პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სასარგებლო თავშესაქცევები ზაფხულისთვის 

ზაფხულში მშობლებს არდადეგების სახალისოდ და საინტერესოდ დაგეგმვის საზრუნავი ემატებათ. ეს შეიძლება დაუკავშირდეს მოგზაურობას, გასართობ ადგილებზე სტუმრობას, სპორტულ სივრცეებს, თუმცა ,,კორონას“ გამო ოჯახების უმრავლესობა საკუთარ გარემოში (სოფლად თუ  ქალაქად) დარჩენას ამჯობინებს. ამიტომაც აქტუალობას იძენს საოჯახო შემეცნებითი-გასართობი თამაშების მოფიქრება.

თამაშების მოგონება შეიძლება რთულ ამოცანად მოგეჩვენოთ,  მაგრამ ამ პროცესში  ჩვენთვის ცნობილი, წაკითხული ან გაგონილი თამაშების, აქტივობების მოდიფიცირებაც იგულისხმება,  ბავშვების ასაკის, ინტერესებისა და ჩვენს ხელთ არსებული რესურსების გათვალისწინებით. განვლილი სემესტრის შემდეგ და ზოგადადაც, ჩვენი მიზანი  კომპიუტერზე მიჯაჭვულობის მინიმუმამდე შემცირებაც უნდა გახდეს.

ვიწყებთ ბავშვის საჭიროებების, ინტერესების განსაზღვრით. გამოგვადგება პირადი გამოცდილებაც – ,,ჩვენი“ თამაშები,  მაგრამ  დავაკვირდეთ, როგორ რეაგირებენ მათზე პატარები. შეიძლება პაპა-ბებიებისა და დედ-მამის საყვარელმა თამაშებმა მათ  ინტერესი არ აღუძრას და ჩვენი მცდელობა უსარგებლო აღმოჩნდეს. ამიტომაც აუცილებელია დაკვირვება.

სახლში არსებული უამრავი ნარჩენით (მუყაოს ყუთები, პლასტმასის ბოთლები, მათი სახურავები, ცარიელი ფლაკონები, ფერადი ნაკუწები, კენჭები, ნიჟარები, საწრუპი ჩხირები, ძველი ტანსაცმელი  და ასე შემდეგ), უსარგებლო ნივთებით შეიძლება საინტერესო თამაშების დაგეგმვა. ბავშვის მოტივაციას ხომ ძალიან ზრდის საკუთარი ხელით შექმნილი საგნები, მათ შორის,  სათამაშოები.

ყველა ასაკობრივ ჯგუფს თავისი გამოწვევა აქვს. სასკოლო მზაობის პროგრამა, ცნობილი მიზეზების გამო,  საბავშვო ბაღებში არასრულფასოვნად წარიმართა. ასეთი ბავშვებისთვის უამრავი თამაში შეგვიძლია ,,გამოვიგონოთ“.  ეს მათ სასკოლო ამოცანებთან გამკლავებაში დაეხმარება.

მომავალი მოსწავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დაკვირვების, შესაბამისობის დადგენის, მეტყველების, შემოქმედებითი, რაოდენობრივი და სხვა უნარების განვითარებას.

შემოთავაზებული თამაშები ამ უნარებზეა ორიენტირებული.

შეურჩიე ადგილი

მოვამზადოთ თაბახის ზომის მუყაოს  3-3 ფირფიტა (იმდენი წყება, რამდენი ბავშვიც უნდა ჩავრთოთ თამაშში). პირველ ფირფიტაზე დავხაზოთ სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურა, მეორეზე – სხვადასხვა ფერით შემოხაზული თანატოლი წრეების კონტურები, მესამეზე – სხვადასხვა ზომის კვადრატები. ფერადი ფურცლების ან  თექის ფირფიტებისგან გამოვჭრათ ამ ფორმებისა და ფერების შესატყვისი თითო ფიგურა. შეიძლება მათი რაოდენობა გავზარდოთ კიდეც, რომ მოთამაშეებს არჩევანი გავურთულოთ. ფირფიტების და დეტალების თითო ნაკრები  მოვათავსოთ ცალკე ფაილში, რომელსაც თამაშის დაწყებისას მაგიდასთან მსხდომ მონაწილეებს დავურიგებთ. ვაძლევთ ინსტრუქციას: გაშალეთ ფირფიტები  და მათზე ასახულ კონტურებზე დაალაგეთ  შესაბამისი ფიგურები. შეიძლება თამაშის გაძღოლა უფროს დას ან ძმას მივანდოთ, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარება კიდეც უმცროსებს და დამატებით ინფორმაციასაც გააცნობს.

ანალოგიური თამაში პირველკლასელისთვის შეიძლება გავართულოთ და შემოსახაზად გვერდების ოდენობის ჩანაწერები დავამატოთ, როგორც ამ სქემაშია:

გეომეტრიულ ფიგურებთან დაკავშირებული შემდეგი აქტივობები შეიძლება ამ ფიგურების გარემოსთან დაკავშირება და შემდეგ  მათი გამოყენებით სხვადასხვა აპლიკაციების შექმნაც იყოს.

ფერების თავგადასავალი

თამაშის მონაწილეებს ურიგდებათ სხვადასხვა ფერის ბარათი. თამაშის წამყვანი დაიძახებს ფერს, მონაწილეები ასწევენ შესაბამის ფირფიტას. თამაშის წამყვანი შეიძლება ვცვალოთ. მომდევნო ეტაპზე დავალება შეიძლება გავართულოთ და მონაწილეებს ფერის შესაბამისი ნივთების ჩამოთვლა ვთხოვოთ.

შემდეგი აქტივობა, რომელიც მათ მეტყველებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში დაეხმარება, „ფერების თავგადასავალი“ შეიძლება იყოს. ბავშვები ინაწილებენ ფერებს; უფროსები იწყებენ თავისი ფერის ამბის მოყოლას. მაგალითად, „მე წითელი ვარ, ყველაზე მხიარული ფერი, ბავშვებს ძალიან ვუყვარვარ, რადგან ვალამაზებ ყაყაჩოებსა და ვარდებს, ლოყებს ვუწითლებ მათ საყვარელ ხილს, წითელქუდას ქუდს ფერს ვაძლევ… მართალია, ტყუილშიც ვამხელ ხოლმე, როცა მთქმელის ლოყებზე გავიშლები, მაგრამ ბავშვებს მაინც ძალიან ვუყვარვარ. ჩვენს დროშაზე თეთრ ფერთან ვმეგობრობ, აბა, თეთრო, შენი ამბავიც გვითხარი!“. და ასე გადასცემენ ერთმანეთს სიტყვას. უმცროსებიც, უფროსების მიბაძვით, შეეცდებიან, შეთხზან თავისი ფერის თავგადასავალი.

ამ თამაშის რამდენჯერმე გამეორება პატარებს საკმაო ონფორმაციასაც მისცემს და შემოქმედებითობასაც განუვითარებს.

საჭირო ჩვევები

თითოეულ მონაწილეს გადაეცემა  პერანგი, რომელსაც რამდენიმე ღილი აქვს შესაკრავი (ხმარებიდან გამოსული პერანგები ყველას მოეპოვება. ღილები და შესაკრავები პერანგს სრულად უნდა ჰქონდეს). მონაწილემ ეს ღილები უნდა შეკრას და გახსნას. შემდეგ შეეცადონ, ერთმანეთის პერანგის შესაკრავებს მეორე  პერანგის  ღილები მოარგონ და პირიქით. აქ უკვე ერთობლივი მოქმედება და ერთმანეთთან თანამშრომლობა დასჭირდებათ.

შემდეგი თასმების გაყრა და შეკვრა იქნება. გამოვიყენებთ თასმიან კედებს ან სხვა ფეხსაცმელს. ფეხსაცმლის მოდელი შეგვიძლია მუყაოთი დავამზადოთ.

თამაშების ამ სერიაში შეგვიძლია, ჩავრთოთ ელვაშესაკრავის შეკვრა-გახსნა,  ჩანთის ჩალაგება-ამოლაგება, შეკვრა-გახსნა და ყველა სხვა საჭირო პროცედურა, რომლიც გვინდა, ბავშვმა დამოუკიდებლად შეძლოს.

რას ვხედავ? რას წარმოვიდგენ?

ეს თამაში პატარას აღწერის, დეტალებზე ყურადღების გამახვილებისა და წარმოსახვის უნარს განუვითარებს. დავალების შინაარსი შეიძლება სულ ვცვალოთ. მაგალითად, რას ხედავ შენი ფანჯრიდან, აივნიდან, ეზოში, ცაში, მარჯვნივ, მარცხნივ და ასე შემდეგ.  შეიძლება გამოვიყენოთ ფოტოები, ნახატები. ბავშვი აღწერს, მაგალითად, ეზოს და ამბობს, რომ „ეზოში არის ხეები და ბუჩქები“. მსმენელები უსვამენ შეკითხვებს, რომლებიც დეტალების დაზუსტებას, ახალი სიტყვებისა და ენობრივი კონსტრუქციების შემოტანას ითხოვს. საჭიროა წარმოსახვის გასააქტიურებელი შეკითხვებიც: რა მოუვა ზამთარში ხეს? ვინ შეიძლება ცხოვრობდეს ხეზე? და ასე შემდეგ.

წარმოსახვისთვის კარგია ცაზე და ღრუბლებზე საუბარი (რას გაგონებენ ღრუბლები? რა იმალება მათ უკან?).

შემდეგში, იმავე თამაშში შემოგვაქვს პირობა: მთხრობელი უნდა შეეცადოს, ისე აღწეროს ხედი თუ სურათი, რომ მსმენელებმა მეტი გაიგონ და ნაკლები კითხვა გაუჩნდეთ.

ეს თავშესაქცევი ყველა ასაკის ბავშვისთვის შეიძლება გამოგვადგეს, თუ  პირობებსაც  მისი განვითარებისა და ინტერესების შესატყვისად შევცვლით (ამინდი, ბუნებრივი მოვლენები, წელიწადის დროები, ქალაქი, სოფელი და სხვა).

 

თამაში ,,ტყუილი თუ მართალი“

ამ თამაშში ოჯახის ყველა თაობა შეიძლება ჩაერთოს. რაოდენობა გადამწყვეტი არ არის, მაგრამ რამდენიმე პირის მონაწილეობით უფრო სახალისოდ წარიმართება.

მონაწილეები რიგ-რიგობით ჰყვებიან თავს გადახდენილ ამბავს. მსმენელებმა უნდა გამოიცნონ, ტყუილია მონათხრობი თუ მართალი. თან დაასახელონ 2 არგუმენტი, რატომ ფიქრობენ ასე.

როცა მოსაზრებას ყველა დააფიქსირებს, მთხრობელი უმხელს ჯგუფს, მართლა გადახდა ეს ამბავი თუ გამოიგონა.

თამაში  უფროსებს საშუალებას აძლევს, წამოიწყონ გულახდილი საუბრები უმცროსებთან;  ერთად იმსჯელონ, რომელი ქცევაა მოსაწონი, რომელი – არა და რატომ;  დისკუსია ბუნებრივად შეეხება შეცდომების დაშვებისა  და მათგან დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას.

 

საზაფხულო სურვილები

ამ ბარათების შესადგენად ძველი გაზეთები და ჟურნალები დაგჭირდებათ. მაკრატელი და წებოც არ დაგავიწყდეთ.

ამოჭრილი სიტყვებით, მარცვლებით, ასოებით, სასვენი ნიშნებითა და წებოთი ოჯახის წევრები ადგენენ 2-3 წინადადებიან ბარათს, რომელშიც მათი საზაფხულო სურვილებია აღწერილი.

„სურვილების კიდობანი” (პატარა ყუთი, ქვაბი ან რაიმე კიდობანი)  სამზარეულოში, ან საერთო სარგებლობის სხვა ადგილას მოთავსდება. „კიდობანი“ ღია იქნება ერთი კვირის განმავლობაში,  მასში საკუთარი სურვილის ჩაგდების უფლება ექნება ყველას.

დათქმულ დროს ოჯახი იკრიბება და განიხილავს ყველა სურვილს. რომელიმე მათგანი კითხულობს თითო  სურვილს და ყველა, მათ შორის, ავტორიც (ოღონდ არ ამხელს ავტორობას), გამოთქვამს მოსაზრებას, შესაძლებლი და მისაღებია ამ სურვილის შესრულება თუ – არა, და რატომ? როდის და როგორ შეუძლია ოჯახს ამ სურვილის გათვალისწინება?

ყველა ბარათზე მსჯელობის შემდეგ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ნაწილობრივ მაინც ყველას სურვილს მოიცავს.

თუ ბარათებში აღმოჩნდა სურვილი, რომელიც ვერ დაკმაყოფილდება,  მეტი განმარტება იქნება საჭირო, რადგან სურვილებს არასდროს აქვს ზღვარი, მაგრამ მათი შესრულებისთვის საჭირო რესურსები ხშირად შეზღუდულია და ამის გათვალისწინება ყოველთვის საჭიროა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი