შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქოდე მოზარდებისათვის

საქართველოში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის სკოლის შემდგომი განათლების მიღების შესაძლებლობებთან დაკავშირებით მრავალი პრობლემა და გამოწვევა არსებობს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების კუთხითმიზანმიმართულ მუშაობას ახორციელებს, რაზეც დღეს ჩვენი სტუმარი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი – მარიკა ზაქარეიშვილი გვესაუბრება.

 

მარიკა მოგესალმებით, მოკლედ მოგვიყევით რა ნაბიჯები იდგმება დღეს იმისათვის, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩართვა პროფესიული განათლების სფეროში.




მოგესალმებით, მივესალმები ინტერნეტგაზეთ „მასწავლებლის” ყველა მკითხველს. მინდა აღვნიშნო, რომ განათლების სამინისტროს ეს ახალი ინიციატივა უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების უწყვეტობას, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ ჰქონდეთ საშუალება ზოგადი განათლების მიღების შემდგომ სწავლის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში მიიღონ შესაბამისი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. დღემდე ინკლუზიური განათლების მიმართულებები აქტიურად ინერგებოდა ზოგადი განათლების სისტემაში 2005 წლიდან. პროფესიული განათლების საფეხურზე კი ნიადაგის მომზადება, მეთოდოლოგიის გამართვა და ფიზიკური გარემოს ორგანიზება 2013 წლიდან დაიწყო. ამ პროცესში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად აქტიურადაა ჩართული ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტრო. თავდაპირველად მომზადდა საკანონმდებლო პლატფორმა, რაც გამოწვევას წარმოადგენდა პროფესიული განათლების სისტემაში. პროფესიული განათლების დეპარტამენტთან ერთად დამუშავდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სიახლეებსა და ინოვაციებს პროფესიული განათლების სფეროში და ასევე ინკლუზიური განათლების დანერგვას პროფესიულ განათლებაში.




მეორე მიმართულება, რომელზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა, ეხება ფიზიკური გარემოს მომზადებას. შემოვიტანეთ ახალი კონცეფცია – უნივერსალური დიზაინი. ვფიქრობთ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მხოლოდ პირველი სართულის ადაპტირება ეტლით მოსარგებლე პირებისათვის არ არის საკმარისი. დღეისათვის რამდენიმე პროფესიული სასწავლებელია ნაწილობრივ ადაპტირებული. ნორვეგიელი სპეციალისტების მიერ ჩატარდა აქტიური სემინარები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსადა სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა. უნივერსიტეტების ჩართულობა აღნიშნულ სამუშაო ჯგუფებში მნიშვნელოვანი იყო ცნობიერების ამაღლების კუთხით. შედეგად მივიღეთ ის, რომ 5 სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლის შენობა იქნება უნივერსალური დიზაინის და სრულად ადაპტირებული. აღნიშნულის განსახორციელებლად დაფინანსება გამოიყოფა როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე ნორვეგიის მთავრობის მიერ. მესამე და მნიშნელოვან კომპონენტს კი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მოზიდვა და მათ საგანმანათლებლო პროცესში ჩართვა წარმოადგენს. დაიხვეწა პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხვის მექანიზმი.

რა უნდა გააკეთოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლემ, რომ ჩაირიცხოს პროფესიულ სასწავლებელში?




ყველა სხვა მოსწავლეს, გარდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისა, მოუწევს გაიაროს რეგისტრაცია და ჩააბაროს გამოცდები, რომელიც ორგანიზებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების პირის ჩასარიცხად ერთადერთი პირობა ცხრა კლასის დამამთავრებელი ატესტატის ქონაა. შემდგომ ამისა, იგი გადის რეგისტრაციას. რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს ამ ეტაპზეც, საგაზაფხულო მიღებაზე და ყველა მსურველს შეუძლია 5 მარტამდე დარეგისტრირდეს ადგილობრივ რესურს-ცენტრებში, პროფესიულ სასწავლებლებში და საქართველოს მასშტაბით არსებულ სამ საინფორმაციო ცენტრში. რეგისტრაციის შემდეგ, მოზარდს შეუძლია აირჩიოს სამი სასურველი სპეციალობა კლასტერის შიგნით. ამის შემდეგ, მას უკავშირდება ჩვენი სამმართველო და იგზავნება სპეციალისტთა გუნდი მოზარდის მდგომარეობის შესაფასებლად. შესაძლებელია, საჯარო სკოლაში სწავლისას ბავშვი უკვე შეფასებული ჰყავდეს ექსპერტთა გუნდს, თუმცა გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით ხდება მისი ხელახალი შეფასება. შემდგომ ამისა დასკვნა ეგზავნება მშობელს და/ან მეურვეს, რომელსაც აღნიშნული სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად მიაქვს პროფესიულ სასწავლებელში. თუ მოზარდი სმენის ან მხედველობის დარღვევითაა მან დამატებით უნდა წარმოადგინოს ოფთალმოლოგისა და აუდიოლოგის დასკვნა. ქცევითი და ემოციური დარღვევების შემთხვევაში ასევე აუცილებელია შესაბამისი სპეციალისტის დასკვნა. საბოლოოდ ყველა დოკუმენტაცია იგზავნება სამინისტროში, სადაც სპეციალური კომისია განიხილავს მათ და ხდება რეკომენდაციის გაწევა განათლების და მეცნიერების მინისტრის წინაშე, რათა პროფესიულ სასწავლებლებში ჩაირიცხოს აღნიშნული მოზარდები.

რაც შეეხება პროფესიას, აღნიშნეთ, რომ მოზარდს შეუძლია სამი სასურველი პროფესიის დასახელება. გაქვთ თუ არა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, როგორ აკეთებენ ისინი საბოლოო არჩევანს?




უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი ძალიან საინტერესოა. მოზარდი თავდაპირველად აფიქსირებს სამ სასურველ სპეციალობას. ჩარიცხვის შემდეგ ხდება ამ სამივე პროფესიის მოსინჯვა. ერთი თვის განმავლობაში სტუდენტები ერთვებიან ამ პროცესში, ეცნობიან მათ მიერ არჩეულ ყველა პროფესიას შესაბამის სპეციალისტებთან ერთად და შემდეგ აკეთებენ საბოლოო არჩევანს -არის თუ არა ესა თუ ის მიმართულება მათთვის ნამდვილად სასურველი. გადაწყვეტილების მიღება ხდება მხოლოდ მოზარდის ინტერესებისა და მისი სურვილების გათვალისწინებით. პროცესში, რა თქმა უნდა, ჩართულია მშობელიც.

კონკრეტულად რა პროფესიის არჩევა შეუძლია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს?




მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თუ პროფესიული სტანდარტი რაიმე აკრძალვას არ ქმნის, ჩვენი მხრიდან აღნიშნულზე შეზღუდვა არ არსებობს. რა თქმა უნდა, ხდება რჩევებისა და რეკომენდაციების მიცემა მოზარდისათვის, მაგრამ პროცესში ყველაზე მთავარი მისი ინტერესია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუშაობს პროფესიული ორიენტაციის მექანიზმის განვითარებაზე, რადგან მნიშნელოვანია ყველა მოზარდს კარგად ჰქონდეს გაცნობიერებული, რატომ ირჩევს კონკრეტულ პროფესიას. 2015 წელს იგეგმება დამატებითი ტრენინგები კარიერის დაგეგმვის მიზნით.

როგორია თავად საგანმანათლებლო პროცესი პროფესიულ სასწავლებლებში?




საქათველოში, პროფესიულ განათლებაში სრულ სიახლეს წარმოადგენს ის, რომ სმენის და მხედველობის შეზღუდვის მქონე პროფესიულ სტუდენტებს სასწავლო პროცესში სპეციალისტები უწევენ დახმარებას. სმენის დარღვევის შემთხვევაში მიმდინარეობს ლექციის თარგმნა ჟესტური ენის სპეციალისტის მიერ. სპეციალისტები ჩართული არიან სწავლების ყველა კომპონენტში – როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილში. მხედველობის დარღვევის შემთხვევაში ხდება აუდიოწიგნების გამოყენება კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით. 2015 წელს, პროფესიულ განათლებაში იგეგმება მოდულური პროგრამების განხორციელება და ყველა საკითხავი მასალა იქნება აუდიო სახით, რათა მხედველობის დარღვევის მქონე პირს ჰქონდეს მათი გაცნობის საშუალება. ამჟამად პროფესიულ განათლებას ორი მხედველობის შეზღუდვის მქონე სტუდენტი იღებს. აქედან, ერთ-ერთ მათგანს ჰყავს მობილობისა და ორიენტაციის ტრენერი, რომელიც უკვე ჩაერთო პროცესში და სტუდენტს დახმარებას უწევს სივრცეში ორიენტაციაში. მსგავსი გამოცდილება ჯერ ზოგად განათლებაშიც არ ყოფილა. რაც შეეხება ეტლით მოსარგებლე პირებს, როგორც ვიცით, ძნელია მათი გადაადგილება – თუნდაც პროფესიულ სასწავლებლამდე მოსვლა. შესაბამისად დაბალია სასწავლო პროცესში მათი ჩართულობის მაჩვენებელი. ამ ეტაპისთვის ჩვენ მოზარდებს ვთავაზობთ სპეციალური ასისტენტის მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას სახლიდან პროფესიულ სასწავლებლამდე და პირიქით. აღნიშნული პირი დაეხმარება ეტლით მოსარგებლე მოზარდს გადაადგილებაში – თუნდაც მრავალსართულიანი კორპუსიდან ჩამოსვლაში. როგორც ხედავთ, მიდგომა ინდივიდუალურია, რაც ნამდვილად სამინისტროს მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს.

საინტერესოა როგორია პროფესიული განათების მიღების მსურველთა მაჩვენებელი?




მსურველთა რეგისტრაცია პირველად 2013 წელს, საგაზაფხულო და საშემოდგომო მიღებაზე განხორციელდა. დარეგისტრირებულ მოზარდთა რაოდენობა იზრდება, განსაკუთრებით დიდი რაოდენობა საშემოდგომო მიღებებზე ფიქსირდება. ზოგადად ტენდენცია ზრდადია, რაც იმედის მომცემია.

რას გვეტყვით უმაღლეს განათლებაზე? აქვს თუ არა დღეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა?




უმაღლესი განათლება ამ შემთხვევაში ისევ პრობლემად რჩება, რადგან სფერო უფრო ავტონომიურია. ეს ერთ-ერთი გასაკვალი მიმართულებაა ინკლუზიური განათლების სფეროში. ვიცით, რომ ამჟამად სხვადასხვა საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 200 სტუდენტი სწავლობს სხვადასხვა უნივერსიტეტში, თუმცა ამ ეტაპზე სფეროს ნამდვილად სჭირდება მხარდაჭერა.


დაბოლოს, ვინაა ის გუნდი, ვინც დღეს სამინისტროში ამ კუთხით მუშაობს?

საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სფეროში ინკლუზიური განათლების დანერგვის საკითხზე მუშაობენ მარიკა ზაქარეიშვილი, მაია ბაგრატიონ-გრუზინსკი და ნინი ტაბიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი