ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

წიგნის კითხვა და აუტიზმის სპექტრი

საბავშვო ლიტერატურა ყველა ბავშვს ჰაერივით სჭირდება, წიგნი  – წარმოსახვას, აზროვნებას, მეტყველებას ავითარებს, ლექსიკურ უნარებს გამოაწრთობს, გარდა ამისა, დასვენებისა  და გართობის საუკეთესო საშუალებაა. ამაზე ყველანი ვთანხმდებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება წიგნი მაშინ, როცა იგი დამატებით თერაპიულ ფუნქციას იძენს, ერთგვარი რესურსია განვითარების,  მეტყველების თერაპიის პროცესში.

გაგიზიარებთ  პრაქტიკულ გამოცდილებას, რა და როგორ წავაკითხოთ აუტიზმის სპექტრის მქონე პატარა მკითხველს. ეს ყველაფერი პირადი დაკვირვებისა და მუშაობის შედეგია და, არანაირ კვლევას არ ემყარება, თუმცა, ვფიქრობ, ერთი მკითხველის პრაქტიკა სხვებსაც გამოადგებათ.

მაშ ასე, როგორ ვარჩევთ საკითხავს მაშინ, როდესაც ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტიულობა, დიდი ტექსტების ბოლომდე გაყოლის  მოთმინების ნაკლებობა, განზოგადებისა და აბსტრაქტული აზროვნების პრობლემებია.

  1. პირველი და მნიშვნელოვანი, რითაც წიგნი უნდა შეარჩიო, ილუსტრაციაა.

ეცადეთ წიგნს, რომლის კითხვასაც იწყებთ, აუცილებლად ჰქონდეს ილუსტრაცია, თუნდაც მხოლოდ რამდენიმე, კომიქსი კი განსაკუთრებით გამოგადგებათ.

  1. წიგნის სტრუქტურული აგებულება:

წიგნი, რომელიც თავებადაა დაყოფილი, თავისი სათაური და მოწესრიგებული სტრუქტურა აქვს, ბავშვებს მოეწონებათ. თუ დამატებითი სტრუქტურული მახასიათებლები ექნება, კიდევ უკეთესი. მაგალითად, კარგი გამოსავალია დღიური, რომლის ყველა თავი კონკრეტული რიცხვითაა დასათაურებული.

  1. ეცადეთ, იყოს ბევრი ამბავი, თავბრუდამხვევი თხრობა და მოქმედებები ხშირად იცვლებოდეს.

გრძელი, გაბმული ამბავი შესაძლოა რთული აღსაქმელი იყოს, ამიტომ ისეთი წიგნები შეარჩიეთ, სადაც ბევრი სხვადასხვა ამბავი ხდება. ეს დაყოფა წიგნის კითხვის რუტინის სტრუქტურირებაშიც დაგეხმარებათ, ყოველ დღე-ახალი ამბავი – ასე დაგეგმეთ კითხვა.

  1. ნაკლები ფილოსოფიური განსჯა, ემოციები, მეტაფორები.

ალბათ იცით, რომ აუტიზმის დიაგნოზისას ბავშვებს მეტაფორების, იდიომების, გადატანითი მნიშვნელობის, განზოგადებისა და აბსტრაქტული მნიშვნელობების გაგება უჭირთ, ამიტომ, ტექსტი, სადაც რამდენიმე გვერდზე პერსონაჟის ფიქრები, განცდა, ემოციებია გადმოცემული, სავარაუდოდ, მათ არ დააინტერესებთ. საერთოდ, კითხვისას ყოველთვის გაამახვილეთ ყურადღება პერსონაჟის განწყობასა და გრძნობებზე, დარწმუნდით, ხომ სწორად გაიგო? შესაძლებელია, სხვადასხვა ემოციური თამაშიც გამოიყენოთ, მაგალითად, ემოციის გამომსახველი პიქტოგრამების შესაბამისობა ტექსტთან. ამოჭერით სხვადასხვა ემოციის „სმაილები“ და სთხოვეთ, წიგნის ამა თუ იმ ეპიზოდს მიუსადაგოს.

  1. წიგნის სერიები- ეს მნიშვნელოვანია.

სერიები ყველა ბავშვს უყვარს, ერთი სერიის სხვადასხვა წიგნის შეგროვება მათ საყვარელ საქმედ შეიძლება იქცეს. გარდა ამისა, სერიის მომდევნო წიგნი შეგიძლიათ ერთგვარ განმამტკიცებლადაც გამოიყენოთ, მაგალითად, „თუ ამ წიგნს წაიკითხავ, ერთად წავიდეთ წიგნის მაღაზიაში და შემდეგი ტომიც ვიყიდოთ“. გამოიყენეთ დამატებითი აქსესუარები, წიგნის პერსონაჟების ფოტოები, კალმები, პაწაწინა ნივთები. მათი მოგროვება თქვენს პატარა მკითხველს ძალიან მოეწონება.

  1. ისეთი ნაწარმოები, რომლის ანიმაციაც არსებობს. პერსონაჟის დანახვა, ლიტერატურული სივრცის წარმოდგენა უფრო ახლობელს და გასაგებს ხდის ტექსტს. კარლსონი და პეპი, მუმინების თავგადასავალი, სალამურა…- ბევრი კარგი წიგნის კარგი ანიმაცია არსებობს, წაიკითხეთ ტექსტი და მოაწყვეთ ანიმაციის ჩვენება, შეგიძლიათ, პარალელურ რეჟიმშიც სცადოთ, რომელიმე ეპიზოდის წაკითხვასთან ერთად მის ეკრანიზებულ ვერსიასაც უყუროთ.

 

  1. შეარჩიეთ ისეთი წიგნი, რომლის პერსონაჟი რაიმე ნიშნით დაემსგავსება თქვენს პატარა მკითხველს, ან მისი თანატოლი იქნება, ან მისნაირი შინაური ცხოველი ეყოლება, მისნაირი გატაცება ექნება და სხვა, ეს ძალიან კარგად მუშაობს.

 

 

  1. წიგნის არჩევისას გაითვალისწინეთ მკითხველის ინტერესები, ეცადეთ, მოქმედება ისეთ გარემოში ხდებოდეს, წიგნი ისეთ თემაზე იყოს, რაც მას აინტერესებს.

 

  1. წიგნის კითხვა და რუტინა – გამოყავით დრო წიგნის კითხვისთვის, გამოყავით ადგილი, განწყობა, სხვადასხვა აქსესუარები, როგორიცაა დივანი, რომელზეც წიგნებს ვკითხულობთ ანდა ნათურა, რომელსაც ვანთებთ-ხოლმე, ეს თქვენს მკითხველს დამატებით მყუდროების განცდას აზიარებს.

 

 

  1. და კიდევ ერთი, ადაპტირება – ზოგიერთი წიგნის გამარტივება შეიძლება დაგჭირდეთ, ასეთ შემთხვევაში, წინასწარ უნდა წაიკითხოთ წიგნი, მონიშნოთ ადგილები, რომელთაც ამოიღებთ, მოამზადოთ უფრო მარტივი ვერსია და ასე წაუკითხოთ ბავშვებს. მაგალითად, ანტუან დე სენტ ეგზიუპერის „პატარა პრინცი“ ასე წავიკითხეთ, რთული, აღმზრდელობითი და ფილოსოფიური თემები გამოვტოვეთ და აქცენტი სხვადასხვა სამყაროში მოგზაურობასა და ახალი სივრცის შემეცნებაზე გადავიტანეთ.

 

  1. წიგნის ყდა – სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ჩემს პატარა მკითხველს რამდენიმე წიგნის ყდის უბრალოდ ეშინია, დიდხანს იფუსფუსა, იფუსფუსა და ეს წიგნები კარგად გადამალა. ამიტომ, თუ ბავშვმა რომელიმე წიგნის წაკითხვა გააპროტესტა, იქნებ სწორედ ყდის ბრალი იყოს? დააკვირდით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი