შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

დისტანციური სწავლების გამოწვევები ინკლუზიურ განათლებაში

ონლაინსწავლებაზე გადასვლამ ახალი გამოწვევები მოიტანა ყველასთვის – მასწავლებლების, მოსწავლეებისა თუ მშობლებისთვის. ყველას ერთად მოგვიწია გავმკლავებოდით მის გამოწვევებს. დისტანციურმა სწავლებამ უფრო მეტად გაურთულა განათლების ხელმისაწვდომობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს. როგორც მასწავლებლები და მშობლები ჰყვებიან, დისტანციურ სწავლებაში მათი ჩართვა სხვადასხვა პრობლემას უკავშირდებოდა და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები არ იყვნენ სრულფასოვნად ჩართულნი ონლაინსწავლების პროცესში.

 

საინტერესოა, რამდენად აქტიურად ხდებოდა სსსმ მოსწავლის გათვალისწინება და მისი საჭიროებების დანახვა დისტანციური სწავლების პროცესში, რა ხელისშემშლელი ფაქტორები გამოიკვეთა და როგორ უპირისპირდებოდნენ, როგორც მშობლები, ასევე მასწავლებლები ონლაინსწავლების გამოწვევებს ვირტუალურ სივრცეში, ამის გარკვევას მათთან შევეცადეთ.

 

ნინო ომანაძე 10 წლის დაუნის სინდრომის მქონე გოგონას დედაა. გოგონასთვის სკოლაში ადაპტირება რთული არ ყოფილა, ის ეროვნულ სასწავლო გეგმას მიჰყვება. დისტანციური სწავლების დროს გამოწვევა მისთვის ის ზოგადი, ხელისშემშლელი ხარვეზი იყო, რომელიც ზოგადად ყველა ბავშვს უქმნიდა პრობლემას ონლაინსწავლებისას. „ზოგჯერ ღიზიანდება, რადგან, როდესაც ბევრი ბავშვი ხმაურობს, ვერ ახერხებს თავისი ხმა მიაწვდინოს მასწავლებელს, რაც ზოგადად, ონლაინსწავლებისთვის დამახასიათებელი ხარვეზია”, – ამბობს ნინო.

ნინო აქტიური მშობელი და არასამთავრობო ორგანიზაციის „მეც – Me Too”-ის დამფუძნებელია. ხშირად საუბრობს შშმ ბავშვების უფლებებზე და პრობლემებზე. არც პანდემიის პერიოდი ყოფილა გამონაკლისი. პანდემიის პერიოდში მან მცირე კვლევაც ჩაატარა შშმ ბავშვების მშობლებთან და გამოიკვლია, როგორ იყვნენ ჩართულნი სსსმ ბავშვები დისტანციურ სწავლებაში. ნინოს სიტყვებით – „ხაზგასმით გამოიკვეთა, რომ სსსმ ბავშვებისთვის მხოლოდ სპეციალური მასწავლებელი მუშაობს და მუშაობს ძალიან აქტიურად. საგნის მასწავლებლები ფაქტობრივად იგნორს უკეთებენ ბავშვებს და ეს დისტანციურ სწავლებამდეც ასე იყო. საგნის მასწავლებლები არ ურეკავენ სსსმ ბავშვებს, არ უთანხმებენ გაკვეთილს, რადგან არ სურთ ხელი შეეშალოთ გაკვეთილის პროცესში. რადგან გაკვეთილიც ხანმოკლეა და მათ სხვა აქტიური ბავშვები ჰყავთ გამოსაკითხი. ამიტომ საგნის მასწავლებლები თავს არიდებენ სსსმ მოსწავლის გაკვეთილზე ჩართვას. ასე რჩებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები ონლაინსწავლების მიღმა“.

ამავე პრობლემაზე საუბრობს სპეციალური მასწავლებელი, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა. ის ამბობს: „საგნის მასწავლებლები არც პანდემიამდე ცდილობდნენ სსსმ მოსწავლის სრულყოფილ ჩართვას სწავლის პროცესში და დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის პერიოდშიც ეს ძველებურად გაგრძელდა. ჩემს შემთხვევაში დისტანციური სწავლების დროს მხოლოდ საგნის ორმა მასწავლებელმა იმუშავა და მხოლოდ ამ მასწავლებლებმა დაწერეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. რვა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე გვყავს და არცერთი მათგანი არ იყენებს TEAMS-ს და არ ესწრება კლასთან ერთად ონლაინგაკვეთილებს, მხოლოდ ჩემს იმედად არიან. დადებითი რაც გამოიკვეთა, ის არის, რომ ახლა როდესაც მშობლები გვერდით ჰყავთ, უფრო მობილიზებულნი არიან, ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციაში”.

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა იმ რგოლების მოქნილობა, რომლებიც განსაზღვრავს ინკლუზიური განათლების წარმატებას და ყველა დეტალის მორგებას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეზე. თბილისის 31-ე და 116-ე საჯარო სკოლების სპეციალური მასწავლებელი, ქეთი გოგოლაძე ამბობს, რომ დისტანციურმა სწავლებამ ბევრი პრობლემა დააყენა დღის წესრიგში.

„ყველაზე გამოკვეთილი და მკაფიო პრობლემა იყო, სსსმ მოსწავლეებისთვის უშუალოდ მონიტორიდან სწავლება, რადგან ხშირად მათ არ შეუძლიათ მონიტორთან ჯდომა და იმ ინსტრუქციების შესრულება, რომლებსაც მასწავლებლები ვავალებთ. სკოლაში პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს ბავშვებთან, სხვადასხვა არხს ვიყენებთ ბავშვისთვის სწავლების პროცესში. ეს არის ტაქტილური, ვიზუალური და სხვადასხვა მოდალობა, რომ თითოეული უნარის განვითარებისთვის სხვადასხვა აქტივობა შევთავაზოთ. მონიტორთან, დისტანციური სწავლების დროს ამის განხორციელება ძალიან ჭირდა. დისტანციურ სწავლებას სირთულეებთან ერთად, თავისი დადებითი მხარეებიც ჰქონდა. მშობლები, რომლებიც აქამდე ძალიან დაკავებული იყვნენ და მხოლოდ რამდენიმე საათით ახერხებდნენ ბავშვთან კომუნიკაციას, ახლა აქტიურად ჩაერთნენ სწავლების პროცესში. მათ ვაწოდებდით დავალებებს დეტალური ინსტრუქციებით და მათაც ისწავლეს შვილებთან მუშაობა. აქამდე დროის უქონლობის გამო ვერ მოგვყვებოდნენ, ეს კი დისტანციური სწავლების ნამდვილად ერთ-ერთი კარგი მხარე იყო”.

ერთ-ერთი პრობლემა, რომელზეც მასწავლებელი საუბრობს, არის ის, რომ ძალიან ბევრი სსსმ მოსწავლე დარჩა დისტანციური გაკვეთილების მიღმა, დისტანციურად თითქმის ვერაფერში ჩაერთო. იმდენად მიჩვეული იყო პირდაპირ, სპეციალურ მასწავლებელთან მუშაობას, მშობლისთვის მიცემული ინსტრუქცია არ აღმოჩნდა საკმარისი მისთვის დავალების შესასრულებლად.

„სკოლაში მასწავლებლის მიცემულ დავალებას კლასი ინდივიდუალურად ასრულებს. ის მიდის სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლესთან, უხსნის მას და უფრო დეტალურ ინსტრუქციას აძლევს, რა დავალება როგორ უნდა შეასრულოს. ამის საშუალებას არ გვაძლევდა დისტანციური სწავლება. როდესაც მასწავლებელს რაღაც გეგმა ჰქონდა, ამის მორგება ძალიან უჭირდათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეზე. მასწავლებლებს ინდივიდუალურად უწევდათ ბავშვთან მუშაობა ან მშობლებს უგზავნიდნენ დავალებებს და მათ აძლევდნენ ინსტრუქციებს. კლასთან ერთად, დისტანციური გაკვეთილის ჩატარების პერიოდში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სრულყოფილი ჩართვა ვერ ხდებოდა. ყველაზე მეტად გაუჭირდათ მასწავლებლებს. ეს, რა თქმა უნდა, აისახება მოსწავლეებზე, მათ უნარებზე და ამას ძალიან განიცდიან მშობლებიც და მასწავლებლებიც”, – ამბობს ქეთი გოგოლაძე.

ელენე ირემაშვილი კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ სასირეთში საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელია. ონლაინსწავლების დაწყებისთანავე ელენემ სკოლის პედაგოგებს მიმართა, რომ ონლაინსწავლებისას არ მომხდარიყო სსსმ მოსწავლის დისკრიმინაცია და მასწავლებლებლებს ისინი უზრუნველეყოთ მათ საჭიროებაზე მორგებული დავალებებით.

 

სკოლაში, სადაც ელენე მუშაობს, 12 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეა და ელენეს გარდა, კიდევ ერთი სპეციალური მასწავლებელი ასწავლის. დისტანციური სწავლების პროცესში 12 მოსწავლიდან მხოლოდ 6 მოსწავლე იყო ჩართული ონლაინსწავლებაში, დანარჩენ მოსწავლეებს მასწავლებლები ტელეფონით ინდივიდუალურად უკავშირდებოდნენ და დაწვრილებით უხსნიდნენ, როგორ შეესრულებინათ დავალებები.

 

ელენე აღნიშნავს, რომ უკუკავშირის სახით შესრულებულ დავალებებს ვერ იღებდნენ, რაც სხვადასხვა ფაქტორით იყო გამოწვეული. მისი თქმით, სწავლებაში აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლები და შვილების ასისტენტირებას ახერხებდნენ. თუმცა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა – ტექნიკური ხელმისაწვდომობა და ინტერნეტიზაცია იყო.

 

ჩვენს რეალობაში არსებობს ოჯახები, რომელთაც არ აქვთ ინტერნეტის შეძენის საშუალება და არ აღმოაჩნდათ ისეთი ციფრული მოწყობილობები, ომლებითაც მასწავლებელი და მოსწავლე კომუნიკაციის დამყარებას შეძლებდნენ, რომ ამ კომუნიკაციას მოეცა საშუალება, მასწავლებელს ისინი შეეფასებინა და მათთვის უკუკავშირი მიეცა”, ამბობს სპეციალური მასწავლებელი.

ჯერჯერობით, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო კვლავ უცნობია, როგორი იქნება სასწავლო პროცესი სექტემბერში, მოსწავლეები სკოლაში ივლიან თუ ისევ გაგრძელდება დისტანციური სწავლება. თუმცა, პრობლემები, რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის არსებობს, კვლავ პრობლემად დარჩება, თუ ინკლუზიურ სწავლებაში ჩართული ყველა რგოლი, არ გაიაზრებს სსსმ მოსწავლის უფლებას – რომ ყველა ბავშვს აქვს ხარისხიანი განათლების უფლება, მიუხედავად იმისა, რა ბარიერებს აწყდება სწავლისა და განვითარების პროცესში.

შორენა ტყეშელაშვილი

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი