პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ნუგზარ შატაიძის მოთხრობების ხიბლი

ცოტა უყურადღებო გოგოა ნიცა… ზედმეტად ხალისიანი, მეგობრული და გართობის მოყვარულია და ამ თვისებების გამო გაკვეთილზე ყოფნა ტანჯვაა მისთვის. ხშირად აცდენს სკოლას. არც თავად უარყოფს, რომ სწავლას მეგობრებთან ერთად  გართობა ურჩევნია. მართალია, მეცხრე კლასშია, მაგრამ სულ აქვს რაღაც გასართობი: ნაირნაირი გაჯეტები, კოსმეტიკა-პარფიუმერია, სამკაულები და ზიზილ-პიპილები, ბულვარულ-მოდურ-მომსუბუქო უცხოური ლიტერატურა, სასუსნავები, სასმელები, ფერადი სათამაშოები… უჭირს ორგანიზებული და მობილიზებული მუშაობა, საგაკვეთილოდ მოუმზადებელია, ცდილობს გაკვეთილზე ისეთი თანაკლასელის გვერდით მოკალათდეს, რომელსაც იოლად აიყოლიებს. ლიტერატურის გაკვეთილი სხვას მაინც ყველას ურჩევნია, რადგან აქ ბევრ რამეს ისეთს წაკრავს ყურს, რაც აინტერესებს, მაგალითად: დისკუსიები, მსჯელობები ტექსტებში წამოჭრილ მორალურ-ეთიკურ პრობლემებზე, პერსონაჟების გაორებებსა და ძიებებზე.  ზოგჯერ ისეთ საინტერესო შეფასებებს და არაშაბლონურ თვალსაზრისებს იტყვის, ერთ რამედ ღირს მისი მოსმენა, თანაც მეგობრების დაინტრიგება და დებატებში ჩათრევა შეუძლია, საუკეთესო მაპროვოცირებელია, შეუდარებელი პოლემისტი, მწვავე და უკომპრომისო მოკამათეა, საინტერესო შეფასებები აქვს, ზოგჯერ ექსტრავაგანტური და ეპატაჟური, ზოგჯერ კი – საოცრად მორგებული, უცდომელი და დამაფიქრებელი.

საკმარისია ლიტერატურის გაკვეთილზე გაიგონოს ჯადოსნური სინტაგმა „უცხო ტექსტი“ და ნიცა უკვე შენიანია, ჩანთასა და მერხის ქვეშ მალავს თავის თვალსასეირო რამე-რუმეებს და მთელი გულისყურით ისმენს. ხშირად, როცა ცალკე გავიხმობ და საყვედურებს ვეუბნები უყურადღებობის გამო, თვალები აენთება და სხაპასხუპით, დაბეჯითებით მიმტკიცებს:

  • აი, მას, როცა უცხო ტექსტზე ვმუშაობთ, მაშინ ხომ ყურადღებით ვარ? ყველაფერში ხომ ვმონაწილეობ?
  • ის პროგრამული ტექსტებიც ხომ უცხოა შენთვის თავიდან და ეს შენი ყურადღება რომ სისტემატური და სტაბილური იყოს, უკეთეს შედეგებზე არ გავალთ, ნიცა? – ვეკითხები გულდაწყვეტილი…
  • არა, მას, აი, რა ვქნა? იმ უცხო ტექსტებში ყოველთვის პოულობთ რაღაც ისეთს, განსხვავებულს, არატრადიციულს და მე კიდევ ასეთი აზროვნება მიზიდავს, მილიონჯერ გადაფურცლილ სახელმძღვანელოში თვალშენავლები ტექსტი გაცვეთილი მეჩვენება, სიახლეები მიყვარს, ჩხრეკა და ძიებები მენატრება… ჟრუანტელი მივლის, როცა უცხო ტექსტს ვკითხულობთ, იქ ყოველთვის არის რაღაც ამაღელვებელი, მეჩვენება, რომ ახალი კინო იწყება და მე ველოდები სასწაულს…

სულო ცოდვილო, რა ვქნა, ვერ ვძრახავ ნიცას, მეც ყველაფერს სავალდებულოს ის მირჩევნია, რასაც ჩემით მივაგნებ, აღმოჩენად მექცევა, ჩამითრევს და გამიტაცებს…

აი, ჩემი და ნიცასნაირი სიურპრიზების მაძიებელთათვის ნუგზარ შატაიძის მინიატურული პროზა ზედგამოჭრილია. აქ ყოველთვის იპოვი საკამათოს, ამოსახსნელს, დასაფიქრებელს. თანაც „მოგზაურობა აფრიკაში“ უნდა ვისწავლოთ და ეს მოთხრობა იმდენ აზრთა ჭიდილს იწვევს, ცხარე დებატები იწყება ხოლმე კლასში როგორც მოსწავლეებსა და მასწავლებელს, ისე თანაკლასელებს შორის…

ნუგზარ შატაიძე უკანასკნელი წლების აღმოჩენაა ქართველი მკითხველისთვის და მას  ცუდად იცნობენ ჩვენი ბავშვები. მეექვსე კლასში ვისწავლეთ მისი მოთხრობა „ჩემი სოფლის სამკითხველო“, რომელიც კარგი მასალა იყო სინთეზირების უნარების განსავითარებლად. „მოგზაურობა აფრიკაში“ ბევრი რამის გამო იწვევს ვნებათაღელვას, მაგრამ როცა მოთხრობას და მის პრობლემებს კარგად გაიაზრებენ, მის მიხედვით გადაღებულ გიორგი ოვაშვილის მხატვრულ ფილმ „გაღმა ნაპირსაც“ ნახავენ (რომლის სცენარის ავტორიც თავად ნუგზარ შატაიძე იყო) და დისკუსიებში მოთელავენ ყველა აქტუალურ თემას, მერე  ყველაფერი თავის ადგილას დგება ხოლმე.

ვცდილობ, მხოლოდ 2  მოთხრობით ბავშვებისთვის უცხო და უცნობ ავტორად არ დარჩეს ეს საოცარი ნოველისტი და ნუგზარ შატაიძის კვირეულს ვაცხადებთ ლიტერატურის გაკვეთილებზე. „თედო“, „ტრეფიკინგი“, „ხიზამბარელი“, მამალი ტყუილი“, „გაღმა ნაპირი“ (ამ მოთხრობის სახელი დაარქვა ავტორმა მოთხრობის „მოგზაურობა აფრიკაში“ მიხედვით გადაღებული ფილმის კინოსცენარს და სათაურში გამოტანილი მეტაფორა ოსტატურად მოარგო ქართულ-აფხაზური კონფლიქტის რეალობას)…

საიდანღაც წავაწყდით მოთხრობას უცნაური სათაურით „გეგათ ოლა“… მოთხრობამ იმდენი საკამათო და საფიქრალი გააჩინა კლასში, რომ ნამდვილად ღირდა მის პრობლემებზე განსჯები…

მოთხრობის ფაბულა ასეთია: ტყეში სატაცურის საკრეფად წასული მოხუცი ქალი, გეგათ ოლა, ტაფობზე საშიშ ყაჩაღებს, ვანოს და ილოს, გადაეყარა. დამშეულმა ყაჩაღებმა დედაბერს საჭმლის მოტანა სთხოვეს. ოლამ საგულდაგულოდ გაამზადა გლეხისთვის ძნელად გასამეტებელი მდიდრული სადილი და ბიჭებს აუტანა. სიტყვა არავისთან დასცდენია. ეს აპრილის თვეში მოხდა. ოლას ყოველდღე აგონდებოდა ბიჭები და  უფალს ავედრებდა მათ. სოფლელებისგან იცავდა, ყველაფერს ამ ორს ნუ აბრალებთო.

შემოდგომით ოლამ გაიგო, რომ ყაჩაღები უცნაურად დახოცილან: ერთმანეთისთვის პირში იარაღი ჩაუდიათ,  ერთდროულად გამოუკრავთ ჩახმახები და ერთმანეთი დაუხოცავთ. მთავრობიდან მათ მტერ ზახარ გორგიჯანოვს კი მათთვის თავები დაუჭრევინებია და გვამები გზაზე დაუყრია, თანაც სოფლისთვის შემოუთვლია, მათი დამარხვა არავინ გაბედოს, თორემ აგიკლებთო და დაშინებულმა სოფელმაც, სურვილის მიუხედავად, ყაჩაღების დამარხვა ვერ გაბედა.

ოლა საგანგებოდ წავიდა, ტყეში ღამე გაუთია დახოცილ ყაჩაღებს, ბუზები და სვავები მოუგერია, დილას კი სოფლის სანახიროზე შეყრილ დაშინებულ კაცებს თავისი ნიფხავი გადაუგდო და უთხრა: აი, ეს ნიფხავი დაჭერით და თავებზე დაიხურეთ, ან წადით და ის ბიჭები დამარხეთო. გაოგნებული და დაშინებული სოფლელები გამოერკვნენ, ნელ-ნელა წელში გაიმართნენ, რაღაცნაირად „მხრებგამართულებმა და სიმხნევის შუქით სახეგანათებულებმა“ ბარ-ნიჩბები აიღეს და გაეშურნენ ცხედრების დასამარხავად.

მოთხრობის სიუჟეტმა და მთავარმა იდეურმა ქვეტექსტებმა აზრთა სხვადასხვაობა და მწვავე დებატები გამოიწვია კლასში.

  • რამდენად სწორად მოქცა გეგათ ოლა, როცა საშიშ კრიმინალებს სადილი აუტანა? ან რამდენად მართალი იყო ის, როცა მათზე ლოცულობდა და სხვებისგან იცავდა მათ მაშინ, როცა თავადაც იცოდა, რომ მძიმე დამნაშავეები იყვნენ?
  • რად უღირდა ოლას შვილებთან და შვილიშვილებთან დაპირისპირება?
  • უნდა დაემარხა სოფელს ყაჩაღები პატივით თუ არა?
  • რასთან იყო დაკავშირებული მიცვალებულთა გაპატიოსნება?
  • რამდენად მისაღები იყო ოლას საჩოთირო საქციელი კაცების შესარცხვენად?
  • რისგან იხსნა ოლამ სოფელი?
  • რა ღირებულებებზეა საუბარი მოთხრობის სიუჟეტში და რას ასწავლიან მკითხველს მოთხრობის გმირები?

ეს ის მიმართულების მიმცემი კითხვებია, რომლებიც ერთად  ჩამოვაყალიბეთ და მათზე პასუხებმა ამოწურა კიდევაც მოთხრობაში წამოჭრილ პრობლემებზე სასაუბრო.

ბავშვების ნაწილი დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ კრიმინალებისთვის საჭმლის მირთმევა, მათთან რამენაირი კონტაქტი, თანამშრომლობა, მათი დაცვა კრიმინალის რომანტიზებაა და სახიფათოა. მეორე ნაწილი კი ტექსტიდან მოხმობილი დამაჯერებელი არგუმენტებით ასაბუთებდა, რომ ოლამ სიტყვის უთქმელად რაღაც ისეთი იგრძნო და შეიცნო, რასაც ყველა ვერ მიხვდება. მან დაინახა ამ ადამიანების ტრაგედია, რასაც მოწმობს მათი აღსასრულიც. ახალგაზრდა ყაჩაღებმა  თავები დაიხოცეს, ანუ მათთვის ცხოვრება ტანჯვად იყო ქცეული და, სავარაუდოდ, ისინი უსამართლობის, ძალმომრეობის, უიმედობის, შიშის გამო იყვნენ გარიყულნი საზოგადოებიდან, როგორც ილიას „სარჩობელაზედ“ გმირები, ბეჟანა და მისი ძმა.

ყაჩაღთა ცხოვრებაზე ბევრი ტექსტი მოგვითხრობს. ეს თემა პოპულარულია მსოფლიო ლიტერატურაში. გავიხსენოთ ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები“, ილიას „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“, მისივე „სარჩობელაზედ“, მიხეილ ჯავახიშვილის „არსენა მარაბდელი“, ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“ და ბევრი სხვა ნაწარმოები, რომელთა მიხედვითაც  ყაჩაღობა სულაც არ იყო ადამიანის არჩევანი, არც მისი კრიმინალური ბუნების გამომხატველი, არამედ ეს იყო იძულება, პროტესტი, ბრძოლის გზა, სრული ბანკროტი, ყაჩაღისთვისვე საშიში და დამღუპველი, წინასწარვე განწირული გზა, რასაც ყველა აცნობიერებდა. ყაჩაღებს ეპოქები შობდნენ, პოლიტიკური სისტემები შობდნენ, უსამართლობისა და დაუცველობის გარემო შობდა…

ოლას არ უთანამშრომლია მათთან, შეიცოდა ისინი. ასევე გავიხსენეთ მეშვიდე კლასში ნასწავლი რეზო ჭეიშვილის მოთხრობა „სურათებიანი წიგნი“, სადაც მოძალადე ბიჭი საუბრობს იმ სულიერ ტკივილსა და  ფსიქოლოგიურ ტრავმებზე,  მძარცველი რომ განიცდის. ოლა ჰუმანიზმის სიმბოლოდ დახატა მწერალმა. მან ბოლომდე შეიცნო ვანოს და ილოს სულში დატრიალებული ჯოჯოხეთი, ამიტომაც იხსენიებდა მათ ლოცვებში შვილებთან ერთად. ოლასთვის მთავარი პრინციპები იყო სათნოება და სამართლიანობა. მშიერს უნდა აჭამო და მიცვალებული უნდა გააპატიოსნო! ეს ურყევი ღირებულებები იყო ოლასთვის, იმდენად გამჯდარი ძვალ-რბილში, რომ მათი ღალატი ვერ წარმოედგინა. გარდა ამისა, ოლა ამაყი, მამაცი, შეუპოვარი ადამიანია, მისთვის ღირსების შემლახველია ზახარ გორგიჯანოვის მუქარა. თვით სახელი ზახარ გორგიჯანოვიც მიუთითებს, რომ რუსული იმპერიული მახინის სიმბოლოა ეს ადამიანი, რომელიც  თავისი ბრძანებით უკვე დახოცილ ყაჩაღებს კი არ სჯის სამაგალითოდ (თავმოჭრილ მიცვალებულს რაღა დასჯა უნდა!), არამედ თავისი ბრძანებით, სოფლის ღირსებას ლახავს, დაშინების, ტერორის ატმოსფეროს ქმნის, რასთან შეგუებაც სოფლისთვის დამამცირებელია. სოფელმა თავისი უბედური შვილები უნდა დამარხოს! – ეს ოლასთვის ადამიანური ღირსების საკითხია.  დაშინებული ვაჟები, კოლა და გოგია, ოლას მოთხოვნაზე, რომ ბიჭები დაემარხათ, პასუხობდნენ: „რა უნდაო, ციხეში ხო არ უნდა ამოალპობინოს ჩვენი თავი გორგიჯანოვსაო!“ ოლას არ ეშინია და ამით სოფელსაც ამხნევებს, სირცხვილისა და უხერხულობისგან იხსნის. ის ნამდვილი ლიდერია, „კაი ყმაა“, ვაჟას ენაზე რომ ვთქვათ, „სწორს ფიქრს აძლევს თემ-სოფელს“…

სანამ ამ მოთხრობას წავიკითხავდით, ვისწავლეთ ოთარ ჭილაძის „ადამიანი გაზეთის სვეტში“, რომლის გმირთან, კრუს ხიმენესთან, ოლას მსგავსებაც ბუნებრივად დაინახეს მეცხრეკლასელებმა. ორივე გმირს შეუძლია მეორე მხარეს მდგომ ადამიანში ღირსება, სიკეთე და პიროვნული ინტერესები დაინახოს. ორივეს აქვს პრინციპები, რომლებსაც ვერ ღალატობენ, უცვლელი ადამიანური კოდექსები. მაგალითად ეს: მნიშვნელობა არ აქვს, სხვა მაინც დახოცავს პანამელ პატრიოტებს თუ არა, კრუსს არ შეუძლია მათი დახოცვა. ამით ის ხომ თუ პანამელებს ვერა, საკუთარ სულს მაინც იხსნის? თანაც ჩაგვრისა და ძალმომრეობის სიმწვავეზე დააფიქრებს ყველას. ოლასაც ღრმად სწამს, რომ დამშეული უნდა დააპურო, ვინც არ უნდა იყოს ის და მკვდარი უნდა დამარხო, როგორი ცოდვილიც არ უნდა იყოს, ხოლო ხელისუფლის მუქარამ ვერ უნდა გათქმევინოს უარი საკუთარ პრინციპებზე.

ნუგზარ შატაიძის მოთხრობების უმთავრესი ხიბლი მათ გულწრფელობასა და სისადავეშია. ნებისმიერ მოთხრობაში, სადაც არ უნდა ხდებოდეს მოქმედება, სოფლად თუ ქალაქად, რომელ  კუთხესაც არ უნდა ეკუთვნოდნენ პერსონაჟები, ისინი იქაურ ენაზე საუბრობენ და ამ საუბარში ცნაურდება იმ მიკროკოსმოსის მთელი კოლორიტი. ყოველგვარი გაპრანჭვისა და მიკიბ-მოკიბვის გარეშე თავისი გმირების ქმედებებში ავტორი უაღრესად ჰუმანისტურ იდეებს აქსოვს, სიყვარულის, სიკეთის, მოყვასზე ზრუნვის გასაოცარ მაგალითებს აჩვენებს და ეს ყველაფერი გადამდებია, დამაფიქრებელი, სულისშემძვრელი.

მასწავლებლებს ვურჩევ, რომ სასწავლო პროგრამებში ჩართონ ნუგზარ შატაიძის რაც შეიძლება მეტი მოთხრობა. გარდა ჰუმანისტურ პრობლემებზე დაფიქრებისა, თანამედროვე ბავშვებს ეს ავტორი საოცარი დამაჯერებლობით უცოცხლებს სხვადასხვა ეპოქებს, კუთხეებს, ტრადიციებს, ადამიანთა ხასიათებს. რევაზ ინანიშვილის არ იყოს, ერთი მოთხრობის ფინალში რომ წერს, ჩემს შვილს ვუკითხავ ახალ ნაწარმოებს და მისი რეაქციის მიხედვით ვხვდები, მკითხველი ჩემს ტექსტს როგორ მიიღებსო, მე ნიცას რეაქციის მიხედვით ვხვდები, როგორ ზემოქმედებას ახდენს ესა თუ ის ტექსტი ბავშვებზე. „გეგათ ოლა“ რომ დავასრულეთ, ნიცა მოვიდა, თვალებში ჩამხედა და ჩვეული სისხარტით მომაყარა:

  • აი, როგორ გისმენდით, არ იცით, მასწ, ძალიან მომეწონა მოთხრობა, აი, ძალიან, ოლას მარანშიც კი ვიყავი და ყველაფერი იქიდან დავინახეო…

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი