პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

თენგიზ ვერულავა – “სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ”

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ ვერულავა, რომელსაც სტუდენტები და კოლეგები ჯანდაცვის პოლიტიკისა და მენეჯმენტის და სადაზღვევო საქმის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელად იცნობენ, ქართული საზოგადოებისთვის, უპირველეს ყოვლისა, სამეცნიერო და სახელოვნებო ბლოგ “ბურუსის” შემქნელია. ტექსტებთან ერთად აქ თავმოყრილია ფოტო- და ვიდეომასალა ხელოვნების, ლიტერატურის, მუსიკის, ფილოსოფიის, ეკონომიკის, პოლიტიკის, ისტორიის შესახებ.

საკუთარი პედაგოგიური გამოცდილებიდან გამომდინარე, იმასაც ვიტყვი, რომ “ბურუსი” ის ინტერნეტრესურსია, რომელსაც ყველაზე ხშირად მივმართავთ მასწავლებლები –  საპრეზენტაციოდ ვიყენებთ აქ განთავსებულ მასალებს, ვურჩევთ მოსწავლეებს… ხოლო პირველი კითხვა, რომელიც ამ საგანმანათლებლო ბლოგის შემქმნელის მიმართ გაგვიჩნდა, ბუნებრივია, ასე ჟღერს: “რატომ უწოდეთ ბლოგს “ბურუსი”?

თენგიზ ვერულავა:

– “ბურუსი” შეუცნობელთან, იდუმალთან ასოცირდება. მე ვერ წარმომიდგენია ყველაფრის მცოდნე ადამიანი. შეუცნობლის კვლევა უფრო საინტერესოა, ვიდრე მიღწეულით კმაყოფილება. სიზიფეს მითივითაა: რაღაცას მიაგორებ მთაზე და გგონია, ცოტაც და დაისვენებ, მაგრამ ხვდები, რომ მწვერვალისკენ სვლა უფრო გსიამოვნებს, ვიდრე იმის განცდა, რომ მას უკვე მიაღწიე. ყველაფერი შემთხვევითია ამ ცისქვეშეთში. რაღაცის შეცნობაც შემთხვევითობასთან, ალბათობასთანაა დაკავშირებული. ადამიანის განათლება არის ნაკრები შემთხვევითობისა და დაუსრულებელი ძიებისა. ბურუსი მუდმივ დაეჭვებასთან, შეუცნობლის მარადიულობასთან, პასუხგაუცემელ კითხვებსა და ძიებასთან ასოცირდება. არასოდეს გეუფლება მიგნებით გამოწვეული კმაყოფილება, შესაძლოა გავიდეს დრო და შეიცვალო აზრი, შეიცვალო შეცნობის მოგზაურობათა ტრაექტორია. ეს უფრო საინტერესო მგონია, ვიდრე სწორ გზაზე სვლა. ამიტომაც არ მიყვარს ადამიანთა მკაცრად დაყოფა – მემარჯვენეებად და მემარცხენეებად, ჰაიეკისტებად და კეინზიანელებად… ვფიქრობ, ქართველები ხშირად ფსიქოლოგიურად ბიპოლარულები და რადიკალურები ვართ – ან მკაცრად მემარცხენე უნდა იყო, ან მემარჯვენე, ხოლო ვინც შენკენ არ არის, ის მსოფლმხედველობრივი მოწინააღმდეგეა.

– როცა ადამიანი ამბობს: “ბურუსში ვარ”, – ეს ნიშნავს, რომ რაღაც არ იცის…

 

– ბურუსი სწორედ ძიების პროცესში გვამყოფებს და ეს უფრო სასიამოვნოა ჩემთვის, ვიდრე მიგნებულით განათებულ გზაზე სიარული. ერთი ნოველა მაქვს, რომელსაც “სწორი გზა და კედლების ლაბირინთი” ჰქვია, სტუდენტობის დროს დავწერე, და მინდოდა მეთქვა, რომ შეუძლებელია, მთელი სიცოცხლე წინასწარ განსაზღვრული გეზით იარო, აქეთ-იქით არ გაიხედო. მოთხრობა ახალშეუღლებულ ცოლ-ქმარზეა, რომლებიც სწორ გზაზე მიდიან და მუდამ ასე აპირებენ სიარულს, მაგრამ გზის გასწვრივ დიდი მწვანე ველია, საიდან მომავალ ხმებსაც ვერაფრით დააღწევ თავს – მაინც გაგახედებს გვერდზე და გზიდან გადასვლას გაიძულებს. ველი გახეტიალებს დიდხანს, ძალიან დიდხანს და ბოლოს აღმოჩნდები კედლების ლაბირინთში, საიდანაც გასასვლელი არ ჩანს და, ვფიქრობ, არც არასოდეს გამოჩნდება. ამაში ტრაგიკული არაფერია – ლაბირინთში ხეტიალი, გასასვლელის ძიება თავად პროცესია, რომელიც არასოდეს მთავრდება. ეს მოგზაურობა, ხეტიალი, გასვლა თუ გადასვლა გზიდან გარდაუვალია და ასეა დასაბამიდან, ლიტერატურაში კი – ჰომეროსის “ოდისეადან” მოყოლებული.

დგება დრო, როდესაც სახლის კარს გაიხურავ, ჭიპლარი საბოლოოდ წყდება და იწყება დაუსრულებელი მოგზაურობა, მაგრამ ეს წრეზე მოგზაურობაა და დგება დღე, როდესაც ამ ხეტიალის დროს მიღებული გამოცდილებით უბრუნდები საკუთარ კერას, ურიგდები მამას. პიკასო მთელი სიცოცხლე მამის სურვილის საპირისპიროდ იქცეოდა, ხატავდა იმას, რაც მამამისს არ უყვარდა. ერთხელ, პატარაობისას, მამამ პრადოს მუზეუმში წაიყვანა, რომ მისთვის ველასკესის ტილოები ეჩვენებინა, პატარა პაბლოს კი თვალი ელ გრეკოსკენ გაურბოდა, რომელიც მამამისს სძულდა არატრადიციული ხელწერის გამო. 13 წლის იყო პიკასო, როდესაც მამამისმა დაინახა, რომ შვილი მასზე უკეთ ხატავდა და თავისი საღებავები მას გადაულოცა. თავად კი მას შემდეგ ფუნჯი აღარც აუღია ხელში… კუბისტური ნახატები, რომლებსაც პიკასო ხატავდა, მიუღებელი იყო მამამისისთვის… მამასა და შვილს შორის ამ წინააღმდეგობამ მხატვრობაში ახალ მიმდინარეობას დაუდო სათავე. ხოლო სიცოცხლის მიწურულს, როდესაც უკვე დიდი მხატვარი იყო, პიკასომ დახატა მტრედი, რომლის ხატვა ძალიან უყვარდა მამამისს. მხოლოდ ასეთ უარყოფას მოაქვს შერიგება, მონანიება; მტრედი ზავია მამასა და შვილს, წარსულსა და მომავალს შორის.

სწორედ ეს მინდა ვუთხრა ახალგაზრდებს: ღირებული რამ მხოლოდ შინიდან წასვლით და ხეტიალით, წინააღმდეგობით, არსებულის უარყოფით იქმნება. ახალგაზრდა შექსპირიც წავიდა შინიდან, ლონდონში გაჰყვა მსახიობთა დასს და წერა პიესები, სიცოცხლის ბოლოს კი დაბრუნდა შინ და ამით, როგორც მამამ, თითქოს აღადგინა დარღვეული დროთა კავშირი. შინიდან წასვლა დროთა, თაობებს შორის არსებული კავშირის დარღვევაა, მაგრამ ამ დარღვევით, ამ მოგზაურობით ვსწავლობთ, ვეცნობით ახალს, ამ ხეტიალში ვესაუბრებით მამის აჩრდილსაც და ვბრუნდებით უკან, თავად მამები.

ბურუსი ჩემთვის სხვა განწყობებთანაც ასოცირდება: ბრიტანეთში, იორკის უნივერსიტეტში რომ ვსწავლობდი, სადაც ხშირად წვება ნისლი, საღამოობით საგანგებოდ გამოვდიოდი ბურუსში სასეირნოდ. არემარე ისე იყო დაბურული, ორ ნაბიჯზე აღარაფერი ჩანდა და ხეებს ვეჯახებოდი, მეორე დილით კი კოპებით დამშვენებული მივდიოდი ლექციებზე… ზოგჯერ მგონია, რომ ბურუსი წიაღია, სადაც დაბადებამდე ვიყავით – უსაფრთხოდ, კომფორტულად… ამიტომაც მსიამოვნებს ძიება უფრო მეტად, ვიდრე რაღაცის მიგნება და შეჩერება; მიმაჩნია, რომ გამარჯვება სიკვდილია, თუ მან შემდგომ ძიებას, ხეტიალს არ მისცა ბიძგი.

– როგორია ბლოგის შექმნის ისტორია?

 

– 2008 წლის აგვისტოში, ომის დროს, სენაკში ვიყავი და ამიტანა უცნაურმა შიშმა, რომ რუსული თვითმფრინავების მიერ ჩამოყრილი ბომბები, გაანადგურებდა ყველაფერს – არქივებს, საჯარო ბიბლიოთეკას, მუზეუმებს, ჩვენი კულტურის მთელ მონაპოვარს. სენაკში მეც კარგი ბიბლიოთეკა მაქვს და უცებ ვიფიქრე, ეს ყველაფერი ფოტოზე გადამეღო და ინტერნეტსივრცეში გამეგზავნა, რათა გაქრობისგან გადამერჩინა. იქვე დავიწყე ტექსტების კრეფა. ღამით, როცა ქალაქს ბომბავდნენ, ვიჯექი და ფოტოასლებს ვაკეთებდი. დამთავრდა ომი და ეს ჩვეულებად მექცა.

ყველამ ვიცით, რა ღარიბი იყო ინტერნეტსივრცე ქართულენოვანი ინფორმაციით. ქართველები ამ მხრივ დაუდევრები ვართ. მინდოდა, ბლოგი აუცილებლად ქართულ-ინგლისური ყოფილიყო, რათა უცხოელებსაც ესარგებლათ. უამრავი ქვეყნიდან მწერენ, განსაკუთრებით – ქართველ ემიგრანტთა შვილები, მოსწავლეები…

სტუდენტობის წლები საჯარო ბიბლიოთეკაში გავატარე, მაგრამ დღეს სხვა დროა, ინფორმაცია ყველანაირად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ახალგაზრდებისთვის. ვფიქრობ, ეს ბლოგი მათ მცირედით მაინც ეხმარება.

ბლოგი გამუდმებით ივსება, მაგრამ, გამოგიტყდებით, მასალების განთავსება სპონტანურად ხდება და არა წინასწარ შედგენილი გეგმით. ბუნებით სპონტანური ვარ, მიყვარს ბუნებრივი წესრიგი. ბლოგზე განთავსებული ყველა მასალა ჩემი ემოციური დამოკიდებულების, იმ დღისა თუ წუთის შთაბეჭდილებათა შედეგია, და ეს ყველაფერი კეთდება სიყვარულით. უსიყვარულოდ არასოდეს არაფერი გამიკეთებია. პავლე მოციქული ამბობს: “წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ”.

– თქვენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯანდაცვის პროგრამებთან ერთად თანამედროვე აზროვნების შესავალ კურსსაც კითხულობთ. როგორ ფიქრობთ, უმთავრესად რა უწყობს ხელს თავისუფალ აზროვნებას?

 

– უნივერსიტეტში თანამედროვე აზროვნების შესავალი საყოველთაო საგანია ბაკალავრებისთვის და პირველივე სემესტრში იწყება. ვკითხულობთ ყველა მოაზროვნეს, პლატონიდან მოყოლებული: პავლე მოციქულს, მაკიაველის, ჯონ ლოკს, ჰობსს, ჰაიაეკს… კურსის მიზანია, დაეხმაროს ახალგაზრდებს სამყაროს გააზრებაში. დისკუსიას უფრო მეტ დროს ვუთმობ, ვიდრე დავალებების შემოწმებას. ამაში ვიდეოლექციებიც გვეხმარება – სტუდენტები მათ წინასწარ ისმენენ, მერე კი ლექციაზე ამ საკითხების შესახებ ვსჯელობთ. არ მწამს “ენდე, მაგრამ შეამოწმეს”  პრინციპი. მიმაჩნია, რომ გამოცდით ვერასდროს გაზომავ ადამიანის განათლებას, რადგან განათლება უწყვეტი პროცესია, მთელი სიცოცხლე გრძელდება, გამოცდები და ტესტირებები კი მოსწავლეს ცოდნის მიღების პროცესში ერთგვარ ბარიერს უქმნის. სად გვაქვს ქვიზებისა და ტესტირებისთვის დასაკარგი დრო! მიღებულ ცოდნას სემესტრის ბოლოსაც შევამოწმებ, გამოთავისუფლებული საათები კი, მირჩევნია, დისკუსიაში, საინტერესო საკითხების კვლევაში დავხარჯო. მთავარია, ახალგაზრდებში ცოდნის წყურვილი გავაღვიძოთ, განვუვითაროთ მათ დაეჭვების, კრიტიკული მიდგომის, საკუთარი ხედვის, საკითხის ირგვლივ იმპროვიზაციის უნარი. დღეს გამეფებული სიძულვილი და არატოლერანტულობა სათავეს მოწაფეობის ასაკიდან იღებს. სკოლაში გაკვეთილის ახსნისას არ ატარებენ დისკუსიებს, ბავშვებს არ უვითარებენ იმპროვიზაციის, საკუთარი აზრის გამოხატვის უნარს. ამიტომაც არის, რომ ასე გვიჭირს განსხვავებული აზრის პატივისცემა. ასევე იყო ჩვენს დროს, საბჭოთა სკოლაში. ლექსების და პოემების ზუთხვით ვერ განუვითარებ მოწაფეს კრიტიკული აზროვნების უნარს, განსხვავებული აზრისადმი პატივისცემას. ამიტომაც ვართ დაავადებულნი კოლექტივიზმით და მესიის დაუსრულებელი ძიების სურვილით.

– რა ტიპის სკოლა შეიძლება ჩაითვალოს ეფექტურ ცოდნის გადამცემად?

 

– განათლება ვერ იქნება ეფექტური, თუ სისტემა კონკურენტული არ არის. სწავლების ხარისხის ასამაღლებლად ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია კონკურენცია, კერძო სკოლების განვითარების ხელშეწყობა, სკოლებისთვის არჩევანის თავისუფლების მინიჭება და ვაუჩერული მეთოდი. მიმაჩნია, რომ გამოცდებით ვერ გაიზომება მოსწავლის განათლება და რაც შეიძლება ნაკლები გამოცდის ჩატარებას ვემხრობი. გამოცდებისთვის ბევრი რეპეტიტორთან ემზადება, რაც გარკვეულ თანხას მოითხოვს და დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის მიუწვდომელია. ამავე დროს, გამოცდებს ყოველთვის თან ახლავს ფსიქოლოგიური სტრესი. სწავლის პროცესი ასეთ სტრესზე არ უნდა იყოს აგებული. მოსწავლეს სკოლაში უნდა მიუხაროდეს – იქ მას დაზუთხული გაკვეთილის ჩაბარებას კი არ უნდა სთხოვდნენ, არამედ ხვდებოდეს სივრცე დისკუსიისთვის, მრგვალი მაგიდა, შემოქმედებითი გარემო, სადაც უკეთ გამოავლენს საკუთარ ცოდნას, გამოხატავს საკუთარ თვალთახედვას, იმპროვიზებულად გადმოსცემს გაკვეთილს. კარგი იქნება სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების, კომპიუტერული სწავლების, ვიდეოგაკვეთილების გამოყენება – მოსწავლე წინასწარ გაეცნობა მათ და მასწავლებელს საშუალება ექნება, ნაკლები დრო დახარჯოს გაკვეთილის დეტალურ ახსნაში, ხოლო გამოთავისუფლებული საათები დისკუსიას დაუთმოს. დისკუსია მოსწავლის პიროვნულ პასუხისმგებლობასაც ავითარებს, რადგან ამ დროს იგი აქტიურად არის ჩართული პროცესში და, ამის კვალობაზე, თანდათან საზოგადოების სრულფასოვან წევრად ყალიბდება. იძულებით, შიშით, ავტორიტარული მიდგომით მოსწავლეს სკოლას ვერ შევაყვარებთ, ვერ შთავუნერგავთ ადამიანების, ქვეყნის სიყვარულს, იმ სიყვარულს, რომლის შესახებაც პავლე მოციქული წერს.

ცხადია, ყოველივე ეს მასწავლებლისგან დიდ ძალიხსმევას მოითხოვს, რისთვისაც მას ანაზღაურებაც სათანადო უნდა ჰქონდეს.

ჩვენ არც გაზი გვაქვს, არც ნავთობი. ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზა განათლებაა. უინსტონ ჩერჩილმა თქვა: “მე ვერ ვხედავ იმ იმპერიის ძლიერებას, რომელსაც ძალუძს, მართოს ტალღები და ამავე დროს არ შეუძლია, გაწმინდოს კანალიზაცია”. ჩვენს ქვეყანაში მრავალმილიონიანი მეგაპროექტები განხორციელდა; ეს თანხა განათლების სისტემას რომ მოხმარებოდა, უფრო ეფექტური ეკონომიკის, უფრო განათლებული და ტოლერანტული საზოგადოების აშენებას შევძლებდით, თუნდაც ათი წლის შემდეგ. და ეს ათი წელი ხომ გაივლის…

ესაუბრა ბელა ჩეკურიშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი