სოლოტაქსონომია – კოგნიტურ პროცესებზე ორიენტირებული მოდელი

სოლოტაქსონომია (დაკვირვებადი სწავლის შედეგების ტაქსონომია) – SOLO (Structure of Observed Learning Outcomes), როგორც მისი ერთ-ერთი ავტორი  ჯონ ბიგსი აღნიშნავს, „უმეტესწილად გათვალისწინებულია სწავლების პროცესში მოსწავლის კოგნიციის ზრდის შეფასებისთვის“. მოდელი უფრო კოგნიტურ პროცესებზეა ორიენტირებული, ვიდრე – მიღწეულ შედეგებზე. მისი გამოყენებით, მასწავლებელს შეუძლია უკეთ გააანალიზოს მოსწავლის პასუხები და გაიგოს, რომელ დონეს მიაღწია და როგორი პროგრესი აქვს სააზროვნო პროცესებში კონკრეტულ მოსწავლეს. ამავე დროს, მოდელი მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს, გამოიყენონ შეთანხმებული ტერმინები მოსწავლის დაკვირვებადი შედეგების აღსაწერად. მოდელში მოცემულია კოგნიციის 5 დონე: პრესტრუქტურული, უნისტრუქტურული, მულტისტრუქტურული, მიმართებითი და აბსტრაქტულ-გაფართოებული.

სოლოტაქსონომია, როგორც დაკვირვებადი შედეგების შეფასების მეთოდი  გამოყენებულია „ახალი სკოლის მოდელში“. ეროვნულ სასწავლო გეგმაში დასახული მიზნების შესაბამისად, „ახალი სკოლის მოდელი“ მოსწავლის ჰოლისტურ შეფასებას აღიარებს. სწავლების კონსტრუქტივისტული თეორიაზე დაფუძნებით, სოლოტაქსონომია მასწავლებელს შესაძლებლობას უქმნის, დააკვირდეს მოსწავლის კოგნიტური განვითარების პროცესს და მისცეს კონკრეტული უკუკავშირი, რომელიც სწავლაში დაეხმარება. წერილში კონკრეტული საგნის – სამოქალაქო განათლების ჭრილში ვისაუბრებთ კონკრეტული კომპლექსური დავალების შესრულების დროს მოსწავლის სააზროვნო პროცესებზე თვალმიდევნებისა და უკუკავშირის შესაძლებლობებზე.

ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტის სახით, გვაქვს დათქმები  სამიზნე ცნებაზე (თავისი მკვიდრი წარმოდგენებით),  სავალდებულო თემაზე (თავისი მკვიდრი წარმოდგენებით), მისაღწევი შედეგზე, რომელსაც მოსწავლემ საბაზო საფეხურის (ამ შემთხვევაში) განმავლობაში უნდა მიაღწიოს. შეთანხმებული ვართ იმაზეც, რომ სწავლების საფუძველს წარმოადგენს კონსტრუქტივისტული მიდგომა (5 პრინციპი). შემდეგომ პროცესში  მასწავლებლის შემოქმედებითობა და არჩევანი არის თავისუფალი. თემის ფარგლებში ის თავად არჩევს კონკრეტულ საკითხს, რომელიც მოსწავლეს საშუალებას მისცემს, სწავლის პროცესი შუალედურ მიზანზე – ანუ კომპლექსურ დავალებაზე ორიენტირებულად წარმართოს. მნიშვნელოვანია, რომ  კომპლექსური დავალების პირობა და შეფასების კრიტერიუმები ისე „აიკინძოს“, რომ მათი შესრულება ხელს უწყობდეს სააზროვნო პროცესის აღძვრასა და განვითარებას, და შედეგებზე დაკვირვების საშუალებას იძლეოდეს. მასწავლებლის დაკვირვებისა და ინტერესის საგანს წარმოადგენს მოსწავლის კოგნიციის პროცესი, რადგან მხოლოდ ამ „ქურაში“ გამოტარებული ცოდნა შეიძლება დამკვიდრდეს ხანგრძლივ მეხსიერებაში და იქცეს პირობისეულ ცოდნად, რომელიც გააქტიურდება ნებისმიერ დროსა და ადგილას, სადაც ამ ცოდნის გამოყენების საჭიროება გამოიკვეთება.

კომპლექსური დავალება

კლასი – მეცხრე;

სავალდებულო  თემა – ცენტრალური ხელისუფლება;

საკითხი: საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება;

სამიზნე ცნება:  სამოქალაქო მონაწილეობა (შედეგები: 8, 9, 12, 13)

დავალების პირობა:

წარმოიდგინე, რომ შენ ქალაქზე/დაბაზე/სოფელზე გადის სატრანზიტო მაგისტრალი. იგი საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, რადგან არ არის მოწყობილი მიწისქვეშა გასასვლელი და ფეხით მოსიარულეები იძულებულნი არიან, მაგისტრალზე გადავიდნენ.

მოამზადე პეტიცია ხელისუფლების მისამართით მიწისქვეშა გასასვლელის მოწყობის თაობაზე;

დავალების შესრულებამდე გაეცანი:

კანონის საგზაო უსაფრთხოების შესახებ  35 მუხლს;

პეტიციების პორტალს და მის შესაძლებლობებს.

 

ნაშრომის წარდგენისას ხაზგასმით წარმოაჩინე:

  • რატომ არის საჭირო ამ ვითარებაში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობა და ჩართულობის რომელ ფორმასთან გვაქვს საქმე;
  • რომელ ინსტიტუციას მიმართავ პეტიციით და რატომ?
  • საგზაო უსაფრთხოების პრობლემის აქტუალურობა და მისი მოგვარების აუცილებლობა;
  • მოქალაქეთა ხედვა ამ პრობლემის მოგვარების თაობაზე და მოსალოდნელი სარგებელი.

 

პრეზენტაციის შემდეგ ისაუბრე:

  • დავალების დროს გადადგმულ ნაბიჯებსა და ქმედებებზე;
  • რა გაგიადვილდათ, რა გაგიძნელდათ?
  • რას გააუმჯობესებდი პეტიციაში, ხელახლა რომ ადგენდე?
  • რა დასკვნების გამოტანა შეძელი? რაში გამოიყენებ ამ გამოცდილებას?
  • ამ საკითხებზე რის დაზუსტებას ისურვებდი მომავალში?

კომპლექსური დავალების პირობის გაცნობისა და გააზრების შემდეგ მასწავლებელი წარმართავს იმ აქტივობებს, რომლებიც სააზროვნო პროცესების აღძვრასა და თანდათანობით, სოლოტაქსონომიის ზედა დონისაკენ წაყვანას ემსახურება და ამისთვის მას სამუშაო კითხვების ბლოკების მომზადება მოუწევს, რადგან ყველაზე უკეთ სწორედ ასეთი გეზის მიმცემი კითხვები ასრულებს იმ ხარაჩოების როლს, რომლებსაც კონსტრუქტივიზმი სწავლაში მოსწავლის სუბიექტური როლის შესანარჩუნებლად გვირჩევს.

ამ კითხვების შინაარსი მასწავლებელს  კომპლექსური დავალების წარდგენის შემდეგ უკუკავშირისთვისაც გამოადგება, რომ მოსწავლეს, რომლის (ვთქვათ) მულტისტრუქტურული დონე დაძლია, კონკრეტული რჩევა მისცეს მიმართებების გასააზრებლად. სოლო ტაქსონომიაში დონეების შესატყვისად რეკომენდებულ ზმნებსა თუ ფრაზებს მასწავლებელი იყენებს – დავალების შედგენისას, შეფასების კრიტერიუმების შედგენისას, უკუკავშირის დროს.

მაგალითისთვის გთავაზობთ ცხრილის სახით მოცემულ აღმწერებს:

 

დონეები

 

ზოგადი აღმწერები;

შესატყვისი ზმნები და ფრაზები

 

მოცემული კომპლექსური დავალების  შესატყვისი  აღმწერების მაგალითები

 

 

გაფართოებული აბსტრაქციის დონე

 

 

მოსწავლის პასუხი მოიცავს არამარტო მოცემულის/შეთავაზებულის გაგების  ძირითად ასპექტებს და მათ შორის კავშირებს/ მიმართებას, არამედ ამ ყველაფერს განაზოგადებს, უკავშირებს, მიღმა სტრუქტურებს, აყალიბებს სხვა სფეროსთან დაკავშირებულ იდეებს, სტრუქტურებს, განაზოგადებს საკითხს, გვიზიარებს ჰიპოთეზებს…

 

შესატყვისი ზმნები და ფრაზები

განზოგადება, განჭვრეტა, შეფასება, დაფიქრება/რეფლექსია, ჰიპოთეზის წამოყენება,

თეორიის ჩამოყალიბება, შექმნა, გადამოწმება, დადასტურება, დასაბუთება, შექმნა, პრიორიტეტების დასახვა, გაფორმება, შედგენა, წარმოდგენა (პერფორმანსი), ახსნა, გამოყენება, გაანალიზება;

 

„ამ საკითხებიდან გამომდინარე,  მაქვს რამდენიმე იდეა…“ ,,შემიძლია, ცალკეული დასკვნებიდან გამომდინარე, გავაკეთო ზოგადი დასკვნა…“, „თუ საკითხს განსხვავებული კუთხით შევხედავთ, დავინახავთ კავშირს სხვა სფეროსთან…“.

 

მოსწავლის პასუხი მოიცავს არამარტო დავალების პირობის შესაბამის ამომწურავ და გააზრებულ შინაარსს, რომელიც სამიზნე ცნება – სამოქალაქო მონაწილეობის ძირითად ასპექტებს შორის მიმართებას სრულად ასახავს, არამედ წინა მსჯელობის საფუძველზე ის გადის კონკრეტული დავალებისა და სფეროს არეალიდან და გამოთვამს მოსაზრებებს, რომელიც მეტად განაზოგადებს საკითხს (მაგალითად აღნიშნავს, რომ „რადგან მაგისტრალზე ხდება საერთაშორისო გადაზიდვები, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, შეიძლება დაზიანდნენ ადგილობრივი და უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ეკონომიკური ზარალი მიადგეთ ტვირთების მეპატრონე ორგანიზაციებს.  ეს  რისკებს შექმნის მდგრადი განვითარების თვალსაზრისითაც, საერთაშორისო ხელშეკრულებების დაცვის თვალსაზრისითაც, რაც ზიანს მიაყენებს ქვეყნის იმიჯს.)“. ან კიდევ: ,,შემიძლია გამოვთქვა არგუმენტირებული ვარაუდი, რომ პრობლემის დროული გადაწყვეტის შემთხვევაში, მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის აღდგება ნდობა, შედეგის დადგომა გაზრდის მოქალაქეთა მოტივაციას იყვნენ აქტიურები, გამოიჩინონ ინიციატივა…“).

 

 

 

მიმართებითი დონე

 

მოსწავლის პასუხი მოიცავს არამარტო სამიზნე ცნების, თემის საკვანძო ასპექტების ჩამონათვალს, არამედ მათ შორის კავშირებს/ მიმართებას. ცალკეული ასპექტების ინტეგრაციით მიღწეულია გამთლიანებული დასკვნები, გაგება.

შესატყვისი ზმნები და ფრაზები

მიმდევრობა, კლასიფიცირება, მსგავსება-განსხვავების აღმოჩენა,

ახნსა (მიზეზისა და შედეგის),

გაანალიზება, ანალოგიის მოყვანა, ორგანიზება, განსხვავების პოვნა, კითხვის დასმა, მიმართების დამყარება, გამოყენება, აღწერა.

 

,,ეს ასპექტები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, რადგან…“ ,,მე ვხედავ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ამ ასპექტებს შორის…“ ,,შეგვიძლია დავინახოთ თანხვედრაც და წინააღმდეგობაც, მაგალითად…“.

 

პასუხში მოსწავლე ამყარებს მიმართებას იმ ასპექტებს შორის, რომელზეც საუბრობს. აღნიშნავს, რომ სამოქალაქო მონაწილეობა სხვადასხვა ფორმით ვლინდება და პეტიცია წარმოადგენს ხელისუფლებასთან პრობლემის ადვოკატირების ერთ-ერთ ფორმას, რომელსაც  ჰყავს სწორად შერჩეული ადრესატი ან ადრესატები. მსჯელობს მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე საზოგადოებრივ საჭიროებას, ხელისუფლების პასუხისმგებლობას, შეთავაზებულ გზებსა და მოსალოდნელ სარგებელს შორის.

 

მულტისტრუქტურული დონე მოსწავლის პასუხში წამოწეულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, მაგრამ ისინი განიხილება იზოლირებულად, არ ჩანს კავშირები /მიმართება მათ შორის, გაგება არის ზედაპირული.

შესატყვისი ზმნები და ფრაზები

აღწერა, ჩამოთვლა, გეგმა, შევსება, გაგრძელება,

კომბინირება, დათვლა;

 

,,შემიძლია გამოვყო რამდენიმე ასპექტი…“.

მოსწავლე აკეთებს საკითხების ჩამონათვალს, ადეკვატურად იყენებს ტერმინებსაც (მიწისქვეშა გასასვლელის მოწყობა საზოგადოებრივი საჭიროებაა, როგორც აქტიურმა მოქალაქემ, გადაწყვიტა დაეწერა პეტიცია…თუ საჭირო იქნება გასასვლელის მოწყობაში მიიღებს მონაწილეობას…) მაგრამ ვერ ახდენს ამ საკითხებს შორის კავშირების გამოკვეთას და რა კავშირია სამოქალაქო აქტივობასა და საზოგადოებრივ საჭიროებებს, საზოგადოებრივ სარგებელს შორის ამის წარმოდგენა არ ხდება.
 

უნისტრუქტურული დონე

 

მოსწავლის პასუხი არის ძალიან მოკლე და მოიცავს მხოლოდ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს, აქვს, ზედაპირული გაგება.

შესატყვისი ზმნები და ფრაზები

განსაზღვრა, იდენტიფიცირება, დასახელება,

გამოტანა, მოძიება, აღნიშვნა, მორგება/დაკავშირება,

მარტივი პროცედურის დაცვა;

 

,,ამ საკითხზე ერთი რამ შეიძლება აღვნიშნო…“

მოსწავლე მართებულად იყენებს სამოქალაქო მონაწილეობასთან დაკავშირებულ ერთეულ ტერმინებს ახსენებს აქტიურ მოქალაქეს,  მიწისქვეშა გასასვლელის მოწყობას საზოგადოებრივ საჭიროებას უწოდებს, მაგრამ ეს საუბარი არის ფრაგმენტული და ზედაპირული.
 

პრესტრუქტურული დონე

 

 

მოსწავლეს არ აქვს პასუხი, ან მისი პასუხი საერთოდ აცდენილია რეალობას.

 

მოსწავლის პასუხი აცდენილია საკითხს, ვერ ან არაადეკვატურად იყენებს სამოქალაქო  მონაწილეობათან დაკავშირებულ  ტერმინებს (სამოქალაქო ჩართულობა, საზოგადოებრივი საჭიროებები, საზოგადოებრივი სარგებელი, ადვოკატირება, მოხალისეობა…).

 

კომპლექსური დავალების რეფლექსიაში დასმული კითხვებიც ასევე სააზროვნო პროცესების გააქტიურებას ემსახურება და თვითშეფასებისა და სწავლის პროცესის წინსვლაზე მუშაობს, რომ მოსწავლემ თავადვე განაზოგადოს მიღებული გამოცდილება და სწავლის გასაუმჯობესებელი დასკვნების გამოტანასაც მიეჩვიოს.

კომენტარები

comments