პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

შავი წიგნი

1998 წლის მაისი იყო. ისეთი დღე, ცაზე ღრუბლებს რომ უნდა აყოლებდე თვალს. მე კი, გალაკტიონის ძეგლის წინ ჩამომჯდარი, სახეზე ხელებაფარებული, ჩუმად ვტიროდი და დიდ შეცდომას ვერ ვხედავდი – სულ ტყუილად მჯეროდა, რომ ამაზე მეტად ვერასდროს დავიტანჯებოდი, რომ ტკივილი კიდევ უფრო აუტანელი, კიდევ უფრო გაუსაძლისი ვეღარ გახდებოდა.

ჩემ წინ, მაგიდაზე, ჯულიან ბარნსის წიგნი დევს, ერთიანად შავი, შეუჩვეველი თვალისთვის შემზარავი სათაურით: „სიკვდილი“. გასამხნევებლად, გულის გადასაყოლებლად უკეთესს ვერაფერს მონახავთ. და ის დროა, კიდევ ერთხელ გადავშალო. მხოლოდ ჩემთვის არა – გაზეთის მკითხველებისთვისაც. განსაკუთრებით – მშიშარა მკითხველებისთვის.

ფრენის გეშინიათ? ჯულიან ბარნსს ახალგაზრდობისას ეშინოდა. „თვითმფრინავში წასაკითხად ისეთ წიგნს ვირჩევდი ხოლმე, ავიაკატასტროფისთვის შესაფერისად რომ მიმაჩნდა – ჩემს გვამს რომ მოუხდებოდა, თუ ერთად გვიპოვიდნენ. მახსოვს, ერთხელ „ბუვარი და პეკიუშე“ წავიღე პარიზიდან ლონდონში. თავი დავირწმუნე, რომ გარდაუვალი ავიაკატასტროფის შემდეგ: ა) დარჩებოდა სხეული, რომლის ამოცნობაც შესაძლებელი იქნებოდა და მის გვერდით ამ წიგნს იპოვიდნენ; ბ) რომ ფლობერის რბილყდიანი გამოცემა აფეთქებასა და ცეცხლს გაუძლებდა; გ) და როცა იპოვიდნენ, ისევ სასწაულებრივად გადარჩენილ (ალბათ მოგლეჯილ) ჩემს ხელში იდებოდა, გაშეშებული საჩვენებელი თითი კი ყველაზე საყვარელ ადგილზე მიანიშნებდა, რაც შთამომავლობას ყურადღებიდან არ გამორჩებოდა. აბა რა! სხვანაირად როგორ… ფრენის დროს კი ისე ამიტანა შიშმა, რომ გული ვერაფრით დავუდე ამ რომანს, რომლის ირონიული ჭეშმარიტებებიც ნებისმიერ შემთხვევაში დაუსხლტებოდა ახალგაზრდა მკითხველის გონებას“.

ეს ამბავიც ძალიან მომწონს, მწერლის ცხოვრებას რომ ერთ წინადადებაში აქცევს. „მეგობარმა, რომელიც ბიოგრაფიებს წერს, შემომთავაზა, შენს ცხოვრებას ჩავუღრმავდები და მასზე დავწერო. ქმარმა დასცინა, უცებ მორჩები საქმეს, ამისი დღეები ხომ ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებაო. თავისი ვერსიაც მოაყოლა: „ადგა, წერა, გავიდა, ღვინო იყიდა, დაბრუნდა, სადილი მოამზადა, ჭამა, დალია“. მაშინვე თავი დავუქნიე – ეგრეა-მეთქი. „მოკლე ცხოვრება“ – რით იქნებოდა სხვა ბიოგრაფიებზე უარესი? განა ისეთივე ტყუილ-მართალი არ იყო აქაც, როგორიც გრძელ-გრძელ ნაწერებშია? ერთხელ ფოლკნერმა თქვა, მწერლის ნეკროლოგი ასეთი უნდა იყოს: წიგნებს წერდა და მერე მოკვდაო“.

ადგა, ივარჯიშა, ყავა დალია, წიგნი იკითხა… ჩემი ცხოვრების წინადადებას ვაწყობ.

შავ წიგნს ვფურცლავ და ახლა ის ამბავი მხვდება თვალში, ჯულიანის ბაბუა – სამოც წელს გადაცილებული – საკითხავს რომ ეძებს შვილიშვილის საძინებლის თაროებზე და ნაბოკოვის „ლოლიტას“ წამოავლებს ხელს. თვალწინ მიდგას დურგლის საქმესა და ბაღში მუშაობას ნაჩვევი მისი ხელები და ის რბილყდიანი გამოცემაო, გვეუბნება ავტორი. სულ ველოდი, რომ ზიზღით მოისროდა, იმან კი, გასაოცარია, ბოლომდე წაიკითხაო. „ინგლისურმა პურიტანიზმმა აიძულა, გზიდან არ გადაეხვია და ბოლომდე მიჰყოლოდა ამერიკული გარყვნილების რუსულ ისტორიას. ნერვიულად ვაკვირდებოდი და ნელ-ნელა ისეთი განცდა გამიჩნდა, თითქოს ჩემი დაწერილი იყო ეს წიგნი, ახლა კი ნიღაბი ჩამომხსნეს, უწლოვანი გოგოების ჩუმად დევნაში მამხილეს. ნეტავ რას იზამდა? ბოლოს წიგნი დამიბრუნა, ერთიანად დატეხილ-დაღარული ყუით, და მითხრა: შეიძლება კარგი ლიტერატურაა, მაგრამ დიდი ბინძური რამე კიაო“.

დასასრულს, ღმერთი. ღმერთი და ბერტრან რასელი. „ათეიზმი არისტოკრატული რამაა“, – აცხადებდა რობესპიერი. მეოცე საუკუნეში ამ იდეის განსახიერება დიდი ბრიტანელი – ბერტრან რასელი იყო, რასაც ხელს უდავოდ უწყობდა მისი არისტოკრატობა. როცა მოხუცდა, გაჩეჩილი ჭაღარა თმით, იმ ბრძენკაცს დაემსგავსა, ღმერთამდე რომ არაფერი უკლია. ჰოდა, შესაბამისადაც ეპყრობოდნენ; „თქვენი კითხვა?“ – თითქოს ბიბისის ამ რადიოგადაცემის მარადიული სტუმარი იყო… ისევ ისეთ ათეისტად კი რჩებოდა და ერთ დღესაც კეთილმოსურნეებმა პროვოკაციულად ჰკითხეს, მთელი ცხოვრება ათეიზმის პროპაგანდას შეალიეთ და რას იზამთ, საბოლოოდ რომ გაირკვეს, თურმე ღრმად შემცდარხართო; ზეცის კარიბჭე რომ არც მეტაფორა იყოს და არც ფანტაზიის ნაყოფი და იმ ღმერთის წინაშე აღმოჩნდეთ, რომლის არსებობასაც ყოველთვის უარყოფდითო? „ჰოო, – უპასუხა რასელმა, – მივიდოდი და ვეტყოდი, ჩვენთვის საკმარისი მტკიცებულებები არ წარმოგიდგენიათ-მეთქი“.

მტკიცებულებების ნაკლებობა. იმ წიგნს კი, რომლის ცალკე გამოცემულ ნაწილსაც „სიკვდილი“ წარმოადგენს, ასე ჰქვია: „საშიში არაფერია“.

საშიში არაფერია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი