პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერი S 1665

წარმოდგენები ინფექციური დაავადებების შესახებ XIX საუკუნის 60-იან წლებში (საქართველოს მაგალითი და განზოგადებანი)

სამეცნიერო კვლევები  მედიცინის ისტორიაში მსოფლიო მასშტაბით საკმაოდ აქტუალურია. ამას განაპირობებს საზოგადოების მუდმივი ინტერესი ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და შენაჩუნების, ჯანმრთელობისა და დაავადების რაობის, მკურნალობის სისტემებისა და მიდგომების მიმართ. ეს კვლევები საშუალებას გვაძლევს. თვალი მივადევნოთ, როგორ იცვლება დროთა განმავლობაში, ერთი მხრივ, დაავადების, სენის და, მეორე მხრივ, სამკურნალო საქმის, მედიცინის არსი და აღქმა, როგორ ვითარდება მედიცინის სოციალური როლი საზოგადოებაში, როგორ ხდება მედიცინის წიაღში მისი სხვადასხვა დარგის გამოყოფა.

ამ თვალსაზრისით მეცნიერთათვის უმნიშვნელოვანეს საკვლევ წყაროს წარმოადგენს ხელნაწერები, ამასთან აღსანიშნავია, რომ ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ ანატომიურ-ფიზიოლოგიური, ზოგადთეორიული ხასიათის ტრაქტატები, სააქიმო წიგნები და კარაბადინები, ასტროლოგიურ კრებულებში ჩართული სამედიცინო შინაარსის მასალა, არამედ ძველ საერო  და სასულიერო თხზულებებში მოცემული პასაჟები დაავადებებისა და კონკრეტული სამკურნალო საშუალებების აღწერით, მოგონებებში, მემუარული ლიტერატურის ნიმუშებში დაცული სამედიცინო ცნობები.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ერთ ხელნაწერზე S 1665, რომელიც წარმოადგენს ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ქართველ რომანტიკოსთა უფროსი თაობის წარმომადგენლის, ალექსანდრე ორბელიანის მოგონებებს – „პირველი ქოლერა აქ, ტფილისში (1830 წელსა რაც ვიცი ანუ შემხვედრია)“[1].

მართალია, ხელნაწერის ქვესათაურში მითითებულია კონკრეტული – 1830 წელი, მაგრამ თვითონ ხელნაწერი ავტორს 1869 წელს დაუსრულებია. ამრიგად, ტექსტი იძლევა ინფორმაციას  1830-იანი წლებიდან 1870 წლამდე პერიოდში (თითქმის 40 წლის მანძილზე) საქართველოში გავრცელებული ინფექციური დაავადების შესახებ. თხზულება საინტერესოა XIX საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში ინფექციური დაავადებების, კერძოდ, ქოლერის შესახებ წარმოდგენების შესწავლის თვალსაზრისით.

ხელნაწერის შესახებ

ხელნაწერი დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ქართული ხელნაწერების კოლექციის S ფონდში (ყოფილი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კოლექცია), შიფრით S  1665 [2]. ხელნაწერი შედგება 17 ფურცლისგან, ფურცლის ზომაა 35,4×22 სმ. დაწერილია მხედრულით, ფანქრით, ცალ სვეტად. ხელმოწერილია და დათარიღებული. იგი  ავტორს დაუმთავრებია „9-ს აპრილს, 1869-სა წელსა, ქ.ტიფლისს“, გარდაცვალებამდე 8 თვით ადრე.

 

სურ. 1. S 1665. ალექსანდრე ორბელიანი. „პირველი ქოლერა აქ, ტფილისში (1830 წელსა რაც ვიცი ანუ შემხვედრია)“. ავტოგრაფი. 1869 წ. ტფილისი.

დაცულობის ადგილი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა  ეროვნული  ცენტრი.

 

ვინ არის მოგონებათა ავტორი?

მოგონებების ავტორი, ალექსანდრე ვახტანგის ძე ორბელიანი, ერეკლე მეორის უმცროსი ასულის, თეკლე ბატონიშვილის ვაჟიშვილია. ალექსანდრეს მამა, თავადი  ვახტანგ ორბელიანი მსახურობდა რუსეთის არმიაში და 1812 წელს კახეთის აჯანყების დროს დაიღუპა. ალექსანდრე ორბელიანის ცხოვრების ძირითადი ეტაპები იმ პერიოდის სხვა ცნობილ ქართველ მოღვაწეთა, დიდგვაროვან ოჯახთა წარმომადგენლების ბიოგრაფიების მსგავსია: სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, შემდეგ პეტერბურგში (სამხედრო  სასწავლებელში), იყო თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი, მონაწილეობდა სპარსეთისა და ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლებში, მსახურობდა მრჩევლის თანამდებობაზე გუბერნიის სამმართველოში; როგორც 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ორგანიზატორი გადაასახლეს ორენბურგში, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში – აქვეყნებდა თავის თხზულებებს ჟურნალ „ცისკარში“, ხელს უწყობდა თეატრის აღორძინებას, გაზეთების დაარსებას, სკოლების გახსნას [3].

ხელნაწერი, როგორც ლიტერატურულ – ისტორიული ძეგლი

ხელნაწერში მოცემული ინფორმაცია შეიძლება რამდენიმე შრედ განვიხილოთ:  პიროვნება, ოჯახი, ქალაქი, ქვეყანა და მსოფლიო ეპიდემიის დროს.

პიროვნება

რასაკვირველია, პირველ რიგში, ეს მოგონებები ალექსანდრე ორბელიანის ცხოვრების გარკვეულ პერიოდს ასახავს, 1830 წელს ის 28 წლისაა. მოგონებების მიხედვით შესაძლებელია მისი ცხოვრების წესის, დღის წესრიგისა და სამსახურებრივი მოვალეობების დადგენაც კი. ამავე დროს, ეს არის მისი სულიერი სამყაროს ამსახველი მასალა, რომელშიც ჩანს მისი განცდები უჩვეულო ეპიდემიისა და საყოველთაო შიშიანობის დროს, ჩანს მისი ადამიანური თვისებები, ჰუმანურობა, რომელსაც სიტყვით და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მოქმედებითაც გამოხატავს. საილუსტრაციოდ ერთი ეპიზოდი მოვიყვანოთ: ალექსანდრე ქალაქის გარეუბანში მისთვის უცნობ დედაკაცს, რომელიც „თმა ჩამოწეწილი მორბოდა გულსაკვდავის კვნესითა“, დედას, რომელსაც წინა დღეს „ქმარი და ერთი ვაჟკაცი შვილი“ ქოლერით მოუკვდა და მაშინვე პოლიციამ დაამარხვინა,  დაავადებისგან გონებადაკარგული მეორე შვილის  მოსულიერებაში და გადარჩენაში ეხმარება.

ოჯახი

ტექსტი საინტერესო ინფორმაციას იძლევა ბაგრატიონთა დინასტიის უკანასკნელ წარმომადგენელთა ქონებრივი მდგომარეობის, ყოველდღიური ოჯახური ყოფის და ამ ყოფის ატრიბუტების შესახებ –  საოჯახო ჭურჭელი, კერძები, სატრანსპორტო საშუალებები. ტექსტიდან კარგად ჩანს საქართველოს უკანასკნელ მეფეთა მემკვიდრეების ცხოვრების და ურთიერთდამოკიდებულებების საინტერესო დეტალები. ქოლერის შიშის ქვეშ მყოფი ალექსანდრე ზაფხულის სიცხეში ოთახის კარებს და ფანჯრებს ხურავს, რასაც დედას, თეკლე ბატონიშვილს იმ დროს გავრცელებული წარმოდგენების საფუძველზე ასე უხსნის: „ვინც მიხურვილს ოთახში არის, იქ ხოლერა თურმე ვეღარ შევა“. საინტერესოა, რომ თეკლემ შვილს სიმხნევისკენ მოუწოდა – „რაო ალექსანდრე – აკი თქვეს, რომ ალექსანდრე ვაჟკაცი არისო.  რაზე გეტყობა შენ ესა? – სიკვდილისა გეშინია, როგორ გეკადრება კაცსა?“ ამ სიტყვებით წაქეზებული ალექსანდრე ქალაქში გადის, ადგილზე აკვირდება მიმდინარე პროცესს, რის საფუძველზეც მოგონებებში აღწერს ქალაქის მცხოვრებთა შიშიანობას, ხალხის ქალაქიდან გახიზვნას, ეპიდემიის საწინააღმდეგოდ განხორციელებულ ღონისძიებებს.

 

ქალაქი

თბილისს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მოგონებებში. ხელნაწერში საკმაოდ დინამიურადაა აღწერილი ქალაქში ეპიდემიის შესახებ ცნობების გავრცელება და ამით გამოწვეული პანიკა მოსახლეობაში.

„სადილი რომ გავათავეთ, …ჩემი ცოტა ძილი, ან ოცი მინუტი და ან ნახევარი საათი დავიძინე… ამ ჩემი ძილის შემდეგ რომ გამეღვიძა, სახლის ბალკონზედ გაველ და აქეთ  იქით სიარული დავიწყე. დღე იყო მზიანი  და კარგათაც ცხელოდა. ამ დროს ამ მეიდანზედ ქვემოთი ბაზრის მხრიდან ერთი დასტა ხალხი, ზოგი წინ, ზოგი უკან  მორბოდნენ გაფანტულები და ერთმანეთს უძახოდნენ.

  • „არიქა ჩქარა გასწით, თათრის მეიდანში შემოვიდა“.

იმ მორბენალს ხალხსა დაუძახე მაღლის ხმითა ბალკონიდგან.

  • „რა ანბავია მითხარით კაცო?“
  • „რაღა რა ანბავია, ხოლერა თათრის მეიდანში შემოვიდა, კაცები წაიქცნენ და იხოცებიან“… ამათ უკან კიდევ სხუანი მორბოდნენ და ისინიც ამას იძახოდნენ, თან ამასაც:
  • „უნდა მთელი ქალაქი აიყაროს, დავიფანტნეთ სოფლებში, მთებზედ და ტყეებში“ და თან მიეშურებოდნენ. ბოლოს კიდევ სხვები მორბოდნენ და ისინიც ამას იძახოდნენ.

სწორედ უნდა ვთქუა, პირველმა იმათმა ამისთანა შიშმა, მერე იმათმა ამისთანა სახემ მეც ასეთმა ზარმა ამიტანა, რომ შინ შამოველ, სულ ერთიან ოთახის კარები და ფანჯრები მივხურე იმ სიცხეში და დავიწყე სიარული აქეთ იქით ფიქრში. გამეგონა: დახურვილს ოთახში ხოლერა ვერ შემოვაო. ამიტომაც მეც დავხურე ის ოთახი“.

ეპიდემიის შედეგად დაცარიელებული ქალაქის სურათი სევდას ჰგვრის ავტორს და დაავადების გამოჩენემდე სიცოცხლით სავსე, ხმაურიან ქალაქს ახსენებს.

„სანთლის შუქი ფანჯარაში ძლივს ანათებდა, ასე გასინჯეთ ძაღლის ყეფაც არსაიდგან აღარ ისმოდა, ისე ყოველი ბუნების ხმა გაკმენდილი იყო, მაშინ როდესაც მხიარული ქალაქის ხალხი სიმღერ-ძახილითა აივლიდნენ, ჩაივლიდნენ, დაირა და ჭიანური თავის თარით, ვინღა დაუკრავდა… ყოველი ეს იმ დროს მკვდარი იყო, დაბურვილი მწუხარების სიჩუმე იწვა ამ ჩუენს ტურფა ქალაქს ტფილისს“.

მოგონებები იძლევა გარკვეულ წარმოდგენებს ეპიდემიის პირობებში  ქალაქის ცხოვრების ადმინისტრაციული ორგანიზების თაობაზეც. ქალაქის სავაჭრო ობიექტები ძირითადად დაიხურა, ვინაიდან „დუქნების პატრონები სულ გაქცეულიყვნენ“. ამავე დროს, ქალაქში დარჩენილი მოსახლეობის კვების უზრუნველსაყოფად დადგენილ იქნა გარკვეული მორიგეობა – „პოლიციამ გვიბრძანა, რიგით უნდა ვიდგეთ ყასბები აქ, რომ ვინც რუსის ოფიცრები დარჩნენ აქა, ან კიდევ რიგიანი სახლობანი, იმათ ხორცი ვაძლიოთ“.

მოგონებებში მოცემულია სამედიცინო ისტორიის თვალსაზრისით საინტერესო ინფორმაცია:

  1. პირველ რიგში, აღსანიშნავია მოგონებების სხვადასხვა ეპიზოდებში მოცემული დაავადების კლინიკური სურათი: „თათრის მეიდანში გაველ, იქ აქა-იქ წაქცეული კაცები, ზოგს რკინისფერი ედო სახეზე და იკვანჭებოდა, ზოგსა პირიდგან ზაფრა ამოსდიოდა“, და სხვ.
  2. წარმოდგენები „ქოლერის ქარზე“, როგორც დაავადების გამომწვევზე და ამ წარმოდგენების შესაბამისად მიღებული ზომების თაობაზე;
  3. მოგონებებში საკმაოდ დრამატულ სიტუაციებში ავადმყოფების სამკურნალოდ გამოყენებული სამკურნალო საშუალებები და ხერხებია მოცემული, კერძოდ კი, აღწერილია „სისხლის გაღება“ და ავტორისეული მიგნება – კახური შავი ღვინოს გამოყენება.

მედიცინის ისტორიკოსი, პროფ. მიხეილ შენგელია ამ ხერხებს შემდეგ შეფასებას აძლევს [4]. „სისხლის გაღებას“ მეტად უგნურ ხერხს უწოდებს, რომელიც დამღუპველად მოქმედებდა ქოლერიან ავადმყოფზე, ვინაიდან ქოლერით დაავადებულის ორგანიზმი სითხისგან იცლება და საჭიროა, პირიქით, რაც შეიძლება მეტი სითხის მიწოდება და არა გამოღება სისხლის სახით. ამგვარი მანიპულაცია აჩქარებდა და გამოჯანმრთელების ნაცვლად ორგანიზმის დაღუპვას უწყობდა ხელს. კახური შავი ღვინის, როგორც სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით კი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ქოლერის მსუბუქი ფორმით დაავადებულთათვის ეს ხერხი შეიძლებოდა ეფექტური ყოფილიყო, რადგან ავადმყოფი ღვინის სახით სითხეს იღებდა, ღვინო სუსტი, მაგრამ მაინც ერთგვარი სადეზინფექციო საშუალების ფუნქციასაც შეასრულებდა, გარდა ამისა, ტანინის შემცველობის გამო, შავი ღვინო გამოიწვევდა კუჭ-ნაწლავის შეკვრას და ამით დაიცავდა ორგანიზმს სითხის დაკარგვისაგან.

ქვეყანა

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ცნობების მიხედვით, ქოლერა განსაკუთრებული სიმძლავრით მძვინვარებდა თბილისში, ასევე, თელავის, გორის, სიღნაღის, დუშეთის და სხვა მაზრებში. აგვისტოს მეორე ნახევრიდან 1 სექტემბრამდე 2772 კაცი დაღუპულა[5]. ალექსანდრე ორბელიანის მოგონებებში სტატისტიკური ცნობები მოყვანილი არ არის, ავტორს ლაკონიურად უწერია: „დიდი დანაკლისი უყო საქართველოს ხალხსა ხოლერამაო“.

მოგონებების ბოლოს ავტორი ერთი წინადადებით გვიჩვენებს, თუ რამდენად ხშირი სტუმარი  გახდა ქოლერა საქართველოს მცხოვრებთათვის. „წარმოიდგინეთ მე იმისთანა საშინელს ხოლერას გადავუჩი (იგულისხმება, 1830 წლის ქოლერა – ი.გ.), მშვიდობით ვიყავ, 1847-სა წელსა ზაფხულის დროს კიდევ ხოლერა რომ გაჩნდა საქართველოში, სადაც კიდევ ხალხი ბევრი დაიხოცა, კიდევ მშვიდობით გადაურჩი, შემდგომ კიდევ იყო ორი თუ სამი ხოლერა საქართველოში იმათაც მშვიდობით გადაურჩი, მაგრამ 1865 წელსა, შემოდგომას რომ გაჩნდა ხოლერა, მაშინ მეც მამნახა იმან და თავისი ძალა ამოქმედა ჩემზედა… კიდევ კარგი აქ – ქ.ტფილისში შემეყარა ის ხოლერა, რომ აქიმები და სამკურნალო წამლები სულ საჩქაროთ მოხერხდა, თორემ თუ სოფელში ვყოფილიყავ და ის ხოლერა იქ შემყროდა, უთუოდ ტყავსა გავჭიმავდი“. ამ ერთი წინადადებით შესაძლებელია XIX საუკუნის საქართველოში ქოლერის ისტორიის რეკონსტრუქცია.

მსოფლიო

ქოლერა საქართველოში მსოფლიო პანდემიის ნაწილია, ეს კარგად ესმის ალექსანდრე ორბელიანს, რომელიც თავის მოგონებებს ასე იწყებს:

„ამ წელიწადის ორი თუ სამი წლის წინათ ამბები მოდიოდა: ინდოეთსა ერთი რაღაც სნეულება გაჩენილა, ძალიან სწყვეტს ხალხსა, რომელსაცა უწოდებენ ხოლერასა…“

სამ წელიწადში ინდოეთში დაწყებული დაავადება საქართველოს აღწევს, რუსეთის იმპერიის სხვა ნაწილებში ვრცელდება და ევროპაში გადადის. XIX საუკუნეში მსოფლიომ ქოლერის ხუთი პანდემია გადაიტანა.

“ტფილისის შავ ვარდად” წოდებული ნინო ჭავჭავაძე, საფრანგეთის მეფე შარლ X, ისტორიკოსი კარლ ფონ კლაუზევიცი, რუსი კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი, ფრანგი ფიზიკოსი, „თერმოდინამიკის მამა“ სადი კარნო (პოსტერი საგანმანათლებლო პროგრამისთვის) გარდაიცვალნენ ქოლერის შედეგად.

აღსანიშნავია, რომ ქოლერის პანდემიის ყველაზე მძლავრ აფეთქებას 1850 -იან წლებში ჰქონდა ადგილი. ვიქტორიანული ბრიტანეთი შეძრა 1854 წლის ეპიდემიამ, როდესაც ლონდონის ცენტრში, სოხოში რამდენიმე დღის განმავლობაში 616 ადამიანი გარდაიცვალა. ეს აფეთქება  ისტორიაში შევიდა ბრიტანელი ექიმის ჯონ სნოუს წყალობით, რომელმაც მეთოდურად გამოიკვლია დაავადების ყველა შემთხვევა და ქოლერის გავრცელების მიზეზად „ქოლერის ქარი“ კი არა, დაბინძურებული წყალი დაასახელა. სნოუმ შეადგინა ქოლერის შემთხვევების რუკა, მასზე აღნიშნა წყლის შეგროვების ადგილები და სახლები, სადაც დაფიქსირდა ქოლერისგან გარდაცვალების შემთხვევები. ექიმი სნოუ, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ცდილობდა დაესაბუთებინა კავშირი სოხოს ბროდ-სტრიტზე წყლის მიწოდების წყაროსა და დაავადების შემთხვევებს შორის. ამ მონაცემებთან თითქოს წინააღმდეგობაში მოდიოდა ის ფაქტი, რომ ახლოს მდებარე მონასტერში ქოლერით არავინ დაავადებულა. ამ ანომალიის შესწავლამ აჩვენა, რომ ბერები სვამდნენ მხოლოდ მონასტერში მოხარშულ ლუდს, რამაც ჯონ სნოუს თეორია კიდევ უფრო გაამყარა. ექიმი სნოუს კვლევა განიხილება როგორც უმნიშვნელოვანესი მოვლენა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისტორიაში, რომელმაც ბიძგი მისცა ეპიდემიოლოგიის ჩამოყალიბებას, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების განვითარებას[6].

1883 წელს, რობერტ კოხის მიერ ქოლერის ვიბრიონის აღმოჩენამ საფუძველი დაუდო სამეცნიერო წარმოდგენების განვითარებას ქოლერის გამომწვევი მიზეზების შესახებ. სწორედ მეცნიერების მიღწევების შედეგად  ეპიდემიები, ინფექციური დაავადებები შეუცნობელი და არაკონტროლირებადი მოვლენებიდან თანდათანობით გადაიქცა გამოწვევებად, რომელიც კონტროლს ექვემდებარება.

სამხედრო ისტორიკოსი, მედიევისტი და ცნობილი ფუტუროლოგი იუვალ ნოე ჰარარი,   თავის ბესტსელერში – „Sapiens: კაცობრიობის მოკლე ისტორია“ – აღნიშნავს, რომ მესამე ათასწლეულის დასაწყისში კაცობრიობამ არაჩვეულებრივი „აღმოჩენა“ გააკეთა[7]. რა აღმოჩენაზე საუბრობს ავტორი?  შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ნაკლებად ვფიქრობთ ამაზე, თუმცა ახალი კორონავირუსის ეპიდემიამ და მასთან დაკავშირებით გატარებულმა ღონისძიებებმა ეს „აღმოჩენა“ ჩვენი ყურადღების ფოკუსში მოაქცია – XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან კაცობრიობამ თანდათანობით შეძლო აელაგმა ეპიდემიები. ათასეული წლების მანძილზე, თაობების განმავლობაში, ადამიანები ევედრებოდნენ ღმერთებს, წმინდანებს, იგონებდნენ სხვადასხვა საშუალებებს და სოციალურ სისტემებს, მაგრამ მილიონობით იხოცებოდნენ ეპიდემიებისგან. რასაკვირველია, XXI საუკუნის დასაწყისში ამ მოვლენას კიდევ აქვს ადგილი, მაგრამ ჩვენთვის ეპიდემია აღარ არის სასოწარკვეთისა და უიმედობის საფუძველი. ჩვენ, უმეტეს შემთხვევაში, ვიცით, როგორ შეიძლება მისი პრევენცია, დაწყების შემთხვევაში მისი ლოკალიზაცია და საზოგადოების დაცვა  და მის დასაძლევად იმედს ვამყარებთ მეცნიერების მიღწევებზე.

ამ ევოლუციის გააზრებაში მნიშვნელოვანია მედიცინის ისტორიის კვლევები, მათი ხელშეწყობა და კვლევის შედეგების გავრცელება, სწორედ ამ მიზანს ემსახურება მოცემული სტატიაც.

სტატია მომზადებულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის – „სამედიცინო და ვეტერინარული ხელნაწერები საქართველოსა და უცხოეთის სიძველეთსაცავებში“ – ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ (გრანტის №HE17-54, 2017-2020წწ.)

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ხელნაწერი S 1665. ალექსანდრე ორბელიანი. „პირველი ქოლერა აქ, ტფილისში (1830 წელსა რაც ვიცი ანუ შემხვედრია)“. ავტოგრაფი. 1869 წ. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
  2. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. ყოფილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (S) კოლექცია. ტ. Ш (ელენე მეტრეველის რედაქციით) – საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. – თბილისი, 1963 – გვ. 128.
  1. ალექსანდრე ორბელიანი. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7- თბილისი, 1984 – გვ. 556.
  2. მიხეილ შენგელია. ძიებანი ქართული მედიცინის ისტორიიდან. თბილისი. 1981 – გვ. 231 –  236.
  1. მიხეილ შენგელია. გარდამავალი პერიოდის ქართული მედიცინა. თბილისი. 1968 – გვ. 130
  2. Петр Талантов. “0.05 Доказательная медицина от магии до поисков бессмертия” – Corpus, 2019.
  3. Yuval Noah Harari “Sapiens: A Brief History of Humankind”

https://loveread.ec/read_book.php?id=57922&p

https://www.academia.edu/36486724/OceanofPDF.com_Sapiens_A_Brief_History_of_Humankind_by_Yuval_Noah_Harari – ბოლო ნახვის თარიღი 22.06.2020

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი