პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

თამაშით ნასწავლი კითხვა და საშინაო დავალების გამარტივება დამწყები მკითხველისთვის

რამდენიმე წლის წინ ჩემს კლასთან ერთად (IV კლასი) მონაწილეობა მივიღე საერთაშორისო კვლევაში „PIRLS -2016”, რომლის მთავარი მიზანი იყო მეოთხეკლასელებში წიგნიერების დონის შემოწმება/განსაზღვრა. ჯგუფზე და საკუთარ თავზე დაკვირვებით აღმოვაჩინე, რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი მაქვს სამუშაო, რათა ბავშვებს უკეთესი შედეგები ჰქონდეთ. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ თანამედროვე სწავლებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს წიგნიერებას, როგორც გამჭოლ კომპეტენციას, რომლის განვითარებაც სასკოლო განათლების პრიორიტეტადაა ქცეული.

გარდა ამისა, ზედა საფეხურის კოლეგები დაკვირვების შედეგად ხშირად ამბობდნენ, რომ მაღალ საფეხურებზე უკეთესი მიღწევები აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთაც დაწყებით კლასებში კარგად ისწავლეს კითხვა. და პირიქით,  მოსწავლეები, რომლებიც დაბალ კლასებში ამ უნარის დეფიციტს განიცდიდნენ, ვერც შემდგომ აღწევენ წარმტებას.  ამას მრავალი კვლევაც ადასტურებს.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას კითხვა წარმოადგენს. კითხვის უნარის განვითარება წიგნიერების საფუძველია, რაც  სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ეს მიმართულება ემსახურება მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარებას; ამასთანავე, ნაირგვარი წერილობითი ტექსტის წაკითხვის, მათში მოცემული ინფორმაციის გაგების, გააზრებისა და გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებას. სწავლის პროცესში მოსწავლემ უნდა გამოიყენოს კითხვის ძირითადი სტრატეგიები, რათა შეძლოს ტექსტის შერჩევა, მასში სასურველი ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება, კრიტიკული კითხვა“, – წერია ეროვნულ სასწავლო გეგმაში. წიგნიერების განვითარება კი პირდაპირ კავშირშია ისეთი კომპლექსური უნარების განვითარებასთან, რომლებსაც წერისა და კითხვის უნარი ჰქვია.

კითხვის სწავლების საწყის ეტაპზე (საანბანო პერიოდის დასრულების შემდეგ, განსაკუთრებით კი მეორე კლასიდან) ქართული ენის მასწავლებლის საზრუნავია: რამდენად გამართულად და უშეცდომოდ კითხულობს  მოსწავლე ამა თუ იმ სირთულის ტექსტს? რამდენად მოქნილია მისი კითხვის პროცესი?

პირველ კლასში, როგორც ქართული ენის ყველა სხვა მასწავლებელს, მთავარი აქცენტი გადატანილი მქონდა მოსწავლეებში ფონოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარებაზე. წლის ბოლოს მოსწავლეთა უმრავლესობა კარგად ფლობდა მას, თუმცა რამდენიმე ბავშვთან სასურველ შედეგს ვერ მივაღწიე. დავიწყე პრობლემის იდენტიფიცირება. ჯერ გავეცანი საკითხის ირგვლივ არსებულ ამა თუ იმ ლიტერატურას.

როგორც აღმოჩნდა, კითხვა, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, დიდ გავლენას ახდენს ბავშვის შემეცნებითი უნარების განვითარებაზე. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად ბევრს კითხულობს ბავშვი.

ბავშვები ერთმანეთისგან განსხვავდებიან კითხვის უნარის ფლობის თვალსაზრისით. ამაზე დიდ ზეგავლენას ახდენს ის ფაქტი, თუ რამდენად ადრეული ასაკიდან იწყებს კითხვას, რამდენად წიგნიერ გარემოში იზრდება იგი და ა.შ. და რომ სწორედ ეს განაპირობებს მისი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას კითხვის მიმართ.

მკვლევრები ხშირად აღნიშნავენ, რომ კითხვის უნარის განვითარების შეფერხების მიზეზი, ზოგჯერ არასაკმარისი, ან არასათანადო სწავლებაა. ამიტომ მასწავლებელს დიდი როლი ენიჭება მის სრულყოფაში.

დაწყებით საფეხურზე კითხვის უნარის განვითარება ძალიან რთული და შრომატევადი პროცესია, რადგან ბავშვი სწორედ ამ დროს სწავლობს ასო-ბგერებს, მის აკუსტიკურ ხატს და შესაბამისობას ბგერებთან,  გამთლიანებას, გამოყოფას, კითხვის მოქნილობას, გამომსახეველობას და ა.შ.

ადრეულ ასაკში კითხვის უნარის განვითარების შეფერხება და სიტყვის აღქმისა და გაშიფვრის სირთულე ბავშვს კითხვის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას უჩენს, რის გამოც კითხვის ავტომატიზაციის პროცესი ფერხდება,  ეს კი ერთგვარად იწვევს ბავშვის ფრუსტრაციას, დაბალ თვითშეფასებასა და დემოტივაციას. ამიტომ მასწავლებელსა და ოჯახს ძალიან დიდი როლი აკისრია მოსწავლის კითხვის უნარის განვითარებაში.

სტანდარტის მიხედვით გამართული კითხვის უნარი განვითარებულია, თუ მოსწავლეს შეუძლია:

  • სხვადასხვა სირთულის ტექსტის ხმამაღლა, გამართულად და გაბმით წაკითხვა;
  • სხვადასხვა სირთულის ტექსტის ჩუმად გამართულად წაკითხვა;

რაც თავის მხრივ მოიაზრებს შემდეგ ინდიკატორს:

  • მოსწავლე კითხულობს ტექსტს უშეცდომოდ;
  • კითხულობს ტექსტს გაბმულად;
  • კითხულობს შესაფერისი სირთულის ტექსტს;
  • კითხულობს ზომიერი სიჩქარით;
  • კითხულობს გამომეტყველებით (ხმამაღლა);
  • ხმამაღლა კითხვისას ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებსა და განწყობას.

ე.ი. კითხვის მოქნილობის მახასიათებლებია: სწრაფად, უშეცდომოდ, გაბმითა  და გამომეტყველებით კითხვა. საწყის ეტაპზე კითხვის ტემპი შედარებით დაბალია, რადგან მკითხველის მთავარ ამოცანას სიტყვების დეკოდირება წარმოადგენს. კითხვის სწრაფი ტემპის მიღწევა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ განაპირობებს, გაბმულ, სწორი ინტონაციებით კითხვას და ხელს უწყობს წაკითხულის გააზრებას.

კითხვის მოქნილობაზე ზეგავლენას ახდენს ტექსტის რაგვარობა. მოქნილობა მცირდება მაშინ, როცა წასაკითხი ტექსტი ასაკისთვის შეუფერებელია. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ არამარტო ტექსტს, არამედ მეთოდებსაც, რათა მათი კითხვა გაწაფული და გამართული გახადოს.

ლიტერატურის გაცნობის შემდეგ სწორ ნაბიჯად მშობელთა გამოკითხვა მივიჩნიე, რათა გამეგო  შინ კითხვის პროცესში რა სირთულეები იჩენდა ხოლმე თავს.

რამდენიმე მშობელი წერდა:

„მათემატიკა ძალიან მოსწონს, მაგრამ აი როგორც კი კითხვას ვუხსენებ, მაშინვე ხან წყალი უნდა, ხან მუცელი ასტკივდება, ხანაც საპირფარეშოში გასვლას ითხოვს. ვატყობ, რომ მისთვის ეს ნამდვილად არ არის სასიამოვნო პროცესი და თავს არიდებს“;

„ჩემს შვილს არ უყვარს კითხვა, რადგან უჭირს სიტყვების ამოცნობა, რაც მას დიდ დროს ართმევს. ამის გამო ხშირად მაქვს მასთან კონფლიქტი, მაგრამ ვერაფერს გავხდი“;

„ნელა კითხულობს, ამიტომ უჭირს ტექსტის შინაარსის გაგება“;

„ასო-ასო კითხულობს, ამის მერე კი უჭირს სიტყვებად წაკითხვა“;

„ქართული ენის საშინაო დავალებას თითქმის მთელ საათს ვანდომებთ“.

 

მშობელთა გამოკითხვის შედეგებით მივხვდი, რომ საჭირო იყო საშინაო დავალების მოდიფიცირება.

დავიწყე პრობლემის მოგვარების გზების ძიება. მოქნილ/გაწაფულ კითხვასთან დაკავშირებით დღეს უკვე მრავლად მოიძებნება ესა თუ ის მეთოდი და აქტივობა, რომლებიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეებში ამ უნარის განვითარებას. ამგვარი რესურსით  საკმაოდ დახუნძლულია G-PriDe-ის დამხმარე სახელმძღვანელო წერისა და კითხვის უნარების განვითარებისთვის. ასევე პორტალი „კარგი სკოლა“, რომელიც უმრავ მასალას გვთავაზობს იმისთვის, რომ კითხვა უფრო მოქნილი გავხადოთ თითოეული მოსწავლისთვის. სხვა ბევრ საინტერესო აქტივობასთან ერთად, სწორედ ამ პროექტიდან შევარჩიე რამდენიმე თამაში, მოვახდინე მისი მოდიფიცირება, მოვარგე საშინაო დავალებებს და სასწავლო პროცესში ისე გამოვიყენე.

ეს გახლდათ თამაშები „ბინგო“ და  „ვიბსი“ (სახელები თავად შევურჩიე).

     რატომ თამაშები?

იმიტომ, რომ უპირველეს ყოვლისა ითვალისწინებს ასაკობრივ თავისებურებებს, სახალისოა მოსწავლეებისთვის, იწვევს მაქსიმალურ ჩართულობას, მოტივაცია მაღალია, დასწავლაც მეტად უმტკივნეულო, სპონტანური და ავტომატიზებული.

თამაშების ინსტრუქტაჟი ასაკისთვის მორგებული ტექსტის მიხედვით:

ასახსნელი ტექსტიდან ამოვკრიფე თითქმის ყველა სიტყვა და პატარა ზომის ფურცლებზე ორ ეგზემპლარად დავწერე. შეგიძლიათ ეს კომპიუტერულადაც გააკეთოთ. ბევრად მარტივია და ბავშვის თვალიც ეჩვევა ნაბეჭდ ტექსტს.

 

ჯერ ვუკითხავ ახალ ტექსტს ნელი ტემპითა და ტექსტისთვის დამახასიათებელი ემოციურობით (მოდელირებული კითხვა). მოსწავლეებს ვთხოვ, თითი გააყოლონ.

ასახსნელი ტექსტიდან ამოვკრიფე თითქმის ყველა სიტყვა და პატარა ზომის ფურცლებზე ორ ეგზემპლარად დავწერე. შეგიძლიათ ეს კომპიუტერულადაც გააკეთოთ. ბევრად მარტივია და ბავშვის თვალიც ეჩვევა ნაბეჭდ ტექსტს.

ამის შემდეგ ჩემ მიერ ამოკრეფილი სიტყვების ერთ ეგზემპლარს ვაკრავ (ან ვწერ) დაფაზე ცალ-ცალკე, სასურველია ეს გაკვეთილის დაწყებამდე გააკეთოთ, რადგან არც დრო დახარჯოთ და არც მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობა აღძრათ მათ წასაკითხად. მეორე ეგზემპლარის ბარათებს კი ვკეცავთ და ვათავსებთ  „სიტყვების სკივრში“,  რომელიც შეგიძლიათ გააფორმოთ ბავშვებისთვის საინტერესოდ.

შემდეგ მოსწავლეთა დახმარებით ვკითხულობთ დაფაზე გაკრულ ყველა სიტყვას ერთობლივად  და ხმამაღლა.

მერე თითოეული მოსწავლე თაბახის ფურცელს ყოფს 8 ნაწილად გადაკეცვით. დაფაზე დაწერილი  სიტყვიდან მოსწავლეები ირჩევენ 8 სიტყვას (სურვილის მიხედვით)  და წერენ თითოეულ ნაწილში.

შემდეგ ლოტოს პრინციპით „სიტყვების სკივრში“ ჩაყრილი ფურცლებიდან თითო-თითოდ იღებენ სიტყვას, კითხულობენ ხმამაღლა და დამთხვევის დროს ისინი  ბარათზე გადახაზავენ შესაბამის სიტყვას, რაზეც ბინგოს დაძახებით მიუთითებენ. სრულად შევსების შემთხვევაში კი ამბობენ „სუპერ ბინგო“. იღბლიან მოთამაშედ ჩაითვლება ის ათი მოსწავლე, რომლებიც ბარათს სრულად შეავსებს.

 

 

ახლა კი გადავდივართ თამაშზე „ვიბსი“ (ინ პოვის ევრს იტყვას), რომელიც გულისხმობს დაფაზე გაკრული სიტყვების  სწრაფად მოძებნას. მოსწავლეებს ვყოფ ორ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფში გამოიყოფა წყვილები – „წამკითხველები და მპოვნელები“. ამ თამაშში მცირე სპორტულ აქტივობასაც ვრთავთ. თითოეული ჯგუფი დგება დაფის საპირისპირო კედელთან. ინიშნება დრო – 3 წუთი. ამ ხნის განმავლობაში მოსწავლეები გამორბიან წყვილებად, წამკითხველს ევალება „სიტყვების სკივრიდან“ ამოიღოს ბარათი, რომელზეც სიტყვა წერია და წაუკითხოს მეწყვილე მპოვნელს. ხოლო მპოვნელი იღებს მისი ჯგუფისთვის განკუთვნილი ფერის მარკერს და ცდილობს ამ სიტყვებში მოძებნოს შესაბამისი სიტყვა და შემოხაზოს, წყვილი უბრუნდება ჯგუფს და გამორბის შემდეგი წყვილი. თამაში გრძელდება დროის  (3წთ.) ამოწურვამდე. ბოლოს კი ჯამდება მოძებნილი სიტყვების რაოდენობა.

ამ თამაშის დასრულების შემდეგ, თუ დრო დაგრჩათ (კარგად გაწაფვის შემდეგ ნამდვილად დაგრჩებათ) შეგიძლიათ იმავე ჯგუფებს სთხოვოთ დაფაზე არსებული სიტყვებიდან ერთმა ჯგუფმა მოძებნოს და დაალაგოს მნიშვნელობით მსგავსი სიტყვები (სინონიმები), ხოლო მეორე ჯგუფმა – მნიშვნელობით განსხვავებული სიტყვები (ანტონიმები).

გაკვეთილი შეგიძლიათ დაასრულოთ შეკითხვით – „მოგეწონათ თუ არა ქართული ენის გაკვეთლი?“ . შეფასებისთვის გამოიყენეთ „ცერების“ მეთოდი (ან მისი სხვა ალტერნატივა). დამერწმუნეთ, ყველა მოსწავლე ცერა თითს მაღლა ასწევს მოწონების ნიშნად, რაც იმას ნიშნავს, რომ გაკვეთილი შედგა.

 

აღნიშნული სასწავლო თამაშების შედეგები და კავშირი საშინაო დავალებასთან:

  • გაკვეთილი იქნება პოზიტიური და ხალისიანი;
  • მოსწავლეების ჩართულობა და მოტივაცია გაიზრდება;
  • გაიწაფებიან სიტყვის ჩაწერაში (როცა მოუწევთ დაფიდან სიტყვის გადაწერა „ბინგოსთვის“);
  • შეძლებენ სიტყვების დეკოდირებასა და წაკითხვას. მათ გაკვეთილის განმავლობაში ერთი და იმავე სიტყვის წაკითხვა სულ ცოტა 4-ჯერ უხდებათ: დაფაზე წაკითხვა, ყუთიდან ამოღებისას წაკითხვა, „ვიბსის“ თამაშისას წაკითხვა, სიტყვების დალაგებისას წაკითხვა;
  • კითხვასთან დაკავშირებული პრობლემები ისე ძალიან აღარ იჩენს თავს საშინაო დავალების შესრულებისას (ტექსტის კითხვა), რადგან ტექსტში არსებული სიტყვების ამოკითხვა და გაშიფვრა ფაქტობრივად გაკვეთილზე მოუხდათ. ასე რომ, მათ მის შესასრულებლად უფრო ნაკლები დრო დასჭირდებათ.
  • გაკვეთილი არ არის მონოტონური და იგი ფიზიკურ აქტივობასაც მოითხოვს (გარბენი), რაც გარკვეული განტვირთვის საშუალებასაც აძლევს 6-7 წლის მოსწავლეებს.

 

თამაშის გამოყენებისას რეკომენდაციები მასწავლებლებს:

  • ნუ შეეცდებით ყველა თამაშის ერთ გაკვეთილზე გამოყენებას. გამოსცადეთ სხვადასხვა გაკვეთილზე და როცა მოსწავლეები გაიწაფებიან ისე, რომ თქვენგან ზედმეტი ინსტრუქტაჟი არ დასჭირდებათ, ნამდვილად შეძლებთ ეს ყველაფერი ერთ გაკვეთილში (40 წთ.) ჩაატიოთ;
  • შეეცადეთ, თამაშს არ მისცეთ შეჯიბრის სახე, რადგან ამ ასაკის მოსწავლეები მძაფრად რეაგირებენ წაგება/მოგებაზე;
  • ეს თამაშები არ გამოიყენოთ ინტენსიურად. ამ თამაშებისთვის შეგიძლიათ დააწესოთ კვირის ან თვის ერთი კონკრეტული დღე და დაარქვათ „ბინგოს დღე“. ამით მოსწავლეებსაც გარკვეული მოლოდინები ექმნებათ ამ დღის მიმართ და თქვენც უკეთ შეძლებთ რესურსის მომზადებას.

 

აღნიშნული თამაშების გამოყენება შეუძლიათ უცხო ენების პედაგოგებსაც. ერთ-ერთი გაკვეთილის გეგმა, რომელზეც ეს თამაშებია გამოყენებული შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე – გაკვეთილის გეგმა

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი