პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

დისტანციური სწავლება- სიახლე და გამოცდილება

გარემო, რომელშიც მოსწავლეები იძენენ ცოდნას, ეცნობიან სამყაროს, იზრდებიან ფიზიკურად და სულიერად, ბოლო დროის მოვლენებმა ძალიან შეცვალა. შესაბამისად, საჭირო გახდა იმ ახალი გზების პოვნა, რომლებიც არ დააბრკოლებს სწავლების პროცესს და ხელს შეუწყობს, რომ ყველა წინააღმდეგობა ბუნებრივად, ლაღად და იოლად, ზედმეტი გართულების გარეშე გადაილახოს. გუშინ ჯერ კიდევ თავისუფალი ღია სასწავლო სივრცე, რომელსაც არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა, დღეს შეცვალა ერთგვარად ჩაკეტილმა, დახშულმა, თითქოს ჰაერისგან დაცლილმა გარემომ, რომელმაც მასწავლებელი – კოლეგებს, ხოლო მოსწავლე თანატოლებს მოსწყვიტა და ჩვეულ სოციალურ კონტექსტს მოაშორა.

კონკრეტულ სასწავლო ამოცანებთან ერთად მასწავლებელს ახალი საფიქრალი გაუჩნდა: როგორ ჩაანაცვლოს ცოცხალი სიტყვა, რომელიც ინტერნეტით, სხვადასხვა ციფრული პროგრამით გაშუალებული, რა თქმა უნდა, კარგავს ფერსა და სიცინცხლეს, იმ მუხტსა და ენერგიას, მხოლოდ სიტყვის წარმომთქმელ ადამიანთან უშუალო კონტაქტისას რომ იბადება. რასაკვირველია, ამასთან ერთად, ფერმკრთალდება ხმის ნიუანსობრივი ტონალობა და ვიბრაციაც, რომელთა საშუალებითაც მასწავლებელი ახერხებდა ქვეტექსტური ინფორმაციის გადაცემას. არა მხოლოდ ხმის, არამედ მზერისა თუ ჟესტ-მიმიკის ნაირფეროვანი პალიტრაც აღარ არის ისეთი აქტუალური ონლაინურთიერთობისას.

ამას ემატება ვიდეოსაუბრისთვის დამახასიათებელი დაღლილობა.

ერთი შეხედვით, ასე არ უნდა ყოფილიყო – ცოცხალ კონტაქტს ხომ კლასის ორგანიზაციისა და კომუნიკაციის მოსაწესრიგებლად მეტი საზრუნავი მოაქვს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, საქმე ასე მარტივად არ არის. ვირტუალურ სივრცეში გამართული გაკვეთილები, ჯგუფური საუბრები თუ ვიდეოშეხვედრები საოცრად ღლის და ფიტავს მონაწილეს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს სწორედ იმ არავერბალურ ნიშნებთანაა დაკავშირებული, რომლებიც ვირტუალური კავშირისას იკარგება. ესენია: სახის გამომეტყველება, სხეულის ენა, ხმის ტონი – რომლებიც ვიდეოსა და მიკროფონის საშუალებით ცხადად, ნათლად, ნიუანსირებულად არ გადაიცემა, შეიძლება ითქვას, დანაკარგის გარეშე არ კონვერტირდება. არადა, ჩვენ, ვიდეოგაკვეთილის მონაწილენი, მასწავლებელიც და მოსწავლეებიც, არაცნობიერად დიდ ენერგიას ვხარჯავთ სწორედ იმაზე, რომ გავშიფროთ არავერბალური სიგნალები. ფიზიკურად კი ვართ დაშორიშორებულნი, მაგრამ გონებრივად ერთ ვირტუალურ სივრცეში ვიმყოფებით. ეს კი ერთგვარ მატერიალურ-სულიერ დისონანსს იწვევს. ვიდეოგაკვეთილის მონაწილენი ვერ ახერხებენ ბუნებრივ მოდუნებას. სტატიკური მდგომარეობა, ერთგვარი გაშეშება მძიმე ტვირთად რომ არ იქცეს, ერთადერთი გამოსავალია, შემცირდეს უწყვეტად მიმდინარე ვიდეოსაუბარი და გაჩნდეს უფრო მეტი შესვენების შესაძლებლობა, რათა მცირე ვარჯიშით, სხეულის მოძრაობით გადაილახოს მოდუნება.

მასწავლებლის შემოქმედებითობა სწორედ ამ დროს იძენს განსაკუთრებულ ღირებულებას – შექმნილი ვითარება მან არა სასწავლო პროცესის ჩასაკლავად, არამედ, პირიქით, ახალი პლატფორმების შესაქმნელად უნდა გამოიყენოს. მსოფლიოში და საქართველოშიც ამის უკვე არაერთი მაგალითია. ამიტომ ნებისმიერ პედაგოგს შეუძლია, სხვათა ნაფიქრი თუ პრაქტიკულად განხორციელებული სასწავლო მეთოდები და სტრატეგიები თვითონაც გამოიყენოს და დროებითი წინააღმდეგობები კრიზისული ვითარების დასაძლევი გამოცდილების ნაწილად აქციოს.

მოზარდები, რომლებიც თანატოლებს არიან მოწყვეტილნი, სოციალური ქსელებითა თუ სატელეფონო მესიჯებით ინაზღაურებენ ცოცხალი კონტაქტის დანაკლისს. მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს, რომ მოსწავლეებს კვლავ ჰქონდეთ საინტერესო და მრავალფეროვანი ურთიერთობა, რომელიც წინასწარ დასახულ სასწავლო მიზანს ემსახურება. მან ხელი უნდა შეუწყოს, რომ როგორც ჩვეულებრივ საკლასო ოთახში მუშაობდნენ მოსწავლეები სხვადასხვა თემის, საკითხისა თუ მნიშვნელოვანი პრობლემის განხილვისას ინდივიდუალურად, წყვილებად თუ ჯგუფებად, ახლაც შეძლონ ამგვარი ერთობლივი მუშაობა და კონკრეტული ამოცანები კვლავაც ერთმანეთის მხარდაჭერით, განსხვავებულ კრიტიკულ თვალსაზრისთა ხალისიანი გაცვლა-გამოცვლით ამოხსნან.

ამ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციის მოპოვების, შერჩევის უნარს. არც ადრე და არც ახლა მხოლოდ მასწავლებელი არ უნდა იყოს საჭირო ინფორმაციის მატარებელი, ერთადერთი ეჭვმიუტანელი წყარო განათლებისა. ასეთ წყაროდ ელექტრონული წიგნები, აუდიო- თუ ვიდეომასალებიც უნდა იქცეს. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, საიდან მოიპოვებს მოსწავლე საჭირო, ღირებულ და სასწავლო მიზნის შესაფერის ინფორმაციას. მთავარია, როგორ მოექცევა მას. ეს უნარი სხვადასხვა საგნის გაკვეთილებზე ყალიბდება და საშინაო დავალების შესრულებისას გამოიყენება.

თანამედროვე მასწავლებელმა მოსწავლეს ერთგვარი საინფორმაციო გემოვნება უნდა ჩამოუყალიბოს და დაუხვეწოს, განუვითაროს ისეთი მოთხოვნები, რომლებიც ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივი ნორმების შესაბამისი იქნება. არანაკლებ მნიშვნელოვანია დროის ეფექტური განაწილებისა და გამოყენების უნარის გამომუშავებაც, რადგან ინფორმაციის ნაკადების სიჭარბე ხშირად იწვევს დროის შეგრძნების დაკარგვას, უსარგებლო ინფორმაციის ოკეანეში ჩაყვინთვას მოჩვენებით მნიშვნელოვანი რესურსის ძიებაში.

დღეს საუბრობენ პიროვნების ერთგვარ საინფორმაციო კულტურაზე, რომელიც მოსწავლეს არა მხოლოდ გაკვეთილზე, არამედ არასაგაკვეთილო დრო-სივრცეშიც უნდა განუვითარდეს. მას დაწყებითი კლასიდანვე უნდა გამოუმუშავდეს ინფორმაციის ზღვაში ორიენტირების უნარი, კარგის, სასარგებლოს ცუდისა და უსარგებლოსგან გარჩევის ჩვევა.

ვირტუალურ სამყაროშიც, ისევე როგორც რეალურში, მოქმედებს ქცევის ერთგვარი ეტიკეტი, რომლის ძირითად პუნქტებად შეიძლება გამოიყოს შემდეგი:

  • გახსოვდეს, რომ ადამიანს ელაპარაკები;
  • ქცევის ისეთივე სტანდარტი დაიცავი, როგორიც რეალურ სამყაროში არსებობს;
  • გახსოვდეს, რომ კიბერსივრცეში იმყოფები;
  • გაუფრთხილდი როგორც საკუთარ, ის სხვის დროს;
  • სწორად გამოიყენე შენი და სხვისი შესაძლებლობები;
  • იყავი გულწრფელი, რომ დაგიჯერონ;
  • დაეხმარე სხვებს, როგორც შეგიძლია;
  • არ გამოიწვიო კონფლიქტი;
  • დაიცავი პირადი მიმოწერის ეთიკა.

ეს იგივე წესებია, რომლების მსჭვალავს ცივილიზებული საზოგადოების კულტურას. კიბერსივრცეში, რეალურის მსგავსად, არსებობს საფრთხეები, რომლებიც ჯერ კიდევ მოუმწიფებელ, ჩამოუყალიბებელ მოზარდებს ემუქრება. ისინი ყველაზე მოწყვლადი სამიზნე ჯგუფები არიან, რადგან იოლად ექცევიან გავლენის ქვეშ, ვერ ფლობენ საკუთარ თავს, ჩამოყალიბებული არ აქვთ ქცევისა და აღქმის ადეკვატური სქემები. მოზარდები აქტიურად იკვლევენ ცხოვრებას, მათ შორის – ინტერნეტის საშუალებითაც. მათ მგრძნობელობას, იმპულსურობას, რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ ვებდიზაინერები, რომლებიც ფერად-ფერადი აპლიკაციებით ცდილობენ მათი ყურადღების მიზიდვას, საბოლოოდ კი მოზარდები სხვადასხვა შეუფერებელ საიტზე ხვდებიან. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში იხვეწება, იზრდება და მრავალფეროვანი ხდება ე.წ. ვირტუალური აგრესორების რიცხვი და მათი ზემოქმედების მასშტაბიც ფართოვდება.

მასწავლებელი თავად უნდა ფლობდეს ნებისმიერი სახის ინფორმაციასთან მუშაობის უნარს, უნდა შეეძლოს არჩევა, სისტემატიზება, სტრუქტურირება – მხოლოდ ასე თუ შეძლებს, მოსწავლეებსაც შთაუნერგოს ვირტუალურ სივრცეში ორიენტირების პრინციპები. ონლაინსწავლების პოპულარობა თანდათან იზრდება და უამრავი ადამიანის ყურადღებას იქცევს.

ინტერნეტის საშუალებით სწავლების პროცესი უფრო და უფრო მდიდრდება სიახლეებით და საინტერესო ხდება, რადგან ამგვარად სწავლა არა მხოლოდ პოპულარულია, არამედ მოხერხებულიც. საზოგადოდ, ონლაინსწავლება სასწავლო პროცესის დაგეგმვის მეტ საშუალებას იძლევა. მშობლებიც უფრო აქტიურად ერთვებიან პროცესში, რადგან შვილებზე მეთვალყურეობისა და კონტროლის მეტი საშუალება აქვთ.

ონლაინსწავლებისას სასწავლო რესურსებზე წვდომაც გაიოლებულია. სხვადასხვა საძიებო სისტემა პედაგოგს საშუალებას აძლევს, უფრო სწრაფად და კომფორტულად მოიძიოს სასურველი ინფორმაცია. შესაბამისად, უკეთ წარმოჩნდება, რა უპირატესობა აქვს ახალი გზით სწავლებას ტრადიციულთან შედარებით. უფრო სწრაფად მოძიებული მასალა შეიძლება ასევე სწრაფად დამუშავდეს, კლასიფიცირდეს ონლაინინსტრუმენტების საშუალებით და მოსწავლეთა უშუალო მონაწილეობით.

 

ონლაინსწავლებაც, როგორც ნებისმიერი სიახლე, რა თქმა უნდა, თანდათან უფრო დაიხვეწება. ყველა საგნის მასწავლებელი თავისი გამოცდილების საფუძველზე ინდივიდუალურად დაამუშავებს იმ მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომლებიც მისი საგნის ეფექტური სწავლებისთვის იქნება შესაფერისი. ერთგვარი ფორსმაჟორული ვითარება, რომელმაც პედაგოგი უცხო და მოულოდნელი ამოცანების წინაშე დააყენა, როგორც ჩავლილმა დღეებმა აჩვენა, ახალი უნარ-ჩვევების შეძენის მაპროვოცირებელ ძალად იქცა. ყველა, მათ შორის – სკეპტიკოსებიც, რომლებიც ინტერნეტის სასიკეთოდ გამოყენების შესაძლებლობას ეჭვის თვალით უყურებდნენ, დარწმუნდა, რომ აზრი უნდა შეიცვალოს. სხვადასხვა საძიებო სისტემა პედაგოგს საშუალებას აძლევს, სწრაფად და მიზანმიმართულად მოიპოვოს აუდიო-, ფოტო- და ვიდეომასალა მრავალფეროვანი სლაიდშოუების დასამზადებლად. არსებობს უამრავი პროგრამა, რომლებიც პედაგოგს ტესტირების სწრაფ, მოქნილ, მრავალფეროვან გზებსა და საშუალებებს სთავაზობს. მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობაშიც განსხვავებული ნიუანსები ჩნდება. ყოველდღიური სასკოლო რუტინა, ნებით თუ უნებლიეთ, გადახალისდება. სიახლეებს, რომლებიც სწრაფად მოჰყვა ბოლო დროის მოვლენებს, სკოლა და, საზოგადოდ, თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა შეხვდა როგორც მნიშვნელოვან გამოწვევას. პროცესს კი, რომელიც ტრადიციისა და ნოვაციის მუდმივ სინთეზს გულისხმობს და ისედაც მიმდინარეობს ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ, სასკოლო სივრცე სასარგებლო გამოცდილებად აქცევს
.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი