პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

პაატა ვეშაპიძე – მასწავლებლობის ხიბლი და უნარი

“თუ ადამიანს არ უმართლებს და სურს, სიცოცხლეში ერთხელ მაინც ბედნიერად იგრძნოს თავი, ის უნდა წავიდეს სკოლაში, სცადოს მასწავლებლობა… თუ ეს სარისკო ნაბიჯი გადადგა, გარანტიას ვაძლევ – ათჯერ, ასჯერ, ათასჯერ იგრძნობს, რომ ბედნიერია და ტყუილად არ მოსულა ამქვეყნად”, – ამბობს გაზეთ “24 საათის” რედაქტორი პაატა ვეშაპიძე, რომელსაც მასწავლებლად მუშაობის თხუთმეტწლიანი გამოცდილება აქვს.

მან მასწავლებლობა 1984 წელს ეგრეთ წოდებულ გერმანულ სკოლაში დაწყო, რომელიც გურამ რამიშვილმა დააარსა და სწავლების ბილინგვურ მეთოდს ეფუძნებოდა, თუმცა კი ამ სკოლების ხიბლი მხოლოდ უცხო ენის სწავლება არ ყოფილა – ეს გახლდათ საბჭოთა მეთოდოლოგიის ფონზე სრულიად ახლებური ხედვა და მიდგომა, რომლის მიზანს თავისუფლად, კლიშეების გარეშე მოაზროვნე თაობის გაზრდა წარმოდგენდა.

– ამ გადასახედიდან, რამდენად ეფექტური იყო სწავლების რამიშვილისეული მეთოდი?

 

– ჩემი აზრით, ძალიან ეფექტური, იმიტომ რომ ჩვენი სკოლების ყველა კურსდამთავრებულმა შესანიშნავად იცოდა როგორც მშობლიური, ისე გერმანული ენა და კარგად იცოდა მეორე უცხო ენაც. საქართველოში პირველად ამ სკოლებში გაჩნდა ისეთი ტიპის აღმზრდელობითი მიმართულებები, როგორიც არის საზოგადოების ეკოლოგია, სამოქალაქო პასუხისმგებლობა, თავისუფალი აზროვნება და კრიტიკული მსჯელობა ნებისმიერი მოვლენის შესახებ. არ მინდა დაგავიწყდეთ, რომ ეს იყო გაგანია კომუნისტური პერიოდი, 80-იანი წლების დასაწყისი. შემიძლია, ერთი მაგალითიც მოგიყვანოთ ჩემი პრაქტიკიდან: დაწყებითი კლასის მასწავლებელი ვიყავი, როცა ჩემს გაკვეთილზე პირველად შემოვიდა განათლების სამინისტროს ე.წ. კომისია. რას ამოწმებდნენ, არ ვიცი, მაგრამ სკოლებში ხშირი დადიოდნენ ასეთი კომისიები. იმ დღეს გაკვეთილად გვქონდა კრილოვის იგავ-არაკი “ჭრიჭინა და ჭიანჭველა”. დღესაც მახსოვს ორი დამსწრე ქალბატონის შოკირებული სახე, როცა რვა წლის პატარებმა თავისუფლად, ყოველგვარი შაბლონისა და კლიშეს გარეშე დაიწყეს მსჯელობა იმის შესახებ, რა ულმობელია ჭიანჭველა, რომელმაც ჭრიჭინა შიმშილით სიკვდილისთვის გაიმეტა მხოლოდ იმიტომ, რომ ის მთელი ზაფხული მღეროდა. მახსოვს კომისიის ერთ-ერთი წევრის აღშფოთება სამასწავლებლოში, გაკვეთილის შემდეგ, როცა მან დირექტორს განუცხადა, მე ამას ასე არ დავტოვებო. საბედნიეროდ, მაშინ გათავისუფლებას გადავრჩი… სკოლაში კი ასეთი მსჯელობა ჩვეულებრივი ამბავი იყო, ასე იზრდებოდა ჩვენი ორი ათასზე მეტი მოსწავლე. და, ჩემს შეფასებასაც რომ თავი დავანებოთ, ისინი, ვინც “გერმანული სკოლები” დაამთავრეს, დღეს საზოგადოების წარმატებული წევრები არიან.

როდესაც სკოლა გაფართოვდა, რამდენიმე ნაწილად გაიყო და მე მუშაობა გავაგრძელე მეორე გიმნაზიაში, რომელიც ერთობლივად ჩამოვაყალიბეთ მე, მიშა ჩიკვილაძემ და რეზო ბუთხუზმა. ახალი სახელმძღვანელოებიც კი შევქმენით, თუმცა არ გადაგვიხვევია იმ პრინციპისთვის, რასაც გურამ რამიშვილის მეთოდოლოგია გულისხმობდა.

– ქართულ სინამდვილეში მამაკაცები სკოლაში მასწავლებლად იშვიათად მიდიან. თქვენ რატომ გადაწყვიტეთ?

– ეს შემთხვევით მოხდა. ერთ დღეს, – ზუსტად თუ გნებავთ, 1984 წლის 5 სექტემბერს, – საღამო ხანს, სამსახურში გავუარე ჩემს მეგობრებს, რომლებიც სკოლაში მუშაობდნენ, რათა საერთო მეგობრის დაბადების დღეზე წავსულიყავით. მაშინ გერმანული სკოლა 46-ე სკოლის შენობაში, ბროსეს ქუჩაზე, ფუნქციობდა მეორე ცვლაში.

კიდევ ერთი გაკვეთილია დარჩენილი და ამოდი, სამასწავლებლოში დაგველოდეო. ავედი. სწორედ იმ დროს შემოვიდა სამასწავლებლოში კიდევ ერთი მეგობარი, მიშა მინდაძე, და მითხრა, მეორე კლასში გაკვეთილი ცდება და რაკი უსაქმოდ ხარ, ბარემ შედი, ბავშვები მაინც დააკავეო. ვერც მე და ვერც მოსწავლეებმა ვერ გავიგეთ, როგორ გავიდა ორმოცდახუთი წუთი. მხოლოდ მაშინ მოვედით გონს, როცა კლასში აღელვებული მშობლები შემოვიდნენ. მიუხედავად ფილოლოგიური განათლებისა, მანამდე მართლა ვერ წარმომედგინა სკოლის მასწავლებლობა. მეგობრებმა შემომთავაზეს, გაკვეთილის ჩატარება ისე კარგად გამოგივიდა, ხომ არ ცდიდიო და იმ მეორე კლასს მეათემდე მივყევი. მერე სხვა კლასებიც იყო…

მასწავლებელთა უმეტესობა მამაკაცები ვიყავით, რაც, ვფიქრობ, სიმკაცრესა და მეგობრობას უფრო ჰარმონიული თანაარსებობის საშუალებას აძლევდა. გარდა ამისა, უფრო იოლად ვახერხებდით, შაბათ-კვირას მოსწავლეებთან ერთად ლაშქრობაში თუ ექსკურსიაზე გვევლო. ეს, ჩემი აზრით, მოსწავლეებს შორის კომუნიკაციის დამყარების საუკეთესო საშუალებაა. ოცდარვა წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სკოლაში მივედი და ის ჩემი მოსწავლეები დღესაც უახლოესი ადამიანები არიან ერთმანეთისთვის.

– მცირე ანაზღაურების გარდა, რა აფრთხობთ იმ სპეციალისტებს, რომლებიც სკოლაში მუშაობაზე უარს ამბობენ?

– ვფქრობ, წარმოსახვითი სირთულეები, რომლებიც ბავშვების აზღრდასთან არის დაკავშირებული.
რასაკვირველია, მასწავლებლობა სერიოზული და შრომატევადი საქმიანობაა, მაგრამ, ამავე დროს, უდიდესი აღფრთოვანების მომგვრელიც არის. მე ვფიქრობ, თუ ადამიანს არ უმართლებს და სურს, სიცოცხლეში ერთხელ მაინც ბედნიერად იგრძნოს თავი, უნდა წავიდეს სკოლაში, სცადოს მასწავლებლობა; თუ ეს სარისკო ნაბიჯი გადადგა, გარანტიას ვაძლევ – ათჯერ, ასჯერ, ათასჯერ იგრძნობს, რომ ბედნიერია და ტყუილად არ მოსულა ამქვეყნად.

– თქვენ რა შეგძინათ სკოლაში გატარებულმა თხუთმეტმა წელმა?

 

– პირველ რიგში – თავდაჯერება, რთულ, ექსტრემალურ სიტუაციებში თავის ფლობის, სწრაფად და სწორად რეაგირების უნარი. ვფიქრობ, ადამიანისთვის, განსაკუთრებით – მამაკაცისთვის ეს აუცილებელია. რაც მთავარია, ჩემს აღსაზრდელებთან ერთად ვისწავლე, რა არის თავისუფლება და პასუხისმგებლობა.

– თქვენ შეგიძლიათ, თვალი გაადევნოთ სამი სხვადასხვა თაობის სკოლას. რა დაკარგა და რა შეიძინა მან?

– ის სკოლები, სადაც მე ვმუშაობდი, მართლა განსაკუთრებული იყო – ატმოსფეროთი, პედაგოგებით… სულ ახალგაზრდები ვმუშაობდით. ჩვენ შორის ყველაზე ახალგაზრდა 21 წლის იყო, ყველაზე “ხანდაზმული” მიშა მინდაძე კი – 31 წლის. ჩემი ბავშვობის სკოლაში, რასაკვირველია, იყვნენ ხნიერი მასწავლებლებიც, ძირითადად – შინაბერები… უფრო მკაფიოდ ამ განსხვავებას ერთი ბანალური ფაქტი წარმოაჩენს: ჩემი თაობის ბავშვებს, ისე, როგორც ყველა საბჭოთა მოსწავლეს, გვეგონა, მასწავლებელი ტუალეტში არ დადიოდა, მე კი გაკვეთილზე რომ შევიდოდი და დაფაზე სიტყვის უთქმელად დავწერდი საკონტროლო თემის სათაურს, ჩემი მოსწავლეები ერთხმად ამოიზუზუნებდნენ ხოლმე: “ისევ პახმელიაზე ხართ, პაატა მას?” – უმალვე ამჩნევდნენ, რომ არც მოსმენის თავი მქონდა, არც ლაპარაკის და საკონტროლოსაც ამიტომ ვაწერინებდი.

– და ახლა? რატომ ვერ იძლევა სკოლა სათანადო განათლებას?

 

– საქართველოში სამოცდაათი ათასზე მეტი პედაგოგია. მათი უმეტესობა იძენს განათლებას, რომელსაც, სამწუხაროდ, მერე აღარ იმაღლებს და ათწლეულების განმავლობაში ერთხელ მიღებულ ცოდნას გასცემს, არადა ამ წლებში ის სფეროც ვითარდება, ცნობიერებაც იცვლება, საზოგადოების უნარ-ჩვევებიც, მოთხოვნებიც… ამ შემთხვევაში პედაგოგი, რომელიც პროფესიული კარიერის დასაწყისში შესაძლოა ძალიან კარგი სპეციალისტიც ყოფილიყო, მოსწავლეებისთვის სრულიად არარელევანტური ხდება. არარელევანტურია მისგან წამოღებული ცოდნაც. ვფიქრობ, დღევანდელი სკოლების მთავარი პრობლემა ეს არის. ამ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ახალი სახელმძღვანელოებისა და პროგრამების შედგენა დაიწყო, ქართველი პედაგოგები შოკში აღმოჩნდნენ, რადგან ისინი 20-30 წლის წინანდელ ცოდნაში იყვნენ ჩარჩენილნი.

აი, რას ვურჩევდი ჩვენს პედაგოგებს: გამუდმებით აიმაღლეთ ცოდნა და განივითარეთ უნარები, არ ჩამორჩეთ დროს, თორემ თქვენივე აღსაზრდელები გაგასწრებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი