ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როგორ ყალიბდება კრიტიკის კულტურა

გვიყვარს წარსულის გახსენება. განსაკუთრებით – სკოლაში სწავლის პერიოდის, ლაღი ბავშვობის, ანცობისა და აღმაფრენის პერიოდის. ასაკს არ აქვს მნიშვნელობა. ვიხსენებთ თავგადასავლებს: როგორ დავიგვიანეთ, როგორ გავაბრაზეთ გეოგრაფიისა თუ ფიზიკის მასწავლებელი, როგორ გადავიწერეთ მათემატიკა და მასწავლებელმა ვერ შეგვამჩნია. ჩემს სამეგობროს გეოგრაფიის მასწავლებლის სიმკაცრით გამოწვეული კურიოზები გვაქვს გასახსენებელი. ერთმანეთის ამბებს დღესაც სიცილით ვიხსენებთ და ბევრს ვხუმრობთ. ზოგი ისეთია, მთელი ცხოვრება რომ არ დაგავიწყდება, ზოგსაც ჩვენ ვამატებთ. აბა, როგორ არ უნდა გავიხსენოთ გეოგრაფიის ჯოხის ამბავი, რომლიც ჩემს მეგობარს შიშისგან დაზაფრულს გაკვეთილის თხრობის დროს ხელში ჩაატყდა. ჰყვებოდა და თან გულდასმით ცდილობდა „შეწებებას“. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ გავისუსეთ? თან ვგულშემატკივრობთ, თან რისხვის მოლოდინში ვართ.

  • დაჯექი, დაჯექი, – მშვიდად და მრავალმნიშვნელოვნად ჩაიღიმა მასწავლებელმა.

მაშინ გადავრჩით… მაგრამ მე დღემდე გაკვეთილზე ჯოხს არ ვხმარობ, საერთოდაც არ მაქვს. არადა, მოგეხსენებათ რუკაზე ხელით ჩვენება მიღებული არ არის. ამიტომ ხან გრძელი ფანქრით ვაჩვენებთ რუკაზე, ხან კი – ლაზერით. ჩემმა მოსწავლეებმა იციან ეს ისტორია და გაგებით ეკიდებიან ამ ამბავს. ვხუმრობ ხოლმე: ჯოხი იმიტომ არ მაქვს, რომ შეიძლება სხვა მიზნით გამოვიყენო-მეთქი. მიუხედავად ასეთი სიმკაცრისა, ჩვენს მასწავლებელს არასოდეს უყვირია, ყოველთვის დაბალ ხმაზე საუბრობდა, მაგრამ მისი გამოჩენა სკოლის დერეფანში ჩვენში შიშის ზაფრას იწვევდა. ჩემი სკოლელები დამეთანხმებიან, რომ ბევრს (ყველას თუ არა) ძალიან გვიყვარდა და პატივს ვცემდით მას. გეოგრაფიის მიმართ ჩემი ინტერესიც მისი დამსახურებაა.

რატომ გავიხსენე ახლა ჩემი სკოლის ამბები? მოგონებებში არსად ფიგურირებს სწავლის პროცესი. ვიხსენებთ „კარგ“ მასწავლებლებს, რომლებიც რაღაც კრიტერიუმებით გამოირჩეოდნენ და ჩვენც განსაკუთრებულად გვიყვარდა, პატივს ვცემდით. მაგრამ თავად სწავლის პროცესის გახსენებას, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ნაკლებად ვისმენ, გასახსენებელიც არაფერია.

  • რომელი პირველი ნამუშევრით ვამაყობდით?
  • როდის დავწერეთ?
  • ვისთვის დავწერე?
  • რა გავლენა იქონია ჩვენზე?

ვფიქრობ, ეს ჩვენთვის არსებითი კითხვებია, რომლებზეც უნდა ვიფიქროთ, როგორც მასწავლებლებმა. თუ ჩვენ არ გავიხსენებთ ჩვენი სწავლების პროცესს, ჩვენს ემოციებსა თუ დამოკიდებულებას, როგორ შევძლებთ, ბოლომდე გავიგოთ ჩვენი მოსწავლეების ემოციური მდგომარეობა? თუ ჩვენი ბავშვობის „შიშები“ არ გავიხსენეთ, შეუმჩნეველი დაგვრჩება პატარა გოგო-ბიჭების თვალებში ანთებული შიში, რომელიც შეიძლება შემდეგ აგრესიაში ან დეპრესიაში გადაიზარდოს.

გავიხსენოთ, როგორები ვიყავით მოსწავლეობისას. ოდესმე გაგიზიარებიათ ეს თქვენი მოსწავლეებისთვის? უნდა დავიწყოთ მისი გაზიარება. ეს მათ დაეხმარება, გააცნობიერონ ჩვენი სწავლების სტილი და ის, რომ ოდესღაც ჩვენც ვიყავით მოსწავლეები და იგივე პრობლემები გვქონდა. რაც მთავარია, ჩვენ არ დაგვისრულებია სწავლა. ჩვენ კი დაგვეხმარება სწავლების ახალი გზების ძიებაში. ჩემებმა იციან, რომ რუკას ისე ვხედავ, როგორც ეკრანზე.  იცით და მაგიტომო – მიმტკიცებენ. ამაზე ვკამათობთ და ვუხსნი, რომ ადამიანებს განსხვავებული სწავლის სტილი აქვთ.

მოსწავლეთა წინსვლას ყველა უჭერს მხარს.

როგორ შეგვიძლია გავააქტიუროთ ეს წინსვლა? როგორ დავეხმაროთ მათ, რომ გახდნენ უფრო ჭკვიანი? როგორ გადავიტანოთ ჩვენი სწავლებისა და სწავლის ფოკუსი რაოდენობრივიდან ხარისხობრივში? საუბარია მოსწავლეების სწავლის პროცესში ჩართვაზე.

სწავლის პროცესი მოსწავლეებს ემოციების გამოხატვის მოთხოვნილებას უქმნის.

ძალიან მომეწონა, რონ ბერგერის სიტყვები, რომლებიც ჩვენს სტრეოტიპულ აზროვნებას ამსხვრევს (ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი): „ნიჭიერი არ არის ის, ვინც შენ ხარ; ეს არის ის, ვინც შენ გახდები“.

როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მოსწავლეებს ამ პროცესში? რამდენად ხშირად ვქმნით გარემოს, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ, გაიაზრონ, რა ცოდნა აქვთ და რა უჭირთ? ვიყენებთ გაკვეთილის დროს, რომ განვიხილოთ უკუკავშირი?

ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევხედოთ ჩვენს დაგეგმილ გაკვეთილებს და შევცვალოთ სასწავლო კულტურა ჩვენს საკლასო ოთახებში.

როგორ შეგვიძლია მოსწავლეებს მივცეთ საშუალება, სწორად გამოიყენონ უკუკავშირი? მივცეთ დრო იმისათვის, რომ მათ გააკეთონ რაიმე კომენტარი უკუკავშირზე, რომელიც მასწავლებელმა ან თანატოლებმა მისცეს. ჩვენ კი ამისთვის დრო არ გვაქვს, პროგრამა გვაქვს მოსასწრები, ვჩქარობთ, ვჩქარობთ … გოგიტა მახსენდება ხოლმე ფილმიდან „საბუდარელი ჭაბუკი“. სიჩქარის გამო წარმატების ნაცვლად საყვედური რომ მიიღო.

ერთი იდეა, რომელსაც ინტერნეტში გადავაწყდი და მომეწონა, არის პროცესი სახელწოდებით – „კრიტიკა“. მეთოდი, რომელიც ძალიან ჰგავს თანატოლების ტრადიციულ შეფასებას ან თვითშეფასებას. ეს არის უკუკავშირის პროცესი, თუმცა უფრო სპეციფიკური და დახვეწილი, რომელიც კონკრეტულ მახასიათებლებსა ან ელემენტებს ეყრდნობა. ყველა კომენტარი შექმნილია იმისთვის, რომ მოსწავლემ/მწერალმა/ავტორმა/მხატვარმა ზუსტად უნდა იცოდეს, რა ელემენტებზე უნდა მოახდინოს ფოკუსირება. გამოხმაურება ემსგავსება ინსტრუქციების სერიას, ეს ყველაფერი მიზნად ისახავს სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესებას. ამიტომ „კრიტიკა“ განსხვავებულად მოქმედებს.

რატომ მომეწონა „კრიტიკის“ იდეა? კვლევის სხვადასხვა წყაროდან გამომდინარე, მოსაზრებებზე, ბლოგ-პოსტებზე, Twitter- ზე, სოციალურ ქსელში  დისკუსიებზე და ა.შ., გამოხმაურებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ხარისხიანი წერილობითი/ვერბალური გამოხმაურება უფრო მეტია, ვიდრე ქულებისა და დონეების მინიჭება. ეფექტური უკუკავშირი, რომელიც კონკრეტულად ხაზს უსვამს იმას, რა კუთხით არის ნაშრომი წარმატებული (რა არის გამორჩეული) და რა საჭიროებს კონკრეტულად გამოსწორებას (ამ ნაშრომის სრულყოფას), სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტია (უფრო მეტი, ვიდრე დონის ცოდნა).

„კრიტიკა“ ასევე სცდება გაკვეთილის აქტივობის დასრულებას და მარტივი სქემებით კლასის კულტურის ჩამოყალიბებას განაპირობებს. სასურველია სპეციალური გაკვეთილის ჩატარება, სადაც მოხდება მხოლოდ კრიტერიუმების შემუშავება. თუმცა პრაქტიკაში ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მასწავლებლის მიერ დაწერილ უკუკავშირს შედეგი არ მოჰყოლია. ასევე არიან მოსწავლეები, რომლებიც ჯერ კიდევ ორიენტირებულნი არიან ტექსტის დაზეპირებასა და ქულებზე.

მრავალი პედაგოგი სულ უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებინებს მოსწავლეებს ურთიერთშეფასებაზე ან თვითშეფასებაზე. პირველ რიგში უნდა ვასწავლოთ მათ, როგორ გააკეთონ ეს. არსებობს უამრავი მეთოდი, მაგრამ ძირითადი პრინციპები იგივე რჩება.

რა არის ის, რაც „კრიტიკას“ განსხვავებულს ხდის? რონ ბერგერი აღწერს პროცესს და ადგენს ეფექტური კრიტიკული წესების ფორმირების სტრუქტურას. ის მიზნად ისახავს, მოსწავლეებს შეაფასებინოს საკუთარი შრომა და შექმნან სრულყოფილი ნაშრომი: „თუ ეს არ არის იდეალური (სრულყოფილი), ესე იგი არ დასრულებულა”.

სანამ კრიტიკის პროცესს დავიწყებთ, მნიშვნელოვანია, ჩამოვაყალიბოთ შემდეგი ნაბიჯები:

  1. მაგალითები: აიღეთ სამაგალითო ნაშრომი, გააკრიტიკეთ იგი კლასთან ერთად. დაადგინეთ რა არის ის, რაც ამ ნაშრომს მაღალ სტანდარტად აქცევს, გამოიყენეთ საკვანძო ტერმინები. შექმენით ამ ნაშრომის წარმატების კრიტერიუმები, რომლებსაც მოსწავლეები მის დასასრულებლად გამოიყენებენ.
  2. მონახაზები (Drafts): მიეცით მოსწავლეებს სამუშაო, რომ შექმნან „მონახაზები“. ის მოსწავლეებს ეხმარება აზროვნებაში. მათ იციან, რომ სამუშაოს, რომელსაც ისინი დაასრულებენ, კრიტიკულად შეფასდება და მოხდება მათი რედაქტირება. მას „მონახაზებს“ უწოდებენ, რადგან სამუშაო დაუსრულებელია და ყოველთვის შესაძლებელია მისი გაუმჯობესება, სანამ არ მიაღწევთ სრულყოფილ პროდუქტს (თქვენი წარმატების კრიტერიუმები საკმარისად ძლიერია).

შემდეგ:

  1. მიეცით კრიტიკის დრო! კრიტიკის წესების შემუშავებისთვის, ჩვეულებრივ, მთელი გაკვეთილი უნდა გამოიყოს. საჭიროა პროცესის მოდელირება, დეტალური ანალიზის გაკეთება, უკუკავშირის მიცემა და შესაბამისად მოქმედება. ნუ იჩქარებ! რაც შეეხება დროის ლიმიტს: ჩვეულებრივ სამუშაოს გადახედვის დრო ფაქტობრივად არ რჩება. რეალურად კრიტიკა აუმჯობესებს შრომის ხარისხს და აძლიერებს შინაარსის გაგება/გააზრებას, თუ  მოსწავლეებს ამაზე ფოკუსირებას სთხოვთ. შეცდომების აქტიურად მოძიების გზით იხვეწება მათი მუშაობის კულტურა. ამიტომ კიდევ ერთხელ გამოყავით დრო! ეს ნამდვილად სარგებელს მოუტანს პროცესს.
  2. წესების დამკვიდრება: რონ ბერგერი კრიტიკისთვის სამ ძალიან მარტივ წესს იყენებს, რომლებიც უკუკავშირის ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს:

იყავით კეთილი:  ყველა კომენტარი მთლიანად უნდა იყოს კონცენტრირებული სამუშაოზე. არა სარკაზმი და არა დამცირება. კომენტარები შეიძლება იყოს რთული, მაგრამ მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ უკუკავშირი სამუშაოზეა ორიენტირებული და ბედნიერია მისი მიღებით.

იყავით კონკრეტული: გქონდეთ დახვეწილი და ზუსტი დიალოგი, დეტალური პოზიტიური განმარტებითა და გაუმჯობესების ნაბიჯებით. კომენტარებში მოცემული უნდა იყოს ინსტრუქციების კომპლექტი, რომელსაც მოსწავლე უბრალოდ აიღებს და გამოიყენებს.

იყავით სასარგებლო:  თუ ნამუშევრის ავტორი ან კლასი ვერ გამოიყენებს თქვენს კომენტარს, თავი შეიკავეთ მისგან. ყველაფერი, რასაც თქვენ ტოვებთ უკუკავშირით, არის ის, რამაც ხელი უნდა შეუწყოს სამუშაოს წინსვლა/გაუმჯობესებას.

  1. პროცესის მოდელირება: მაგალითის „გამოყენებით, შეაფასეთ მოსწავლეებთან ერთად კრიტიკის პროცესი. აჩვენეთ, როგორ უნდა განიხილოთ სამუშაო კრიტიკულად. ეს ჩვეულებრივ მასწავლებლისგან „სიღრმისეული კრიტიკის“ ფორმით ხდება. გაუზიარეთ მოსწავლეებს ტერმინოლოგია, რომელსაც იყენებთ. განიხილეთ წარმატების კრიტერიუმები იმ დროიდან, როდესაც პირველად დაიწყეთ სამუშაო. აჩვენეთ, როგორ ამახვილებთ ყურადღებას მნიშვნელოვან დეტალებზე. როგორია კარგი გამოხმაურება/პირველი კომენტარი. და ნახავთ, შეგიძლიათ თუ არა კიდევ უფრო დახვეწოთ კომენტარი.
  2. აკრძალული სიტყვები: ხელი შეუწყვეთ იმ სპეციფიკური ტერმინოლოგიის ათვისებას, რომელიც თქვენ თავდაპირველი მაგალითის განხილვისას გამოიყენეთ.  წაახალისეთ ამ სიტყვების გამოყენება და მოახდინეთ წარმატების კრიტერიუმების პოპულარიზაცია. ეცადეთ, განავითაროთ მოსწავლეების ლექსიკა და გააუმჯობესოთ მათი კონკრეტული და სასარგებლო მოსაზრებები. წაახალისეთ ნებისმიერი თემის სპეციფიკური ტერმინოლოგიის გამოყენება. შექმენით აკრძალული სიტყვების სია: „ეს კარგია” და „მომწონს”. ესენი არ არის სპეციფიკური და ნამდვილად არ გამოდგება.
  3. მიეცით მოსწავლეებს კრიტიკის საშუალება: გამოიყენეთ ის, რისი მოდელირებაც ახლახან მოახდინეთ. საშუალება მიეცით მოსწავლეებს, შეაფასონ ერთმანეთი. გამოიყენეთ წარმატების კრიტერიუმები იმ სტრუქტურის შესაქმნელად, რომელზეც მოსწავლეები ფოკუსირდებიან. თავდაპირველად ფოკუსირდით ერთ ელემენტზე. ეს შეიძლება ითხოვდეს მოსწავლეებს გადახედონ თავიანთ კომენტარს და დაინახონ პასუხები თუ არა კიპლინგის კითხვებზე (ვინ, სად, რა, როდის, როგორ, რატომ?). თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ სთხოვოთ მოსწავლეებს, შეაფასონ მართლწერა, პუნქტუაცია და გრამატიკა. მთავარია, რომ კრიტიკულად მოყვანილი ელემენტები გახადოთ ნათელი. სთხოვეთ მოსწავლეებს დამატებითი კრიტიკის გაკეთება. კრიტიკის სესიებს შეუძლია ორი ფორმა მიღება:

სიღრმისეული ოფიციალური კრიტიკა: ეს მსგავსია იმ პროცესისა, რომლის მოდელირებაც მოახდინეთ. მოსწავლეები ერთმანეთის მუშაობას აკვირდებიან. ისინი ასახელებენ კარგ მონაკვეთს, რომელიც აკმაყოფილებს წარმატების კრიტერიუმებს და ირჩევენ სპეციფიკურ მონაკვეთებს, რომლებიც საჭიროებენ გაუმჯობესებას (ამან შეიძლება გააუმჯობესოს მუშაობა).

კრიტიკის გალერეა: ამ ნაწილში ნაჩვენებია ნამუშევარი გალერეის სტილში (კედელზე, მაგიდებზე, საპრეზენტაციო დაფებზე). სთხოვეთ მოსწავლეებს, დაათვალიერონ ერთი ან ორი ნაშრომი, ყურადღება გაამახვილონ ერთ კონკრეტულ ელემენტზე. მოსწავლეები წერენ გამოხმაურებებს გამოქვეყნებულ ჩანაწერზე და განათავსებენ სამუშაოს ქვევით. სთხოვეთ, განიხილონ თავიანთი კომენტარები. გაიმეორეთ პროცესი სხვა სამუშაოზე, იმავე ან განსხვავებული ფოკუსით.

  1. კრიტიკოსთა კრიტიკა: კრიტიკის შემოღების პირველ დღეებში განსაკუთრებით აიძულეთ მოსწავლეებს, გადახედონ კომენტარებს, რომლებიც მათ ჰქონდათ მიცემული. საკმარისად დახვეწილია? რამდენად სპეციფიკურია ისინი? ხვდებიან თუ არა, ზუსტად რა სჭირდება გაუმჯობესებას? თუ რამე გაურკვეველია, შეაფასეთ, როგორ უნდა განავითაროთ იგი. განიხილეთ კარგი და ცუდი კრიტიკული კომენტარების მაგალითები კლასთან ერთად. ეს თანატოლების შეფასებას შემდეგ ეტაპზე გააუმჯობესებს.
  2. რედაქტირება: ეს მნიშვნელოვანი ელემენტია! ამ საქმიანობას მიუძღვენით რეალური დრო, რათა მოსწავლეებმა დაიწყონ თავიანთი ნამუშევრის რედაქტირება. მათ სჭირდებათ ხელმძღვანელობა, მხარდაჭერა, შესაძლებლობა, უნდა დაუსვან შეკითხვები მათ, ვინც უკუკავშირი მისცა, მასწავლებელი ყურადღებით აკვირდება ყველაფერს… ყველაფერი ეს ხელს შეუწყობს რედაქტირების პროცესის სტრუქურირებას. ნუ გამოიყენებთ ამას საშინაო დავალებისთვის. რედაქტირების გაკეთება კლასში უნდა მოხდეს. მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ საჭიროა სამუშაოს ხელახალი შესრულება მის დასახვეწად. სამწუხაროდ, ზოგი მოსწავლე ვერ ხედავს რედაქტირების მნიშვნელობას. ამის მისაღწევად, სთხოვეთ მათ, შეინახონ მონახაზების ყველა ასლი, რომლებშიც ყურადღებას გაამახვილებენ და მიუთითებენ მათ მიერ რედაქტირებულ და გაუმჯობესებულ ადგილებს.
  3. კულტურა: ამას დრო სჭირდება, მაგრამ მოსწავლეებთან ერთად კულტურის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჭირდება, რომ მოსწავლეებმა დააფასონ უკუკავშირი. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ ცოდნის გაღრმავებაში; ვთხოვოთ, აქტიურად წაიკითხონ მათ მიერ მოცემული უკუკავშირი და დაადგინონ გაუმჯობესებები. ჩვენ გვჭირდება, ნახონ, რა მნიშვნელოვნად მსუბუქდება სამუშაო კარგი უკუკავშირისას. ეს დროს წაიღებს, იქნებიან არამოტივირებული მოსწავლეებიც. თუმცა მნიშვნელოვანია კარგი ნამუშევრების შექმნა და ცოდნის განვითარება. სწორედაც სტრუქტუირებული უკუკავშირი განაპირობებს იმას, რომ არ არის აუცილებელი ქულებით შეფასება. თუ ამას პრაქტიკაში რეგულარულად ჩართავთ გაიზარდება თქვენი კლასის უკუკავშირის ხარისხი.

კრიტიკის კულტურის განვითარება მოსწავლეებს დაეხმარება არამარტო სწავლის სწავლაში, იგი მათ კომუნიკაციის უნარებსაც ჩამოუყალიბებს. მოსწავლეები შეეჩვევიან ერთმანეთის საქმიანობის გაკრიტიკებას, რეკომენდაციებისა და კეთილი რჩევების მიცემას, და არა პერსონალურ კრიტიკას. მე პირადად ხშირად ვახსენებ, რომ ყველა ადამიანი კარგია, უბრალოდ ზოგჯერ არასწორად იქცევიან. ჩვენთვის მიუღებელი უნდა იყოს საქციელი და არა ადამიანი. სიზარმაცე ქცევაა და არა პიროვნული მახასიათებელი.

ნიჭიერებაც ის არის, რაც შენ უნდა გახდე მომავალში.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://reflectionsofmyteaching.blogspot.com/search/label/Critique; https://rug62.edublogs.org/.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი