ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ვირტუალური ექსკურსია მუზეუმში

ექსკურსიები, რომლებიც მრავალფეროვან უნარებს უვითარებს მოსწავლეებს, ძალიან საინტერესო მოგონებებს უტოვებს მათ, წელს თითქმის შეუძლებელი გახდა. ბევრმა მასწავლებელმა დაიწყო ვირტუალური ტურების ძებნა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. უნდა ვაღიარო და მეც სიამოვნებით ვეწვიე ამსტერდამის ზოოპარკსა თუ სხვა ცნობილი ქვეყნების მუზეუმებს, მაგრამ ისინი მიუწვდომელი აღმოჩნდნენ კარანტინისა თუ წინასწარ დაკავებული რიგების გამო. მათი მომსახურება, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ფასიანია. რაოდენ სასიამოვნო იყო, როდესაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის facebook-ის ოფიციალურ გვერდს ვეწვიე და ვირტუალურ ტურთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხი მყისიერად მივიღე. საქართველოს ეროვნული მუზეუმი არა მხოლოდ გპასუხობს კითხვაზე, არამედ გეხმარება,  რომ უფრო საინტერესო გახადოს მუზეუმთან ურთიერთობა ნებისმიერი ასაკის დამთვალიერებლისთვის. მასწავლებლებო, ეროვნული მუზეუმი არაჩვეულებრივ რესურსებს გვთავაზობს კარანტინის რეჟიმში სრულიად უფასოდ და ასაკობრივი ინტერესების გათვალისწინებით. თქვენ ისღა დაგრჩენიათ, ესტუმროთ ვებგვერდს და ისიამოვნოთ მუზეუმის სხვადასხვა მომსახურებით. ამასთანავე დაგეგმოთ საინტერესო გაკვეთილები და დავალებები აქ მიღებული ცოდნის საფუძველზე.

მე კი დღეს შევეცდები, მოგიყვეთ, როგორი შევძელი  კიდევ ერთი დავუწყარი დღე ჩემი მოსწავლეებისთვის მომწყო, მუზეუმის არაჩვეულებრივი თანამედროვე რესურსების დახმარებით.

ეროვნული მუზეუმის მთავარ გვერდს თუ ეწვევით, აუცილებლად  მოიძიეთ ბლოკი „ვირტუალური ტური“.  აქ 9 ვირტუალურ დარბაზს ნახავთ, რომლის დათვალიერება შეგიძლიათ უფასოდ, ასევე გიდით და წინასწარ ჩაწერითაც. გიდის მომსახურება ფასიანია. ვირტუალურ დარბაზში მოგზაურობა ძალიან მარტივი და მოსახერხებელია. ვიდრე ვირტუალურ  ტურს დაიწყებდეთ, შეგიძლიათ ესტუმროთ თქვენთვის სასურველი ტურის გვერდს და გაეცნოთ ჩანართს „გამოფენის შესახებ“.

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ეს გვერდი ნამდვილად ბევრს მოგიყვებათ სასურველ ტურზე. სასურველ დარბაზში მოგზაურობთ პროგრამით Matterport. ვირტუალური ტურის ნახვა შესაძლებელია ტელეფონშიც, ხელმისაწვდომია VR  ყურსასმენის პარამეტრები და Google მუყაო. ტურისთვის განკუთვნილ ოთახში გადაადგილება შეგიძლიათ როგორც თაგუნას დახმარებით, ასევე კლავიატურაზე გამოსახული 6 ღილაკით, რომელთაგან ისრები გაძლევენ მიმართულების, ხოლო „+“ და „-“ ნიშნები მოახლოება-დაშორების შესაძლებლობას.  გარწმუნებთ თითოეულ ექსპონატთან მიახლოება დიდ ემოციას იწვევს მნახველში.

ეროვნულ მუზეუმში ბევრი რამაა გასაოცარი, მაგრამ განსაკუთრებით გაახარებთ პატარებს „განათლების“ ბლოკში, „ჩვენი პროგრამების“ განყოფილების საჩუქარი, რადგანაც თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მცირეწლოვან დამთვალიერებელს: ამოუბეჭდოთ ან ჩამოუტვირთოთ  არაერთი ექსპონატის გასაფერადებელი ვერსია. გაფერადებაში პროგრამა Paint -იც შეგიძლიათ დაიხმაროთ.

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ინტერაქტიული გვერდიდან შეძლებთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის სახალისო თამაშის „ციფრული რესტავრაციის“  ჩამოტვირთვას საკუთარ კომპიუტერში. თამაში თქვენს კომპიუტერში პროგრამა WinRAR-ის დახმარებით შეგიძლიათ  გახსნათ.

წარმოიდგინე, რომ 2400 წლის წინათ შენს თანატოლს წყაროზე  გაუტყდა ეს მშვენიერი დოქი და დღეს შენ კომპიუტერით ეხმარები აწყობაში, დამერწმუნეთ უცნაური გრძნობაა.

 

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

გარდა ამისა, მუზეუმი გთავაზობთ ახლოდან დაათვალიეროთ ინტერაქტიული ჰერბარიუმი,  რომლის თითოეული ექსპონატის არამხოლოდ მოახლოებაა შესაძლებელი, არამედ მის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობაც. ვირტუალური ჰერბარიუმის დათვალიერების შემდეგ აუცილებლად გაგიჩნდებათ სურვილი, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტულ ბავშვებს საინტერესო საზაფხულო დავალება მისცეთ: გადაიღეთ თქვენი სოფლის (ქალაქის, კუთხის) უმშვენიერესი ფლორის წარმომადგენლები, ჩაინიშნეთ გადაღების თარიღი, მოიძიეთ მის შესახებ ინფორმაცია (სახელი, სიცოცხლის ხანგრძლივობა, თესლი და გავრცელების არეალი, დააკვირდი მისი ფოთლების ფორმას, ღეროს, თესლს. გაეცანი მცენარის სასარგებლო თუ მავნე თვისებებს, გააკეთე მისი ნახატიც და  სკოლაში დაბრუნდი დიდი ფოტოალბომით, თუმცა შეგიძლია მიბაძო მუზეუმს და ნამდვილი ჰერბარიუმიც გააკეთო. სექტემბერში სკოლაში შევძლებთ თქვენი დახმარებით საინტერესო გამოფენის მოწყობას).

აქვე ჩამოგითვლით იმ უნარებს, რომლებიც ამ დავალების შესრულებისას  განუვითარდებათ თქვენს მოსწავლეებს: ბუნებისადმი ინტერესი და სიყვარული, ბუნების თითოეული წარმომადგენლისადმი პატივისცემა, დაკვირვების, კვლევის, დახარისხების, ტრანსფერისა და შეფასების უნარი, გაუჩნდებათ ბუნების მიმართ ფაქიზი დამოკიდებულება, რაც ასე გვჭირდება დღეს ყველას!

ამასთანავე ისწავლიან, რომ მუზეუმი არაა მხოლოდ წინაპართა საოცარი მიგნებების სავანე, არამედ თანამედროვე მუზეუმი ადგილია, სადაც უახლესი მიგნებები და ორიგინალური წარსული განუმეორებელ სინთეზს ქმნის. ეს ორმაგი კრეატივი თქვენს მოსწავლეებში არა მარტო გაამდიდრებს თეორიულ ცოდნას, არამედ მიანიჭებს ესთეტიურ სიამოვნებას,  დააფიქრებს და აიძულებს მათ, გააანალიზოს წინაპართა მიღწევები და შეცდომები.  და ვინ იცის რამდენისთვის გახდება ახალი იდეების წყარო…

ალბათ, გაგიჩნდებათ შეკითხვა: როგორ და რა პროგრამაშია ამ ექსკურსიის მოწყობა შესაძლებელი? საქართველოს ეროვნული მუზეუმი ვირტუალურ ტურებს პროგრამა zoom-ში გთავაზობთ, თუმცა მე ვირტუალური ექსკურსია, 27 მაისს, სწავლის დასრულების ბოლო დღეს, Teams პროგრამით განვახორციელე. კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებთ, რომ ერთი დარბაზის დათვალიერებას ნახევარი საათიდან ერთ საათამდე სჭირდება. ამიტომ უმჯობესია ერთჯერადად მხოლოდ ერთი თემა შეარჩიოთ და მასზე კონცენტრირდეთ. ეს დაზოგავს თქვენს დროს და ბავშვებსაც მეტი რამ დაამახსოვრდებათ. ასევე შეგიძლიათ ჯგუფში დატოვოთ თქვენ მიერ მომზადებული მასალა  იმ ბავშვებისთვის, რომლებმაც რაღაც მიზეზის გამო ვერ შეძლეს თქვენთან ერთად ვირტუალურ ტურში მონაწილეობა, ან კიდევ ერთხელ სურთ, დატკბნენ ზოგიერთი ექსპონატის დეტალური დათვალიერებით.

შეიძლება, ვინმემ  მკითხოს, რა კავშირშია პირველი კლასი და ეროვნული მუზეუმიო? მაგრამ თამამად გიპასუხებთ: ორ თვენახევრიანი შინაპატიმრობის შემდეგ ნამდვილად დიდი და ფერადი გასეირნებაა ეროვნული მუზეუმის ტურები. ხოლო პირველკლასელებისთვის, რომლებმაც ბუნების სახელმძღვანელოში ახლახან დაიწყეს ფლორისა და ფაუნის გაცნობა, სწორედაც უპრიანია, იცნობდნენ საკუთარი ქვეყნის გადაშენებულ, წითელ წიგნში შეტანილ თუ გადარჩენილ წარმომადგენლებს, რათა გააცნობიერონ, რა ზიანის მოტანა შეუძლია, ბუნებისადმი გულგრილ დამოკიდებულებას. ასევე მნიშვნელოვანია, იცნობდე და შეგეძლოს იმ რესურსების სწორად გამოყენება, რომლებსაც ეროვნული მუზეუმი ასე უხვად და უშურველად გვთავაზობს. ძალიან ბევრი რესურსი გაზიარდა კოვიდ-19-ის პერიოდში, მაგრამ სასურველია, პედაგოგთა ფართო საზოგადოებამ მიზნობრივად  გამოიყენოს მუზეუმის თანამედროვე შესაძლებლობები, რომლებიც სწორედ ამ რთული პერიოდის დასაძლევად შეიქმნა.

მუზეუმში გასეირნებამ მომავალი წლისთვის საჭირო და საინტერესო აქტივობაც აღმომაჩენინა: OFFICE@SABUKO.GE,  გაეცანით და გამოიყენეთ უამრავი საინტერესო, სახალისო და საზოგადოებისთვის სასარგებლო რესურსი. მერწმუნეთ,  არ ინანებთ არც თქვენ, არც თქვენი მოსწავლეები და, მით უმეტეს, არც მათი მშობლები!

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი