სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

თამაზ ვარვარიძე – მასწავლებლობა მუდმივ იმპროვიზაციას მოითხოვს

თამაზ ვარვარიძე, მხატვარი, სამხატვრო აკადემიის პროფესორი, გრაფიკის მიმართულების ხელმძღვანელიოდესღაც პედაგოგებიც მოსწავლეები იყვნენ და მათი სასკოლო შთაბეჭდილებები თუ ემოციები იმაზე იყო დამოკიდებული, როგორი პედაგოგები ჰყავდათ. თამაზ ვარვარიძე მერვე კლასამდე თბილისის 57-ე სკოლაში სწავლობდა, მერე, როგორც ხატვაზე ორიენტირებული მოსწავლე, ტრადიციისამებრ, ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში გადავიდა (ეს ტრადიცია ქართულ სამხატვრო სივრცეში დღემდე არსებობს). მისთვის თავი არც სკოლის წლებში და არც შემდეგ არც ერთ პედაგოგს დაუმახსოვრებია, ვიდრე სამხატვრო აკადემიაში გრაფიკის კათედრის გამგეს, დინარა ნოდიას არ შეხვდა. თამაზ ვარვარიძის ცხოვრებაში დინარა ნოდია ერთადერთი მაწავლებელი იყო, რომელიც, საკუთარი თავის მიმართ თვითკრიტიკული, ყოველგვარ ნოვატორულ იდეას მიესალმებოდა და მოსწავლეებს ჩარჩოში არ სვამდა.

 

თამაზ ვარვარიძე: “მახსოვს, მეხუთე კლასამდე ფრიადოსანი ვიყავი, მერე ჩემი აკადემიური მოსწრება მკვეთრად დაეცა, შესაძლოა ინტერესები გამიჩნდა სხვა, შესაძლოა პასუხისმგებლობა მომეხსნა, – არ ვიცი. კარგად სწავლა ხომ ჩვევად იქცევა, მაგრამ გინდება თავისუფლება.

სკოლის პერიოდიდან განსაკუთრებული არაფერი მახსნედება, არც ცუდი, არც კარგი. ცუდი იყო ყოველწლიური გამოცდები, რომლებიც ჩემ დროს არსებობდა და მიმაჩნია, რომ ძალადობაა ბავშვებზე. სწორედ ძალადობა წარმოშობს აგრესიას და როცა ვკითხულობთ, რატომ არიან ახალგაზრდები აგრესიულები, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი სასწავლო პროცესიც შეიძლება იყოს.

როგორც წესი, ადამიანები სკოლას სიხარულით და აღფრთოვანებით იხსენებენ. მე ასეთი განცდა არ მაქვს. ის სტანდარტები, რაც ჩემ დროს სკოლაში იყო, ადგილს არ ტოვებდა თავისუფლებისთვის. ალბათ, გარკვეულწილად ამის ბრალიც არის ჩემი ამგვარი განწყობა. ეს 60-იან წლებში ხდებოდა, როცა სკოლაც იდეოლოგიზებული გახლდათ, თუმცა კი, აღქმა იმისა, რაზეც გველაპარაკებოდნენ, ჩვენამდე ვერ აღწევდა, რადგან ბავშვებს ეს ნაკლებად გვაინტერესებდა.

– რა შეიცვალა, როდესაც უკვე იმის სწავლა დაიწყეთ, რაც გინდოდათ?

– ნიკოლაძეში, როგორც ყველა სპეციფიკურ სასწავლებელში, ისეთ საგნებზე, რომლებიც ერუდიციისთვის არის გამიზნული, მოთხოვნა არ იყო და, შესაბამისად, თავისუფლები ვიყავით. ახლაც ასეა, და საკუთარ თავს იმაში ვიჭერ, რომ მეც ისე ვსწავლობდი, როგორც დღევანდელი სტუდენტები – რაკი უნდა ჩამებარებინა, ფორმალურად ვეუფლებოდი საგანს. ეს საგნები შეიძლება დაგჭირდეს, მაგრამ როცა დაგეჭირდება, მაშინ გაეცნობი და სწავლაც მაშინ იქნება ნაყოფიერი.

– როგორ ფიქრობთ, სწავლების რა მეთოდი იქნება ეფექტური?

– ალბათ, სწავლება არ უნდა იყოს სტანდარტული. მგონია, რომ უფრო ეფექტური სწავლების დიფერენცირებული ტიპი იქნება. მოსწავლეს უნდა ჰქონდეს საგნების არჩევის უფლება. ამავე დროს, პედაგოგზეც ბევრი რამაა დამოკიდებული – რომელ საგანს შეაყვარებს და აარჩევინებს.

– სკოლის მასწავლებლობა სრულიად სხვა რამ არის, ვიდრე უმაღლესი სასწავლებლისა. რა ქმნის ამ განსხვავებას, მხოლოდ მოსწავლეთა ასაკი თუ ის, რომ სტუდენტმა უკვე იცის, რა უნდა?

– სტუდენტმაც შეიძლება არ იცოდეს, რა უნდა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხშირად ფაკულტეტი მშობლის არჩეულია და არა ბავშვის. აკადემიაშიც შეხვდებით ამგვარ შემთხვევებს, როცა მშობელი ამბობს: “ჩემს შვილს ხატვა ეხერხება!” – და შვილიც აკადემიაში აბარებს. ხშირად მართლაც არ არის აუცილებელი, მოსწავლე არაჩვეულებრივი მხატვარი იყოს – ხელოვნება ხომ ზუსტი მეცნიერება არ არის, რომ ნიჭიერების ზუსტი განსაზღვრება გვქონდეს. ვამბობთ – “თვალი აქვს კარგი”, “კარგად ხედავს”. შეიძლება ძალიან კარგად ხატავდე, მაგრამ არ იყო შემოქმედი. არსებობს ერთგვარი სტანდარტი, რომელსაც მხატვრობაში არ ვეთანხმები და არ ვცნობ. მაგალითად, ჩანახატის გაკეთება. ბევრ პედაგოგს ამ კუთხით მიჰყავს სწავლება. შესაძლოა, ხატვა არ იცოდეს პირველკურსელმა, მაგრამ კარგად ხატავდეს, ანუ ჰქონდეს თავისებურება, რაც სხვებისგან გამოარჩევს, ხოლო როცა აკადემიურ ხატვას ვასწავლით, ის ამ თავისებურებას კარგავს. ამიტომ ჯობს, სტანდარტში კი არ მოვაქციოთ, ვაცადოთ, თვითონ დაოსტატდეს თავის არჩეულ მანერაში. სწორედ ეს არის პედაგოგის დანიშნულება – მოსწავლეებს თავს კი არ მოახვიოს რამე, არამედ შეამჩნიოს ის ინდივიდუალური მომენტები, რომლებიც განასხვავებს მათ ერთმანეთისგან და ისინი განუვითაროს. ეს მხოლოდ მხატვრობას არ ეხება – პედაგოგს ეს ნებისმიერ სფეროში მოეთხოვება.

– რას ნიშნავდა მოსწავლე- მასწავლებლის ურთიერთობა თქვენს დროს და რას გულისმობს ახლა?

– ეპოქალურად შემცირდა დისტანცია მამებისა და შვილების თაობას შორის, შესაბამისად, პედაგოგსა და მოსწავლეს შორისაც. მეტაფორულად რომ ვთქვთ, დღეს ისინი ერთსა და იმავე მუსიკას უსმენენ. ურთიერთობა უფრო ფამილარული გახდა, უფრო თავისუფალი და ამით მოსწავლეები კმაყოფილნი არიან. ეს ბუნებრივი ურთიერთობაა. გამუდმებით მენტორული ტონით მოსაუბრე პედაგოგები, საბოლოო ჯამში, კრახს განიცდიან. სტუდენტი თავს არიდებს ასეთ ურთიერთობას და შედეგსაც ლოგიკურს ვიღებთ. თუმცა ჩნდება ერთი პრობლემა: სკოლაში მოსწავლეები მიჩვეულნი არიან სიმკაცრეს და პედაგოგებთან სხვაგვარ დამოკიდებულებას და როცა ლექტორი მათთან არაოფიციალურ, მეგობრულ ურთიერთობას ამყარებს, სიფხიზლეს კარგავენ. ხშირად უთქვამთ: “რომ მომთხოვოთ და მკაცრად მომეპყროთ, უკეთესი იქნება – შესაძლოა დავალების შესრულება დამეზაროს, ხვალისთვის გადავდო” და ასე შემდეგ.

სად არის ოქროს შუალედი?

– პედაგოგობა მუდმივ იმპროვიზაციას მოითხოვს. სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარი ქმედებაა საჭირო, სწორად შერჩეული და ინდივიდუალური. მართალია, ჩვენთან ათი სტუდენტი ზის და ათივეს ცალ-ცალკე ველაპარაკები, მაგრამ ამას ხომ სხვებიც ისმენენ.

– თქვენი აზრით, რამ შეცვალა თანამედროვე მოსწავლე?

– ცხოვრების აჩქარებულმა რიტმმა. ჩემ დროს იოლი იყო ინფორმაციის გადამუშავება, ახლა ძნელია და ეს ეხება ყველაფერს, მოქმედებს ყველაზე. შედარებისთვის, ავიღოთ საქართველოს ეროვნული აღზევებისა და არაფრის კეთების წლები. იმ დროს ჩამოყალიბდა ასეთი სტერეოტიპი – გელაპარაკა, ნაცვლად იმისა, რომ გესწავლა, გეკეთებინა. არ მახსოვს, რამდენ ხანს გრძელდებოდა პერიოდი, როცა არ ჰქონდათ საშუალება, სკოლებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებში ევლოთ. ვგონებ, არც ისე დიდხანს, მაგრამ პასუხისმგებლობის სრული აცილება მეტ ხანს გაგრძელდა: ამაში ეს არის დამნაშავე, იმაში – ის და შენ არაფერს აკეთებ. ერთი მხრივ, ამის ბრალია, რომ ახლანდელ თაობას გარკვეული ხარვეზები აქვს.

დღევანდელი სტუდენტები განსხვავებულნი არიან, მაგრამ რა არის ჩვენი ამოცანა მათთან ურთიერთობისას? სტერეოტიპებზე დაყრდნობით, მათგან ვითხოვთ იყვნენ ისეთები, როგორებიც ჩვენ ვართ, რადგან თავის დროზე ჩვენგანაც იმავეს ითხოვდნენ. ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანი. ავიღოთ პატარა ბავშვი, რომელიც ჭამს, რამდენიც უნდა და როცა უნდა. დაძალება უკვე ძალადობაა, რაც შემდეგ სხვა დარღვევებს იწვევს.

– მიუხედავად იმისა, რომ მხატვრობა ნაკლებად შემოსავლიანი პროფესიაა, სამხატვრო აკადემიაში სასწავლებლად მაინც უამრავი ახალგაზრდა მიდის. რა არის მათი მოტივაცია?

– სწავლა შეიძლება შევადაროთ გზას, რომელსაც მიჰყვები, მაგრამ როგორ ივლი, ვინ შეგხვდება, შენი თავგადასავალი ამაზეა დამოკიდებული.

ხშირად ეჩვენებათ, რომ ხატვის ნიჭი აქვთ. როგორც ბავშვობაში მშობელი ირჩევენ წიგნს და შვილი უჯერებს, ხშირად ცხოვრებაშიც ასე გრძელდება. მაგრამ შვილი ყოველთვის უსწრებს მშობელს, ყველა მონაცემით, და ეს სენი, მშობელმა აირჩიოს მათი მომავალი, დღემდე გრძელდება. პროფესიის არჩევანს ხშირად განსაზღვრავს მოდა. ხელოვნებაში ფუნქციონალურ დარგებზეა მოთხოვნა. მაგალითად, სარეკლამო გრაფიკაზე, დიზაინზე. თუ მათ დაზგურ დისციპლინებს შევადარებთ, აქედან მხატვარს შემოსავალი არ ელოდება. არ არსებობს მხატვარი, ნამუშევრების გაყიდვით რომ ირჩენდეს თავს, ერთეულების გარდა. ამდენად, გაიზარდა მოთხოვნა ფუნქციონალურ ფაკულტეტებზე, და სელექციის ეს პროცესი უფრო ბუნებრივია, ვიდრე მაშინ, როცა ყველა ფერწერის ფაკულტეტზე სწავლობდა.

– ამბობენ, რომ მხატვრობას ვერ ისწავლი, ისევე როგორც მწერლობას, თუმცა კი, სამწერლო აკადემიისაგან განსხვავებით, სამხატვრო აკადემია არსებობს…

– მართალია, მხატვრობისა თუ მწერლობის სწავლა შეუძლებელია, თუმცა კი მხატვარიც და მწერალიც მუშაობის პროცესში ყალიბდებიან. არავინ იბადება მხატვრად. საბჭოთა დროს სამხატვრო კავშირს ჰქონდა შემოქმედებითი სახლები, სადაც ორ თვიანი ვორკშოპები – სახელოსნოები იმართებოდა. იქ ყველანაირი სამუშაო პირობა იყო შექმნილი მხატვრებისთვის. ეს იყო ერთადერთი დადებითი რამ, რაც მახოვს იმ ეპოქიდან და მენანება. ასეთი შემოქმედებითი სახლები არსებობდა ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოდმოსკოვიეში, სადაც ჩადიოდნენ სხვადასხვა ასაკის მხატვრები სოციალისტური ბანაკის ქვეყნებიდან, ეცნობოდნენ ერთმანეთის შემოქმედებას. ეს შეხვედრები ძალიან სასარგებლო იყო ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისითაც – ხომ მაშინ ინტერნეტი არ იყო. რასაკვირველია, ყველაფერი ემსახურებოდა საბჭოთა იდეოლოგიას, მაგრამ, როგორც სხვა სფეროებში, აქაც ხდებოდა საკუთარი შემოქმედების განვითარება. უკვე 70-იან წლებს ვგულისხმობ. მხატვრებს გვქონდა საკუთარი სახელოსნოები. ეს იყო მხატვრობის ხელშეწყობა. დღეს მხატვრებს მსგავსი არაფერი აქვთ, სახელმწიფო პოლიტიკა ჩაანაცვლა ფონდებმა, რომლებიც მათი კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება, მაგრამ ეს ღონისძიებები ასეთი ინტენსიური არ არის. სამხატვრო აკადემიაში ვორკშოპები და მასტერკლასები ხშირად გვაქვს, ჩამოდიან უცხოელი მენტორები, გამოიცემა კატალოგი და ამ ყველაფერში სტუდენტებიც ერთვებიან. ეს ეხმარება მათ თვალსაწიერის გაფართოებაში, დახელოვნებაში. თუმცა დღეს ურთიერთობები თავისუფალია, სამყარო გახსნილია და ამ სამყაროსთან მხატვრები უკვე სურვილისა და შესაძლებლობების მიხედვით ურთიერთობენ.

სამყაროსთან თავისუფალი ურთიერთობები თანამედროვე ახალგაზრდებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ეს მათი დამსახურება არ არის, დრომ მოიტანა და მას სწორი გამოყენება უნდა, თუმცა კი მიმაჩნია, რომ ბევრი მართლაც მიზანმიმართულად იყენებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი