ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დაღლილი მასწავლებლის ფიქრები

დღეს სკოლის შენობაში დავაბიჯებდი… დიდი და საკვირველია თბილისის კლასიკური გიმნაზია. გარდა სკოლისა, მუზეუმია, კულტურული ძეგლია, რელიქვიაა, განძია… არც ვიცი, რა ვუწოდო?! შენობის მარმარილოსა და ხის ფაქტურას მივჩერებოდი და ვფიქრობდი: რამდენი რამე ავაშენეთ, ღმერთო, დედამიწელებმა… რა მყარად დგას ეს შენობები? რამდენ ისტორიას იტევს? რამდენ ემოციას? რამდენ ვნებას? რამდენ ტკივილსა და სიხარულს? ბოღმასა თუ კეთილ გულებს? ამ დროს კი წარმოვიდგენ, რომ ჩვენი მწვანე ბურთი სადღაც კოსმიურ უსასრულობაში ნეონითა თუ ჰელიუმით გაბერილი ბუშტივით ჰკიდია, არც ვიცით, სად? როგორ? არც ის ვიცით, რა ძალა იჭერს მას? რა ატრიალებს? ვინ და რა განსაზღვრავს იმ გასაოცარ კოსმიურ წესრიგს, რომელიც მის ყოფაში უწყვეტად ირეკლება… და ჩვენ აქ რამდენს სიგიჟეს და სისულელეს ჩავდივართ… რა ვიწრო მესაკუთრეები, რა შურიანები, რა სულმოკლეები, რა მტაცებლები ვართ?  ამაზე ფიქრში, ვერ გეტყვით, რა მემართება?

დასრულდა სასწავლო წელი, ბოლო აკორდებია. მასწავლებლები ამ დროს გაუსაძლის დაღლილობას ვგრძნობთ, მხოლოდ ფერადი საზაფხულო დღეების მოლოდინი გვასულდგმულებს. თუმცა ორთვიანი დასვენება საკმარისია საიმისოდ, რომ აუტანლად მოგვენატროს სკოლა, ჩვენი საყვარელი მოსწავლეები და გაკვეთილები, გაკვეთილები, გაკვეთილები…

რა იყო წლევანდელი სასწავლო წელი? პანდემიამ ჩვენი გონება, ემოციები, საქმიანობის წესი, ინტერესები, მსოფლაღქმა მთლიანად ამოაყირავა… მარტის არდადეგებს მოუთმენლად ველოდით, რომ დაგვესვენა და… დაიწყო იძულებითი არდადეგები, ფაქტობრივად – შინაპატიმრობა… პირველმა ელდამ რომ გადაგვიარა, დავიწყეთ ფიქრი დისტანციურ სწავლებაზე და თვალწინ გადაგვეშალა ახალი გამოწვევები. სოციალური ქსელები და სხვადასხვა ტიპის საკომუნიკაციო ინტერნეტპლატფორმები აქამდეც აქტიურად უნდა გამოგვეყენებინა, მაგრამ სასკოლო საგაკვეთილო პროცესის ონლაინ რეჟიმში გადაყვანამ უცებ გააჩინა ახალი საჭიროებები და დავუწყეთ ძებნა პლატფორმებს, რომლებიც მრავალრიცხოვან კლასებთან წარმატებულ ვიდეოკონფერენციებს უზრუნველყოფდა. პირველად მარტის თვეში გავიგე, რომ თურმე ფეისბუქის მესენჯერს ერთდროულად რვაზე მეტი იუზერის ჩართვა ვიდეოკონფერენციაში არ შეუძლია. სადღაც მაისისკენ ფეისბუქმა მოიფიქრა ახალი სისტემა, რუმსი, მაგრამ ეს უკვე დაგვიანებული იყო, თანაც – მოუხერხებელი ბევრი პარამეტრით. ჩვენს სკოლას შეძენილი ჰქონდა სქულბუქის მომსახურეობა და ელექტრონულ ჟურნალებს ვაწარმოებდით. სქულბუქის ვიდეოკონფერენციები თავიდან ძალიან ხარვეზიანი იყო, შემდეგ გამოსწორდა, თუმცა სასწავლო წლის მიწურულს ისევ გაჭედა პროგრამამ, როგორც ვიცით ხოლმე თქმა. ვეცით ზუმს, რომელსაც თავიდან 40-წუთიანი ვიდეოკონფერენცია ჰქონდა და ლაივიც ხარვეზებით მიმდინარეობდა. ეს ორმოცი წუთი კი საკმარისი არ იყო. ხელახალი ჩართვა იწვევდა ვიდეოჩატის მონაწილეთა არევ-დარევას. შემდეგ გამოჩნდა ტიმსი, თუმცა სამინისტრო კლასების კომპლექტაციას აკეთებდა, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა, ამასობაში კი ბევრი მასწავლებელი და კლასი სქულბუქს ან ზუმს შეეჩვია და კიდევ ახალ პლატფორმაზე გადასვლა დისკომფორტს იწვევდა.

არ ვიცი, სხვები როგორ ფიქრობენ, მაგრამ ჩემთვის დისტანციური სწავლება ვერ გახდა სასურველი. როცა კომუნიკაცია ვერ ხერხდება ყველასთან, არის უამრავნაირი ხარვეზი: ზოგჯერ ელექტროენერგიის, ზოგჯერ კი ინტერნეტის მიწოდების შეზღუდვა; ბავშვების უმრავლესობას არ სურდა ვიდეოკამერის ჩართვა, ზოგის კამერა იყო ხარვეზიანი, ზოგის – მიკროფონი, ზოგის გაჯეტს ჰქონდა ნაირ-ნაირი პრობლემა; ბავშვები პასიურები იყვნენ და განცდა მქონდა, რომ მარტო ვრჩებოდი, ჩემთვის ვსაუბრობდი, სისტემატურად ვკითხულობდი: „გესმით ჩემი?“ ეს ფრაზა მეზიზღება… დავალებებს გზავნიდა კლასის მცირე ნაწილი, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც უამრავი ონლაინ დავალება გვიგროვდებოდა; ბავშვები გზავნიდნენ დღეღამის ნებისმიერ დროს და უკუკავშირს ითხოვდნენ სასწრაფოდ; სისტემატურად ვასწორებდი ნაშრომებს და ბოლო არ უჩანდა მაინც კომენტარების წერას; ნაირნაირი პლატფორმებიდან მილიონ კითხვას სვამდა მოსწავლე თუ მშობელი, მიმოწერას უბრალოდ ვერ ავუდიოდი…

მოკლედ, ილიას ზაქროსი არ იყოს, „რაც იყო, იყო, ჯოჯოხეთია მოსაგონებლად“… და მასწავლებელს სხვა გზა არ აქვს: მან ეს ჯოჯოხეთი უნდა აქციოს ბავშვებისთვის საინტერესო, სასიამოვნო, დავარცხნილ-დალაგებულ პროცესად… ახლა მივხვდი, რომ სასწაულმოქმედები ვართ მასწავლებლები… თანაც ხვდები, რომ ბავშვებიც უამრავ პრობლემას ეჯახებიან, დაუძლეველი სირთულებია ოჯახებში ონლაინ ჩართვებთან დაკავშირებით, რომელთა აღწერა შორს წაგვიყვანს… ყოველივე ეს იწვევს უმძიმეს ფსიქოლოგიურ სტრესებს და სასკოლო გარემოში ფიზიკური დაღლა მასთან რა მოსატანია?

სულ სხვაა უშუალო კომუნიკაცია კლასთან და  კოლეგებთან. ქართულის მასწავლებელბს ისედაც სულ გვიწევს მოცულობითი საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი დავალებების, თხზულებებისა და ნაირნაირი ტესტების სწორება, თუმცა გაცილებით მარტივია ტესტის ფურცლელთან თუ მოსწავლის რვეულთან მატერიალური შეხებით მუშაობა, ვიდრე ათასგვარ ვირტუალურ „უჯრაში“ მიმოფანტული დავალებების სისტემატიზება, კომენტირება ან ქულობრივი შეფასება.

რა ეშველება ამ დაღლილობას? გაგონებაც კი არ მინდა იმის, რომ სექტემბრიდან ისევ დისტანციურ რეჟიმში მოგვიწიოს მუშაობამ. არადა – საამისო კონტურები იკვეთება… ვფიქრობ, ეს განათლების დონეს მკვეთრად დასცემს და სასტიკად განვიცდი. მართალია, დისტანციურ სწავლებას თავისი ნათელი, ლამაზი, საინტერესო და საამო მხარეებიც აქვს, აშკარა უპირატესობებიც, თუმცა ზემოაღნიშნულმა სირთულეებმა ჩემთვის ეს პოზიტიური მომენტები ბევრად გადაწონა. ახლა ვცდილობ, რომ ამ დამქანცველი და ფსიქოლოგიურად დამუხტული სასწავლო წლის შემდეგ საინტერესო და შემეცნებითი ზაფხული გავატარო და მაგონდება ნაირა გელაშვილის გენიალური მოთხრობა „მივემგზავრები მადრიდს“, სადაც ყოველდღიური რუტინით დაღლილი მთავარი გმირი, სანდრო ლიჩელი, გაურბის საკუთარ გარემოცვას. ის დაუოკებელი მეოცნებეა და თავისი ოცნების ქვეყანაში,  ესპანეთში, ყოველთვის წარმოსახვით მოგზაურობს. მეტიც, სანდრო წარმოსახვით მხატვარიც კი არის, მას აქვს საკუთარი საგამოფენო „სივრცე“ – „დეჰარი“, სადაც მისი წარმოსახვითი ტილოებია გამოფენილი. ეს ამბავი მაგონებს სასწავლო პროცესით დაქანცული მასწავლებლის ოცნებას წიგნების კითხვაზე, ფილმების ნახვაზე, რისთვისაც დრო თითქმის არ რჩება, თუმცა მასწავლებელი ახალ-ახალი წიგნების, მხატვრული ტექსტებისა და ფილმების გარეშე ვერაფრით განვითარდება.

იმედიანი გადაწყვეტა აქვს ნაირა გელაშვილის მოთხრობის გმირის ამბავს… მართალია, ყოფიერებით გადაღლილი სანდრო ვერასდროს იცლიდა საიმისოდ, რომ საკუთარი ოცნებებისთვის ხორცი შეესხა, თუმცა როცა მან გამოიგონა, რომ თითქოს, მადრიდს მიემგზავრებოდა, სინამდვილეში კი საკუთარი მეგობრის, ერთ-ერთი საავადმყოფოს მთავარი ექიმის საიდუმლო პალატაში განმარტოვდა, ყველაფერი შეიცვალა… მან მთლიანად ამოაყირავა მთავარი ექიმის ცხოვრებაც, გახადა ის პაციენტებზე მზრუნველი, ყურადღებიანი, შემოქმედებითი, ხალისიანი, ემოციური, თამამი, თავზეხელაღებული. მოკლედ, ორმა დაღლილმა მეგობარმა თავი მოიგიჟიანა, მათ ღამეულ საუბრებსა და კონიაკის წრუპვაში დამღლელი ცხოვრების კომპენსირება იოლად მოხერხდა და აი… მოთხრობის ფინალში გალერეა „დეჰარის“ ვირტუალური გამოფენა ჩაანაცვლა რეალობამ: „ახლა კი უნომრო პალატაში სანდრო ლიჩელი ფანქრით ხატავდა… ხატავდა ფანჯრიდან დანახულ სანახს“… დასვენებამ ძალა მისცა გმირს საკუთარი ოცნებების რეალიზებისთვის.

ოცნება თუ სინამდვილე? ეს ორი რამ ერთმანეთს უპირისპირდება კიდეც და ამავე დროს მეოცნებეობა არის გზა ქმნადობისკენ. ოცნება იდეაა და იდეა გზაა, გარანტიაა ქმნადობისა. კარგი მეოცნების ხელში იდეა განწირულია ასრულებისთვის. მწერლის პასუხი ამაზე ამ ემოციურ მიმართვაში ცნაურდება: „ეჰ, დაუდეგარი სულის ადამიანებო! სილამაზისა და სიხარულის მაძიებელნო! საიდუმლოს მოწყურებულნო! შემეცნების გზაზე გატანჯულებო! იქით იყოს უხილავი გალერეა, და ეგებ ვერც ვერაფერი იპოვოთ ამ წამალზე უფრო წამალი, ამ მშველელზე უფრო სანდო, ამ მასალაზე უფრო მყარი და გამძლე, ვიდრე თქვენი წარმოსახვაა. ოცნება – ეს გამჭვირვალე ქსოვილი, ჰაერზე უფრო მსუბუქი მატერია, ჩვენი უხილავი სულის ყველაზე ჰაეროვანი ნაწილი, რომელიც შეიძლება ცხოვრებით არის ნაკარნახევი, მაგრამ ორიოდ ქულით ყოველთვის წინ უსწრებს, ყოველთვის სჯობია მას“…

სანდრო ლიჩელზე ფიქრისას უსათუოდ გაგვახსენდება გურამ დოჩანაშვილის გენიალური გმირი ვასიკო კეჟერაძე, რომელიც საბჭოეთის სიბნელეში ლიტერატურის სამყაროში ვირტუალური მოგზაურობით ახერხებდა, რომ ცხოვრება გაეფერადებინა, იმდენად გაძლიერებულიყო, რომ უბადრუკი ჰომოსოვიეტიკუსების (თამაზისა და მისი ხელმძღვანელის) ფიქრებიც კი ამოეცნო, გაეოცებინა ისინი და თავისი წარუშლელი გავლენა თუ კვალი აღებეჭდა მათ არსებაში.

დაღლილი მასწავლებლისთვის ზაფხული სწორედ მოუცლელობის ჟამს ნაოცნებარის რეალობად ქცევის სეზონია. დამეთანხმებით, კარგი მასწავლებლობისთვის ძალიან ბევრი თვისება და უნარია საჭირო, თუმცა ჩემთვის ყველაზე პატივსაცემი არის შემოქმედებითობა, რაც გადამდებია მოსწავლეებისთვისაც. მასწავლებელი მუდამ უნდა იყოს ინსპირირებული და ამ ისნპირაციას საკუთარ მოსწავლეებში რადიოტალღებივით ავრცელებდეს.

ალბათ ყველას გინახავთ ფეისბუქზე პოსტერი: მასწავლებლი სასწავლო წლის დასაწყისში და დასასრულს. წლის დასაწყისში ის დავარცხნილ-მოწესრიგებული ჩიტია, ხოლო სასწავლო წლის ბოლოს – გაჩეჩილი ჭოტი.

მასწავლებლის სულში თუ დიალევა ოცნება და რომანტიკა, ის ალბათ ვერც შეძლებს სწავლებას, ამიტომაც მე მჯერა ჩვენი დაუშრეტელი სულიერი ენერგიის, შინაგანი სხივის, რომელსაც თუ არ ვატარებთ, ვერც სხვას გადავცემთ… მეოცნებე კოლეგებო, ოცნებების ასრულების ჟამი დაგვიდგა… და კიდევ: ახალი სასწავლო წლის დაგეგმვის, უფრო ნაყოფიერ გაკვეთილებზე ოცნების, შემდეგ ამ ოცნებების რეალიზების და დაღლის დროც მოვა, მაგრამ ასე ხომ… ესაა ჩვენი ცხოვრება!

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი