პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

“კატვეს დედოფალი” – ფილმი, რომელიც მოსწავლეებს დააფიქრებს

ალბათ, დამეთანხმებით, რომ წარმატებული ადამიანების ცხოვრებაზე დაკვირვება შესაძლოა ერთგვარ სტიმულად იქცეს ჩვენი მოსწავლეებისთვის, მოზარდებისთვის და არა მარტო მათთვის. წარმატებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან ვიღებთ, ეს შეიძლება იყოს სტატია, სიუჟეტი, წიგნი ან ფილმი.

ამ სტატიაში ნამდვილ ამბავზე გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმზე ვისაუბრებ. „კატვეს დედოფალი“ შთამაგონებელი ამბავია გოგონას შესახებ უგანდის ღარიბთა დასახლებიდან, რომელიც ჭადრაკის ჩემპიონი ხდება. ფილმის მთავარი გმირია გოგონა სახელად ფიონა.

ფილმი მრავალი კუთხითაა საინტერესო. აქ განხილულია მრავალი პრობლემა – სიღარიბე, ბავშვთა შრომა, ნაადრევი ქორწინება, სეგრეგაცია სოციალური უთანასწორობის ნიადაგზე, მშობლებისა და შვილების ურთიერთობა, მასწავლებლისა და მოსწავლეების დამოკიდებულება, მეგობრობა, თანადგომა, ძალადობა და კიდევ უამრავი სხვა საყურადღებო საკითხი.

რატომ უნდა ნახოს ფილმი   ჩვენმა მოსწავლეებმა?

ხშირად სიღარიბე, სოციალური სიდუხჭირე, ერთგვარ ბარიერად გვევლინება ცხოვრების გზაზე. ვინ მოთვლის, რამდენ ახალგაზრდას უთქვამს უარი საკუთარი ოცნების რეალიზებაზე სწორედ აღნიშნული მოტივით?! ან კიდევ, რამდენ ახალგაზრდას ჩაუქნევია ხელი, თუნდაც, განათლების მიღებაზე და ყოფითი პრობლემების მოგვარებაში დახმარებია ოჯახს?! ქართულ რეალობაში, სამწუხაროდ, უამრავი მსგავსი მაგალითია…

ფიონა და მისი ძმა ქალაქის ქუჩებში სიმინდს ყიდიან. მუგამბი მეგობრებთან ერთად ხშირად ჭადრაკს თამაშობს. ერთ დღესაც ფიონა მალულად გაჰყვება ძმას და ასე აღმოჩნდება დაღლილი და მშიერი გოგო საჭადრაკო კლუბში, რომელსაც მწვრთნელი, რობერტ კატენდე ხელმძღვანელობს.

ფილმი გვასწავლის, რომ ოცნებებისკენ, მიზნებისკენ სწრაფვაზე მძიმე ყოფით პირობებშიც არ უნდა ავიღოთ ხელი; რომ დაბრკოლების გადალახვა შესაძლებელია მაშინაც კი, როცა ის წარმოუდგენლად გვეჩვენება. ამგვარი ისტორიები გვეხმარება, ჩავუღრმავდეთ ჩვენს შესაძლებლობებს, სურვილებსა და ნებისყოფას, და თავდაჯერებულებმა გავაგრძელოთ გზა დასახული მიზნისკენ.

რატომ უნდა ვუყუროთ ამ ფილმს მასწავლებლებმა?

ფილმის მეორე მთავარი პროტაგონისტი მასწავლებელია. უღარიბეს დასახლებაში გართობის არანაირი საშუალება არ არსებობს. ბავშვები სკოლაშიც კი არ დადიან. სწორედ ასეთ პირობებში მათ მხსნელად ევლინებათ მოხალისე მწვრთნელი. რობერტი ძალისხმევას არ იშურებს, რომ მისმა მოსწავლეებმა აითვისონ ჭადრაკი, ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების და შემდეგ გარშემო მყოფებს დაანახვონ, რომ წარმატების მიღწევა მათაც  შეუძლიათ, იმ თანატოლებივით, რომლებიც სკოლაში დადიან და მშობლების მიერ ფინანსურად უზრუნველყოფილნი არიან.

მწვრთნელს მეუღლე უდგას მხარში და თანადგომის კარგ მაგალითს გვიჩვენებს. ის უსამსახურო/დაუსაქმებელ მეუღლეს მაშინაც კი უცხადებს თანადგომას,  როცა შეგირდების გამო დიდი ხნის ნანატრ, მაღალანაზღაურებად სამსახურზე ამბობს უარს. რობერტის ოჯახსაც არ ულხინს ფინანსურად. იმისთვის, რომ  პატარა მოჭადრაკეებმა ტურნირში მონაწილეობა შეძლონ, რისკავს საკუთარ ჯანმრთელობას და მძიმე ტრავმის შემდეგ უბრუნდება ფეხბურთს. საფეხბურთო თამაშში მონაწილეობისთვის აღებულ ჰონორარს კი საჭადრაკო ტურნირის ორგანიზატორებს აძლევს, რათა მოსწავლეებისთვის მიცემული პირობა შეასრულოს…

ზემოთ მოყვანილი სიტუაცია მწვრთვნელის თავდადების მხოლოდ ერთი მაგალითია. დანარჩენს თქვენ თვითონ აღმოაჩენთ.

რატომ უნდა უყურონ მშობლებმა?

ფილმში საინტერესო კუთხითაა წარმოჩენილი მშობლისა და შვილების ურთიერთობა. ფიონას სამი დედმამიშვილი ჰყავს. ისინი დედასთან ერთად ქირით ცხოვრობენ, რომელსაც მეპატრონე გადაუხდელობის გამო ატოვებინებს. შემდეგ თავს ღია შენობას აფარებენ, რომელიც წყალდიდობის შედეგად იტბორება. დედას ერთი ოცნება აქვს – ჰქონდეს საკუთარი სახლი…

ფიონას უფროსი და მშობელს არ ემორჩილება და სახლიდან მიდის. დედას ეშინია – ფიონაც მისი დის კვალს არ გაჰყვეს. ამიტომ ფრთხილობს, ცდილობს მოსალოდნელი საფრთხეები აარიდოს მას…

უსახსრობის გამო მარტოხელა დედა ხშირად ფიონასა და მის ძმას ღამით მეცადინეობას უშლის. ეს დამოკიდებულება ფილმში ნელ-ნელა იცვლება. ქვრივი ქალის სხვა ღირსებები უმჯობესია, თქვენ თვითონ აღმოაჩინოთ.

ახლა საზაფხულო არდადეგებია. გაუგზავნეთ ფილმი მოსწავლეებს, რომ ნაყოფიერად გაატარონ ეს პერიოდი. სკოლაში დაბრუნების შემდეგ კი მოაწყვეთ დისკუსია.

 

სადისკუსიო კითხვები:

  • რაში გამოიხატება პერსონაჟების ემპათია, ჰუმანურობა და მიზანსწრაფულობა? რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი მტკიცე ხასიათი?
  • რამდენად ჰგავს ფიონას ყოველდღიური ცხოვრება თქვენსას? რა აქცევს მას საინტერესო, მონათესავე სულის პერსონაჟად? როგორი როლური მოდელია იგი?
  • როგორ ფიქრობთ, სინამდვილეში რა არის ფილმში აღწერილი? რის გამო ცვლიან რეჟისორები ფაქტებს ნამდვილი ისტორიების საფუძველზე ფილმების გადაღებისას?
  • ზოგი ბავშვი (და ზოგი ზრდასრული) ძალიან ნერვიულობს წაგების შემთხვევაში. რას აკეთებთ თქვენ, როდესაც იმედგაცრუების წინაშე აღმოჩნდებით ხოლმე?
  • ფიონას დედა ზოგჯერ შვილების მიმართ ძალიან მკაცრია. რატომ იქცევა ის ასე? ოდესმე გიგრძვნიათ, რომ თქვენი მშობლები ძალიან ბევრს ითხოვენ თქვენგან, ან იმაზე მეტს მოელიან, ვიდრე ამის გაკეთება შეგიძლიათ?
  • თქვენი აზრით, რატომ წუხს ასე თავგამოდებით მწვრთვნელი შეგირდების ბედზე?

 

როგორც მასწავლებელი, ყოველდღიურ, ყოფით დეტალებში ვცდილობ, დავინახო რესურსი მოსწავლეებისთვის, ან შევაგროვო მასალა რესურსების შესაქმნელად. ასე ვიქცევი მოგზაურობისას, ფილმის ყურების თუ წიგნის კითხვის დროს, ურთიერთობებზე დაკვირვებისას და ა.შ. ვინაიდან, ვფიქრობ, რომ მასწავლებელი ტექსტის დაზეპირებას კი არ უნდა ვაიძულებდეთ აღსაზრდელებს – არამედ მოტივატორებად უნდა ვიქცეთ მათთვის და ვასწავლოთ, როგორ დაძლიონ სირთულეები. ვფიქრობ, „კატვეს დედოფალი“ დააფიქრებს მოსწავლეებს საკუთარ შესაძლებლობებზე. შეუძლებელი ხომ ნამდვილად არაფერია. მიზნისკენ მიმავალ გზაზე კი ყოველთვის არსებობს დაბრკოლებები, მაგრამ ძლიერი ნებისყოფა ყოველთვის გამარჯვების საწინდარია!

 

ფილმის ბმული:

https://www.adjaranet.com/movies/19884/Queen-of-Katwe?lang=GEO&quality=SD

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი