სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

კომპლექსური დავალების გააზრებისთვის

იმისთვის, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის გააზრება გაგვიადვილდეს, საჭიროა განსხვავებათა აღმოჩენა – რას ვაკეთებდით და როგორ ვაკეთებდით, რა უნდა შევცვალოთ და რა დავტოვოთ ძველიდან. ჩემი დაკვირვება და დასკვნები შესაძლოა საკამათო იყოს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის კრიტიკა, ეს მხოლოდ კრიტიკული აზროვნების შედეგია. ამას ხომ ჩვენს მოაწავლეებსაც ვასწავლით. მასწავლებლისადმი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ხომ რეფლექსიურობაა. მეც მუდამ ვაანალიზებ ჩემს მუშაობას: რა გამოგვივიდა კარგად და რა შეიძლება ძველი გამოცდილებიდან გამოვიყენო. მოკლედ, გთავაზობთ ჩემს მოსაზრებას და რამდენიმე დასკვნას.

პირველი ის არის, რომ თუ მასწავლებელი სწავლებისადმი ინტერაქციულ მიდგომას იყენებს, მისთვის უცხო არ უნდა იყოს კონსტრუქტივიზმის პრინციპები, ის ხუთი ძირითადი პარადიგმა, რომლებიც ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაშია მოცემული:

  1. სწავლის სწავლება – ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას (ფუნქციური აქტივობები; მოსწავლისთვის შინაარსიანი კონტექსტების შეთავაზება);
  2. ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირება წინარე ცოდნაზე დაფუძნებით;
  3. ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და ორგანიზება;
  4. სწავლის სტრატეგიების დაუფლება, ანუ სწავლის სწავლება;
  5. ცოდნის სამივე კატეგორიაზე მუშაობა, ანუ მიღებული ცოდნით სიტუაციური პრობლემების გადაჭრა, რაც მოიცავს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარაციულს, პროცედურულს და პირობისეულს.

კონსტრუქტივისტული მიდგომები (სწავლის თეორიები, 2008 წ.) ახალი რომ არ არის, ყველა გამოცდაჩაბარებული მასწავლებელი დამეთანხმება. აქ მხოლოდ იმაზე შეიძლება ვისაუბროთ, რამდენად ვიყენებდით საკლასო ოთახში ჩვენს თეორიულ ცოდნას. აუცილებელია ერთი ფაქტორის წინ წამოწევაც. ფაქტორისა, რომელიც ფაქტობრივად „დამკვეთიც“ არის. ეს საზოგადოებაა, სადაც დღემდეა დამკვიდრებული კარგი მასწავლებლის სტერეოტიპი: მკაცრი, მომთხოვნი, შეუვალი გამომეტყველებით, რომელიც კარგად „ასწავლის“ და „სთხოვს“ საგანს.

რაც შეეხება მიზანს და აქტივობებს, ჩემი აზრით, იგივე რჩება, რადგან თუნდაც სხვა სიტყვებით (ნაბიჯი) გამოვხატოთ, მოსწავლის მოქმედება მაინც არ იცვლება. სულაც ნუ გამოვიყენებთ სიტყვებს „გაკვეთილის მიზანი“ – ის ნაბიჯები, რასაც მოსწავლე დგამს, ხომ არის კომპლექსური დავალების შესასრულებლად შესაბამისი მიზანი, თუმცა მოკლევადიანი. აქაც შეიძლება ახალ სტანდარტზე მარტივად გადასვლა. მთავარია, გავითვალისწინოთ კონსტრუქტივისტული სწავლის პრინციპები, როცა მოსწავლე სწავლის პროცესის აქტიური მონაწილეა.

რას შეეხება ცნებებსა და მკვიდრ წარმოდგენებს, არც ეს უნდა იყოს ახალი. ისევ სწავლების თეორიებს მოვიშველიებ: ცნებები თავდაპირველად მარტივი ფორმით უნდა ვასწავლოთ ბავშვებს (ისე, რომ მოსწავლეებმა შეძლონ მათი გაგება), ხოლო როცა გაიზრდებიან, იგივე მასალა უფრო რთული ფორმით მივაწოდოთ… აღმოჩენა ინდუქციური აზროვნების ფორმაა: მოსწავლეები კონკრეტული მაგალითების შესწავლის შედეგად ზოგად ცნებებს და პრინციპებს აყალიბებენ (გვ.113). ცნებები – ცნება არის მსგავსი საგნებისა და მოვლენების დაჯგუფება ან ზოგადი ნიშნების ასახვა. ცნებები ლოგიკური აზროვნების ბირთვს წარმოადგენს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს აზროვნებას (გვ.114).

რა წერია ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ამ ორ სიახლეზე: ცნებების სახით განსაზღვრულია ის ცოდნა, რომელსაც მოსწავლე საგნის ფარგლებში უნდა დაეუფლოს. ცნებები შედეგებთან ერთად უნდა დამუშავდეს მოსწავლისთვის ნაცნობ კონტექსტებში. ეს კონტექსტები სავალდებულო თემების სახითაა წარმოდგენილი.

მკვიდრი წარმოდგენები – თითოეულ ცნებას ახლავს მკვიდრი წარმოდგენები, რომლებიც შემოსაზღვრავს ცნების მოცულობას და აზუსტებს, რა უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული მოსწავლეს ამ ცნებასთან მიმართებით საფეხურის ბოლოს.

ახლა მოდი, დავფიქრდეთ: რა არის აქ ახალი? ყველა საგანში არსებობს გარკვეული ცნებები, რომელთა სწავლება იყო და არის ჩვენი მიზანი, რაც ცალკეა გამოტანილი და დაკონკრეტებული მკვიდრი წარმოდგენების საშუალებით, რომლებიც შემოსაზღვრავს ცნების მოცულობას და აზუსტებს, რა უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული მოსწავლეს ამ ცნებასთან მიმართებით საფეხურის ბოლოს.

ახალა ყველაზე ახალ ცნებაზე – კომპლექსურ დავალებებზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. ეს ცნება მოიაზრება როგორც კომპლექსური/პროექტული დავალებები და გულისხმობს იმგვარ აქტივობებს, რომელთა შესრულება მოითხოვს სხვადასხვა ცოდნის ინტეგრირებულ გამოყენებას ფუნქციურ კონტექსტებში. კომპლექსური დავალება (მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ სტრუქტურულ ერთეულებთან – საკითხი, საკვანძო შეკითხვა, შეფასების კრიტერიუმი – ერთად) თემის ფარგლებში შუალედური მიზნის როლს ასრულებს (ესგ).

ჩემი აზრით, თუ მასწავლებელი მუშაობაში კონსტრუქტივისტულ მიდგომებს იყენებს, თუ აქტივობები აგებულია მოსწავლეთა ინტერესებზე, მათ წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზე, რათა შეძლონ ფაქტების, მოვლენებისა და ცნებების ანალიზი და ინტერპრეტაცია, მაშინ თავად პროცესს მივყავართ კომპლექსური დავალებებისკენ. ვეცდები ავხსნა. კონსტრუქტივისტული მიდგომის ყველა პარადიგმის გათვალისწინებით დაგეგმილი აქტივობების გავლის შემდეგ მოსწავლეც და მასწავლებელიც მზად არიან ახალი პროდუქტის შესაქმნელად. დაგროვებული ცოდნა (სამი კატეგორია) მოითხოვს პრაქტიკაში გამოყენებას, რეალობაში გადმოტანას და გაცოცხლებას. „ხარაჩოს“ მეთოდსაც ხომ მივყავართ საბოლოო პროდუქტის შექმნამდე: მასწავლებელი ისეთ დავალებებს აძლევს მოსწავლეებს, რომელთა დაუხმარებლად შესრულებაც გაუჭირდებათ. მასწავლებელი სხვადასხვა ხერხით ეხმარება მათ, დახმარების წილს თანდათან ამცირებს და საბოლოოდ მოსწავლეები თავად ახერხებენ საქმისთვის თავის გართმევას.

მერწმუნეთ, ამას მოსწავლეც ხვდება. ამის დასტურია ის დავალებები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში შეუსრულებიათ ჩემს მოსწავლეებს. თუნდაც ევროკავშირის გერბისა და პოსტერის დამზადება (https://mastsavlebeli.ge/?p=17078); გაკვეთილი თემაზე „ქრისტეფორე კოლუმბისა და მისი აღმოჩენების დაკავშირება ევროპულ ღირებულებებთან“ (https://mastsavlebeli.ge/?p=21505), სადაც მოსწავლეებმა ფაქტობრივად რეკლამა შექმნეს ევროპელების დასაინტერესებლად; ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში (შეიმუშავეს განვითარების გეგმა) (https://mastsavlebeli.ge/?p=15209); როლური თამაში გეოგრაფიის გაკვეთილზე – მოცემულია ორი მაგალითი თავისი რესურსებითა და აქტივობებით (ევროკავშირის ბიუჯეტის განხილვა) https://mastsavlebeli.ge/?p=10504. ყველა ამ გაკვეთილზე საჭირო გახდა რესურსების მოძიება და გამოყენება. შესრულებული აქტივობები კი, როგორც ეროვნულ სასწავლო გეგმაში წერია, მოითხოვს სხვადასხვა ცოდნის ინტეგრირებულ გამოყენებას ფუნქციურ კონტექსტებში.

შეიძლება სხვა მაგალითების მოყვანაც, თუმცა მგონი საკმარისია. ამ გაკვეთილებამდე იყო სხვა აქტივობები, რომლებმაც საბოლოო პროდუქტის შექმნის საჭიროებამდე მიგვიყვანა. ამიტომ მიმაჩნია, რომ კომპლექსური დავალებების შესრულება ახალი არ არის. წლების წინ დეფინიცია არ არსებობდა მხოლოდ. ამაში ის მასწავლებლებიც დამეთანხმებიან, რომლებიც სწავლა-სწავლების პრინციპებს ითვალისწინებენ და ინტერაქციულ სწავლებას ანიჭებენ უპირატესობას. ასეთი აქტივობები საინტერესოს ხდიდა გაკვეთილებს, უამრავი საინტერესო რესურსი შეუქმნიათ მოსწავლეებს. თავადაც ყოფილან პროდუქტის შექმნის იდეის ავტორები.

მეტაკოგნიტიური უნარის განვითარება, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, საშუალებას გვაძლევდა, თავად მოსწავლეებს შეერჩიათ დავალებებისა და პრეზენტაციის (საბოლოო პროდუქტის) ტიპები და ფორმები. ეს დამოკიდებული იყო მათ შემოქმედებითობასა და კრეატიულობაზე.

რაც შეეხება შეფასებას, მოსწავლეებმა იცოდნენ, რომ ტექსტის დამუშავება-გაგებას, რუკაზე მუშაობას მხოლოდ 6-7-8 შეესაბამება, ჩვენ კი უფრო მეტის პრეტენზია გვაქვს. მუშაობის პროცესში არ მიყვარს შეფასებების გაკეთება, საერთოდ არ მიყვარს განმსაზღვრელი შეფასება. ვიცი, ეს საკითხიც საკამათოა და ამის თაობაზე სხვასხვა მოსაზრება არსებობს, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ დღევანდელი შეფასება დასჯაზეა ორიენტირებული. „დღევანდელში“ დისტანციურ სწავლებას არ ვგულისხმობ. ახლა ყველაზე მეტად თავისუფალი ვარ, ვიცი, დროებით, მგარამ მე მაინც მომწონს ეს თავისუფლება.

შეფასებამდეც მივედით. თუ წინა თაობის ესგ-ში მასწავლებლებს გვთავაზობდნენ სიტყვიერ ახსნას, რომ ის გაკვეთილის მიზნიდან უნდა გამომდინარეობდეს, ახალ ესგ-ში უკვე გაშინაარსებული და და დაკონკრეტებულია. თითოეულ ცნებას და თემას ახლავს შეფასების კრიტერიუმები.

აქ ერთი მოსაზრება-ვარაუდი მინდა გამოვთქვა: შეფასების ინდიკატორები, შინაარსიდან გამომდინარე, მიმდინარე შეფასებებს თითქმის გამორიცხავს. ჩემი აზრით, შეფასებამ, მინიმუმ, კომპლექსურ დავალებებამდე გადაიწია, რადგან იგი (მასთან მჭიდროდ დაკავშირებული სტრუქტურული ერთეულებითურთ – საკითხი, საკვანძო შეკითხვა, შეფასების კრიტერიუმი) თემის ფარგლებში შუალედური მიზნის როლს ასრულებს (ესგ). მთავარი აქცენტი განმავითარბელ შეფასებაზე დაისმის. კომპლექსური დავალება და შემაჯამებელი დავალება საბაზისო საფეხურზე შეგვიძლია ერთმანეთის სინონიმებად ჩავთვალოთ. თემის ფარგლებში მოსწავლე რამდენიმე კომპლექსურ დავალებაზე მუშაობს. მათგან ერთ-ერთს შემაჯამებლის სტატუსი უნდა მიენიჭოს.

ეს – რაც შეეხება წარსულის მაგალითებს. ახალ სასწავლო წელს ახალი ეროვნული სასწავლო გემით დავიწყეთ მხოლოდ მე-7 კლასში. ახლა კი გააზრებულად გამოვიყენე კომპლექსური დავალებები. პირველ სემესტრში პირველი თემა გეოგრაფიაში, მოგეხსენებათ, დედამიწაა. დავიწყეთ თამაში, ხატვა, სხვდასხვა აქტივობები, რომლებიც სახელმძღვანელოშია მოცემული. მზიან ამინდში ეზოში ვატარებდით გაკვეთილებს. ბოლოს კი კომპლექსური დავალება შევასრულეთ. მატრიცის ფორმას ამჟამად არ ვიყენებ, ეს მომავლისთვის გადავდოთ.

მოსწავლეებს უნდა შეექმნათ სკოლის ტერიტორიის ადგილის გეგმა, რომელსაც წერილთან ერთად გაუგზავნიდნენ სხვა ქვეყანაში მცხოვრებ თანატოლს. წერილის შინაარსის მთავარი დებულებები ერთად განვსაზღვრეთ.

დებულებები დაკავშირებული იყო თემატურ მკვიდრ წარმოდგენებთან და მოიცავდა საგნობრივ საკითხებსა და სამიზნე ცნებებს:

  • რუკა დედამიწის ან მისი რომელიმე ნაწილის შემცირებული და განზოგადებული გამოსახულებაა. რუკაზე პირობითი აღნიშვნებით სხვადასხვა ინფორმაცია გამოისახება.
  • პარალელები და მერიდიანები წარმოსახვითი ხაზებია, რომლებიც დედამიწის ამა თუ იმ წერტილის განსაზღვრაში გვეხმარება. ეკვატორი ყველაზე გრძელი პარალელია. ყველა მერიდიანი თანაბარი სიგრძისაა.
  • დღე-ღამისა და სეზონების ცვალებადობას დედამიწის ფორმა, წარმოსახვითი ღერძისა და მზის გარშემო მოძრაობა განაპირობებს.

ადგილის გეგმა ერთობლივად შევადგინეთ. პირველი, რაც გავაკეთეთ, ის იყო, რომ ეზოში აზომვები ჩავატარეთ. მოსწავლეებმა ტერიტორიაზე არსებული ყველა ობიექტის აზიმუტი განსაზღვრეს. ყველა ჯგუფი დამოუკიდებლად მუშაობდა. წარმოიდგინეთ, ამ სასწავლო წელს ექვსი მე-7 კლასი მყავდა (რამდენიმე სკოლაში ვმუშაობდი). მთელ დღეს ფაქტობრივად ეზოში ვატარებდი.

ამ პატარა გოგონამ გაცნობისას სასხვათაშორისოდ მითხრა: ბაბუაჩემიც გეოგრაფი იყოო. სიიდან უკვე ვიცოდი, რომ კლასში, არც მეტი, არც ნაკლები, ასლანიკაშვილი მეყოლებოდა… არ ვიცი, პატარა ოჯახურ ტრადიციას გააგრძელებს თუ არა.

 

კლასში დაბრუნებულმა ჯგუფებმა ერთმანეთს აზომვის შედეგები გაუზიარეს. ცდომილება რომ შეგვემცირებინა, აზომვის შედეგების საშუალო არითმეტიკული გამოვთვალეთ. მიღებული მონაცემებითა და ჩანახატებით შეადგინეს ადგილის გეგმა. მერე კი წერილები დაწერეს. ქვეყნები მე გავუნაწილე ისე, რომ ყველა სხვადასხვა სასაათო სარტყელში ყოფილიყო. წერილში დროც უნდა მიეთითებინათ. გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს:

„ახლა ჩემს ქვეყანაში 4 საათია და მე გეოგრაფიის გაკვეთილი მაქვს. შენ ალბათ გძინავს, რომ გაიღვიძებ, ჩემი წერილი დაგხვდება“.

„მე შენთვის ადგილის გეგმა გავაკეთე. აი, რა კარგი სკოლა მაქვს. ჩვენთან მალე ზამთარი დაიწყება, შენ, ვიცი, ზაფხულს ელოდები. მეც მიყვარს ზაფხული“.

ერთმა კი მე მომწერა: „მას, რა კარგი შემაჯამებელი იყო, თუ რამე მქონდა გამოტოვებული და გაუგებარი, ყველაფერი გავიგე“.

გამიხარდა. ეს დავალება კარგი კომპლექსურია თუ არა, არ ვიცი, მაგრამ მიზანს რომ მივაღწიე, ყველა საკითხი გავააქტიურეთ და ეს გაკვეთილები არ დაავიწყდებათ, ამაში ეჭვი არ მეპარება.

წარმატებას გისურვებთ, ჩვენ შეგვიძლია, უფრო საინტერესო და სახალისო გავხადოთ სწავლის პროცესი!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი