სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

სიცოცხლე მშვენიერია

ამქვეყნად ყველაზე ძნელი ტყუილში ცხოვრებაა. ტყუილში ცხოვრება კი იმ წუთიდან იწყება, როცა „იჯერებ“, რომ ილუზია რეალობაა. ცხოვრება რთულია, არავინ უარყოფს, მაგრამ მის შელამაზებასაც ნიჭი სჭირდება. არ შეიძლება, კოშკში გამოვიკეტოთ ან სხვა გამოვკეტოთ, როგორც ზღაპრებშია, რომ სიკვდილთან, ავადმყოფობასთან, ტკივილთან გარდაუვალი შეხება თავიდან ავიცილოთ. ის, ვინც რეალობას ლამაზად მოხატულ, ხელოვნურყვავილებიან ოთახს არჩევს, როგორც სერგო კლდიაშვილის ერთ-ერთი მოთხრობის გმირი ინვალიდი ბიჭი, ცდება. თუ ქუჩის მტვერი და ხმაური გაშინებს, ეს სისუსტეა, ცხოვრებისგან გაქცევა. წუთისოფელი ტკბილ-მწარეა, მაგრამ ის უნდა განიცადო. ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი საზრისიც ეს არის. ვინც არ განიცდის, მძაფრად არ შეიგრძნობს, მას არც უცხოვრია. ყოფიერების ორსახოვნებით სწორედ ტანჯვა გვიქმნის წარმოდგენას სიხარულზე, უბედურება – ბედნიერებაზე, ბოროტება – სიკეთეზე… ტკივილს არ უნდა გაექცე, ვერც დაემალები. ის უნდა მიიღო, დაძლიო და ცხოვრება გააგრძელო. ეს სიცოცხლის მთავარი კანონია.

კითხვა, ვინ არის ნარკომანი – ავადმყოფი თუ კრიმინალი, კარგა ხანია არსებობს. ყველაზე პოპულარული მაინც ის გაგებაა, რომ ის ერთიცაა და მეორეც. სიტყვა „ნარკოტიკი“ ბერძნული წარმოშობისაა (Narkotikos) და ნიშნავს დამაძინებელს, გამაბრუებელს. თუმცა მალე ამ ცნებაში ისეთი საშუალებებიც გაერთიანდა, რომელთა მთავარი თვისება სულაც არ არის ძილის გამოწვევა, ისევე როგორც ყველა საძილე საშუალება არ არის ნარკოტიკი. არსებობს ნივთიერებები, რომლებსაც „ლეგალურ ნარკოტიკებს“ უწოდებენ, რადგან მათ გამოყენებას კანონი არ კრძალავს, მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაოდ ცნობილია მათი მავნე ზემოქმედება, იზღუდება მათი რეკლამირება და ხელმისაწვდომობა არასრულწლოვანთათვის.

ალკოჰოლი და თამბაქოც მავნეა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებებსა და სიკვდილს იწვევს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ამ ნივთიერებებით გამოწვეული სიკვდილიანობა მრავალჯერ აღემატება ყველაზე აგრესიული, კუსტარულად დამზადებული პოპულარული ნარკოტიკებით გამოწვეულ სიკვდილიანობას. მაგრამ ხსენებული ნარკოტიკები იმდენად მძიმე და შეუქცევად დარღვევებს იწვევს, რომ მათი მოხმარების ინდივიდუალური შედეგები გაცილებით მძიმეა, ვიდრე თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარებისა.

ნარკომანია უძველესი დროიდან იღებს სათავეს, მაგრამ თუ ძველად მას შედარებით მსუბუქი ფორმა ჰქონდა, თანამედროვე სოციუმში ის უმწვავეს პრობლემად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკების მოხმარება და რეალიზაცია კანონით ისჯება, მათ მიმართ ინტერესი არ ნელდება. ნარკომანია მხოლოდ დაავადება როდია; ის ცხოვრების წესია, გზა, რომელსაც ადამიანი ინტელექტის, სხეულისა და სულის განადგურებამდე მიჰყავს. ეს პრობლემა იმდენად ტიპობრივი გახდა ჩვენი ცხოვრებისთვის, რომ ნარკომანების ამოცნობაც ვისწავლეთ და ნაცნობ-მეგობრებს შორის მათ არსებობასთან შეგუებაც. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ჩვენს სოციუმში ახალგაზრდობა ნარკოტიკებისკენ ისწრაფვის, რომ თითქმის ნახევარს ამა თუ იმ ნარკოტიკისთვის ერთხელ მაინც გაუსინჯავს გემო. ევროპასა და ამერიკაში ნარკომანია ფართოდ 1960-იან წლებში, ახალგაზრდული კულტურული რევოლუციის შემდეგ გავრცელდა. მას შემდეგ ეს სერიოზული სოციალური პრობლემაა, რომლთან ბრძოლაც საკანონმდებლო დონეზე მიმდინარეობს. ნარკოტიკული ნივთიერებების წარმოების, ტრანსპორტირებისა და გავრცელებისთვის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას და მაგალითებს, მაგრამ გაცილებით ეფექტურია ცხოვრების ისეთი პირობების შექმნა, რომ ახალგაზრდამ რეალურს ილუზორული არ ამჯობინოს და ნარკოტიკში არ ეძებოს თვითრეალიზაცია თუ შვება.

ნარკოტიკი ადამიანს ანგრევს ფიზიკურადაც, სულიერადაც, სოციალურადაც. ამ ყველაფერს პიროვნების დეგრადაციისკენ მივყავართ. ნარკოტიკზე დამოკიდებულს ერღვევა ჯანსაღი ურთიერთობები, კარგავს ინტერესს ადამიანებისა თუ მოვლენების მიმართ, ეცვლება ღირებულებები.

ნარკოტიკის მოხმარება კანონდარღვევის ალბათობასაც ქმნის, ამძიმებს კრიმინოგენულ ვითარებას, მაგრამ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ წამალდამოკიდებულთა სტიგმატიზება და ამით კიდევ უფრო არ გავართულოთ მათი ფსიქოსოციალური ინტეგრაცია-რეაბილიტაცია, საჭიროა, ზედმიწევნით ობიექტურები ვიყოთ მოვლენათა შეფასებისას.

ნარკომანიას ბევრი წინაპირობა აქვს. ეს ხან უბრალოდ მძაფრი ინტერესია, ხან – თვითდამკვიდრების სურვილი, პიროვნული სისუსტის შენიღბვა, პრობლემებისგან გაქცევის ან მეტი სიამოვნების განცდის სურვილი. ჩვენ შეგვიძლია, მისი ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური მიზეზები გამოვყოთ:

* ავტორიტეტული თანატოლების ან უფროსების მიბაძვა;

* უარყოფითი განცდების ნეიტრალიზების მცდელობა;

* თანატოლების წრის შეხედულებებისადმი შესაბამისობის სწრაფვა;

* ანომალიური პიროვნული თვისებები (ავანტიურიზმი, აგზნებადობა, გადაჭარბებული ან, პირიქით, დაბალი თვითშეფასება, მერყევი ხასიათი);

* უფროსებისადმი (მშობლებისა და პედაგოგებისადმი) მიმართული საპროტესტო რეაქციები;

* თვითდესტრუქციული ქცევა;

* ცნობისმოყვარეობა;

* მუქარა და ძალისმიერი ზეგავლენა.

ჩამოთვლილი მიზეზებიდან ნარკოტიკების გამოყენებამდე ყველაზე ხშირად მივყავართ სამს:

  1. მოწყენილობასა და ცნობისმოყვარეობას;
    2. მეგობართა თავყრილობის დროს ერთდროულ გამოყენებას;
  2. არსებული რეალობისგან გაქცევის სურვილს.

ეს ნარკომანიის პირველადი მიზეზებია, რომლებიც საბოლოოდ ადამიანურ ფასეულობათა შემეცნების უუნარობაში, დასახული მიზნის მისაღწევად დაბრკოლებათა გადალახვის შიშსა და იმ მცდარ შეხედულებაში გადაიზრდება, რომ მძიმე წუთებში დახმარება მხოლოდ ნარკოტიკს შეუძლია. სამწუხაროდ, დღემდე არ არსებობს სტატისტიკური კვლევა, რომელიც ამ მიზეზებს ერთიანობაში ასახავდა. ალბათ აუცილებელია ამის გაკეთება პრევენციის სტრატეგიაში აქცენტების სრულყოფილად განაწილებისთვის.

წამალდამოკიდებულების მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ოპტიმალური უნდა აირჩეს. ძირითადია დეტოქსიკაციისა და ჩანაცვლების მეთოდები. პირველს ნარკოლოგიურ კლინიკებში იყენებენ. ის გულისხმობს ნარკოტიკული ტოქსინებისგან რაც შეიძლება უმტკივნეულო გათავისუფლებას და ამ ფონზე მოსალოდნელი აბსტინენციის სინდრომის შედარებით უმტკივნეულო გადატანას სხვადასხვა ფარმაკოლოგიური საშუალებით. ამის პარალელურად მიმდინარეობს ფსიქოთერაპიაც, რომლის დასრულების შემდეგ ყოფილი წამალდამოკიდებული აქტიური ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ეტაპზე გადადის. სამწუხაროდ, ამ ეტაპს ხშირად უგულებელყოფენ, რაც რეციდივის ანუ ნარკოტიკების მოხმარების განახლების მიზეზად იქცევა.

ნარკოდამოკიდებულება ქრონიკულ დაავადებად მიიჩნევა და სრულ განკურნებაზე, როგორც წესი, არ საუბრობენ. მკურნალობის მიზანია, მოხერხდეს რემისია და რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. სრული რესოციალიზაციითვის ავადმყოფის დიდი სურვილი, ქცევის შეთანხმებული წესები და მოტივაციაა საჭირო, ხოლო სრული ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ბედნიერი შემთხვევის შემდეგ – საზოგადოებასთან მჭიდრო ინტეგრაცია, დასაქმება, სოციალურად აქტიურ და თავისუფალ ადამიანებთან ურთიერთობა.

დღეს ნარკომანთა რაოდენობა ჩვენი სოციუმის მძიმე მდგომარეობის პირდაპირპროპორციულია. ამაზე საუბრისას სულ ერთი ოჯახი მახსენდება – ნარკომანი, აგრესიული, ბილწსიტყვა შვილი და ასაკოვანი დედა, რომელიც უიმედო მორჩილებით უზიდავდა მას წამალს. აქამდე ნუ მივიყვანთ! გადავარჩინოთ ჩვენი შვილები ცოცხლად სიკვდილს, შევუქმნათ არსებობისთვის ჯანსაღი გარემო და რწმენა, რომ სიცოცხლე, რაც არ უნდა ტკივილიანი იყოს, მშვენიერია, როცა არსებობს მიზანი. ეს უკანასკნელი კი შეიძლება ვინმესთვის ჩვენი ადამიანური არსებობის საჭიროებაც იყოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი