ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მოზარდების სიცოცხლისთვის

დაახლოებით ორი ათეული წლის წინ თბილისის ერთ-ერთ უბანში შემზარავი ამბავი მოხდა – მეცხრეკლასელმა ბიჭმა თავი მოიკლა. დარწმუნებული ვარ, ბევრი იტყვის: „რა საჭიროა შორს წასვლა, მოზარდთა სუიციდი დღესაც ხომ ხშირიაო“. ასეა, მაგრამ ალბათ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაშინ, ჩემი სამსახურებრივი მოვალეობებიდან გამომდინარე, საშუალება მომეცა, დეტალურად გავცნობოდი მომხდარ ფაქტს, მესაუბრა შემთხვევასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულ ადამიანებთან, ფსიქოლოგიურად გამეანალიზებინა მოზარდის ქცევა, მომემზადებინა დასკვნები და რეკომენდაციები. ამ შემთხვევამ კარგად წარმოაჩინა გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდის ფსიქოლოგია, აჩვენა, რა უკიდურეს ზომებს შეიძლება მიმართოს თინეიჯერმა უფროსების „დასასჯელად“, როცა მისი ღირსება ილახება და მოთხოვნილებები არ კმაყოფილდება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება აღნიშნული შემთხვევის გახსენება და მასზე დაფუძნებით მოზარდთა სუიციდის საკითხებზე საუბარი.

 

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თბილისის ერთ-ერთი სკოლის მეცხრეკლასელებმა „შატალოზე“ წასვლა გადაწყვიტეს, გაკვეთილები მიატოვეს და სკოლიდან გაიპარნენ. სკოლის დირექციამ ყველა ბავშვის მშობელი სკოლაში დაიბარა, თუმცა მეორე დღეს მთელი კლასიდან მხოლოდ ერთის დედა გამოცხადდა შვილის საქციელის გამო საყვედურების მოსასმენად, იმისა, რომელსაც თანაკლასელები დაცინვით „დედიკოს ბიჭს“ ეძახდნენ. კლასის ხელმძღვანელთან საუბრისა და შვილის სწავლასა და ქცევასთან დაკავშირებით არცთუ ისე სასიამოვნო ინფორმაციის მიღების შემდეგ დედამ გადაწყვიტა, გაკვეთილს დასწრებოდა და უშუალოდ სასწავლო პროცესში დაკვირვებოდა ბავშვის ქცევას. შეწუხებული მოზარდი კართან გადაეღობა და სთხოვა, განზრახვაზე უარი ეთქვა. დედამ შვილი განზე გასწია, ოთახში შევიდა და თავისუფალი მერხისკენ გაეშურა. ბიჭუნა დაუკითხავად გავარდა საკლასო ოთახიდან, ელვის სისწრაფით ჩაირბინა კიბე და გარეთ გავიდა. მისი შეჩერება ვერავინ მოახერხა. შინ დაბრუნებულმა დედამ შვილი ეზოში მდგარ ფარდულში ჩამომხრჩვალი იპოვა.

ბევრი ალბათ არ დაიჯერებს, რომ ასე, ერთი შეხედვით არაფრის გამო, მოზარდმა ხელყო საკუთარი სიცოცხლე, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ბევრი რამ, რაც ჩვენ წვრილმანი გვგონია, მოზარდისთვის შესაძლოა საკმაოდ სერიოზული პრობლემა იყოს. გარდამავალი ასაკი გარეგანი ფაქტორების მიმართ ყველაზე მგრძნობიარე პერიოდია. მოზარდებთან თავს იჩენს ოპოზიციური ქცევა უფროსების მიმართ. ისინი ცდილობენ, თავიანთი დამოუკიდებლობა დაამტკიცონ. სუიციდი ამის ერთ-ერთი გზაა. ნაცვლად იმისა, რომ არასასურველი სიტუაცია შეცვალოს, მოზარდი უარს ამბობს სიცოცხლეზე. ამას, როგორც წესი, ხელს უწყობს ისეთი ასაკობრივი თავისებურებები, როგორებიცაა მომატებული მგრძნობელობა, შთაგონებადობა, იმპულსურობა.

მოზარდთა სიცოცხლის ხელყოფა გაცილებით რთული საკითხია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. როგორც წესი, ეს არის მოზარდის რეაქცია გარემოზე, რომელში ცხოვრებაც მისთვის შეუძლებელი ხდება.

სიცოცხლის ხელყოფას  სხვადასხვა მიზეზი აქვს, ზოგიერთ შემთხვევაში – რამდენიმეც. ესენია:

  • ყურადღების მიპყრობის სურვილი – ცალკეულ შემთხვევებში მოზარდები თვითმკვლელობის გადაწყვეტილებას იმისთვის იღებენ, რომ უფროსების ყურადღება თავიანთ პრობლემებს მიაპყრონ ან პროტესტი გამოხატონ მათი გულგრილობის მიმართ;
  • საკუთარი თავისა და სხვების დასჯის სურვილი;
  • ოჯახური კონფლიქტები და არაკეთილდღეობა, შვილის მიმართ მშობლების სასტიკი დამოკიდებულება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, მშობლების სიყვარულის ნამდვილი ან მოჩვენებითი დაკარგვა, ეჭვიანობა, მშობლების დაშორება ან გარდაცვალება;
  • მშობლების მიერ ერთი შვილის გამორჩევა და მისთვის უპირატესობის მინიჭება;
  • მშობლების სისასტიკე და ავტორიტარული აღზრდა. მოგვიანებით ასეთი ბავშვი თავად იწყებს აგრესიის გამომჟღავნებას, მაგრამ თუ აგრესიის ობიექტი ვერ იპოვა, აგრესიულ იმპულსებს საკუთარი თავისკენ მიმართავს;
  • კონფლიქტები მშობლებთან, მასწავლებლებთან, თანაკლასელებთან, მეგობრებთან;
  • შთაგონებადობა, მიმბაძველობა, მისწრაფება, დაემსგავსოს სხვებს; მეგობრის, ფილმის ან წიგნის გმირის თანაგრძნობა, მათი ქცევის მოდელირება, იმიტაცია;
  • დანაშაულის, სირცხვილის, შეურაცხყოფილი თავმოყვარეობის გრძნობა;
  • შერცხვენის, დაცინვის, დამცირების, დასჯის შიში;
  • ცალმხრივი სიყვარული;
  • რთული სიტუაციიდან გაქცევის სურვილი;
  • მარტოობის, გაუცხოების განცდა, მომავლის შიში;
  • სასკოლო გარემოსთან ადაპტაციის დაბალი დონე, გამოცდების შიში – მოზარდებს ზოგჯერ ცუდი ნიშანი კატასტროფად მიაჩნიათ;
  • დაბალი თვითშეფასება და თვითგამოხატვის სირთულეები;
  • გახანგრძლივებული დეპრესიული მდგომარეობა;
  • ალკოჰოლი, ნარკოტიკები, კომპიუტერული თამაშები, ინტერნეტი;
  • ახლობლის ან საყვარელი ადამიანის გარდაცვალება;
  • მშობლის ორიენტირებულობა მაღალ სტანდარტებზე; მოთხოვნა, მოზარდმა შეასრულოს ცხოვრებისეული პროგრამა სწორედ ისე, როგორც მშობელს სურს, როგორც ის ხედავს; იყოს სუპერწარმატებული. როცა მოზარდი გრძნობს, რომ არ შეესაბამება ამ მოთხოვნებს, თავს იდანაშაულებს, რომ მშობლების იმედი და მოლოდინი ვერ გაამართლა.

 

სიცოცხლის ხელყოფის განზრახვაზე მიგვანიშნებს:

  • გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას ისეთი ფრაზების ხშირად გამოყენება, რომლებიც სიცოცხლის სურვილის უქონლობაზე მიუთითებს: „ჯობდა, მოვმკვდარიყავი“, „აღარ მინდა სიცოცხლე“, „მალე ჩემ გამო ნერვიულობა აღარ მოგიწევს“, „ნეტავი დავიძინო და აღარ გავიღვიძო“, „მე ვერავინ დამეხმარება“, „მალე ყველაფერი დამთავრდება“;
  • ფიქსაცია სიკვდილის თემაზე ლიტერატურაში, მხატვრობაში, მუსიკაში;
  • ხშირი საუბარი თვითმკვლელობაზე, სუიციდის ხერხებზე ინფორმაციის შეგროვება ინტერნეტში, წიგნებში;
  • აქტიური მომზადება სუიციდისთვის (მაგალითად, აბების შეგროვება, მომწამლავი ნივთიერებების შენახვა);
  • მომავლის იმედის დაკარგვა, გაღიზიანებადობა, დათრგუნულობა, გარშემო მყოფების წინაშე დანაშაულის, შიშის, უიმედობის, უსუსურობის, სასოწარკვეთის, მარტოობის განცდა, ფრაზები: „ჩემი არავის ესმის“, „მე არავის ვჭირდები“;
  • უჩვეულო, კონკრეტული მოზარდისთვის არადამახასიათებელი ქცევა – იმპულსურობა, აგრესიულობა, მისწრაფება განმატოებისაკენ, სოციალური აქტივობის შემცირება, გაკვეთილების გაცდენა, სწავლაში ჩამორჩენა, საშინაო დავალებების შეუსრულებლობა;
  • უძილობა, ან ზედმეტი ძილი, უმადობა ან უზომო მადა.

ორი ან სამი ნიშნის არსებობაც კი იმაზე მიუთითებს, რომ მოზარდს დახმარება სჭირდება.

 

რეკომენდაციები მოზარდთასიცოცხლის ხელყოფის თავიდან ასაცილებლად:

  • ყურადღებიანი ვიყოთ მოზარდის მიმართ, ვაგრძნობინოთ, რომ გვიყვარს, ვესაუბროთ გულახდილად და მასაც ყურადღებით მოვუსმინოთ.
  • ნუ დავტოვებთ მოზარდს მარტოს საკუთარ საზრუნავთან, ნურც გავაუბრალოებთ მას. ის, რაც ჩვენ უმნიშვნელო და სასაცილოც კი გვეჩვენება, ბავშვისთვის შეიძლება სერიოზული პრობლემა იყოს. შევთავაზოთ კონსტრუქციული მიდგომა მის გადასაჭრელად.
  • მოვერიდოთ ნოტაციების კითხვას და ჭკუის დარიგებას, ასევე – კამათს და დამამშვიდებელი სიტყვების უადგილოდ გამოყენებას.
  • ვაჩვენოთ მოზარდს, რომ მის გვერდით ვართ და ნებისმიერ სიტუაციაში მხარს დავუჭერთ.
  • ჩავუნერგოთ თავდაჯერება, საკუთარი ძალების რწმენა.
  • დავეხმაროთ კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარის გამომუშავებაში.
  • ვასწავლოთ გრძნობების, ემოციების გამოხატვა.

 

მოზარდთა სიცოცხლის ხელყოფა  – ის შემთხვევაა, რომელიც გარედან ჩარევას მოითხოვს. ბავშვს სჭირდება ადამიანი, რომელიც სიტუაციის შეცვლას და მის დახმარებას შეძლებს. ემოციური განცდების სიღრმის შეფასება და დახმარება ყველაზე უკეთ ახლობელს შეუძლია. ამიტომ ძალიან ყურადღებიანები და გულისხმიერები უნდა ვიყოთ მოზარდის მიმართ, რომ უბედურება თავიდან ავიცილოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი