პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

დისტანციური სწავლების გაკვეთილები იტალიიდან

მაისის დასაწყისში იტალიამ კარანტინიდან გამოსვლა დაიწყო. აქაური სკოლები –  ევროპის მასშტაბით ისინი ყველაზე ადრე დაიხურა – მოსწავლეებისთვის კარს სექტემბერში შეაღებენ. იტალის ის ქვეყანაა, სადაც ყველაზე მეტი ასაკოვანი მასწავლებელი ცხოვრობს (59%-ი 50 წელზე მეტი ასაკისაა). ხანდაზმულები კი, მოგეხსენებათ, დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. იტალიელები უკვე აჯამებენ პირველ შედეგებს: როგორ შეიცვალა განათლება თვითიზოლაციის თვეებში, რა სასწავლო  გამოცდილება მოიტანა დისტანციურმა განათლებამ როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მშობლებისთვის?

 

კარანტინი არდადეგებს არ უდრის  

თავდაპირველად იტალიაში სკოლები ერთი კვირით დაიხურა. მაშინ ქვეყანაში ინფიცირების 152 შემთხვევა იყო. სხვა დანარცენი ინფრასტრუქტურა მუშაობას აგრძელებდა. უცნაურად ჩანდა, რომ განათლება აღმოჩნდა პირველი სოციალური სფერო, რომელმაც კოვიდისთვის მსხვერპლი გაიღო.

იმ დროისათვის იტალიელებს ეგონათ, რომ ვირუსს მალე დაძლევდნენ. ამიტომ ბავშვებისთვის ჩვეულებრივი არდადეგები გამოცხადდა. იტალიაში სკოლის მოსწავლეები ძალიან იღლებიან. დღის განმავლობაში ისინი 7-8 საათს სწავლობენ, უმეტესად კვირაში 6 დღე. უფროს კლასებში ბევრ საშინაო დავალებას იძლევიან. ამიტომ მშობლებმა ბავშვებს დასვენების უფლება სიამოვნებით მისცეს – სეირნობის, ფილმების ყურების. ყველაზე კრეატიულმა მშობლებმა სახლებში ერთგვარი საგანმანათლებლო თამაშების ორგანიზება დაიწყეს. მაგალითად, თუ ბავშვებს სურდათ კომპიუტერით ვიდეოებით ან თამაშებით გართობა, ჯერ ის უნდა ესწავლათ, რასაც დედ-მამა მათთვის ბალიშების ქვეშ მალავდა – მაგალითად, გამრავლების ტაბულას, უცხო სიტყვებს ლექსიკონიდან და სხვ (ასაკისა და სასწავლო პროგრამის მიხედვით). შემდეგ, როდესაც ცნობილი გახდა კარანტინის გახანგრძლივების შესახებ, ბევრმა მშობელმა ინანა, რომ თავიდანვე არ მიაჩვია ბავშვი ყოველდღიურ რეჟიმსა და რუტინულ სასკოლო საქმიანობას.

 

კომპიუტერიზაცია – გადაუდებელი საკითხი სახელმწიფოსთვის

სახელმწიფოს განცხადება ონლაინ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით ბევრისთვის ძალიან მოულოდნელი იყო – სკოლებს საამისოდ არც რაიმე გეგმა გააჩნდათ,  არც – რესურსი.

დიგიტალიზაციის მხრივ იტალია ევროპის 28 ქვეყანას შორის 24-ე ადგილს იკავებს.  ოჯახების მეოთხედს ინტერნეტზე წვდომა არ აქვს. ამიტომ, პირველი, რაც იტალიის განათლების სამინისტრომ მოიმოქმედა, შეისყიდა და გადაანაწილა 46 ათასზე მეტი პლანშეტი. შემდეგ კი 70 მილიონი დახარჯვა იმისთვის, რომ კომპიუტერები მოეწოდებინა მათთვის, ვისაც არ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი შესაშურად ჟღერს, ბევრი მასწავლებელი ჩიოდა – ამ თანხამ ადრესატამდე ვერ მიაღწია. ვიღაცას ორი თვე დასჭირდა თავისი მოსწავლეებისთვის გაჯეტების მოსაპოვებლად, ვიღაცამ კი ამასაც ვერ მოაბა თავი. გარდა ამისა, საიტები და სერვერები მწყობრიდან ხშირად გამოდიოდა, რადგან თითქმის 8 მილიონმა სკოლის მოსწავლემ ონლაინ სწავლება ერთბაშად დაიწყო. ბევრი ბავშვი საერთოდ ვერ ჩაერთო და გაეთიშა ონლაინ პროცესს.

 

დისტანციური განათლება არ იყო საშინაო დავალება WhatsAppზე

მთავრობის განცხადებამ მინიმუმ ერთი თვით სკოლების დახურვასა და დისტანციური სწავლებაზე გადასვლის შესახებ მასწავლებლების უმეტესობა შიკში ჩააგდო. თან,  ამ მიმართულებით არც მინისტრის რაიმე ბრძანება გაცემულაა, არც დამტკიცებული საიტები არსებობდა.

იტალიელ მასწავლებლებს მიაჩნიათ, რომ დისტანციურ სწავლასთან დაკავშირებით დღესაც განიცდიან მომზადების დეფიციტს. პირველი, რაც მაშინვე გააკეთეს, მოსწავლეებს დიდი ზომის საშინაო დავალებები მესენჯერით გადაუგზავნეს. პედაგოგებმა გადაწყვიტეს, რომ ბავშვები მაქსიმალურად უნდა დაეტვირთათ, მაგრამ ამ მიდგომამ არ გაამართლა. ერთკვირიანი არდადეგების შემდეგ, მოცულობითმა დავალებებმა მოსწავლეები მალევე გადაღალეს.

ამრიგად, იტალიელი მასწავლებლების ერთ-ერთი მთავარი დასკვნა დღეს ის არის, რომ აუცილებელია მოსწავლეთა ასაკთან და შესაძლებლობებთან შესაბამისი საშინაო დავალების მიცემა ზუსტად ისე, როგორც ჩვეულებრივი გაკვეთილების დროს. ერთთვიანი საკარანტინო პერიოდის შემდეგ, დიდ დავალებებზე თითქმის ყველა მასწავლებელმა უარი თქვა.

 

არჩევანი ყოველთვის არ არის კარგი

იტალიელები იხსენებენ, რომ ერთსა და იმავე სკოლებში სხვადასხვა მასწავლებლებს შორისაც კი საკმაოდ ცუდი კოორდინაცია შეიმჩნეოდა, მითუმეტეს სხვადასხვა სკოლებს შორის. მშობელთა თქმით, მათი კომპიუტერები და მობილურები გადაიტვირთა IT პლატფორმების უზარმაზარი ნაკრებით: Meet, Classroom, Zoom, Jitsi, Edmodo. თუ ოჯახში სამი სკოლის ასაკის მოსწავლე იყო, მშობლები სამ სხვადასხვა პროგრამას ტვირთავდნენ. ყველა ბავშვი იმ პლატფორმით სარგებლობდა, რასაც მასწავლებელი ირჩევდა.

 

კარანტინმა გააძლიერა მშობლის შფოთვა

ჯერ ერთი, „ცხოვრებამ სოციალურ ქსელში“ აიძულა მშობლებს თავიანთი შვილები სხვებისთვის შეედარებინათ. მუზეუმებმა, თეატრებმა, აკვარიუმებმა და ზოოპარკებმა ვირტუალური ჭიშკრები გახსნეს. ამიტომ, ვიღაც მუდმივად წერდა ან განათავსებდა ფოტოებსს, თუ როგორ სტუმრობს მისი შვილი, ვთქვათ, ხელოვნების მუზეუმს, სხვა მშობლები კი, ვისი შვილებიც მხოლოდ  მულტფილმებს უყურებდნენ და საღამურების გახდა დღისითაც არ სურდათ, თავს ცუდად გრძნობდნენ. ონლაინ შეთავაზებებმა უამრავ მშობელში დანაშაულის განცდა გამოიწვია. მშობლები ფიქრობდნენ, რომ მათ ვერ შეძლეს შვილებისთვის საკადრისად მიეხედათ.

მეორე – მამებისა და დედებისთვის ძნელი აღმოჩნდა ის, რომ მათ არ იცოდნენ რა ქულები ჰქონდათ ბავშვებს. მათ არ ესმოდათ, კარგავენ ბავშვები დროს თუ მიყვებოდნენ პროგრამას. იტალიელ მასწავლებელთა აზრით, მშობელთა ნაწილი სკოლის ეკოსისტემის ყველაზე კონსერვატიული ელემენტია.

 

მასწავლებლებს ფსიქოლოგობაც მოუწიათ

იტალიელ მოსწავლეებს ბევრი განცდა ჰქონდათ. „ზოგს ბებია და ბაბუა დაეღუპა, – ამბობს პაოლა ლანტე, დაწყებითი სკოლის პედაგოგი მილანში. – ბევრმა მშობელმა სამსახური დაკარგა, ოჯახში ჩხუბი და დავიდარაბა იყო“.

მაშინაც კი, როდესაც ოჯახში უსიამოვნება არ ხდებოდა, ბავშვები მაინც გრძნობდნენ მძიმე ატმოსფეროს. იზოლაციის დასაწყისში იტალიელები აივნებზე მღეროდნენ და ერთმანეთს ამხნევებდნენ, მაგრამ როდესაც სიკვდილიანობა კატასტროფულად გაიზარდა, განწყობა შეიცვალა. ადამიანები მუდმივად სტრესსა და მწუხარებაში იყვნენ. იმ პერიოდში ყველაზე მკაცრმა მასწავლებლებმაც კი შეცვალეს მბრძანებლური ინტონაციები და სწავლების სტილი მეტად მეგობრული გახადეს. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ონლაინ სწავლის დროს ისინი თითოეული მოსწავლის თვალებს უფრო ახლოს ხედავდნენ.

 

ონლაინ მოსწავლეებს გაკვეთილიდან დასხლტომა უფრო ეადვილებათ

თუ ონლაინ საკლასო ოთახში მოსწავლეები მოტივირებულნი არ არიან, შეუძლიათ უფრო ადვილი დაუსხლტნენ სასწავლო პროცესს – განგებ შექმნან ტექნიკური პრობლემა, გამორთონ კამერა, მიკროფონი. მათი დაბრუნება გაკვეთილზე შეუძლებელია. კარანტინის დასაწყისში ეს პრობლემა იტალიაშიც ფართოდ გავრცელდა და გამწვავდა. მასწავლებლებს მოსწავლეების მოსაზიდად ახალი გზების ძიება მოუწიათ. „კლასიკური გაკვეთილი უსარგებლო გახდა, – ყვება ბეტა სალვინი, პარმის საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებელი. – მადგება მხოლოდ ის სწავლება, როდესაც მოსწავლეები გაკვეთილის მთავარი გმირები არიან“.

მანამდე იტალიაში კლასიკური მიდგომა იყო გავრცელებული: მოსწავლე ცარიელი ნავის  მსგავსად ცოდნით უნდა ავსებულიყო, რომელსაც შემდეგ „საბაჟოზე“ ტესტირებით შეამოწმებდნენ. „ამ ორი თვის განმავლობაში მასწავლებლებმა მეტი განათლება მიიღეს, ვიდრე მოსწავლეებმა“, – მიაჩნია რიკარდო ჯანიტრაპანის, უდინეს საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებელს.

 

მასწავლებლებმა მოსწავლეების მხარდაჭერა იგრძნეს

„15 წლის ბავშვი უფრო შემოქმედებითია, ვიდრე ჩვენ“, – ასკვნის სალვატორე ჯულიანო, იტალიაში განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე. – ყოველ ჯერზე, როდესაც მათ  თავისუფლებას და სამოქმედო ინსტრუმენტებს მისცემთ, გაგაოცებენ“.

ყველაზე მეტად ის ასტრონომიის შესახებ ვიდეო პრეზენტაციით მოიხიბლა: მშობლები, და-ძმა, ბებია-ბაბუა, პლანეტებივით იყვნენ ჩაცმული და ოთახში „თავიანთ ორბიტაში“ მოძრაობდნენ.

ასევე, მოსწავლეები თვითონ ეხმარებოდნენ მასწავლებლებს გაჯეტებთან დაკავშირებულ საკითხებში. „მე პირადი ციფრული კონსულტანტი მყავს, – ამბობს კლაუდიო დიონესალვი, კალაბრიაში ლიტერატურის მასწავლებელი. – ის 11 წლისაა და ჩემი მოსწავლეა“.

 

ტესტირება საუკეთესო მოტივაცია არ არის

იტალიაში ტრადიციული ტესტირება ამოიღეს. როგორც წესი, მოსწავლეები ყოველ თვეს ტესტს აბარებენ და თუ წლის ბოლოს მათი საშუალო ქულა არასაკმარისია, კლასში ჩარჩებიან. დისტანციური ტესტირება კი შეუძლებელია, რადგან შეუძლებელია თაღლითობის, გადაწერის კონტროლი. ზოგმა მასწავლებელმა ვირტუალურ კლასში გაკვეთილებზე უარიც კი თქვა, როდესაც დაადგინა რამდენი მოსწავლე ატყუებდა. ასეთ ვითარებაში განათლების სამინისტრომ გამოაცხადა, რომ წელს არცერთი მოსწავლე კლასში არ ჩარჩება. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თუ გაკვეთილები საინტერესოდ ტარდება, ბავშვებიც სიამოვნებით მეცადინეობენ და არა ტესტზე შეფასების მიზნით.

 

შობლის დაშვება კლასში შესაძლებელია

მშობლებმა პირველად ნახეს, რა ხდებოდა გაკვეთილზე, რომელიც ზოგჯერ პირდაპირ მათ სამზარეულოში ტარდებოდა. დაინახეს, თუ როგორ შრომობს მასწავლებელი, როგორ იქცევიან მათი შვილები გაკვეთილზე.

მეორეს მხრივ, ცოცხალი სკოლისთვის დამახასიათებელი ხმაური კლასში ონლაინ  გამორიცხულია. მშობლების გვერდით ბავშვები უფრო მშვიდად იქცეოდნენ, არც მასწავლებლები უყვიროდნენ მოსწავლეებს.

 

საჭიროა ინტერნეტ ეტიკეტი

მასწავლებლებისთვის რთული იყო პირადი საზღვრების დაცვა. სარა სკოტელარო  ნეაპოლიდან, რომელსაც 120 ბავშვი ჰყავს სხვადასხვა კლასში, წერს: „მათ სულ უნდოდათ ჩემთან კავშირზე ყოფნა, 24 საათის განმავლობაში. გამუდმებით მთხოვდნენ დადასტურებას, რომ შესრულებული დავალება მივიღე და ახლა მოუთმენლად ელიან ჩემს პასუხს რომელიმე კითხვაზე“.

ზოგი მოსწავლისთვის დიდ უხერხულობას ქმნიდა ის მომენტი, რომ სკოლამ პირდაპირ მათ სახლში გადაინაცვლა. უჭირდათ პირადი სივრცის გაზიარება – საძინებლების და ზოგჯერ მშობლების დემონსტრირება.

ამ მხრივ მასწავლებელმაც და მოსწავლემავ უნდა იპოვოს ბალანსი და სხვის სურვილებს პატივი სცეს.

 

მასწავლებელთა მიმართ პატივისცემა გაიზარდა

ბულინგის გარეშე, კლასის ზეწოლის გარეშე, ბევრმა მოსწავლემ უკეთესად დაიწყო პასუხის გაცემა გაკვეთილზე. მაგალითად, ერთი მოსწავლე ძალიან მორცხვი იყო, არ ლაპარაკობდა. ხოლო კარანტინაში აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგად იცნობდა უცხო ენებს. ამიტომაა საჭირო სწავლების მრავალფეროვანი ფორმის დანერგვა ინდივიდუალური მიდგომებით.

მშობლები და ბავშვები სწავლისას ან გაკვეთილების მოსმენისას მასწავლებლების მიმართ მეტი პატივისცემით განეწყნენ. დისტანციურმა განათლებამ დაამტკიცა, რომ მასწავლებლები არ შეიძლება ეკრანის მიღმა იმალებოდნენ. როგორი სიახლეც არ უნდა დაინერგოს სწავლებაში, მასწავლებლისა და მოსწავლის პირდაპირი ურთიერთობა ამ ეტაპზე ძალზე ღირებულია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი