შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

თამაშას ლაგუჯი

ხო, ის არის, ღუმელთან ჩამომჯდარი. იღიმის კიდეც, ჩვენკენაც გამოიხედება. ნეტა რატომ მოვიდა? რაღაც ხრინწი გაერევა ხმაში. ალბათ ამათ დაიბარეს, გვპირდებოდნენ და შეუსრულებიათ. ასეთი მაინც რა დავაშავეთ? თუ ჭკვიანად არ იქნებით, დროზე თუ არ დაიძინებთ, თამაშა მოვა და თავის ლაგუჯსაც მოიტანსო. ღმეეერთო, რა იყო, წუთში გვეხუჭებოდა თვალები! კაი ახლა, თამაშამ რა უნდა გვიყოს, თავისთვის დაფრატუნობს ქუჩაში, ჩემი თვალით ვნახე, ბაბუას რომ ყანისკენ გავყვევიო, – ჩემი ძმა ამბობდა, მაგრამ მერე მასაც უჭირდა შიშის დამალვა. და ლაგუჯი? აი, მაგ ტომარაა თუ ხურჯინია თუ ლაგუჯი, მაგაში ისვამს თურმე ბავშვებს, ურჩ ბავშვებს, მიჰყავს ძველი ჯუმისკენ, იქ ჩამოსვამს ნაპირზე და მიაგდებს უპატრონოდო. გინდ დაიჯერე და გინდ არა! ჯერ სული შეგეხუთება, სიბნელეა იმ ლაგუჯში, თვალებს აცეცებ, დაყვირებას ცდილობ, მაგრამ თამაშა დაგიცაცხანებს, – ჩაიგდე ხმა და კრინტი არ დაძრა, სი ჩიჩიე ბაღანა, თორემ ქვიან დაღმართზე დაგაგორებო. დამზაფრავი ხმა აქვს, ტანში გაგცრის, გულზე გეჭიდება. რა დავაშავეთ, იმასაც რომ ვერ ვიხსენებ? ეზოში რომ გვიანობამდე ბურთს ვაგორებდით და ციალას ბოსტანშიც ერთი-ორჯერ გადაგვივარდა, ეგ ამათ არ უნახავთ და ალბათ არც ციალა იტყოდა რამეს. წისქვილში რომ გვთხოვეს სიმინდის წაღება, ურიკაზე შემოვაგდეთ ტომარა და შუკასაც სვენებ-სვენებით ჩავუყევით. არც ზედმეტი გვირბენია და არც რამე. აწი გვიანია, აგერაა თამაშა და ეს რომ გვცოდნოდა, მაგის მოსვლამდე მივიყურშებოდით სადმე, მაგრამ გულთმისანია, სკვაზნოი ხედავსო, ვიღაც ამბობდა, ვერ დაემალები მაგის თვალსო. ღორონთუმე, რა გახდა მართლა და მართლა, მკვდარ-ცოცხალს იგინებიან ეს სოფლის ბიჭები, ისე, ვითომც არაფერი და აქ კიდე, ზედმეტად თუ გაოფლიანდი, ხუთი-ექვსი წლის ბავშვს თამაშას ლაგუჯში გიკრავენ თავს. ბებია-ბაბუაც ასეთი უნდა, მაგრამ სულ დედაჩემის მოფიქრებულია ეს ამბავი, და ისიც ვიცი, როდიდან და რის გამო. არც ჩვენ ვართ რძეში დაბანილები და მამა აბრამის ბატკნები, მაგრამ ამ თამაშასთვის მისაჩუქებლები თუ გავხდებოდით, არ მეგონა. ილაპარაკე და იყავი! აგერ, ისე იყურება, თითქოს ჯიბეში ვუზივართ ორივე. ჩემს ძმას გავხედავ, თვალებდაყვლეფილია, წკაპ და ატირდება. ნეტა ამდენ ხანს რაზე ლაპარაკობენ? რით ვერ მოილიეს სოფლის მიდი-მოდი და ზაფხული, ტრაქტორი, ბარგუა, მაჟირუა, სასუქი, წისქვილი, კანტორა, ყანა, უჩასკა, ფერმა, ონგარუ, მკლავის გახსნა, გათხოვება, ცოლის მოყვანა, პერტობა და მარაშნა… იმის კამეჩი, ამის ქაბლა, იმის ქათამი და კოკუჩი, კვერცხი, ხორცი, სულგუნი და კაზლა ყველი, სიმინდის ფქვილი და წაქა… ეს გამოხეული ნასკები როდის ჩავიცვი! სადღაც ხრამში გადასაგდებად მივყავარ თამაშას და ნასკი მაინც ჩამეცვა წესიერი! რა სირცხვილია, იქ რომ გიპოვიან ღორებისა და ფრინველებისგან დაჯიჯგნილს… არა, მე კი ამ ყველაფერს ზემოდან გადმოვხედავ, ცაში ვიქნები თბილად, ჩემთვის, მაგრამ ამ თამაშას რა სინდისი მოასვენებს, ესენი როგორ აპატიებენ საკუთარ თავს და ახიც იქნება, რომ ბევრი ტირილი მოუწიოთ ამის გამო. ყველა გაამტყუნებს. იქნება მისამძიმრება, თმების გაშლა, მღვდლების და ექიმების მოყვანა წამდაუწუმ, სასწრაფოს გამოძახება… ვაი, წამოდგა, კაბა გაისწორა, იმათ ელაპარაკება, ჩვენკენაც გამოაპარებს თვალს, ხელში ტომსიკა ჩაუბღუჯავს, ამაში როგორ უნდა ჩავეტიოთ – ალბათ ცალ-ცალკე: ჯერ მე წამიყვანს, მერე ჩემს ძმას, მე ხომ უფროსი ვარ. მე რომ დამტოვებს, მობრუნდება და ჩემს ძმასაც წაიყვანს. რა პაწაწუნა ჩანს ტომსიკა, ალბათ ღრმა ძირი ექნება, შავი კია! ჩვენკენ მოდის, არა, უფრო ჩემკენ, ხო, ალბათ ჯერ მე ამომარჩია, მიახლოვდება, მისი სუნთქვა მესმის, ჯანდაბა, არ უნდა შევიმჩნიო, თავზე ხელს მისვამს, მეფერება, ჩემს მარჯვენა ხელს იღებს და მუჭაში კანფეტებს მიყრის…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი