახალ კრებულს უახლოეს მომავალში მიიღებს მკითხველი. გივი ალხაზიშვილის პოეზიამ ქუთისში აიდგა ფეხი. პირველი წარმატებებიც მის ბავშვობას უკავშირდება…
– ვსწავლობდი ქუთაისის მე-6 საშუალო სკოლაში, რომელიც დღეს აღარ არსებობს. ამ შენობის ისტორია ძალიან საინტერესოა. ქუთაისში უნდა გაევლო რუსეთის იმპერატორს და ბაგრატის ნანგრევები რომ არ დაენახა, წინ სასულიერო სემინარია  აუშენეს. სკოლის დამთავრების შემდეგ გავიგე, რომ იქ უსწავლიათ გრიგოლ რობაქიძეს, გალაკტიონს, ტიციან ტაბიძეს, კორნელი კეკელიძეს, სიმონ ხუნდაძეს… ვიტყვი ხოლმე ხუმრობით, ეს ადამიანები ჩემი სკოლელები იყვნენ-მეთქი. ჰოდა, ერთხელ ახალგაზრდებთანაც ვთქვი, იმათ კიდევ მთხოვეს, მოგვიყევით რამე მათთან ურთიერთობაზეო… მე იმ გორაზე გავიზარდე, სადაც ბაგრატის ტაძარი დგას, მის ეზოში ვთამაშობდი, ხანდახან რიონზე ვიპარებოდი და მშობლებისგან მალულად ვსწავლობდი ცურვას. ცოტა ხნის წინ ვიყავი ქუთაისში და გადავიხედე იმ ციცაბოზე, საიდანაც ბავშვობაში რიონზე ჩავრბოდით, ტანში გამცრა და მაშინ მივხვდი, რომ წლებს მართლა მიაქვს თავისი…

– თქვენი ბავშვობის ადგილები ალბათ ძალიან შეიცვალა, ბაგრატიც უკვე რესტავრირებულია…

– რესტავრაციის შემდეგ ბაგრატის ტაძარი არ მენახა, არც მის გახსნაზე დაუძახიათ ჩემთვის. შევარდნაძე იყო და – არც ის მეძახდა… ასეთი ბედი მაქვს, ვერა და ვერ მოვიდა ჩემი ხელისუფლება, მაგრამ ასე ჯობია. ასურის ლოცვა ხომ იცით: “განმარიდე მთავრობის სიყვარულს”, – ჰოდა, მეც განრიდებული ვარ და ბედნიერი ვარ ამით.

თქვენს ბიოგრაფიაზე აშკარად აისახა თქვენი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ; როგორც ვიცი, სწორედ ამიტომ იყო, რომ პირველი კრებული საკმაოდ გვიან დაიბეჭდა… 

– ასეც შეიძლება ითქვას. გეთანხმებით. ჩემი თაობის ზოგიერთ მწერალს არ უჭირდა თემატური ლექსების წერა და ამიტომ არც წიგნის გამოცემა გასჭირვებიათ, მე კი პრინციპების დათმობა არ შემეძლო… ოცდაათ წელს გადაცილებული ვიყავი, ჩემი პირველი კრებული რომ დაისტამბა… ხელისუფლება არ არის ჩემი განსადიდებელი ობიექტი. საერთოდ, არ მიყვარს განდიდება. ერთადერთი, ვისაც განვადიდებ ჩემს ლოცვებში, ღმერთია.

– პირველი ლექსიც ალბათ ბავშვობას უკავშირდება.

– ჩემი „პირველი ლექსი” იყო პოემა კატების და თაგვების ომზე. პოემას ვამბობ, თორემ ტიპური ბავშვის ნაფიქრალი იყო და არც შემინახავს, არანაირი ლიტერატურული ღირებულება არ ჰქონდა. სხვათა შორის, მოწაფეობისას დამიწერია ლექსი დაკვეთით. სკოლის ახლოს იყო ბიბლიოთეკა, რომლის გამგე გახლდათ დედაჩემი,  იზა კაპანაძე. მან იცოდა, რომ ვწერდი. მერვე კლასში ვიყავი, როდესაც ჩემი ლექსები გაზეთ „ნორჩ ლენინელში” დაიბეჭდა. ბეჭდავდნენ ქუთაისის საქალაქო გაზეთშიც. გარდა ამისა, მონაწილეობა მივიღე მოსწავლეთა რესპუბლიკურ კონკურსში – გავგზავნე ალბომში დედაჩემის ხელით ჩაწერილი ჩემი ლექსები (დედაჩემს ძალიან ლამაზი კალიგრაფია ჰქონდა, ხელრთვა), გავიმარჯვე და მაშინ იყო, ქუთაისში ძალიან რომ დამაფასეს. ჰოდა, სკოლის დირექტორმა დამიბარა და მითხრა, რომ არჩევნებზე ლექსს თუ დამიწერ, ექვსი გაკვეთილიდან გაგათავისუფლებო. მაშინ 14-15 წლის ვიყავი. დამსვეს ანატომიის კაბინეტში და ის ექვსი გაკვეთილი ვფიქრობდი ჩემზე უმცროს გოგონაზე, რომელიც ძალიან მიყვარდა. ბოლოს, როგორც იქნა, მოვუყარე თავი რამდენიმე სტრიქონს. იმ ლექსისა მხოლოდ დასაწყისი მახსოვს: „ო, როგორ მინდა, 18-ის ვიყო…” ეს იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი შეკვეთილი ლექსი.

– ბავშობაში ბევრი წერს ლექსებს, მაგრამ ცოტა თუ ხდება პოეტი.

– ჩემს კლასში ლექსებს არავინ წერდა. საყველპუროდ თუ ვინმე ვინმეს აუხსნიდა სიყვარულს და ვიღაცის სტრიქონებს ერთი-ორს თავისასაც მიაბამდა, ეგ იყო ეგ. შეუძლებელია, ქვეყანაში ათასობით მწერალი იყოს. უხერხულია, საქართველოს მწერალთა კავშირი 1200 წევრს ითვლიდეს, თანაც ის მწერალთა კავშირი, საიდანაც გავიდნენ ტარიელ ჭანტურია, თამაზ ჩხენკელი, ლია სტურუა,რეზი თავაძე, მე და უამრავი სხვა.

– შემოქმედ ბავშვებს მასწავლებლები ალბათ გამორჩეულად ეპყრობიან.

– მე ძალიან კარგად მეპყრობოდნენ, ჩემი მცირე წარმატებაც კი ახარებდათ. გარდა იმისა, რომ ვწერდი, დავდიოდი მუსიკაზეც – ჰობოიზე ვუკრავდი. სხვათა შორის, თბილისში, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში დამიკრავს არაყიშვილის „დავლური”. ერთი სიტყვით, ყველაფერს ვასწრებდი – შრომასაც, ლიტერატურასაც, მუსიკასაც, უფროს კლასებში – მეგობრებთან ერთად წყალტუბოში გაპარვასაც კი, სადაც რუსი გოგონები ისვენებდნენ. უნივერსიტეტში გახლდით მწერლთა წრის ხელმძღვანელი, ერთხანს უნივერსიტეტის სიმფონიურ ორკესტრშიც ვუკრავდი – მოკოვში, კიევში, ლვოვში დავდიოდით გასტროლებზე. მოკლედ, სისხლსავსე ცხოვრებას ვეწეოდი, თან ისე, რომ პარტიის წევრი არ ვყოფილვარ.

ჩემს მასწავლებლებს დიდი სიყვარულით ვიხსენებ დღესაც. თამაზ გოცირიძე, მაგდა გუგუჩია, სიმონ არველაძე, მარი ხვედელიძე… სხვათა შორის, მოვესწარი პედაგოგებს, რომლებიც თავის დროზე თვითონვე სწავლობდნენ ზემოხსენებულ სემინარიაში. იყვნენ პირველგიმნაზიადამთავრებულებიც – ეს ის გიმნაზიაა, სადაც მთელი საქართველოს კოჰორტა სწავლობდა. ჩემი შვილები და შვილიშვილები თბილისში დაიზარდნენ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩემი ქუთაისელი მასწავლებლები გაცილებით სჯობდნენ მათ პედაგოგებს. ჩემს ქალიშვილს მასწავლებელი ჰყავდა, რომელიც ბრეჟნევის „მცირე მიწაზე” ცრემლს აღვარღვარებდა… 

– როგორც ვიცი, დედათქვენიც მასწავლებელი იყო.

– დედაჩემი თელაველი იყო. მეც იქ დავიბადე. მამაჩემი კახეთში, ყვარლის რაიონ სოფელ საბუეში, დანიშნეს სკოლის დირექტორად. დედაჩემი ამ სკოლაში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. მე, ხუთი წლისა, მის გაკვეთილებს ვესწრებოდი. სწორედ ამ ასაკისამ ვისწავლე წერა-კითხვა… კახეთთან მრავალი მოგონება მაკავშირებს. დღემდე გაკრთებიან ხოლმე ლეკები, რომლებიც ყადორიდან ჩამოდიოდნენ. სულ მინდა, ისინი ჩემი წიგნის პერსონაჟებად ვაქციო… მახსოვს პაპაჩემის გულაბი, მახსოვს კალოობა და ახალგამომცხვარი პურის სუნი. ეს სუნი, ნახევარ საუკუნეზე მეტია, მომყვება. ახლა ახალ კრებულზე ვმუშაობ და ვფიქრობ, ჩემს წიგნს ხომ არ დავარქვა „არსობის სუნი”, ან „წიგნი ჩემი არსობისა”. ეს იქნება კრებული, რომელშიც მთელი ჩემი შემოქმედება შევა. იქნებ ასეც დავარქვა: „შენ ჩემში ცოცხლობ”. ამ სიტყვებით პავლე მოციქული მიმართავს უფალს: „მე კი არ ვცოცხლობ, შენ ცოცხლობ ჩემში”.

– თქვენ იმ ეპოქაში გაიზარდეთ, როდესაც ღმერთის ხსენებაც არ შეიძლებოდა. დღეს რელიგია სკოლებში ისწავლება, თუმცა ზოგჯერ ამის თაობაზეც კამათობენ…

– არ შეიძლება რელიგიური ცხოვრების წარმართვა ფანატიზმითა და დოგმებით, არ შეიძლება მისი დამსჯელ საშუალებად ქცევა და ახალგაზრდების დაფრთხობა. რელიგია სიყვარულით იწყება. რა თქმა უნდა, გექნება შიშიც. ჩვენს დროს ეკლესიაში სიარული იკრძალებოდა (თუმცა ლოიალობდა უფროსობა და არ გვსჯიდა), მაგრამ ბებიაჩემი იყო მორწმუნე და ხშირად ვხედავდი, როგორ ლოცულობდა ხატებთან… მაშინაც და ახლაც უმნიშვნელო რამეც კი ისეთ შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე, რომ აღარ იშლება, ჩემში რჩება, ხოლო რაც რჩება, უნდა გამოთქვა.

 

– თაობათა ურთიერთობაზე რას იტყვით? მიუხედავად იმისა, რომ თავად საკმაოდ რთული შემოქმედებითი გზა გამოვლეთ, ახალი თაობის არაერთი მწერლისგან გამიგონია, რომ მათ შემოქმედებით წარმატებას დიდად შეუწყვეთ ხელი…
– ეს ჯერ კიდევ ჩემი „ცისკარში” მუშაობისას დაიწყო… ჩვენი წინამორბედი თაობა, ეგრეთ წოდებული „ცისკრელების თაობა”, ერთხანს გაუცხოებული იყო ჩვენგან. მერე დავმეგობრდით, მაგრამ როცა დახმარება გვჭირდებოდა, ზემოდან გვიყურებდნენ. ეს არ მომწონდა, ამიტომ, როცა ნიჭიერი ადამიანი გამოჩნდებოდა, ვცდილობდი, დავხმარებოდი… ყველაზე მეტად რამ გამახარა, იცით? ვასწავლიდი კულტურის უნივერსიტეტში, მყავდა 7 თუ 8 სტუდენტი, ლიტერატურული დაოსტატების ჯგუფი. არ ვიცი, რა სახელი გამივარდა – მოდიოდა სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან ბევრი  სტუდენტი და ესწრებოდა ჩემს ლექციებს…

– დამეთანხმებით, პედაგოგობა ნიჭია…

– გეთანხმებით, ეს არის ნიჭი,  დააინტერესო მოსწავლე, ცნობისწადილი გაუღვიძო, ნდობა აღუძრა, რომ გამოგყვეს, დაგეყრდნოს… მოსწავლეებთან ურთიერთობისას მხოლოდ კი არ გავცემდი – თავადაც ვიღებდი მათგან დადებით იმპულსს.

–  ბატონო გივი, პოეზიისადმი დამოკიდებულებით თუ შეიძლება ვიმსჯელოთ პიროვნებაზე?

– ცოტა ხნის წინ „ჩვენს საუნჯეში” ერთი ცნობილი ადამიანი – გვარს შეგნებულად არ დავასახელებ – წერდა, პოეზია არ მიყვარსო. ასეთი რამ როგორ უნდა თქვა?! ერთ ლექციაზე უცბად გამახსენდა და სტუდენტებს ვუთხარი ერთი ხევსური გოგოს ზეპირნათქვამი – „შენი თოლების შუქზედა დავკერავ ნაჭრელასაო”… ამას რომ ვერ დაინახავ და ვერ შეიყვარებ…

პოეზიაში საოცრებებს იპოვის კაცი. შოთა რუსთაველი წერს, „თავი გაითავისწინაო”, ანუ ადამიანმა თავი დაიყენა თავის წინ და მე ელაპარაკება მეს… ამის შესახებ ფსიქოლოგები ალაპარაკდნენ მე-19, მე-20 საუკუნეებში, რუსთაველი კი მე-12 საუკუნეში წერდა ამაზე… მაგრამ წაკითხვა არ გვინდა, არ გვაინტერესებს, გვეჩქარება სადღაც.

– თქვენი საყვარელი პოეტი ვინ არის?

– თავის დროზე გალაკტიონი იყო. პირდაპირ ვამბობ: ის ჩემი მასწავლებელია, მისგან ვისწავლე ლექსი და პოეზია… მაგრამ მასშტაბურობით რუსთაველს ვერავინ გაუტოლდება ვაჟა-ფშაველას გარდა. ეს ორი პოეტი ტიტანია. გალაკტიონს სათქმელი ნაკლები აქვს, მაგრამ გრძნობიერება, ჯადოქრობაა მასში ბევრი. ამას ვერ სწავლობენ, ეს თანდაყოლილი ნიჭია. ფოლკნერი ამბობდა, მე ტრილოგის დაწერა მომიწია იმის სათქმელად, რასაც პოეზია ქინძისთავზე დაატევსო.

– ახალ კრებულზე მუშაობთ, რომელშიც თქვენი შემოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მოიყრის თავს. ახალი წიგნის გამოსვლისას განიცდით, როგორ შეხვდება მას საზოგადოება?

– კრებულში შესატან ლექსებს უმთავრესად შეგრძნებებით ვარჩევ. ზოგს ადვილად ველევი, ზოგს იმისთვის ვტოვებ, რომ განვითარების გზა თვალსაჩინო იყოს. ამოვიღებ ლექსს, მერე მივხვდები, რომ სასტიკად მოვექეცი თავს, ისევ ჩავდებ და ვარ ასეთ ტანჯვაში.

ვაღიარებ, მოლოდინი მაქვს. ჩემს ერთ-ერთ პოეზიის საღამოზე მოვიდა ერთი ქალბატონი და მადლობა გადამიხადა. თურმე, მისი შვილი ფეხმძიმედ ყოფილა და ჩემი ერთი ლექსის წაკითხვის შემდეგ ნაყოფის მოშორება გადაუფიქრებია. ახლა ის ბავშვი 25 წლისააო… სხვათა შორის, facebook-ზე ბევრმა მკითხველმა გამიცნო. ერთმა მითხრა, რომ ინგლისურად თარგმნის ჩემს ლექსებს – მინდა, თქვენი პოეზია საქართველოს ფარგლებს გასცდესო. რისი თქმა მინდა იცით? ჩემი ლექსები ჩემგან დამოუკიდებლად ცოცხლობენ და ურთიერთობენ მკითხველთან. ძალიან ცოტაა ჩემით აღშფოთებული. რომ ვფიქრობ, ამ ადამიანებსაც შური ალაპარაკებთ, თორემ ვის რას ვუშლი, ჩემთვის ვწერ. ვიღაცები რომ მაფასებენ, ეს აღიზიანებთ… სამი წლის წინ მეუღლე გარდამეცვალა – მძიმედ იყო ავად. ახლობლებმა იცოდნენ ეს ამბავი, მაგრამ სწორედ იმხანად წამოიწყეს ვაკხანალია ჩემ წინააღმდეგ. იცით, რატომ? „საბა” რომ არ მიმეღო… მოხდა ისე, რომ „საბა” მაინც მომცეს, ამ ხალხს კი ყველა წინ აღუდგა, ვისაც ჭკუა მოეკითხება. მე არაფერი მითქვამს, ან რა უნდა მეთქვა?

– ჩვენი გაზეთის თემას დავუბრუნდეთ, ბატონო გივი, რა როლს ასრულებს მასწავლებელი ადამიანის ცხოვრებაში?

– შეუძლებელია სკოლაში რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას სრულფასოვნად სწავლება. საკმარისია, მოხიბლო, დააინტერესო მოსწავლე ლიტერატურით – მერე თვითონ გაიკვლევს გზას. პედაგოგს უნდა ჰქონდეს ლოგიკა და გამართული მეტყველება, გადმოცემის უნარი და აკადემიური ცოდნა. პედაგოგი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა ადამიანის ცხოვრებაში. ფაქტობრივად, იგია ბავშვის ცხოვრების განმსაზღვრელი. აქედან გამომდინარე, მასწავლებელი შეიძლება იყოს დამნაშავეც და გმირიც.

ესაუბრა თამარ კაციტაძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი