ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მშობლების ჩართულობა სასკოლო ღონისძიებაში

მშობლების მონაწილეობა სკოლის სხვადასხვა ღონისძიებაში მნიშვნელოვანია. მოსწავლეებში ყოველთვის სიხარულს იწვევს მშობელთა ჩართულობა, ხოლო პასიურობა – მწუხარებას. ჩემი გამოცდილებიდან და დაკვირვებიდან მივხდი, რომ მშობლებსაც სიამოვნებთ, როდესაც მათ ვრთავთ სასკოლო ცხოვრებაში და მონაწილეობას იღებენ შვილების განვითარებაში.

როდესაც პირველი კლასი შედგება და სწავლა იწყება, ერთმანეთის გაცნობა და კიდევ ბევრი, სასკოლო ცხოვრების წვრილმანები იყრის თავს,  მასწავლებელმა ამ ყველაფრის ორგანიზება უნდა გააკეთოს. ჩემთვის, როგორც დამრიგებლისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს მშობელთა ჩართულობა, მათთან თანამშრომლობა, ამიტომ გადავწყვიტე დამეგეგმა ღონისძიება, სადაც ისინი შვილებთან ერთად მიიღებდნენ მონაწილეობას, იმუშავებდნენ გუნდურად, იხალისებდნენ და უბრალოდ, ერთ ფერად დღეს შეინახავდნენ მოგონებებში, რომლებიც სკოლას უკავშირდება.

გაგაცნობთ ჩემი ღონისძიების გეგმას, რომლის ფარგლებში იყო სახალისო ლოგიკური და სპორტული დავალებები. ზოგიერთი აქტივობა საჭიროებს წინასწარ მომზადებასა და დროს. ამიტომ თუ მის განხორციელებას დაგეგმავთ, სასურველია გაითვალისწინოთ დროის ფაქტორი. ღონისძიება ავაწყვე PowerPoin-ის პროგრამაში პრეზენტაციის სახით, რის საშუალებითაც მონაწილეებს ღონისძიების დავალებებს ვაცნობდი.

ღონისძიებისთვის წინასწარ გავამზადე შეფასების რუბრიკები და რამდენიმე მასწავლებელს ვთხოვე ჟიურის წევრობა. ამის შემდეგ დავაკომპლექტე გუნდები. მცირე ზომის ფურცლებზე დავწერე რიცხვები 1,2,3,4 (რამდენი გუნდიც მინდოდა მყოლოდა), რომელიც დაკეცილ მდგომარეობაში მოვათავსე ყუთში. მშობლებს ის რიგრიგობით ამოვაღებინე  და გადავანაწილე შეხვედრილი რიცხვის მიხედვით. გავაცანი თამაშის წესები.

 

დავალება: ბავშვებმა დახატეს დედები და დაწერეს, რა უყვართ მათ.

 აქტივობის აღწერა: ეკრანზე მონაცვლეობით გამოდის ჯერ ნახატი, მშობელმა უნდა შეძლოს ნახატის მიხედვით საკუთარი თავის ამოცნობა. გამოცნობის შემთხვევაში ის იღებს 2 ქულას. თუ ვერ გამოიცნო, გამოდის ბავშვის მიერ დაწერილი დახასიათება. გამოცნობის შემთხვევაში იღებს 1 ქულას.

დავალება: მოსწავლეებს დავუსვი რამდენიმე შეკითხვა: რომელია შენი საყვარელი ფერი? საჭმელი? თამაში?  ადგილი?  კითხვებზე პასუხი გადავიღე ვიდეოზე.

აქტივობის აღწერა: გუნდის ყველა წევრს მონაცვლეობით ვუსვამ შეკითხვას. მას შემდეგ, რაც მშობლები უპასუხებენ, ირთვება ვიდეო და ისმენს სწორ პასუხს. თითო შეკითხვაზე სწორი პასუხი 1 ქულა.

დავალება: მშობლებმა უნდა შეძლონ  შვილის ამოცნობა თვალახვეულ მდგომარეობაში.

აქტივობის აღწერა: მშობელს აქვს თვალი ახვეული. მან თავზე, სახეზე, თმაზე ხელის შეხებით უნდა ამოიცნოს რომელია საკუთარი შვილი.

 

ასევე მქონდა რამდენიმე სპორტული აქტივობა:

დავალება: მშობელმა უნდა აჭამოს შვილს შოკოლადიანი პური.

აქტივობის აღწერა: მშობლებს ურიგდებათ შოკოლადიანი პური, მათ უნდა აჭამონ შვილს ყველაზე ჩქარა და სუფთად. იმარჯვებს ის გუნდი, რომლის პირობასაც ყველა წევრი შეასრულებს.

დავალება: ცეკვა სკამების ირგვლივ.

აქტივობის აღწერა: წრიულად აწყვია სკამები. მშობლების რაოდენობა ერთით მეტია სკამების რაოდენობაზე. როდესაც მუსიკა ჩერდება, მშობლებმა უნდა მოასწრონ ადგილის დაკავება. იმარჯვებს ის გუნდი, რომლის წევრიც ბოლომდე შეინარჩუნებს სკამს.

დავალება: ტომრებით გადაადგილება.

აქტივობის აღწერა: მშობლებისა და მათი შვილების გუნდი ერთმანეთს ეჯიბრებიან ტომრებით გადაადგილებაში. მათ უნდა მოასწრონ ორი წრის გავლა ტომრით. იმარჯვებს ის გუნდი, რომლის ყველა წევრიც პირველი დაასრულებს დავალებას.

დავალება: გუნდებმა უნდა გამოიცნონ სიმღერა, შეძლოს მისი წამღერება.

აქტივობის აღწერა: ირთვება სიმღერა. მშობლებმა უნდა შეძლონ ამ სიმღერის ამოცნობა და წამღერება მას შემდეგაც, როდესაც მუსიკა გაჩერდება.

ღონისძიების ბოლოს ჟიური აჯამებს ყველა გუნდის მიერ მიღებულ ქულებს და აცხადებს გამარჯვებულ გუნდს. ყველა გუნდს გადაეცემა სამახსოვრო სიგელები.

თუ თქვენს ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებთ, მაყურებლები მონაწილეებს გაამხნევებენ ტაშით, მერწმუნეთ ძალიან სახალისო და საინტერესო  ღონისძიება გამოგივათ. მშობლებს კი დიდხანს გაჰყვება ამ დღისგან მიღებული დადებითი მუხტი და რაც მთავარია, მოსწავლეები დარჩებიან  კმაყოფილნი, რადგან  მშობლები კიდევ ერთხელ გახდნენ მათი სასკოლო ცხოვრების ნაწილნი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი