ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ვის მხარეს ვართ ჩვენ?

დიდ ეკრანზე გამოსვლისთანავე ვუყურე 2019 წელს გადაღებულ ერთ-ერთ გამორჩეულ ფილმს „ორი პაპი“, რომელიც კათოლიკური ეკლესიის ლიდერთა შესახებ მოგვითხრობს. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟები დღემდე ცოცხალ, გადამდგარ პაპს, ემერიტუს ბენედიქტ მეთექვსმეტესა და მოქმედ პონთიფიკოსს ფრანცისკეს განასახიერებენ. რეჟისორი ვატიკიანის მიმართ კეთილგანწყობილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა, ავტორის კეთილგანწყობა სიმართლის მიჩქმალვაში, რელიგიურ ავტორიტეტთა უცოდველობისა და ეკლესიის აბსოლუტური სრულყოფილებისა თუ უპრობლემობის ფანატიკურ მტკიცებაში არ ვლინდება. პირიქით, ფერნანდუ მეირელისი პაპისა და კარდინალების მანკიერებებზე, შეცდომებზე, ეკლესიის გახლეჩვის საფრთხეზე სვამს აქცენტს. ამასთანავე, შესანიშნავად წარმოაჩენს ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთ გზას, რომელიც სირთულეების აღიარებასა და სინანულზე გადის. გადადგომამდე ყოფილი პაპი, ბავარიელი რაცინგერი გულწრფელად ითხოვს შენდობას იმისთვის, რომ ბავშვობიდან მოყოლებული სიცოცხლის ნამდვილი გემოს გაგების ეშინოდა, ადამიანთა ყოველდღიურ პრობლემებსა და გასაჭირს წიგნებსა თუ თეოლოგიაში გაურბოდა, შედეგად, კი გლობალურ განსაცდელთა მიმართ შედარებით გულგრილ პიროვნებად ჩამოყალიბდა. ფრანცისკე კი ყოველ წუთს განიცდის იმას, რომ წარსულში მის სამშობლოს – არგენტინას დაპატრონებულ პუტჩისტებს ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა, მეგობრებს იმედი გაუცრუა, ასობით ადამიანი ვერ იხსნა ტანჯვისა და სიკვდილისაგან. სისუსტეთა გააზრებისა და თავიანთ დანაშაულთა გამო მძიმე ჯვრის ტარების პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების საშუალებით ორივენი ახერხებენ სულიერი სიმშვიდის მოპოვებას, ხალხში ავტორიტეტის დაბრუნებასა და ღვთის სიტყვის საფუძველზე მთელ მსოფლიოში ადამიანთა გაერთიანებას.

საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიისადმი კრიტიკას კვლავ ერესად, ეშმაკთან თანამშრომლობად აცხადებენ. ჩვენს ქვეყანაში შეუძლებელია ისეთი ფილმის გადაღება, რომელიც ეკლესიის ლიდერის სისუსტეებზე, ცოდვებზე, ცოდვების მონანიების მცდელობებსა და საბოლოოდ, მის კათარზისზე მოგვითხრობს. წარმოუდგენელია საეკლესიო ადმინისტრაციის არასრულყოფილებაზე, მისი რეფორმების აუცილებლობაზე მსჯელობაც კი, რადგან უმალვე ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის მტრად გამოგაცხადებენ და იმ ადამიანებთან გაგათანაბრებენ, რომელთაც მართლაც სურთ ყველაფრის ჩამოქცევა. მიუხედავად ყველაფრისა, შესანიშნავი კინოსურათის ხილვის შემდეგ თვალი მაინც გამექცა საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი მომენტებისაკენ. ჩვენ ორი ურთიერთგანსხვავებული გამოცდილება გვაქვს.

საქართველოს ისტორიას ახსოვს მიქაელ ეპისკოპოსი, რომელიც ვახტანგ გორგასლის აღმზრდელი გახლდათ და თავდაუზოგავად იბრძოდა ცეცხლთაყვანისმცემლობის ნაცვლად ქრისტიანობის გავრცელებისათვის. თუმცა, მას შემდეგ, რაც დიდმა მეფემ ბიზანტიიდან წარმოგზავნილი, მხოლოდ ბიზანტიელების მიერ შერჩეული ეპისკოპოსის ქართლის პირველ კათალიკოსად განმწესებაზე უარი თქვა და თავისი მასწავლებელი ვერცხლისმოყვარეობაში ამხილა, აგრესიულმა რელიგიურმა ლიდერმა მეფეს კბილები ჩაუმტვრია და ყველაფერს აკეთებდა, რომ ახლადშექმნილ ავტოკეფალურ ეკლესიას ახალი, დამოუკიდებელი ლიდერი არ ჰყოლოდა.

საქართველოს ისტორიას ახსოვს რუის-ურბინის კრებაც, როდესაც ყველაზე დიდებულმა ქართველმა მეფემ – დავით აღმაშენებელმა სასულიერო წოდების მოწინავე წარმომადგენლები მექრთამეობაში, სისხლისღვრის ხელშეწყობაში, მტერთან თანამშრომლობაში, აღვირახსნილ სექსუალურ ურთიერთობებში, გლეხების ჩაგვრასა და ქონების მიტაცებაში ამხილა. მაშინ მეფის აბსოლუტურმა ძალაუფლებამ და მაღალმა ავტორიტეტმა იხსნა ქვეყნის უძველესი და უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი ცოდვაში ჩახრჩობისგან.

საქართველოს ისტორიას ახსოვს ისეთი მღვდლებიც და ეპისკოპოსებიც, რომლებიც ადამიანებით ვაჭრობდნენ, „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერებს ეპოსის „ანტიქრისტიანული“ შინაარსის გამო წვავდნენ და მკვლელებს უგზავნიდნენ თავიანთ ოპონენტებს.

სასიხარულოდ, ჩვენი ქვეყნის წარსული მხოლოდ სამარცხვინო მაგალითებით არ არის აღბეჭდილი. ჩვენ ბევრი რამით შეგვიძლია ვიამაყოთ. მკვლელებისა და მექრთამეების გვერდით, საქართველოს სახელმწიფოს გაძლიერებისთვის იბრძოდა გიორგი ჭყონდიდელი, რომლის მონაწილეობის გარეშე დავით აღმაშენებლის მიერ შექმნილი ტრანსკავკასიური სამეფო ვერ განვითარდებოდა. XVII-XVIII საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის კვერთხს ფლობდა გრიგოლ მეორე, რომელმაც სახელი ოსმალეთის იმპერიის საწინააღმდეგო პოლიტიკით გაითვა. ის გახლდათ პირველი გავლენიანი მოღვაწე, რომელმაც ღიად გაილაშქრა მონათა სყიდვის წინააღმდეგ და იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის ფეოდალებს საეკლესიო სასჯელით დაემუქრა. გრიგოლ მეორეს თავგანწირვა გახდა წინაპირობა იმისა, რომ დასავლეთ საქართველოს დიდებულებმა გაუგონარი, ყველაზე სამარცხვინო ცოდვა ალაგმეს. ქუთაისში მოღვაწე კიდევ ერთი გამორჩეული მოღვაწე ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე იყო. ის მხოლოდ ადამიანებისთვის და მათი კეთილდღეობისთვის არ ირჯებოდა. ეპისკოპოსი თავისუფლად შეგვიძლია მოვიხსენიოთ ქართულ საზოგადოებაში ერთ-ერთ პირველ ცხოველთა დამცველად, მის ქადადებებში ხშირად ვხვდებით მოწოდებებს პირუტყვთა სიყვარულისკენ, მათი მოფრთხილებისკენ. ჩვენი ქვეყნის უდიდეს პატრიოტთა შორის უპირობოდ დავასახელებდი პატრიარქ კირონ II-ს, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში მუხლჩაუხრელად იშრომა საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენისთვის, ბოლოს კი შიდასაეკლესიო ინტრიგებსა და რუსი შავრაზმელების შურისძიებას ემსხვერპლა.

უამრავი მაგალითის გახსენებით მხოლოდ ერთის თქმა მსურს: საქართველოს ისტორია სავსეა დადებითი და უაყოფითი პრაქტიკებით. უბრალოდ, პასუხი უნდა გავცეთ კითხვას: ვის მხარეს ვართ ჩვენ? ერთ მხარეს დგანან „ვეფხისტყაოსნის“ დაწვის მომხრეები, მეორე მხარეს კი ნათესავებისა და ახლობლების ბაზარში გაყიდვის წინააღმდეგ დაუცხრომლად მებრძოლი სასულიერო ლიდერები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი