ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ამბები დუშეთიდან (ნაწილი მეორე)

ვისაც დუშური ზაფხულის ქუხილი არ გინახავთ, დიდი სანახაობა გამოტოვეთ. ქუხილი გამთენიისას. ღრუბელი ცაზე ალაგ-ალაგაა დაყრილი, თითქოს ახალგაკრეჭილი ცხვრის მატყლი ქარმა მინდორზე მოფანტა – ისე. სადღაც შორს, აღმოსავლეთით, ჰორიზონტს უძინარი ბავშვივით ჩასწითლებია თვალი – მზე ამოდის. შენ გამოდიხარ და ოდნავ გაჟრჟოლებს. კი არ გესმის, ხედავ და ეხები – ქუხს. ქუხს. ქუხს. უცნაური, კეთილი გაბრაზებით. აი, ზუსტად ისე, მოხუცი კაცები რომ ეჩხუბებიან აბეზარ შვილიშვილებს. მოხუცი, მთვრალი კაცები. სიცილშეპარული, ხმამაღალი ბუხუნით. და მერე, იქვე სკამზე, მაგიდაზე თავჩამოდებულებს ჩაეძინებათ. მზე ამოვიდა. და შენ დგახარ და ვერც კი ხვდები, ეს ჭექა, ეს საათიანი წვიმის მუქარა – აქ იყო თუ სიზმარს გამოჰყვა.

 

არაფერია მზეზე მსუბუქი და მზეზე მძიმე – მწყემსებს, ჩემს მეგობარ დუშელ მწყემსებს ზურგზე მზე აწევთ, ამიტომაც არიან მოხრილები, მაგრამ ჩვენზე მაღლა – ერთი ამოსუნთქვა ჰაერით. ამ ჰაერს – მიწასა და კაცს შუა – ეგ მზე ბადებს, მზისგან დაწნული ფრთები. ჩვენ მზეს ვერ ვუყურებთ – ფიქრებს გვიწვავს. წვრილმან ფიქრებს, მტრულ ფიქრებს, სასაცილო ფიქრებს. ჩვენ ეს ფიქრები გვირჩვენია. ამიტომაც ვერ ვუყურებთ მზეს. ამიტომაც ვართ დაბლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი