შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

თუ გვსურს ჩვენი შვილი ჯანმრთელი იყოს

მშობლის როლი მოზარდის ალკო და ნარკოდამოკიდებულების პრევენციაში

აზარტულ თამაშებზე, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ბავშვებსა და მოზარდებს, მათ მშობლებსა და ახლობლებს საქართველოში ახალი ცხელი ხაზის – 111-ის საშუალებით ფსიქოლოგის უფასო დახმარების მიიღება შეუძლიათ. ასეთი დახმარება უკვე 300-ზე მეტ ოჯახს გაეწია.

მანამდე კი ზრდასრულებს უნდა გვახსოვდეს, რომ მოვლილი, კარგად აღზრდილი და ყველაფრით უზრუნველყოფილი ბავშვიც კი შეიძლება იყოს მარტოსული და სწორედ ეს იქცეს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მიზეზად.

სამწუხაროდ, მშობლები ხშირად ზედმეტი თავგამოდებით ვცდილობთ, ჩვენმა შვილებმა რაც შეიძლება ნაკლები ცხოვრებისეული შეცდომა დაუშვან, ჩვენი მზრუნველობით ვუზღუდავთ თავისუფლებას, ვურღვევთ უფლებებს, მერე კი გულწრფელად გვიკვირს, რატომ გახდა ასეთი გულგრილი სხვების მიმართ, რატომ ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას და რატომ აშინებს სიცოცხლე სიკვდილზე მეტად.

ასე აღზრდილი ბავშვები დროულად ვერ იძენენ მათთვის საჭირო გამოცდილებას, არ იციან, როგორ მიიღონ ახალი გამოწვევები, გაუმკლავდნენ სირთულეებს, მათ შორის – ალკოჰოლსა და ნარკოტიკებთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომლებსაც ადრეულ ასაკშიც კი შეიძლება ლეტალური შედეგი მოჰყვეს.

ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება ბავშვებსა და მოზარდებთან ხშირად ცვლის პიროვნების ჩამოყალიბების ვექტორს, ადამიანის მთელ ცხოვრებას, მის სოციალურ და ჯანმრთელობის მდგომარეობას, სირთულეებს უქმნის ოჯახში და რიყავს საზოგადოებისგან.

ბავშვები სხვადასხვა ასაკში და სხვადასხვა მიზეზით იწყებენ ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარებას. ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი ცნობისმოყვარეობით გამოწვეული ექსპერიმენტირებაა, „საკუთარი თავის გამოცდა“, „არჩამორჩენა“ სხვა ბავშვებისგან, რომლებმაც უკვე დააგემოვნეს ისინი.

შესაძლოა, ამ ნივთიერებებით დაინტერესების მიზეზი მოწყენილობაც იყოს. ბევრს მიაჩნია, რომ რომელიმე ნივთიერების მიღებით გამოიკეთებს განწყობას, გახდება ხალისიანი, თვითდაჯერებული, უკომპლექსო.

ზოგი დარწმუნებულია, რომ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებით გაიუმჯობესებს გარე სამყაროსთან კომუნიკაციის უნარებს, გაიმარტივებს ურთიერთობას იქ, სადაც ურთულდება, ზოგისთვის კი ნარკოტიკები და ალკოჰოლი იმ კულტურული გარემოს მნიშვნელოვანი ატრიბუტი ხდება, რომელშიც ახლა ტრიალებს.

ფსიქოაქტიური ნივთიერებებისთვის დამახასიათებელია ადამიანის ცხოვრებაში ჩვევად, დამოკიდებულებად განმტკიცება. დროთა განმავლობაში მომხმარებელი, როგორც წესი, კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე და მაშინღა აცნობიერებს პრობლემას, როდესაც „წამლის“, ალკოჰოლის გარეშე არსებობა აღარ ძალუძს.

ბავშვისა და მოზარდის შემთხვევაში საკუთარი ძალების მობილიზებით მოხმარებაზე უარის თქმა პრაქტიკულად შეუძლებელია. აუცილებელია მშობლის, მეგობრებისა და ექიმების დახმარება. გამოსავალი ყოველგვარი მდგომარეობიდან არსებობს, ასე რომ, მშობელმა იმედი არ უნდა დაკარგოს.

ვიდრე ექიმს მიმართავდეთ, დაფიქრდით და გაიაზრეთ, რატომ დაიწყო მოზარდმა ნარკოტიკებისა თუ ალკოჰოლის მოხმარება, რა იყო ამის მთავარი მიზეზი. ეს მშობლებს მასთან ურიერთობაში დაგვეხმარება, ექიმს კი – სწორი სამკურნალო სტრატეგიის შერჩევაში.

ამ თემებზე ბავშვებსა და მოზარდებთან საუბრის გაბმა რთულია, ზოგჯერ ინფორმაციის უქონლობის გამო – უხერხულიც, მაგრამ არსებობს ინტერნეტი, სადაც უამრავი რამ წერია ჩვენი დროის ნარკოტიკების შესახებ.

მოზარდმა უნდა იგრძნოს, რომ ერკვევით იმაში, რასაც სთხოვთ. ის უნდა მოგენდოთ. გულდასმით მოუსმინეთ მის ისტორიას, ეცადეთ გაუგოთ და პატივი სცეთ მისი გრძნობების. არ გაკიცხოთ ის და ვიდრე რამეს მოიმოქმედებდეთ, ზედმიწევნით გაარკვიეთ, რა მოხდა მის ცხოვრებაში ნივთიერებების მოხმარებამდე.

უამრავი კვლევა ადასტურებს, რომ ნარკომანიის ტენდენციის მთავარი მიზეზები ოჯახიდან მოდის. ოჯახური სიტუაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის საწყის ადგილს იკავებს ბავშვის ქცევის ბუნებისა და მოდელის ჩამოყალიბებაში. მშობლების უყურადღებობა ბავშვის მიმართ, დაძაბული ურთიერთობა ოჯახის წევრებს შორის, ოჯახში ერთგვარი წესებისა და დისციპლინის არარსებობა, „მიშვებულობა“ ან არასრული ოჯახი ქმნის ისეთ პირობებს, სადაც მოზარდს გზა ეხსნება და ძლიერი ბიძგი ეძლევა არასწორი მოქმედებისკენ, მათ შორის – ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებისკენ.

მაგალითად, ქართულ სინამდვილეში საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როდესაც მოზარდი ნარკოტიკებისადმი ინტერესს მაშინ იჩენს, როდესაც მისი ოჯახის რომელიმე წევრია მომხმარებელი და მიუხედავად იმისა, რომ არცერთ მომხმარებელ მშობელს არ სურს, მისი შვილი იმავე გზას დაადგეს, რამის შეცვლა შეუსრულებელ ამოცანად ექცევა.

ქართული ოჯახებში გიხილება კიდევ ერთი ფაქტორი, რომლის გამოც ბავშვები მომხმარებლები ხდებიან – მშობლების მოუცლელობა. დედ-მამა ოჯახის გამოკვებას უამრავ დროსა და ენერგიას ახარჯავს, ბავშვის ცხოვრებას კი საკმარისად ვეღარ აკონტროლებს.

არსებობს მეორე უკიდურესობაც, როდესაც ბავშვის ყველა კაპრიზი მშობლისთვის პატარაობიდანვე კანონია. ბავშვიც მისთვის უცნობი ემოციების მისაღებად რისკზე მიდის. ფსიქოაქტიური ნივთიერებების შეძენა ონლაინ სივრცეში ადვილია, თუ ამ მხრივ კრეატიულად მოაზროვნე მეგობრებიც გყავს.

ზოგჯერ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების მიზეზი დიდი წნეხია, რომელსაც ბავშვი ოჯახისგან იღებს: ინტელექტუალური კონფლიქტი მშობლებსა და შვილს შორის, მშობლების უყურადღებობა ბავშვების ინდივიდუალური და გონივრული მოთხოვნებისადმი, დამცირება და აგრესია, მშობლების მხრიდან ბავშვების გაღიზიანება და მთელი წყება სხვა ფაქტორებისა, რომლებიც ხელს უწყობს ნარკომანიას და ალკოჰოლიზმს.

ამრიგად, მშობელთა ჩვევები, მათი ცხოვრების წესი, მათი ურთიერთობები ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებიც ბავშვებსა და მოზარდებში ნარკომანიის პრევენციის ჭრილში განიხილება. მშობლებს შეუძლიათ, გააუმჯობესონ თავიანთი საგანმანათლებლო უნარები, მისცენ ღირსეული განათლება შვილებს და ამით აუმაღლონ თვითშეფასება, მისცენ სწორი ცხოვრების უნარ-ჩვევების პირადი მაგალითი, გაუზიარონ თავიანთი ღირებულებები, რაზეც მსჯელობა მოზარდებს თანატოლთა წრეში ძალიან მოსწონთ.

ხმამაღალი ნათქვამი როდია, რომ მშობლები შვილებისთვის მაგალითს უნდა წარმოადგენდნენ – პატიოსნების, შემწყნარებლობის, შრომის, სიყვარულის, განვითარებისკენ სწრაფვის მაგალითს. თუ მშობელი ერთს ამბობს, მაგალითად, სუფრასთან და ცხოვრებაში სხვაგვარად იქცევა, ბავშვებსა და მოზარდებში ეს იმედგაცრუებას, ცხოვრებისეული ორიენტირების არევას იწვევს.

ნარკომანია და ალკოჰოლიზმი დაავადებაა. ის ნაბიჯ-ნაბიჯ ყალიბდება და უფრო და უფრო მტკიცდება. როდესაც ბავშვი ან მოზარდი რაღაცის მოხმარებას იწყებს, არ იცის, რომ მალე ამაზე დამოკიდებული გახდება. როგორც წესი, ზრდასრულმა პაციენტებმაც კი არ იციან, რომ მათი დაავადება პროგრესირებს და განგაშს მხოლოდ აისბერგის წვერის დანახვისას ტეხენ.

ზოგჯერ ოჯახის წევრები ამჩნევენ ბავშვის ქცევისა და ფსიქიკური მდგომარეობის არასასურველ ცვლილებას. პროცესის დასაწყისში, როგორც წესი, ცდილობენ დახმარებას, ხოლო როდესაც რეალობას ეჯახებიან, პრობლემების მინიმუმამდე დაყვანას ცდილობენ იმ იმედით, რომ ამ საწყის დამოკიდებულებას დაარღვევენ.

მაგრამ დამოკიდებულება ვერსად წავა, ვერ გაქრება. ნარკოტიკი და ალკოჰოლი მოზარდის ცხოვრებაში ერთადერთი მნიშვნელოვანი საკითხი ხდება. მისი ურთიერთობა ოჯახის წევრებთან თანდათან მცირდება.

ოჯახის წევრებმა შეიძლება იცოდნენ ან ხვდებოდნენ, რა ხდება მათი შვილების თავს, მაგრამ, როგორც წესი, წარმოდგენა არ აქვთ, რამდენად სერიოზულადაა ყველაფერი. ოჯახი ამჩნევს, რომ სახლი აღარ არის ყველასათვის კომფორტული სივრცე. მოზარდი მუდმივად გაღიზიანებულია, დაღლილი, ოჯახის წევრებთან ურთიერთობა არ სურს.

შესაძლოა, ოჯახში გამოჩნდეს ერთი ადამიანი, რომელიც მოზარდის ქცევის გამართლებას დაიწყებს, სხვები კი იძულებულნი იქნებიან, აიტანონ ეს. იწყება კონფლიქტები. არავინ იცის, როგორ მოიქცეს, ვის მიმართოს, საზოგადოებაში არსებული სტიგმის გამო ოჯახის წევრები არ ახმოვანებენ პრობლემას. ისინი ირგებენ როლებს, რომელთა მორგებასაც ვითარება აიძულებთ და ამით კიდევ უფრო ამყარებენ მომხმარებელი ბავშვის ქცევას.

იქ, სადაც დამოკიდებულების მქონე ადამიანი, თუნდაც ბავშვი ან მოზარდი ცხოვრობს, ოჯახის უსაფრთხოება და სიმშვიდე უმეტესად დარღვეულია. ერთმანეთს ეკვეთება ფინანსური პრობლემები და დაძაბულობა. ოჯახი გამუდმებითა სტრესის ქვეშაა. ცხოვრების ახალ წესებს მას უკვე დამოკიდებულების მქონე ადამიანი კარნახობს. ხშირად ეს ძალიან დიდ ზიანს აყენებს ოჯახის კეთილდღეობას და არამხოლოდ.

სწორედ ამიტომ აუცილებელია სპეციალისტების ჩარევა და არაფერია სამარცხვინო იმაში, რომ გვსურს, ჩვენი შვილი ჯანმრთელი იყოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი