პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ირაკლი მინაშვილი – მთავარი საქმისა და ბავშვის სიყვარულია

ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-სტუმარია ბატონი ირაკლი მინაშვილი, რომელიც CERN-ის ექსპერიმენტის ერთ-ერთი დეტექტორის, “ატლასის” წამყვანი ხელმძღვანელია, მას ამ დეტექტორისთვის სიცოცხლის შენარჩუნება ევალება.

– ბატონო ირაკლი, გვიამბეთ თქვენზე – სად სწავლობდით, როგორი იყო თქვენი გზა CERN-ამდე?

– 1974 წელს დავამთავრე კომაროვის სახელობის სკოლა. ჩვენი ნაკადი იმდენად ძლიერი იყო, რომ სკოლის დამთავრებისთანავე თითქმის ყველა ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში. არადა, მაშინ ჩაბარება ძალიან ძნელი იყო. ეს სკოლა დღესაც პრესტიჟულია. აქ სწავლობდნენ ბავშვები, რომლებსაც ფიზიკა-მათემატიკის განსაკუთრებული ნიჭი და გახსნილი გონება ჰქონდათ, რომლებსაც უყვარდათ ეს საგნები. ამ სკოლაში რომ მოხვედრილიყავი, სპეციალური გამოცდები უნდა ჩაგებარებინა, თუმცა სწავლება ჩვეულებრივი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისგან იმდენად განსხვავებული და მაღალი დონისა იყო, რომ ჩარიცხულ მოსწავლეთა მესამედი ამ სკოლას ვერ ამთავრებდა; ნაკადი იფილტრებოდა და მხოლოდ საუკეთესოები რჩებოდნენ.

სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე (იმხანად უნივერსიტეტი ჯერ კიდევ არ ატარებდა ივანე ჯავახიშვილის სახელს). სადიპლომო ნაშრომი მოსკოვთან ახლოს, ქალაქ დუბნაში გავაკეთე. აქ მდებარეობს გაერთიანებული კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც საერთაშორისო სტატუსი აქვს. დუბნა იყო და არის პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე დიდი კვლევითი ცენტრი (ვგულისხმობ არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, არამედ მთალი აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტურ სახელმწიფოებსაც). ამის შემდეგ დიდხანს ვმუშაობდი ამ ინსტიტუტში და დღესაც მისი კონტრაქტით მომუშავე წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი გახლავართ.

პარალელურად ვმუშაობ CERN-ში, ერთ-ერთ მასშტაბურ ექსპერიმენტზე _ “ატლასზე”. მაქვს სამწლიანი კონტრაქტი და ვითვლები ამ ექსპერიმენტის ერთ-ერთი დეტექტორის, რომელსაც ასევე “ატლასი” ჰქვია, წამყვან ხელმძღვანელად. “ატლასში” რამდენიმე ჯგუფია. მე ამ დეტექტორისთვის სიცოცხლის შენარჩუნება მევალება.

“ატლასი” რთული სისტემაა და მის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ქართველ მეცნიერებს. ადრონული კალორიმეტრი ატლას-დეტექტორის ერთ-ერთი ქვედეტექტორია. მის შექმნასა და დახვეწაზე შვიდამდე ქართველი მეცნიერი მუშაობდა. როდესაც იგი ჩავიტანეთ მაღაროში, სადაც დეტექტორული ექსპერიმენტი მიმდინარეობს, საჭირო აღმოჩნდა მისი უფრო მეტად დახვეწა და ქართველებმა ამაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს.

– ქართველი ფიზიკოსები მუშაობენ CERN-ში და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ, თუმცა, სამწუხაროდ, მათი ვინაობა თითქმის არ ვიცით. ჩვენ შევეცდებით დროდადრო გავაცნოთ ისინი საზოგადოებას და მოვუთხროთ მათზე. ჩვენს გაზეთში საინტერესო და ვრცელი წერილი გამოქვეყნდა ქართველების CERN-ში მოღვაწეობაზე. მაგრამ, მოდით, მოსწავლეობის პერიოდს დავუბრუნდეთ. რატომ აირჩიეთ ფიზიკა, ვინმემ ან რამემ გიბიძგათ აქეთ თუ თავად გქონდათ ამ საგნისადმი განსაკუთრებული ინტერესი?

– მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბება სკოლიდან იწყება და მისი თვალთახედვის ფორმირებაში მასწავლებელი განსაკუთრებულ, ჩემი ფიქრით, გადამწყვეტ როლს ასრულებს. ფიზიკისადმი ჩემს დამოკიდებულებაზე სწორედ მასწავლებლებმა მოახდინეს უდიდესი გავლენა, თუმცა, ცხადია, ოჯახსა და სოციალურ გარემოსაც არანაკლები წვლილი მიუძღოდა. დედასაც და მამასაც საინჟინრო განათლება ჰქონდათ, ამიტომ სწავლა არ მიჭირდა; თუ რამეს ვერ გავიგებდი, მშობლები მეხმარებოდნენ. ალბათ, ნებისმიერ ჩვენგანს გამოუცდია ასეთი რამ – თუ რამეს მოჰკიდა ხელი და არ გამოუვიდა, ბოლომდე ვერ მიიყვანა, მეორედ ამ საქმისკენ გული აღარ გაუწევს. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მას რაღაც შეუძლია; მასწავლებელმაც უნდა დააინტერესოს იგი თავისი საგნით. ჩემი პირველი ფიზიკის მასწავლებელი, რომელმაც შემაყვარა ეს მეცნიერება, აპოლონ მილორავა გახლდათ. მათემატიკის მასწავლებელიც ძალიან კარგი მყავდა – ილია ვეკუას შვილი ლამარა ვეკუა, რომელიც ჩემს მშობლებთან მეგობრობდა. სწორედ ამ ხალხმა გამიღვივა ფიზიკის სიყვარული და შეასრულა უდიდესი როლი ჩემს პროფესიულ არჩევანში.

– თქვენ ბრძანეთ, რომ ბევრი ქართველი ფიზიკოსი წარმატებით მუშაობს CERN-ში. როგორც ჩანს, ადრე ეს მეცნიერება ჩვენში უფრო მეტად აინტერესებდათ. ბოლო ხანს ძალიან ცოტა ახალგაზრდა უკავშირებდა ფიზიკას თავსი მომავალს. ჩვენ ვცდილობთ, ბავშვებს საბუნებისმეტყველო საგნებისადმი ინტერესი გავუღვიძოთ, მაგრამ სასურველ შედეგამდე ჯერ გზაში ვართ. თქვენი აზრით, რატომ განელდა ეს ინტერესი?

 

– დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ვითარებას. მეცნიერება ყოველთვის ფუფუნებად ითვლებოდა, რადგან ყველას არ შეუძლია ღრმად წვდომა, საზოგადოების მხოლოდ გარკვეულ ნაწილს აქვს ამის შესაძლებლობა. გარდა იმისა, რომ ადამიანს თვითონ უნდა აინტერესებდეს მეცნიერება, მას სჭირდება დროც, რომელიც სხვა, თუნდაც ყოფითმა საზრუნავმა არ უნდა წაართვას. ამიტომ სახელმწიფომ პირობები უნდა შეუქმნას მეცნიერს, რათა მან სრულფასოვანი მუშაობა შეძლოს.

– სახელმწიფო უკვე ზრუნავს, რომ საბუნებისმეტყველო საგნებისადმი ინტერესი გაიზარდოს მოსწავლეებში და მასწავლებლებს ამ მიმართულებით ძალიან ბევრ პროფესიულ და საგნობრივ ტრენინგებს, კონფერენციებს, სხვადასხვა ქვეყნებში გაცვლით პროგრამებს სთავაზობს. სწორედ ამ მიზნით მოეწყო მასწავლებლის სახლში თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია მასწავლებლებისთვის და მათ იქ უტარდებათ ტრენინგები.

– ვხედავ, რომ ბოლო ხანს ფუნდამენტური მეცნიერებისადმი ინტერესმა მართლაც მოიმატა. ჩემთვის პირველი გზავნილი CERN-ში მასწავლებელთა პირველი ნაკადის ჩამოსვლა გახლდათ – ამით მივხვდით, რომ ქვეყანაში რაღაც შეიცვალა. გარდა ამისა, ბოლო ხანს CERN-ში ხშირად ჩამოდიოდნენ კორესპონდენტები და აშუქებდნენ, რაც “ატლასში” ხდებოდა. ამან უდავოდ შეუწყო ხელი ჩვენი საქმიანობისა და პროფესიის პოპულარიზაციას. სხვათა შორის, ბოლო ხანს უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე თუ ორი-სამი აბიტურიენტი აბარებდა, წელს სტუდენტი გაცილებით მეტია. პირველი კურსის შემდეგ, როდესაც საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტები აირჩევენ კონკრეტულ საგანს, ფიზიკის ფაკულტეტმა შესაძლოა კონკურსიც კი გამოაცხადოს, რადგან საკმაოდ ბევრმა სტუდენტმა გამოთქვა ფიზიკის შესწავლის სურვილი. ასე რომ, მოსალოცად გვაქვს საქმე. თუ სახელმწიფო ინტერესს გამოიჩენს, აუცილებლად გამოჩნდებიან კარგი მოსწავლეებიც და კარგი მასწავლებლებიც.

– საუბრის დასასრულს რას ეტყოდით, ანუ თქვენი მოკლე გზავნილი მასწავლებლებს?

 

– პირველ რიგში, უყვარდეთ თავიანთი საქმე, ჰქონდეთ გამძლეობა და თავდადება. ბავშვი სათუთი პიროვნებაა და მისი გაბრაზება არ შეიძლება. მთავარი საქმისა და ბავშვის სიყვარულია.

ესაუბრა ნატო ინგოროყვა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი