პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

დისკუსიიდან – დისკუსიამდე

მართლის თქმის პრინციპი – დავით გურამიშვილის „საწყაულის მოწყვა ღვთისაგან“

ლიტერატურა ცხოვრების მასწავლებელია! – ამ ფრაზას ხშირად ვეუბნებით ხოლმე ჩვენს მოსწავლეებს, თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ ლიტერატურის გაკვეთილზე მიღებული ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში არც ისე მარტივია, მით უფრო, თუკი მწერლისეული თვალთახედვა მოსწავლეებს „მოძველებული“ ეჩვენებათ. ბევრს ვსაუბრობთ იმის თაობაზეც, რომ ძველი ქართული ლიტერატურის სწავლება მოზარდებს ურთულდებათ, რამეთუ მათთვის ეს ტექსტები რეალობას „აცდენილია“. ხშირად ამგვარი აზრები ლოგიკას მოკლებული არ ეჩვენებათ უფროსებსაც. მართლა ასეა? თუ  საჭიროა, შევცვალოთ მიდგომები ტექსტის სწავლების კუთხით?! იქნებ ლიტერატურული შედევრების გაზიარება მოსწავლეებისათვის ჩვენგანაც მოითხოვს შემოქმედებით მიდგომას, ანუ ტექსტის „გაცოცხლებას“. ამ თვალსაზრისით შევარჩიე დავით გურამიშვილის „საწყაულის მოწყვა ღვთისაგან“, რომელშიც მართლის თქმის პრინციპს გამოკვეთილი ფუნქცია აკისრია..

სიმართლე – თანამედროვე ცხოვრებისა თუ ზოგადად კაცობრიობის სწორი განვითარების უალტერნატივო ღირებულება, როგორ მივაწოდოთ მოსწავლეებს გონივრულად? რა სტრატეგიები და აქტივობები შევთავაზოთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ? ვფიქრობ,  საგაკვეთილო დისკუსია საუკეთესო საშუალება იქნება, გავიგოთ, როგორია მოზარდთა დამოკიდებულება სიმართლისადმი; რა არის სიმართლე, ვინ ადგენს მას, როდის აქვს მას ფასი თუ ღირებულება; როგორ გვესმის „მწარე სიმართლე“, „ყველას თავისი სიმართლე აქვს“ და ა. შ.  დისკუსია, რომლის თემა იქნება –  „ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“ (ან „სიმართლე, როგორც ღირებულება“, ან „სიმართლე, რომელიც ანგრევს და სიმართლე, რომელიც აშენებს“) – თავისთავად მოიტანს კითხვათა და პასუხთა სიმრავლესაც.

მასწავლებელი დისკუსიის თემას, ბუნებრივია, წინასწარ გააცნობს მოსწავლეებს და სთხოვს მათ, გამოიყენონ ელექტრონული რესურსი (ინტერნეტი) ინფორმაციის მოსაძიებლად. კარგი იქნება, თუ კლასი დაიყოფა ჯგუფებად, რომ  ამ ფორმატში მუშაობა წახალისდეს. თითოეულ ჯგუფს დაევალება გამოიკვლიოს: პირველ ჯგუფს – როგორია ფილოსოფოსთა დამოკიდებულება ამ საკითხისადმი;  მეორე ჯგუფს – საქართველოს (მსოფლიოს) ისტორიიდან ფაქტები, რომლებზეც სიმართლემ სხვადასხვაგვარი გავლენა იქონია; მესამე ჯგუფს – ტერმინი „სიმართლე“ და მისი სინონიმები. დისკუსიისთვის მზადება დაგვეხმარება ლექსიკაზე მუშაობაშიც, რამეთუ გარდა სინონიმური ერთეულების მოძიებისა, მათ შეხვდებათ ტერმინები: „ფალსიფიცირებული“, „გაყალბებული“. ყველა წინასწარდაგეგმილი სამუშაო  ხელს შეუწყობს, მოსწავლეთა დარწმუნებას, თუ რამდენად ძნელია სიმართლის დადგენა; ის ფაქტი, რომ თვით ისტორიული წყაროებიც სცოდავენ ხშირად და სიმართლეც ფაქტების ინტერპრეტაციით  მანიპულირებს, მოზარდებს ისტორიულ მეცნიერებაზე წარმოდგენას გაუღრმავებს. მასწავლებლებს ხშირად გვეშინია,  ვანდოთ ჩვენს მოსწავლეებს სირთულეებთან შეჯახების სიამოვნება, არადა ესეც გასათვალისწინებელია – ნდობის ფაქტორს უდიდესი როლი აქვს წარმატებული თანამშრომლობისათვის.

ამის შემდეგ, მოსწავლეების დაინტერესება გურამიშვილის შემოქმედებითი არჩევნისადმი – მართლის თქმის პრინციპით გაგვიანალიზოს იმდროინდელი საქართველოს ზნეობრივი თუ პოლიტიკური მდგომარეობა – მეტად იქნება ცხოვრებისეული გამოცდილების მიღებისკენ მიმართული. კითხვა – როგორ მოიქცეოდნენ გურამიშვილის ადგილას? – მათ პასუხისმგებლობის გააზრებაშიც დაეხმარება.

ახლა კი ტექსტის ინტერპრეტაციის თაობაზე:

გურამიშვილის შემოქმედება იმდროინდელი ისტორიის ობიექტური შეფასებაა და, ბუნებრიავია, ის იმ სიმართლეზეა დაფუძნებული, რომელზეც დავით გურამიშვილი ამბობს –

„მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?“.  ეს კი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, ვეძიოთ, თუ რამდენნაირი სიმართლით „იხელმძღვანელა“ შემოქმედმა; როდის იქცევა მისთვის ის შეუცვლელ „იარაღად“, როდისაა მოსაფრთხილებელი და როგორია კონკრეტული თუ ზოგადი თვალსაწიერიდან დანახული სიმართლის დიდაქტიკური დატვირთვა.

მაგრამ ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების!“

„ბევრი ავი გამოჩნდების ჩვენი, მაზე მერცხვინება“.

პირველ რიგში, ყურადღება უნდა მივაქციოთ ავტორისეულ პოზიციას, ანუ გურამიშვილს „რცხვენია“, ადანაშაულებს საკუთარ თავსაც, მეტიც, ვალდებულებას გრძნობს დეგრადირებული ქვეყნისა და ერის წინაშე. მართალია, გურამიშვილი გვმოძღვრავს, მაგრამ არა ზედაპირულად, მენტორის ტონით, არამედ ლოგიკური ანალიზით. სიმართლე ბასრი იარაღია, მაგრამ მის მიერ გამოვლენილ ნაკლოვანებებს მტერიც კარგად დაინახავს და გაუხარდება. რატომ? – იმიტომ, რომ მტერი ჩვენ „სუსტ რგოლებს“ სათანადოდ გამოიყენებს მორიგი ბრძოლებისას. მაშინ, რატომ ამბობს საქვეყნოდ სიმართლეს?!

„სულს მიუძღვის ხორცთ ნაქნარი: ავსა ავი, კარგსა კარგი“.

არაა გასაკვირი, რომ ამ შემთხვევაშიც ის პიროვნული თვალსაწიერიდან ამოდის და თითოეული ქართველის „დანაშაულს“ ხედავს სამშობლოს წინაშე; რა უნდა გააკეთოს ამ დროს ღვთისმოშიშმა და ღვთისმოსავმა ადამიანმა – სიმართლის  გარდა, მაგრამ ამის გამო ხომ შეიძლება დაკარგონ?! გამოდის, რომ სიმართლისა თუ ტყუილის თქმა „სულის ჩადენილია“. „სულს მიუძღვის ხორცთ ნაქნარი: ავსა ავი, კარგსა კარგი“  და საიქიოში ადგილის დამკვიდრებაც ამაზეა დამოკიდებული. ქვეყანა და პიროვნება უხილავი თუ ხილული ძაფებითაა ურთიერთ დაკავშირებული, ამიტომაც მოვლენათა სწორი შეფასება ორივეს მოუტანს სარგებლობას.

„ავს თუ ავი არ უწოდო, კარგს სახელად რა დავარქო?“

გურამიშვილისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოვლენების ანალიზსა და მათთვის სწორი შეფასების მიცემას. ამ მიდგომას არასდროს დაეკარგება ფასი, რადგან ეს არაა „საფარსაგო“, გამოსადეგი საქციელი. პოეტის თქმით, თუ ვაზისა და ძეძვის დამრგავთ ერთმანეთისაგან არ განვასხვავებთ, მაშინ ქვეყანასაც და სულსაც წავიწყმედთ. საინტერესოა პრობლემის ძიებისას „დადანაშაულების ვექტორი“, პოეტს შიგნით რომ მიუმართავს. რა თქმა უნდა, გარეშე მტრის როლი ქვეყნის მდგომარეობის შეფასებისას, მას არ უარუყვია, თუმცა სამართლიანია და სწორი შემოქმედისეული მიდგომაც – პრობლემის არსი ჯერ შიგნით, საკუთარ თავსა და ქვეყანაში ეძებოს.

„მე თუ გინდა, თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად“

რამდენად უსაფრთხოა სიმართლის თქმა და ვინაა ამ სიმართლის ადრესატი? – შეიძლება კონკრეტული ადრესატი არაა დასახელებული, მაგრამ, რადგან ამბობს – „მე თუ გინდა, თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად“, ფაქტობრივად, მიმიშნებულია, რომ ისინი „ძლიერნი“ ამა წუთისოფლისანი არიან. და სწორედ ისინი არიან სულიერების „მასწავლებლები“, ერისთვის ზნეობრივი მაგალითის მიმცემნი. აი, აქ ჩანს სწორედ გურამიშვილის შემოქმედებითი პრინციპულობა. ის არაფერს შეუშინდება, რადგან კიდევ გავიმეორებ „ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების!“ პატრიოტი ადამიანისთვის კი რა მნიშვნელობა არა აქვს, სადაა ის,  ყოველთვის და ყველგან იქნება შემაკავებელი რგოლი ბოროტება-სიავისა. ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია, რამეთუ, „გაფრთხილებას“ აქვს უკუკავშირი და ადამიანი, რომელიც მხილებულია, მოერიდება ამგვარ საქციელს, მით უფრო, თუ ეცოდინება – საქმის ცუდად წაყვანისათვის ბოლოს მაინც დაგმობენ, გაკიცხავენ.

„თავისიცა განიმაგროს, ნუ აფოფნებს სხვის ნიფხავსა“

ზემოთქმულს ემატება  უაღრესად საინტერესო მიდგომა:  ადამიანი როცა გაფრთხილებული იქნება, მას სხვისი გაკიცხვისთვის ნაკლებად ეცლება, რამეთუ საკუთარი სახელის მოფრთხილების აუცილებლობა წამოვა წინა პლანზე: „თავისიცა განიმაგროს, ნუ აფოფნებს სხვის ნიფხავსა“. გურამიშვილის მიზანია „განკითხვასა“ და „სიმართლეს“ შორის დიდი განსხვავება დავინახოთ, რამეთუ ცოდვაში ვარდება ის, ვინც სხვისი მოქმედებისათვის მსჯავრის დამდებია. განა რასაც თავად გურამიშვილი აკეთებს, არაა ერგვარად „ძრახვა“?! – პასუხიც არ აყოვნებს, ვინც საძრახავს აკეთებს, იმის მხილება შეიძლება და თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, მაშინ „ვინც რომ ძრახვას თაკილობდეს, ნურასა იქმს საძრახავსა“. მომდევნო სტროფში კი დაკონკრეტებულია, როდის არის „ძრახვა“ მიუღებელი: მწყინს, ავისმოქმედნი სხვისკენ რომ იშვერენ თითს. როგორია საზოგადოება, რომელიც ისეა გადაქცეული, რომ უზნეობა ზეიმობს და თან სხვას ადანაშაულებს? შეძლებს ის ქვეყნის ძლიერების გარანტი იყოს მომავალში? არა! ამიტომაცაა გურამიშვილი ქვეყანას რაც არ „მოუხდება“ იმაზე საუბრობს, სიმართლეს არ უშინდება.

„ბაძით მორცხვიც გაურცხვდების“

ობიექტური საფუძველი აქვს კიდევ ერთ რამეზე დაგვაფიქროს, რომ „ბაძით მორცხვიც გაურცხვდების“. უსირცხვილოს შერცხვენა მას მიაჩნია სწორი გზის ძიების დასაწყისად – წუთისოფელში მყარად მშენებლებს ზესთასოფლის არსებობა შეახსენოს, სულის გადარჩენაზე ფიქრისკენ მოუწოდოს. თან ხომ ჭირი თავს ვერ დაიმალავს, ადამიანს არ შეუძლია მისი „გაძლება“ – „ვერ გაუძლებს, რაც კაცს სენი გულსა უკოდს, სჩხვლეტს და მსჭვალავს“. კიდევ უფრო სიღმისეული ანალიზია – „თვით ვერ ხედავს, სხვის საჭვრეტლად, თუ არ უნდა, პირს რად ჰკალავს“ – ადამიანი საკუთარ სახეს ხომ ვერ ხედავს და მაშინ რად ილამაზებს პირს, თუ სხვისთვის შთაბეჭდილების შექმნა არ უნდა?! ე. ი. ჩვენ მხოლოდ ჩვენთვის არ ვცხოვრობთ, ჩვენ წარმოვადგენთ სხვებსაც, ამიტომაც პატივისცემა გვმართებს სხვებისადმი, ამ დროს ფერუმარილით კი არ უნდა შევინიღბოთ, არამედ სიმართლით, რადგან სახეგალამაზებულნი დიდხანს ვერ ვიცხოვრებთ ტყუილში.

„მეტად მწარედ გული მტკივა, მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს!“

გურამიშვილი სამშობლოსადმი გულისტკივილს პირად განცდებსაც ურთავს და ალბათ, ამგვარი გულწრფელობით მკითხველს თანაგანცდისაკენ მოუწოდებს. განა შეიძლება უემოციოდ წაიკითხო: „მეტად მწარედ გული მტკივა, მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს!“, „ჩემი ცოდვაც მისცემია ჩემს ამამთხრელს, ამამბზარავს!“ სხვისი ტრაგედიის გასიგრძეგანება მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თავი იმავესგან დავიცვათ.

ძალიან ძნელია რეალობის დანახვა, ამიტომაც გურამიშვილი განაზოგადებს უკუღმართად მხვნელ-მფარცხავი კაცის ამბავს. ასე მხოლოდ ძმის მოღალატეები იქცევიან  და მათ გამომცხვარ პურსაც ძმის სისხლი ურევია. პოეტი უარს ამბობს ასეთ „პურზე“. „პური“( „პური ჩვენი არსობისა“) სიმბოლოა უფლის სხეულისა, მისი ხორცისა და ბოროტებით მისი გამოცხობა ვერავის მოუტანს სიკეთეს. ძის სისხლის წაცხობა თუ ძმის ცოდვაში ჩაგდება ჯოჯოხეთური ტანჯვის მომასწავებელია. გურამიშვილი ემიჯნება ამგვარი პურის მცხობელთ. ის მხოლოდ ერთ მტერს არ ხედავს, არამედ „ირგვლივ“ მყოფ მტრებს და ყველას წაჰკრავს სიმართლის მწარე წკეპლას.

დავით გურამიშვილის მართლის თქმის პრინციპს დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა -მოვლენათა სწორი შეფასება, ამ მოვლენებში საკუთარი როლის გააზრება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მხილების მორალური დატვირთვა. ერთმანეთის დაკნინებითა და დამარცხებით  უძლურდება ქვეყანა. ასეთ ქვეყანას კი გარეშე მტრებიც უმრავლდება.

ვფიქრობ, გურამიშვილის შემოქმედება თანამედროვეობის პრობლემების დანახვასა და მათ გაანალიზებაში საუკეთესო მეგზურია, მთავარია, ჩვენ შევძლოთ მზაობის გამოხატვა.

ტექსტის შესწავლის შემდეგ კი შეგვიძლია გავმართოთ დისკუსია და ვიმსჯელოთ თემაზე – რა როლს თამაშობდა და თამაშობს საზოგადოების განვითარების პროცესზე მოვლენების ობიექტური შეფასება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი