ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დაკარგული ბიჭები  

წიგნის კითხვა ტრავმულ გამოცდილებად მექცა. ამ წიგნის – თომას ვულფის მოთხრობების კრებულის. წლების წინანდელი ამბავია. პირველივე მოთხრობამ, „დაკარგულმა ბიჭმა“ ყველა საფიქრალი დამავიწყა, სამყაროს საზღვრები წუთებში წაშალა, გამომაცარიელა და ყოველგვარი მიმზიდველობა დაუკარგა სიცოცხლეს, რომელსაც თორმეტი წლის ჭკვიან ბიჭს ვერ გავუყოფდი.

რა წიგნზე აღარ მიტირია, მაგრამ ასეთი განადგურებული, დიდ სიბნელეს ამდენ ხანს მიჩერებული არასდროს ვყოფილვარ. მაშინ არც კი ვიცოდი, რომ  ავტობიოგრაფიულ ტექსტს ვკითხულობდი და თომას ვულფი თავის ძმაზე წერდა, თანატოლებისგან გამორჩეულზე, უცნაურად დაბრძენებულზე. აი, ხომ არის ხოლმე – თან ბიჭია, მოჭუტული თვალებით შეჰყურებს ვიტრინაში გამოფენილ ნამცხვრებს, ტკბილეულს და თან ისეთს გეტყვის, გულს გაგიჩერებს, პასუხის ძებნაში საათებს გაგატარებინებს.

გროვერი – ასე ჰქვია მთავარ გმირს – მოთხრობის დასაწყისში მხოლოდ თერთმეტ-ნახევარი წლისაა. „პატარა ბიჭი იყო, შავთვალება, დინჯი. ყელზე ხალი მოუჩანდა – რბილი, ყავისფერი. ასაკთან შედარებით მშვიდი სახე ჰქონდა, თვინიერი. შემოცვეთილი ბიჭური ფეხსაცმელები, მუხლებზე რეზინებშემოჭერილი სქელი წინდები, მოკლე სადა შარვალი, რომელსაც ცალ მხარეს არაფრის მაქნისი სამი პატარა ღილი ეკერა, მეზღვაურის ხალათი, შავ თმებზე ძველი დაჭმუჭნილი ქუდი და მხარზე გადაგდებული გაცრეცილი, ჭუჭყიანი ტილოს ჩანთა – აი, ასეთი გახლდათ გროვერი“ (ქართული თარგმანიდან ამოვწერე, რომელიც – დასანანია – ვერაფრით უახლოვდება ორიგინალის სიმაღლეს).

1904 წელია. ბიჭი მოედანზე გამოდის, მიიხედ-მოიხედავს, მიმართულებას ირჩევს და მისი თვალი აწმყოსა და მარადისობას ერთდროულად სწვდება. ასეთი ადამიანია – თითქოს ერთი ცხოვრება უკვე იცხოვრა და ამიტომ პოულობს სხვებზე მარტივად გამოსავალს, ამიტომ არ ღალატობს ინტუიცია, როცა შესაძლო ქმედებებს შორის ყველაზე სწორის ამორჩევას ცდილობს. შეუძლია ყველა სურვილი დაივიწყოს და სხვის სახეზე კმაყოფილების ღიმილის დასანახად მთელი დღე იშრომოს. არის საქმეები, უფროსებზე უკეთესად რომ გამოსდის და მათ შესრულებაზე უარს არასდროს ამბობს. თითქოს გული უგრძნობს, რომ ბოროტება ახლოსაა, რომ საყვარელი ადამიანების გახარების შესაძლებლობა დიდხანს არ ექნება.

გასაოგნებელი ენით, ბრწყინვალე სტილით დაწერილ ამ მოთხრობას სხვადასხვა მთხრობელი ჰყავს. ოცდაათი წლის შემდეგ დედა, და და ძმა იხსენებენ გროვერს, რომელიც ტიფმა მოულოდნელად იმსხვერპლა. ტკივილი გაუნელებელია, სიკვდილის აბსურდულობა კი ისეთ რამედ რჩება, რასთან შეგუებაც, რისი ბოლომდე მიღებაც მათ არ შეუძლიათ. მარადიულად ის დღე დგას, როცა ერთიანად გადაფითრებული ბიჭი ხელიდან გამოეცალათ. წლები გადის და მისი გადარჩენის გზებს მაინც ეძებენ – თითქოს თავიდან მოყოლილ ამბავში რამე შეიცვლებოდეს, თითქოს ენას სადღაც სხვაგან დაშვებული შეცდომის გამოსწორება შეეძლოს.

დედა: „ბევრნი დაგზარდეთ. იქნებ ჩემთვის უხერხულია ამის თქმა, თქვენგან არც ერთი არ გამოსულა ურიგო. მაგრამ გროვერი სულ სხვა იყო! […] იმედი მაქვს, როგორც იტყვიან ხოლმე, უკვე ღირსეული, ჩამოყალიბებული პიროვნებები ხართ. ეჭვი არ მეპარება, შესაფერისი ჭკუაცა გაქვთ და განსჯის უნარიც… მაგრამ გროვერი! იმას ეგ ყველაფერი იმთავითვე ჰქონდა!“

და: „წარსულში რომ ვიხედები, ზოგჯერ კიდეც მეჩვენება, ჩვენ ყველანი გროვერმა დაგვზარდა. სულ ჩვენს მოვლა-პატრონობაში იყო, სულ გვარიგებდა, როგორ მოვქცეულიყავით. ხან ნაყინს მოგვიტანდა, ხან – კანფეტებს. სამუშაოზე რას იღებდა? მცირე გროშებს და იმასაც ჩვენ გვახარჯავდა“.

თომას ვულფის ამ მოთხრობას თორმეტი-ცამეტი წლის მოსწავლეებს წავაკითხებდი და ვეტყოდი, რომ ასეთია ბრწყინვალედ დაწერილი ავტობიოგრაფიული ტექსტი, რომ დიდი ტკივილი შეიძლება მომნუსხველი ფერისა და ფორმის ყვავილებად გაიშალოს, რომ თავს გადამხდარზე, დიახ, უნდა ვწეროთ, მაგრამ ამოცანის ბოლომდე გაცნობიერებით, ენის შესაძლებლობების ცოდნით, გამოყენებით.

ორი დღის წინ კი, როცა ამ წერილის დასაწერად თომას ვულფის მოთხრობების გადაკითხვა გადავწყვიტე, მივხვდი, რომ შიშის რომელიღაც ნაირსახეობა უნდა გადამელახა – მარტივი არ იქნებოდა თვალის გასწორება „დაკარგული ბიჭის“ დასაწყისისთვის, მერე საუკუნისწინანდელ ამერიკაში იმ გზის ხელახლა გავლა, რომლის ბოლომდე ტირილით მისულმაც ძლივს მოვახერხე ჩემს დროში, ჩემს თავთან დაბრუნება. მთელი წიგნი ახლა უფრო სწრაფად წავიკითხე და ალბათ უფრო დაკვირვებითაც, რადგან დაკარგულ ბიჭს სხვა მოთხრობებშიც მივაგენი. ისე ჰგავდა, სხვა ვერაფრით იქნებოდა. მუქი თმა, მუქი თვალები ჰქონდა და ისე გიყურებდა, მისი ასაკის არც ერთი სხვა ბიჭი რომ არ შემოგხედავდა.

ცოტა ხანს ვიფიქრე და მწერლის ფოტოები მოვძებნე. კიდევ ერთი დაკარგულის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი