შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მოაზროვნე – თემურ პაპასქირი – სკოლა და განათლება მოაზროვნის სარკმლიდან

 

ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge”-ს სტუმარია მოაზროვნე, ბროლის ბუს მფლობელი თემურ პაპასქირი.
თემურ პაპასქირი დაიბადა 1974 წლის 6 დეკემბერს მოსკოვში. დაამთავრა სოხუმის მე-8 საშუალო სკოლა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში ისტორიის ფაკულტეტზე. ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი, ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. ჰყავს მეუღლე – ლელა უბილავა და ქალიშვილი – 6 წლის მარიამი.
ჰობი, ინტერესები: კითხვა და ინტელექტუალური თამაშები. საყვარელი მწერლები და პოეტები: ალექსანდრ დიუმა, რობერტ ჰაინლაინი, აიზეკ აზიმოვი, მორის დრიუონი, აგათა კრისტი, ართურ კონან დოილი, აკაკი წერეთელი, გრიგოლ ორბელიანი, გალაკტიონ ტაბიძე.
„რა? სად? როდის?” თამაშობს 1997 წლიდან. მისი გუნდი დავით რაფავას ხელმძღვანელობით 2002 წელს სამხრეთ კავკასიის ჩემპიონი გახდა; იყო თბილისის 5-გზის ჩემპიონი (1998, 2002, 2006–07); 2006 წელს მონაწილეობდა მსოფლიო ჩემპიონატში; იმავე წელს „პენტიუმი” საქართველოს ჩემპიონი გახდა. ერთი კვირის წინ გუნდმა კიდევ ერთხელ მოიპოვა ეს ტიტული. 2009 წლის „რა? სად? როდის?” სატელევიზიო ვერსიის ზამთრის (ფინალური) სერიის მეხუთე შესარჩევ თამაშში თემურ პაპასქირი საუკეთესო მოაზროვნედ აღიარეს. იგი არის 2010 წლის ზამთრის სერიის ბროლის ბუს მფლობელი.
თემურ პაპასქირი თავის ბავშვობას განუყოფლად აკავშირებს წიგნებთან:
– ბავშვობიდან ბევრს ვკითხულობდი. ერთია, რომ ოჯახმა ადრეული ასაკიდან მიმაჩვია კითხვას, მაგრამ მე თვითონაც ძალიან მიყვარდა და მიტაცებდა წიგნები. წიგნის გარეშე ცხოვრება დღესაც ვერ წარმომიდგენია. როგორც ყველა ბავშვმა, კითხვა ზღაპრებით დავიწყე. ცოტა რომ მოვიზარდე, ჩემი საყვარელი წიგნი იყო ლევან სანიკიძის „უქარქაშო ხმლები”. მამაჩემი ზურაბ პაპასქირი, რომელიც სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორია, ცდილობდა, ბავშვობიდან გაეღვივებინა ჩემთვის ყოველივე ქართულის სიყვარული, ამიტომ საქართველოს ისტორია თავიდანვე ძალიან მიტაცებდა; ფაქტობრივად, სასკოლო ასაკშივე გადავწყვიტე, ისტორიკოსი გავმხდარიყავი. ერთი სიტყვით, სერიოზული ლიტერატურის კითხვა ისტორიული წიგნებით დავიწყე და მალე ჩვენი ოჯახის ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკა თითქმის სულ მთლად წაკითხული მქონდა.
– გასაგებია, რომ წიგნის სიყვარული, პირველ რიგში, ოჯახიდან იღებს სათავეს, მაგრამ მის გაღვივებაში ხშირად დიდ როლს ასრულებენ მასწავლებლებიც. თუ გეხმარებოდნენ პედაგოგები კლასგარეშე საკითხავი წიგნების შერჩევაში ან მიმართულებას თუ გაძლევდნენ?
– მეოთხე კლასიდან ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი საზაფხულოდ გვაძლევდა კლასგარეშე საკითხავ მასალას. შემდეგ წაკითხული წიგნის მოკლე შინაარსი უნდა დაგვეწერა, რათა პედაგოგი დარწმუნებულიყო, რომ ნამდვილად წავიკითხეთ. ამ წიგნების უმეტესობა მე და ჩემს რამდენიმე თანაკლასელს უკვე წაკითხული გვქონდა, დანარჩენსაც მალევე გადავიკითხავდი ხოლმე და მერე თავად ვირჩევდი წიგნებს.
– ხომ არ აღიზიანებდა თანატოლებს წიგნებისადმი თქვენი ასეთი სიყვარული?
– თავიდან იყო ირონიული დამოკიდებულება, მსაყვედურობდნენ, სულ წიგნებს ჩაჰკირკიტებო, ერთხანს „მოსიარულე ენციკლოპედიასაც” კი მეძახდნენ, მაგრამ ეს ამბავი საერთოდ არ მაღელვებდა. როდესაც დავიწყეთ ვიქტორინებში მონაწილეობა, სადაც ცოდნა და განათლება იყო საჭირო, დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. შეჯიბრება სხვადასხვა საგანში იმართებოდა და კლასში ყოველთვის მე ვიყავი კაპიტანი.
1980-იან წლებში ძალიან პოპულარული იყო ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?”, რომელიც საკავშირო ტელევიზიით გადაიცემოდა. მისი გავლენით ჩვენს სკოლაშიც გაიმართა ლიტერატურული ვიქტორინა. მაშინ მეექვსე კლასში ვიყავი და გავიმარჯვე. ეს იყო ჩემი პირველი გამარჯვება ინტელექტუალურ თამაშში.
უნივერსიტეტში 1991-1996 წლებში ვსწავლობდი. ეს იყო ძალიან მძიმე პერიოდი – ომი, დევნილობა… მართალია, იმ დროსაც იმართებოდა ინტელექტუალური შეჯიბრებები, მაგრამ მე რატომღაც ავცდი ამ მიმართულებას. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე და დისერტაციაზე დავიწყე მუშაობა, სწორედ იმ წელიწადს დაიწყო საქართველოს ტელევიზიამ ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?” გადაცემა და გამოჩნდა სოხუმის გუნდი. შემთხვევით შევიტყვე, რომ აფხაზეთის ახალგაზრდული კლუბი ყოველ კვირა მართავდა შეჯიბრებას, მივედი, გავხდი მისი წევრი და ცოტა ხანში ორი თამაში მოვიგეთ. სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდა ჩემით სოხუმის გუნდი. ასე მოვხვდი „პენტიუმში” – დავით რაფავას გუნდში, რომელიც 15 წელია თამაშობს და ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია საქართველოში. ერთი კვირის წინ მეორედ გავხდით საქართველოს ჩემპიონები.
– ინტელექტუალურ თამაშში გამარჯვებას, ალბათ, განსხვავებული ხიბლი აქვს…
– ეს არის თამაში, სადაც ამოწმებ საკუთარ თავს – რა იცი და რა ხარვეზი უნდა აღმოფხვრა. პირველ ხანებში კითხვები უმთავრესად ცოდნაზე იყო დაფუძნებული, შესაბამისად, რაც უფრო მეტი გქონდა წაკითხული, მით უკეთ თამაშობდი; დღეს ინტელექტუალური თამაში მოითხოვს როგორც განათლებას, ისე კარგ ინტუიციასაც. მაგრამ თუ არ იკითხე, ვერც ინტუიციასა და ვერც ლოგიკას ვერ განივითარებ.
– რას ნიშნავს თქვენთვის ბროლის ბუს მფლობელის ტიტული?
– იმას, რაც წლების განმავლობაში გიკეთებია, საბოლოოდ უმაღლესი შეფასება ენიჭება. მართალია, ბევრი თამაშობს, მაგრამ ბროლის ბუს მფლობელი ყველა ვერ ხდება.
– რას ცვლის პოპულარული მოაზროვნის სტატუსი?
– ეს სტატუსი ძალიან ზრდის ლექტორის პოპულარობის ხარისხს. სხვა ფაკულტეტების ბევრი სტუდენტი ირჩევს ჩემს საგანს სწორედ იმიტომ, რომ ინტელექტკლუბში ვთამაშობ. ხშირად შემიმჩნევია – ამაყობენ კიდეც, მე რომ ვასწავლი. თუ სკოლაში კითხვის მოყვარული ბავშვი ხშირად დაცინვის ობიექტად იქცევა, სტუდენტობისას დამოკიდებულება რადიკალურად იცვლება. დღეს ბევრი სტუდენტი თამაშობს „რა? სად? როდის?” სპორტულ ვერსიას. ბოლო წლების განმავლობაში მოთამაშეთა რაოდენობით მსოფლიო რეკორდი მოვხსენით.
– არადა, ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად გაიგონებთ, რომ ახალ თაობაში ინტელექტი და ერუდიციის დონე დაბალია…
– დღევანდელი სტუდენტების მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში სტუდენტების საშუალო მომზადების დონემ აშკარად აიწია. შესაძლოა, პროცენტულად წინა თაობაში მცოდნეთა რაოდენობა უფრო მეტი იყო, მაგრამ ფაქტია, განათლების დონემ აშკარად მოიმატა. ვფიქრობ, დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, საშუალო დონე ბევრს არ დააკმაყოფილებს და ნელ-ნელა ძლიერი სტუდენტებიც გამოჩნდებიან. აღსანიშნავია, რომ, წინა თაობისგან განსხვავებით, მკვეთრად გაუმჯობესდა ენების ცოდნა. ადრე თუ ორი უცხო ენის ცოდნა სენსაციად ითვლებოდა, დღეს სტუდენტებმა სამი და ოთხი უცხო ენა იციან.
– სტუდენტები თუ მოგმართავენ, არა როგორც ლექტორს, არამედ როგორ ინტელექტკლუბის მოთამაშეს?
– ხშირად მოდიან და მეკითხებიან, გუნდი ჩამოვაყალიბეთ და რას გვირჩევდითო. ადვილი მისახვედრია, რომ გუნდს ქმნიან მეგობრები, რომლებიც ერთსა და იმავე ფაკულტეტზე სწავლობენ და ძირითადად ერთი და იგივე ლიტერატურა აქვთ წაკითხული. თავდაპირველად ამან შესაძლოა გაამართლოს, მაგრამ შემდეგ გუნდს გადახალისება სჭირდება – ან სხვა პროფესიის ადამიანები უნდა დაამატონ, ანდა თავად გუნდის წევრებმა გადაინაწილონ სფეროები და მოემზადონ. თუმცა მაინც ჯობს, გუნდი სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისგან იყოს დაკომპლექტებული.
– რამდენად გამართლებულია სწავლების პროცესში ინტელექტუალური თამაშების გამოყენება? საერთოდ, რას ურჩევდით სკოლის მასწავლებლებს?
– მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს ინტელექტუალური თამაშების ელემენტები. ვთქვათ, შეადგინოს კითხვარები ამა თუ იმ ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით. რა თქმა უნდა, გაიმარჯვებს ის ბავშვი, რომელსაც წიგნი აქვს წაკითხული, მაგრამ შესაძლოა სხვა მოსწავლესაც გაუჩნდეს ნაწარმოების წაკითხვის სურვილი, ეს კი უკვე შედეგია.

დღეს სკოლას ისევ უბრუნდება ძველი ფუნქცია, სასკოლო გამოცდების წყალობით სწავლების პროცესი უფრო მომთხოვნი გახდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ახალი თაობა აშკარად უბრუნდება წიგნს. ამას ხელი შეუწყო ელექტრონული წიგნების გაჩენამ და ელექტრონული წამკითხველების მომრავლებამ. ძველად წიგნის შოვნა იყო პრობლემა, უკანასკნელ ხანს კი გამოცემების ბუმია. მოთხოვნა რომ არ იყოს, არც ამდენი წიგნი გამოიცემოდა და ეს, ვფიქრობ, სულ მალე შესამჩნევ შედეგს გამოიღებს.

ესაუბრა თამარ კაციტაძე

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი