ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ნიკო ნერგაძე – ნიკო ნერგაძის ერთი წელი და დანარჩენი

90-იანი წლების დასაწყისში, მაშინ, როდესაც სკოლა მოზარდების ერთადერთი გასართობი იყო, ხოლო სკოლამდე მისასვლელი გზა მთელი თავგადასავალი, მე-11 კლასელი ნიკო სულ სხვა კონტინენტზე, სხვა კულტურულ და ყოფით გარემოში აღმოჩნდა. თბილისის 55-დან აშშ-ს ვირჯინიის შტატის კემპსვილის სკოლაში გაცვლითი პროგრამის წყალობით მოხვდა და მალე მიხვდა, რომ აქ მხოლოდ სასწავლო პროგრამას არ ისწავლიდა. რადიო „თავისუფლების” ჟურნალისტი ნიკო ნერგაძე იმ წელიწადს ერთ დიდ გაკვეთილად მიიჩნევს: „სრულიად უდისციპლინო 90-იანი წლების თბილისური სკოლიდან ყველა მხრივ გამართულ, ჩამოყალიბებული სისტემის მქონე გარემოში აღმოვჩნდი. ერთი წლის განმავლობაში ერთი გაკვეთილიც არ გამიცდენია, მაშინ, როდესაც ჩემი თბილისელი თანატოლებისთვის სკოლაში სიარული ფაქტობრივად მთლიანად იყო მოკლებული პირველად დანიშნულებას”.
– ამერიკის სკოლაში დამამთავრებელ კლასში სწავლისას მოხვდით ანუ საბაზისო განათლება აქ გაქვთ მიღებული.

– დიახ, განათლება აქ მაქვს მიღებული, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ იმ პერიოდის სკოლებში განათლების მიღების ხარისხი მხოლოდ მასწავლებელზე იყო დამოკიდებული – მთავარი იყო, ამ მხრივ გაგმართლებოდა. მე იღბლიანთა შორის აღმოვჩნდი. მყავდა რამდენიმე ძალიან კარგი მასწავლებელი, რომლებსაც თავადვე ჰქონდათ სურვილი ესწავლებინათ. ჩემი დამრიგებელი იყო ლამარა სანიკიძე, საოცარი ადამიანი, ბავშვებზე გადაყოლილი და მათ ცხოვრებაში ბოლომდე ჩართული. ასევე გავიხსენებდი კიდევ ერთ დამრიგებელს, ნელი ჯინჭველიშვილს, ვისთვისაც მასწავლებლობა არასდროს ყოფილა მხოლოდ მოვალეობა. თუმცა მხოლოდ მასწავლებლის კეთილსინდისიერებასა და ინიციატივებზე განათლების სისტემას ვერ ააწყობ, სახელმწიფო თავად უნდა იყოს მოტივირებული, რომ სკოლა ძლიერ ინსტიტუტად იქცეს და მოსწავლეებს ადეკვატური განათლება მისცეს.

– გაიხსენეთ ამერიკის სკოლაში გატარებული ერთი წელი.

– მთელი ერთი წლის განამვლობაში ფაქტობრივად მარტო, დამოუკიდებლად ვცხოვრობდი იქაურ ოჯახში, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა ჩემი ქართული ოჯახისგან. 16 წლისას თავად მიწევდა გადაწყვეტილებების მიღება, მხოლოდ საკუთარ თავს ვეყრდნობოდი და არ გამაჩნდა ოჯახის მხარდაჭერის მთელი ის სისტემა, რასაც აქ ვიყავი შეჩვეული. თავიდან გამიჭირდა, რადგან სოციალურად გახსნილი არ ვიყავი და დიდად არც ვინმესთან დამეგობრება შემეძლო. რამდენიმე თვეში კი შევიცვალე, უფრო თავდაჯერებული და თამამი გავხდი და ეს ნამდვილად ამერიკული ცხოვრების წესის დამსახურებაა. არ ვიცი, გარდასახვა რამდენად კარგად გამომივიდა, მაგრამ ეს პროცესი გავლილი მაინც რომ მაქვს, უკვე კარგია.

– სკოლის მხრივ რამდენად განსხვავებულ გარემოში მოხვდით?

– საჯარო სკოლა იყო, მაგრამ განათლების კუთხით საკმაოდ კარგი გარემო იყო, რაც მასწავლებლებისა და სასკოლო პროგრამის დამსახურება გახლდათ. მახსოვს, საკმაოდ რთულ ტექტსებს გვაძლევდნენ, რომელთა აღწერაც, სულ მცირე, სამი წყაროს გამოყენებით უნდა დაგვეწერა. ანუ თემაზე მთელი სერიოზულობით უნდა გვემუშავა, მოგვეძებნა ლიტერატურა ბიბლიოთეკაში, გავცნობოდით ნაშრომებს და ა.შ. ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო მეთოდია, რათა ტექსტთან მუშაობის პრინციპები, საკითხის უფრო ფართოდ გაცნობის მეთოდები შეისწავლო. ჩემი აზრით, რთული ტექსტები სწორედ ასე უნდა ისწავლებოდეს. პროგრამაში შექსპირიც უნდა იყოს და რუსთაველიც, მაგრამ არ უნდა ისწავლებოდეს მხოლოდ საზეპიროების დამახსოვრების ხარჯზე, ეს არაფრის მომცემია და ნაწარმოების მიმართაც აგრესიას იწვევს. ვისაც „ვეფხისტყაოსანი” ასეთი მეთოდით აქვს ნასწავლი, ამ ნაწარმოებს წესიერად არ იცნობს და ამის სურვილიც არ გააჩნია. არადა გონივრული ახსნისა და გარჩევის პირობებში ნახავდნენ, რომ რუსთაველის ტექსტი უამრავ ისეთ ასპექტს შეიცავს, რის გამოც ეს ნაწარმოები შეიძლება საინტერესო იყოს.

– ფიქრობთ, რომ სკოლა განათლების მისაღებად უალტერნატივო ინსტიტუტია?

– ამის ალტერნატივაა შინ სწავლების მეთოდი, თუმცა არსებობს სტერეოტიპი, თითქოს ასეთი ტიპის განათლების მიღების შემდეგ ბავშვებს ურთიერთობის პრობლემები აქვთ. შესაძლოა ეს არც არის სპერეოტიპი, რადგან ფაქტია, რომ სკოლას განათლების მიცემაზე დიდი ფუნქცია აკისრია – სოციალიზაციისთვის აუცილებელი უნარების გადაცემა. შეიძლება სკოლაში ისწავლო ქიმია და ცხოვრებაში ეს საგანი არასდროს გამოგადგეს, მაგრამ მისი შესწავლისას მიღებული უნარები, ჯგუფური მუშაობის გამოცდილება და ამოცანის ამოხსნისკენ მიმავალი გზების გავლა, ძალიან დიდ ცხოვრებისეულ გაკვეთილად იქცევა. არც ის გახლავთ აუცილებელი, რომ სკოლის მეგობრები ცხოვრების ბოლომდე გაგყვნენ, მაგრამ მათ წრეში ყოფნით თანატოლებთან ურთიერთობის უნარებს იძენ. ამრიგად სკოლას, გარკვეულწილად, ნამდვილად არ გააჩნია ალტერნატივა.

– ზოგი მშობელი შვილის განათლებაზე ზრუნვად იმას მიიჩნევს, თუ რამდენად ბევრ დამატებით წრეზე დაჰყავს.

– თავად ამ მხრივ ნაკლებად აქტიური ვიყავი და არც ის მახსოვს, მინდოდა თუ არა რამე წრეზე სიარული. სამაგიეროდ ჩემი გოგონაა აქტიური. ამ მხრივ სრული თავისუფლება მივეცით და ბალეტზე სიარული აირჩია, მაგრამ ვცდილობთ, ძალიან არ გადაიტვირთოს და სხვა რამის კეთების სურვილიც ჰქონდეს. ერთგან სტივენ კინგი იგონებს: შვილი საქსოფონზე დამყავდა. კარგად ვარჯიშობდა, მეცადინეობას არ აცდენდა, მაგრამ მაინც გამოვიყვანე, რადგან ინსტრუმენტს მხოლოდ მაშინ იღებდა ხელში, როცა ვარჯიში ევალებოდა, თავისუფალ დროს კი მისკენც არც იხედებოდა. ეს ნიშნავს, რომ მუსიკა მთელი გულით არ აინტერესებდაო. ჩემს შვილს კი ცეკვა ძალიან მოსწონს, რეპეციის შემდეგაც გამუდმებით ბალეტზე ლაპარაკობს, სულ ცეკვავს – ესე იგი, მოსწონს, რასაც აკეთებს, რაც ძალიან მახარებს.

– ახალი თაობის მოსწავლეებისთვის ინფორმაციის ძირითადი წყარო კომპიუტერია.

– რაც სულაც არ გახლავთ ცუდი, მთავარია იქ მოძიებული ინფორმაცია სწორად გამოიყენონ. დადასტურებულია, რომ ინტერნეტში დამოუკიდებელი მუშაობით ბავშვები საკმოდ ბევრს სწავლობენ. ეს პროცესი მათ ანალიზისა და საკითხის კვლევის უნარებს უვითარებს. გარდა ამისა, არსებობს უამრავი კარგი ხარისხის ონლაინ სასწავლო პროგრამები, თუმცა ამ მხრივ ჩვენთან საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

– როგორ ფიქრობთ, თანამედროვე ხელოვნება (კინო, მუსიკა) უნდა ისწავლებოდეს საგნის დონეზე?

– ამ საკითხის მიმართ ორმხრივი დამოკიდებულება მაქვს: ერთი მხრივ, მსგავსი საგანი, რომლის სწავლაც ვალდებულებას წარმოადგენს, შეიძლება სულაც არ შეგიყვარდეს. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ გასწავლის, ვინაა მედიუმი შენსა და ამ ხელოვნებებს შორის ანუ რეალურად ვინ გეხმარება გემოვნების ჩამოყალიბებაში. მეორე მხრივ კი რატომაც არ უნდა ისწავლებოდეს, თუნდაც ინფორმაციის მიღების დონეზე. მხოლოდ თანამედროვე კი არა, კარგი იქნება თუ კლასიკურ მუსიკის მოსმენის ან ნანახი ფილმის გარჩევის კულტურასაც ვასწავლით. ბავშვებს უყვართ საკუთარი აზრის გამოხატვა და ზოგჯერ ამას უფროსებზე უფრო თამამად აკეთებენ.

– საკუთარი ოჯახის მაგალითზე ალბათ დაგვეთანხმებით, რომ მშობლების წიგნიერებას შვილების განათლებაზე დიდი გავლენა აქვს.

– ლაშა ბაქარაძე იხსენებდა: მეგობრის შვილი ხშირად მოდიოდა ჩვენთან და წიგნებს კითხულობდა. ერთხელ მამამისიც მოჰყვა და მამაჩემს, აკაკი ბაქრაძეს ეკითხება – ასეთს რას ეუბნებით, რაზე ელაპარაკებით, რომ თქვენთან მოსულს სულ წიგნების კითხვა უნდება, სახლში კი არაო. აკაკი ბაქრაძეს უპასუხია: თქვენთან წიგნები არაა და რას წაიკითხავს, სადაც წიგნს პოულობს, იქვე კითხულობსო. ზუსტად ასეა – ბავშვი მშობლებისგან იღებს მაგალითს. როდესაც ხედავს, რომ ოჯახში კითხულობენ, ნელ-ნელა, შესაძლოა, გაუცნობიერებლადაც, ამავეს გაკეთების სურვილი უყალიბდება და ისიც მშობლების მსგავსად კითხულობს, უყურებს ფილმებს, უსმენს მუსიკას და სხვა. თუ მშობლებს ასეთი ჩვევა არ აქვთ, მაშინ საუკეთესო შემთხვევაა, თუ ბავშვი წიგნიერ წრეში მოხვდება, თუმცა ეს ნამდვილი გამართლებაა. ჩვენს ოჯახში კითხვის კულტურა ყოველთვის იყო, რაც ჩემსა და ჩემ ძმაზეც საუკეთესოდ აისახა.

– ალბათ წარმოგიდგენიათ იდეალური სკოლის მოდელი. თქვენი შვილისთვის როგორ სასწავლო გარემოს ისურვებდით?
– ჩემი შვილის სკოლის მაგალითზე გეტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლის ფაქტორი. ვფიქრობ, რომ მასწავლებელი ყველა ბავშვს თანაბრად უნდა უნაწილებდეს დროს და, ამავდროულად ინდივიდუალური მიდგომაც ჰქონდეს. მან უნდა იცოდეს, რომელ მოსწავლეს რისი ნიჭი აქვს ან რომელ ასპექტში მოიკოჭლებს, როგორ შეიძლება მისი პროგრესირება, სწორად განვითარება და ზუსტი პრიორიტეტების განსაზღვრა. ეს მით უფრო აუცილებელია დაწყებით კლასებში, რადგან ამ ასაკში ცოდნის შეძენაზე მნიშნელოვანი შემდგომში გამოსადეგი უნარების შეძენაა. ბავშვი ადრეულ ასაკში უნდა შეეჩვიოს სწავლას, გაუჩნდეს ამ პროცესის მიმართ ინტერესი და მოთხოვნილება მეტი ისწავლოს. უფროს კლასებში სულ სხვა ეტაპი იწყება. აქ განათლების მიღების ხარისხი ისეთი უნდა იყოს, რომ მოსწავლეს დამატებითი მომზადება არ დასჭირდეს. საჯარო სკოლების ნაკლი ამ მხრივ უფრო ნათლად იკვეთება – კლასში ბევრი მოსწავლეა და მასწავლებელს ინდივიდუალური მიდგომა უჭირს. ჩემი შვილი კერძო სკოლაში დადის, კლასში მხოლოდ 12 მოსწავლეა და, ცხადია, მათთან პირდაპირი კონტაქტის დამყარება უფრო ადვილია. ამრიგად მიმაჩნია, რომ კერძო სკოლის მოდელი უფრო მოსახერხებელია არა მხოლოდ ამ, არამედ ინფრასტრუქტურის, ტექნიკური ბაზისა და სხვა სეგმენტების მხრივაც. ასეთ სერვისს საჯარო სკოლა რომ მთავაზობდეს, ცხადია, შვილს კერძოში აღარ შევიყვანდი.
ესაუბრა ია ვეკუა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი