პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მესხური ნიჟარები

რუსული ავანგარდული კინოს კლასიკოსმა, დოკუმენტალისტმა ძიგა ვერტოვმა, ოცდაათიანი წლების მიწურულს გადაიღო ფილმი “ადამიანი კინოაპარატით”. ამ სათაურის კორექტირებული ვარიანტი – “ადამიანი ფოტოაპარატით” – ზუსტად მოერგება რობერტ მესხს. უფრო ზუსტი კი იქნებოდა ასეთი მეტაფორული ფორმულირება: “ადამიანი-ფოტოაპარატი”. რაც რობის ვიცნობ, მუდამ ფოტოგრაფიით იყო გატაცებული, ფოტოაპარატს მუდამ თან დაატარებდა. ახლაც ხშირად დებს ფეისბუქზე თავის გადაღებულ ფოტოებს. მისი ინტერესის საგანი სხვებისთვის შეუმჩნეველი დეტალებია.
ეს არ არის უბრალო ჰობი. ჩემი აზრით, რობის ლირიკა და ფოტოგრაფიული ინტერესი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. იმას, რის “ჩავლებასაც” ფოტოაპარატით ვერ ახერხებს (ან ახერხებს, მაგრამ არასაკმარისად ამომწურავად), სიტყვიერ ადეკვატს უძებნის, ლექსად გადმოსცემს ხოლმე. ამ შემთხვევაში მას ფოტოაპარატი არ სჭირდება, ის თვითონ ხდება ერთგვარი “აპარატი”, “დამაფიქსირებელი”. მას, როგორც პოეტს, ლანდშაფტური და ურბანული სურათ-ხატების ლექსად გარდაქმნის ნიჭთან ერთად, აქვს საოცარი უნარი: ნებისმიერი გამვლელის განცდები გაშიფროს, მისი “სულის ფოტოგრაფირება” მოახდინოს და ავტორის პერსპექტივიდან გადმოცემული ბრწყინვალე ლირიკული ნიმუშების საშენ მასალად გამოიყენოს.

 

რობი ბაგებში, სტუდქალაქში ცხოვრობს და სოხუმის უნივერსიტეტში მუშაობს, მისი ყოველდღიური მარშრუტია: ბაგები-მაღლივის ხიდი-ქავთარაძე-პოლიტკოვსკაიას ქუჩა (რომელსაც რობი, ჩემი არ იყოს, ჯიუტად ძველი სახელით – “ჯიქიას ქუჩით” – მოიხსენიებს) და იგივე გზა უკან. ეს მოსაწყენი ლოკაცია მან თავისი პოეზიის უმთავრეს ტოპოსად აქცია. მხოლოდ რობის თუ შეუძლია, ერთსა და იმავე მარშრუტზე ყოველდღიური ოდისეა საინტერესო გახადოს და ყოველ ჯერზე აღმოაჩინოს ისეთი რამ, რაც მანამდე არ აღმოუჩენია. დიდი პოეტური ნიჭი სწორედ ეს არის: არაფერში, სრულიად უმნიშვნელო რამეში, იპოვო ლექსის ინსპირაციის წყარო. მის ლექსებს რომ კითხულობ, გრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ამ სივრციდან იშვიათად გადის და როცა გადის, მაშინაც აქედან უყურებს გარესამყაროს. ეს შემოქმედებით ჩაკეტილობას როდი ნიშნავს – რობის შემოქმედება თემატურად მრავალფეროვანია; უბრალოდ, იმას ვგულისხმობ, რომ ეს ლოკაციაა მისი სახლი, სადაც თავს კარგად გრძნობს და მედგრად უმკლავდება დაკარგული სახლის – სოხუმის – მწვავე ნოსტალგიას. მის ლექსებში სოხუმი, დედის აჩრდილივით, მტკივნეულად გაიელვებს ხოლმე. მისი თითქმის ყველა ლექსიდან ზღვის ხმა და ნიჟარის შიშინი ისმის, ეს, ცხადია, ბგერწერული ეფექტი არ არის, რობის შინაგანი ექოა.

 

ჩემი აზრით, რობერტ მესხი თანამედროვეობის საუკეთესო ლირიკოსია (ამ სიტყვის ავთენტური, ზუსტი გაგებით). ეს არ არის გაზვიადება. პოეზია დიდი ხანია მიწაზე დაეშვა და სულ სხვა რამეებით დაინტერესდა წარმოადგენს. ადამიანის ფაქიზი განცდები (როგორც არ უნდა ჟღერდეს ეს) პოეტების ინტერესის მიღმა, ან თითქმის მიღმა დარჩა. ცხადია, დღესაც არიან კლასიკური გაგებით ლირიკოსი პოეტები, მაგრამ უმეტესობა ყავლგასული პოეტიკის ჩარჩოებშია გამოკეტილი. დავაზუსტებ, რომ აქ მხოლოდ კონვენციურ ლექსს არ ვგულისხმობ – ვერლიბრისტიც შეიძლება იყოს ყავლგასული პოეტიკის ტყვე. კონვენციაშიც და ვერლიბრშიც თავისუფლად შეიძლება იყო დროის ადეკვატური, რასაც რობი ბრწყინვალედ ახერხებს. ის არ არის ერთ რომელიმე ფორმაში გამოკეტილი ანემიური პოეტი, ვერლიბრსაც წერს და კონვენციურ ლექსსაც, ერთნაირად ძლიერია ლირიკასა თუ ნარატივში, აქვს ბრწყინვალე მინიმალისტურები, უმაღლეს დონეზე ფლობს ისეთ მყარ სალექსო ფორმებს, როგორებიცაა ტრიოლეტი და სონეტი. სონეტს სიმბოლისტები პირქუშ გოთიკურ სასახლეს ადარებდნენ, რობის სონეტები კი მოდერნისტული არქიტექტურული ესთეტიკის შუშის გამჭვირვალე შენობებს უფრო ჰგვანან თავიანთი სიფაქიზით. პოეტები, რომლებიც კონვენციურ ლექსებს წერენ, როგორც წესი, ერთ ან რამდენიმე საზომს მიმართავენ ხოლმე, რობის კონვენციური ლექსები კი პროსოდიულადაც მრავალფეროვანია. ვერლიბრებში უყვარს სპორადული რითმების გამოყენება, სილაბურ ლექსში კი სტრიქონების (ძირითადად – ფინალური სტრიქონის) დაკოჭლება. ეს ორი მახასიათებელი (სხვებთან ერთად) მისი ლირიკის განუმეორებელ კოლორიტს ქმნის. თუ ერთხელ მაინც მოისმინე რობის წაკითხული ლექსი, მერე უკვე მის ყველა ლექსს მისივე ხმით კითხულობ.

 

ცალკე უნდა გამოვყო რობის პიროვნული თვისებები: თავის პოეზიასავით სუფთა და ალალი კაცია. მას არ უყვარს ხმაური. ის არ აწუხებს ლიტ. პერიოდიკის რედაქტორებს, რომ დაბეჭდონ, არ აწუხებს ლიტერატურული ელიტის შეფებს, რომ რომელიმე პროექტში ჩართონ, საზღვარგარეთ წაიყვანონ და ა. შ. მისი ნიჭის პოეტს ეს ისედაც ეკუთვნის, მაგრამ ჩუმადაა, რადგან ასეთია. ზუსტად არ ვიცი, რას, მაგრამ ჩვენი ლიტერატურული სამყაროსგან რობი ნამდვილად მეტს რომ იმსახურებს, უეჭველია.

 

მახსოვს, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსებმა ბორჯომში ტყე რომ გადაწვეს, რობერტმა ლექსი დაწერა:

 

 

ხეები

 

/”ხის სიმაღლე მიწის ზევიდან კი არ იზომება, – ფესვებიდან”./
ომში ხეებიც ჯარისკაცებივით იხოცებიან,

ცეცხლის ენებით…

არ ენდობიან მატყუარა სინოპტიკოსებს,

გრძნობენ ხეები,

ამ თვის ბოლომდე მიწას მხოლოდ სისხლი დაალბობს, –

შვლების,

არჩვების,

დაბნეული ხოხბების სისხლი…

ინაცრებიან ცადაწვდილი ასეულები,

ცოცხლად დარჩენილ ჭირისუფლებს –

ფესვებს – დარდობენ…

 

ამ ლექსში, ხეების გლოვაში, მათ გაპიროვნებაში, ჩააქსოვა მთელი თავისი ტკივილი და ის ადამიანური ტრაგედიები, რაც მაშინ დაგვატყდა თავს. სწორედ ესაა მისი ხასიათის და ლირიკის იმანენტური შტრიხი.

 

ბლოგს კი დავასრულებ ნაწყვეტით მისი ლექსიდან “ნიჟარები”:
“… უფერული ღრუბლები,

უსახელო გმირები და

უპილოტო თვითმფრინავები დაფრინავენ

ჩემი სამშობლოს ცაზე.

ჩემს სამშობლოში,

როგორც ექსპერიმენტულ ელექტროღუმელში,

მილეთის მზარეულები ჩამოდიან და

უცნაურ ნამცხვარს აცხობენ:

ერთი მეორედი მე,

ერთი მეორედი შენ,

ერთი მეორედი ის…

(ნახევარი კაციო, რომ იტყვიან!..)

ერთი მეორედი მთვარე

(ცაზე რომ მოჩანს, ის კი არა, – რომ არ მოჩანს),

ნახევარი ჭიქა გესლი,

გესლზე ცოტა მეტი იმედი,

ბებიაჩემი – გასული საუკუნის მრავალწერტილი…

მისი ჩაწურული თვალები

(თუკი ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია)…

კარგად მოვურიოთ,

ვაცხოთ ნელ ცეცხლზე რამდენიმე თვე,

ან რამდენიმე წელი…

ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაფშვნილი მიწა

გაგრიდან,

გუდაუთიდან,

სოხუმიდან,

გულრიფშიდან,

ოჩამჩირიდან,

ტყვარჩელიდან,

გალიდან…

აი ის, ცხვირსახოცებით რომ ჩამოაქვთ

დევნილთა კუბოებზე მოსაყრელად…”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი