შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მეოთხე კლასის დამრიგებლის განცდები და აქტივობები, რომელიც მღელვარებას გადაგვატანებს

დასრულდა 2019-20 სასწავლო წელიც. ბოლო სასწავლო თვეები უჩვეულო რეჟიმში ურთიერთობით გავატარეთ. განსაკუთრებით, დასაწყისში ყველას გვეხამუშებოდა ეკრანის მიღმა ნათქვამი ,,გამარჯობა მას“,  ,,მინდა ჩაგეხუტოთ“… შემდეგ, თითქოს შევეჩვიეთ…

ალბათ ყველა იმ მასწავლებელს, რომლებიც მე-4 კლასს ასრულებდნენ მოსწავლეებთან ერთად, განსაკუთრებით აქტიურად ესმოდათ მოსწავლეებისგან წუხილი იმაზე, რომ მომავალ წელს ის მათი მასწავლებელი აღარ იქნებოდა. მეც ამ მასწავლებელთა რიგებში ვარ და ჩემი ფიქრები მინდა გაგიზიაროთ.

რთული ყოფილა ოთხწლიანი ერთად ყოფნის შემდეგ, იმის გააზრება, რომ ნაცნობი სახეები, ძვირფასები, გაზრდილები, აღზრდილები და რაღაცნაირად, შენიანები კლასში აღარ დაგხვდებიან. ეს ცოტა დამთრგუნველია. თქვენ ხომ ერთად შესაძლებლობების აღმოჩენის და გამოვლენის, გამბედაობის, მცდელობების და გამოწვევების დაძლევის 4 წელი გაატარეთ! ბევრი ბედნიერი ღიმილით დატვირთული. ამ ოთხმა წელმა ბევრ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევასთან ერთად, მასწავლებელსაც და მოსწავლეებსაც გაგვაცნობიერებინა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა!

წლევანდელი სასწავლო წელი ონლაინ დასრულდა. შესაბამისად, გამოსამშვიდობებელი ღონისძიებების და აქტივობების განხორციელება ნაკლებად მოხერხდა. მოსწავლეები საკუთარ მასწავლებლებს ისევ ეკრანს მიღმა დაემშვიდობნენ. 15 ივნისს, თიმსის პლატფორმაში ჩანიშნული ბოლო გაკვეთილიც შედგა და ჩემს უმცროს მეგობრებს ზაფხულში წასაკითხი წიგნები შევთავაზე, პატარა პრეზენტაციის სახით ვაჩვენე თითოეული წიგნი და მცირე ინფორმაცია, საინტერესო მომენტები გავუზიარე პერსონაჟებზე და შინაარსზე,  მცირე დისკუსია გავმართეთ ჩემი მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, რა შეიძლებოდა მიგვეღო ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, რა ემოცია და განწყობები გაუჩნდათ, გამიზიარეს. როდესაც მათ დასაბუთებულ, თავისუფალ, ლოგიკურ, მრავალფეროვან მსჯელობებს ვუსმენდი, სწორედ მაშინ გამიელვა გონებაში ფიქრმა, რომ ეს მოაზროვნე ადამიანები სექტემბრიდან ყოველდღიურად ჩემ გვერდით აღარ იქნებიან, არც მე მერქმევა მათი დამრიგებელი და ერთად ვეღარ დავატრიალებთ დიდ, ფერად, სასარგებლო, სააზროვნო, განსხვავებულ, სასიამოვნო და მხიარულ საგაკვეთილო პროცესს. აი, ისეთს, რომლისგან მიღებული სარგებელი თითოეულ მასში მონაწილე ადამიანში რომ შემოდის და თვითშეფასებას გიმაღლებს, სიამაყის შეგრძნებას გიჩენს, გიბიძგებს, მეტი და მეტი იფიქრო და შეძლო, გაფიქრებინებს – ,,ნუთუ, ეს მე ვთქვი? გავაკეთე? შევძელი?“ … ამ სასწავლო წელს ბოლო ონლაინ გაკვეთილიც დასასრულს უახლოვდება და მე, ასეთი ფიქრებით სავსე, ომახიანად ვემშვიდობები მოსწავლეებს, რომლებიც სევდას და გულწრფელ წუხილს ვერ მალავენ, რომ დამშვიდობება გვიწევს არა სექტემბრამდე, არამედ სულ. და ეს „სულ“ კიდევ უფრო მაფორიაქებს. ვამშვიდებ და ვეუბნები, რომ წინ მეგობრობის, სიყვარულის და წარმატების ბევრი ბედნიერღიმილიანი წუთი გველის! ხსნიან შეკრულ წარბებს და  მათ მოღუშულ სახეებს ღიმილიანი სახეები ანაცვლებს.

ეკრანს ვცილდები და ვფიქრობ, მართლაც, რა ემოციურად რთული სექტემბერი მაქვს გადასატანი… –„კარგი რა, ახალ მოსწავლეებს გაიცნობ და ისინიც ასე შეგიყვარდება, მათთანაც უამრავ წარმატებას და სიხარულს იგემებ“ – მეუბნება მეორე მე. ვმშვიდდები. „ – მართალს ამბობ, თუმცა“…  – ,,არავითარი თუმცა, თავი შეიკავე“, – მეუბნება ისევ ის, მეორე, ოპტიმისტურად მოაზროვნე და გულმაგარი. მიხარია, რომ ისიც მე ვარ, გამამხნევებს მაინც. დავიწყე ფიქრი, როგორ შემიძლია ამ პირველ „მეს“ და მოსწავლეებს, მარტივად და საქმიანად გადავატანინო ახალი სასწავლო წლის პირველი სემესტრი.

ჩვენ ხომ მასწავლებლები ვართ, უსაზღვრო შესაძლებლობების მქონენი. შეგვიძლია მოვიფიქროთ ისეთი აქტივობები, რომლებიც გაგვიადვილებს სევდის გადატანას. რამდენიმე მათგანი მინდა გაგიზიაროთ, რომელიც მომაფიქრდა :

  • ჩვენი ახლად გაცნობილი მოსწავლეები ჩვენს, აწ უკვე მეხუთეკლასელ მოსწავლეებს გავაცნოთ. მათ ბევრი საერთო აქვთ, ყველაზე მთავრი კი თავად ჩვენ ვართ, მათი პირველი მასწავლებელი. გაცნობითი აქტივობა მხიარულ და პოზიტიურ გარემოში შეგვიძლია მოვაწყოთ, მაგალითად, სკოლის ეზოში ან დარბაზში. შეხვედრის გარემო უმჯობესია ფერადი და მხიარული იყოს, ფერადი ბუშტები ან ლენტები დაგვეხმარება ამაში. შესაძლოა რაიმე ისეთი შტრიხიც შევძინოთ, რაც მოსწავლეებს გააოცებთ, მაგალითად, ამობეჭდილი ფოტოები: უფროსი მოსწავლეების ფოტოები, სადაც ისინი პირველკლასელები იყვნენ, ხოლო უმცროსებისთვის, როდესაც ისინი ბაღში დადიოდნენ. ამოვბეჭდოთ და ირგვლივ ჩამოვკიდოთ. უკვე შინაურული გარემო შეიქმნება, გააცნობიერებენ, რომ ცხოვრებისეულ ეტაპებს ყველა გადის. შეგვიძლია ფერად ბუშტებში მოვათავსოთ პატარა, ფერად ქაღალდებზე დაწერილი სახალისო კითხვები ყველა მოსწავლისთვის. დიდებისთვის განკუთვნილი კითხვები იყოს გასახსენებელი ამბების შემცველი, როდესაც ისინი პირველად მოვიდნენ სკოლაში. ეს საშუალებას მისცემს მათ, საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ პატარებს. ხოლო უმცროსებისთვის განკუთვნილ ფურცლებზე მოვათავსოთ ამობეჭდილი ილუსტრაციები, სადაც მოცემული იქნება სასკოლო ამბები. ეს მათ საშუალებას მისცემს, ალაპარაკდნენ, აღწერონ მოცემული ილუსტრაცია და თან დაურთონ საკუთარი მოლოდინიც.

ბუშტები განვათავსოთ ორ, ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს, ერთი მხარე უფროსებისთვის იქნება განკუთვნილი, მეორე უმცროსებისთვის. გახეთქავ ფერად ბუშტს(უჩხვლეტ ჩხირს), რომელ ფერსაც გინდა და იქიდან გადმოვარდება შენი ,,დავალება“.

ეს შეხვედრა დაამშვიდებს და პოზიტიურად იმოქმედებს თითოეულ მათგანზე. უმცროსები „აღმოაჩენენ“, რომ 4 წლის წინ, მათ წინ მყოფი ამხელა გოგო-ბიჭები, სწორედ მათნაირები იყვნენ, უფროსები კი თვალს გადაავლებენ ტკბილ მოგონებებს.

შეხვედრა სიმღერის, ცეკვის და, რა თქმა უნდა, თამაშის გარეშე ვერ დასრულდება. შეგვიძლია სახალისო და ჯგუფური თამაშებიც შევთავაზოთ ბავშვებს.

თუ ბუშტის გახეთქვა რომელიმეს გაუჭირდება, მეგობარი დაეხმარება ამაში.

  • გაცნობის შემდეგ, შევეცადოთ, დავამეგობროთ, ვათანამშრომლოთ და ერთობლივად განვახორციელებინოთ რაიმე პროექტი. შეგვიძლია სასწავლო თემატიკის მიხედვით შევარჩიოთ და შევთავაზოთ თემა ბავშვებს.  ან, რაიმე ზოგადი თემა ავიღოთ. შესაძლოა ერთი შეხვედრა  ისევ ერთობლივი მოვაწყოთ. მაგალითად, ჩამოვსხდეთ სკოლის ეზოში და მოვიფიქროთ თემები, იქიდან კი შევარჩიოთ ერთი სასურველი და გავანაწილოთ როლები, ვინ რას გააკეთებს ამ ერთობლივი პროექტის ფარგლებში. უმცროსებს თავისი შესაფერისი საქმე ექნებათ, უფროსებს –  თავისი.
  • შეგვიძლია კედლის გაზეთის დაარსება შევთავაზოთ, რომელზეც ასევე, ერთობლივად იმუშავებენ. უმცროსები საკუთარ ნახატებს, გადაღებულ ფოტოებს(ეს დღევანდელ თაობას უკვე კარგად შეუძლია), ან სხვა ტიპის ნაშრომებს მიაწვდიან უფროსებს. ასე მათ ჩართვას შევძლებთ აქტივობაში.
  • მასწავლებელს, სწავლის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში, როდესაც ის როგორც მშობლებისგან მიღებული ინფორმაციით, ასევე თავისი აქტიური დაკვირვებით და ყოველდღიური ურთიერთობით მეტ-ნაკლებად გაიცნობს  ახალ მოსწავლეებს, შეუძლება შექმნას პატარა სპექტაკლის სცენარი, რომლის მონაწილეები იქნებიან მისი ყოფილი და ამჟამინდელი მოსწავლეები. საინტერესო იქნება სემესტრის ბოლოს განხორციელებული ერთობლივი სპექტაკლი.

ეს ყველაფერი, ორგანიზების კუთხით, ვიცი, არც ისე მარტივია. თუმცა, ამავდროულად, ეს პროცესი ძალიან სასიამოვნოდ, სახალისოდ და საინტერესოდ მესახება, რომ აღარაფერი ვთქვა იმ თანმდევ, სასარგებლო შედეგებზე, რომელსაც ასეთი აქტივობებით მივაღწევთ . სკოლა ხომ ერთი დიდი ოჯახია, რომლის ყველა წევრი ერთმანეთისთვის ძვირფასი და ახლობელი უნდა იყოს. ამ ოჯახში,  ახალი წევრებისთვის, დამხვედრებმა მეტი უნდა გააკეთონ. გარდა ამისა, განშორების სევდაზე ფიქრისთვის დრო აღარც მასწავლებელს და აღარც მოსწავლეებს აღარ დარჩებათ.

ჩემი ფიქრების ბოლოს კი, რა თქმა უნდა, მინდა ყურადღება გავამახვილო იმ მასწავლებელზე, რომელიც ჩემს ფუნქციას და სტატუსს შეითავსებს ჩემს მოსწავლეებთან. სიმართლე გითხრათ, მისდამი უდიდეს სიყვარულს, პატივისცემას და სიახლოვეს განვიცდი, რადგან ჩემი გულის ნაწილებს იბარებს. ამიტომ ახლობლად აღვიქვამ.

კარგი იქნება, თუ მისთვის ცალკე შევქმნით ,,ე. წ. ,,შინაურულ წერილს“, რომელშიც მოვყვებით თითოეული მოსწავლის მახასიათებლის შესახებ თუ არა, ზოგადად, კლასის შესახებ მაინც. შეგვიძლია გავუზიაროთ კლასის მნიშვნელოვანი მახასიათებლები, ბავშვებისადმი ჩვენი წარმატებული მიდგომები, კლასის ფასეულობები და ა. შ. ეს ყველაფერი მას  დასაწყისში, პოზიტიური ურთიერთობების დამყარებაში დაეხმარება. ჩვენი თანადგომის და იმედის ქონის შეთავაზება არ დაგვავიწყდეს. ალბათ, ისიც განიცდის და თავისებურად დაძაბულია ახალი კლასის მოლოდინში. თანაც, მნიშვნელოვანი საერთო გვაქვს, შესაძლოა ისიც დაემშვიდობა თავის მეთორმეტეებს, რომლებთანაც ორჯერ ოთხი წლის ურთიერთობა აკავშირებს. ამიტომ, მნიშვნელოვნად მიმაჩნია ამ ორი მასწავლებლის მჭიდრო კავშირი და თანამშრომლობა სწავლის პირველ სემესტრში, როდესაც ყველაზე დიდია შფოთვა როგორც ჩვენში, მასწავლებლებში, ასევე, მოსწავლეებშიც.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი