პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

წერის სწავლების მეთოდი პირველკლასელებისთვის

დაწყებით კლასებში წერის სწავლება საკმაოდ რთული პროცესია. მასწავლებლები ვაკვირდებით ბავშვებს – რა გამოსდით კარგად, რა მოსწონთ, რა უწყობს ხელს მათ განვითარებას. სწორედ ამგვარი დაკვირვების შედეგები უნდა გაგიზიაროთ.

ანბანის სწავლების შემდგომ საფეხურზე საკმაოდ რთული და რუტინული ეტაპი დგება – ასოების სიტყვებად ქცევისა და სიტყვებით კი წინადადებების აგების. ჩემი დაკვირვებით, ბავშვებს საკუთარი ყოველდღიურობის შესახებ წერა ძალიან მოსწონთ და სწორედ ეს გახდა ჩემთვის მთავარი გზავნილი, რომელმაც საინტერესო მიგნებამდე მიმიყვანა.

დღის სამ მთავარ წინადადებას – შეიძლება თამამად ვუწოდოთ წერის სწავლების ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი.

მოდელირება / ხმამაღალი ფიქრი

მე და ჩემმა პირველკლასელებმა ჯერ კიდევ საკლასო ოთახში დავიწყეთ ამ მეთოდით მუშაობა. ანბანი  არ გვქონდა დასრულებული, წინადადებების შედგენას რომ შევეჭიდეთ. ხმამაღლა ვფიქრობდი და მათი თანამონაწილეობით ვარჩევდით სიტყვებს დღის წინადადებებისთვის, მაგალითად:

გაზაფხულია;

მზე ანათებს;

ლიზა სახლში წავიდა.

დაფაზე დაწერილ წინადადებებს სამუშაო რვეულებში იწერდნენ, მე კი ისინი დაფის გვერდით გაკრულ  კედლის ფორმატზე გადამქონდა.

მალევე დაიწყო მარტის არდადეგები, რომელსაც პანდემიის გამო დისტანციური გაკვეთილები მოჰყვა. პირველკლასელებს სწორედ არდადეგებზე დავავალე დღის სამი მთავარი წინადადების წერა და ნაწერის შესაბამისი ილუსტრაციით გაფორმება. დავალების გასაგებად თავდაპირველად მკაფიოდ გაწერილი ინსტრუქცია დასჭირდათ, შემდეგ კარგად აუღეს ალღო და ახლა თავად მახსენებენ, რომ სხვა წერით დავალებასთან ერთად დღის სამი მთავარი წინადადება აქვთ დასაწერი.

ინსტრუქცია კი ამგვარია:

  • დღის ბოლოს გაიხსენე, რა გაგიხარდა, რა გეწყინა, როგორი ამინდი იყო დღის განმავლობაში;
  • დაწერე სამი წინადადება;
  • დახატე ილუსტრაცია.

 

დღის სამი მთავარი წინადადებისთვის ცალკე რვეული გამოვყავით, რომელსაც ჩემი ფიქრების რვეული/დღიური დავარქვით. ყდაზე საკუთარი თავი დახატეს.

თავდაპირველად უჭირთ ფიქრი და აზრის ჩამოყალიბება. შეიძლება ისიც თქვან, რომ არაფერი ხდება მათ ცხოვრებაში. ამიტომ მიმართულების ჩვენება სჭირდებათ, მაგალითად, თემის შერჩევა:

  • ამინდი – როგორი ამინდია?
  • საკვები – რა მიირთვი საუზმეზე, სადილად, ვახშმად?
  • ტანისამოსი – რა გეცვა?
  • ოჯახის წევრები – ვინ რა გითხრა? ვინ იყო შენთან ერთად დღის განმავლობაში?
  • გართობა – როგორ გაერთე? რა ითამაშე?
  • საქმიანობა – რა გააკეთე?

 

თითოეულ თემაზე დაკვირვება ბავშვებს საკუთარ ცხოვრებაზე დაკვირვებას ასწავლის. მერე ისიც აღმოვაჩინე, რომ ნელ-ნელა დღის ბოლოსთვის ამბების შემგროვებლებად გადაიქცნენ.

წინადადებების სტრუქტურა

ამჯერადაც დიდი სიფრთხილეა საჭირო. ხშირად გვკითხავენ, რა დავწეროთ? აბა, ჩვენ თუ ვუკარნახეთ ლამაზ-ლამაზი, გაშალაშინებული წინადადებები, ამ მეთოდს რა აზრი აქვს? დაგვეკარგება ყველაზე მთავარი – შემოქმედებითი პროცესის ხიბლი. თუმცა, არ გამოვრიცხავ იმას, რომ მოვლენების შეხსენება დასჭირდებათ. მერე კი ვაძლევთ არჩევნის თავისუფლებას – დაწერონ ისე, როგორც სურთ. დრო რომ გავა, სწორედ ის იქნება საინტერესო, როგორ არღვევდნენ სინტაქსურ წყვილებს, რომელ სიტყვებში ავიწყდებოდათ ასოები…

ბავშვებო, დაუშვით შეცდომები! ეს თქვენი უფლებაა!

ყველა უფროსს, ვინც ბავშვს ამეცადინებს, მასწავლებლებმა უმორჩილესად უნდა ვთხოვოთ, რომ არ გაუწყრენ ბავშვებს შეცდომების დაშვებისას. თუ არ დავუშვი შეცდომა, როგორ მივხვდე, რა არის სწორი? როგორ განვვითარდე? შეცდომების დაშვების შიში თუ ჩამოვუყალიბეთ, შედეგად გაუწონასწორებელ ხასიათს, თავდაუჯერებლობასა და კიდევ უფრო ბევრ შიშს მივიღებთ.

აბა, როგორ მოვიქცეთ?

ეს კითხვაც ბუნებრივი და დასაფიქრებელია. ერთი მხრივ, თავის ნებაზე მიშვებული ბავშვების ნაწერი აღელვებულ ზღვას დაემსგავსება, წამლეკავი ტალღებივით რომ გამორიყავენ სანაპიროზე უთვალავ დავიწყებულ ასოს, დამახინჯებულ სიტყვას, მეორე მხრივ, შეცდომების დაშვების აუცილებლობაზე საუბრისას აღვწერე, თუ რის მომტანია წერის პროცესში უხეში (ხისტი) ჩარევა.

გამოსავალი ამგვარია:

მივცეთ მოსწავლეებს თემისა და სიტყვების შერჩევის, წინადადებების ჩამოყალიბების თავისუფლება, მაგრამ დიდი სიფრთხილით ვადევნოთ თვალი წერის პროცესს. თავდაპირველად ვკითხოთ, რის დაწერას აპირებენ. მთავარია, წინადადებები მათი ფიქრის ნაყოფი იყოს. შემდეგ კი მათთან ერთად ვიყოთ (განსაკუთრებით პირველ ეტაპზე) და ვუკარნახოთ ასოები მათ მიერ შედგენილი წინადადებებისთვის.

ამგვარად ვმოქმედებთ სამივე წინადადების შედგენისას თუ წერისას.

თანდათან მეტი თავისუფლება მივცეთ. დამოუკიდებლად დაწერონ სამივე წინადადება და შემდეგ წავიკითხოთ მათთან ერთად. გამორჩენილი ასოები „მერცხლით“ ჩავსვათ გამოტოვებულ ადგილას.

პირველკლასელებს განსაკუთრებით სჭირდებათ მითითება ასოების ბადეში სწორად გადანაწილებისთვის.

კოხტად და სუფთად წერის შეხსენებაც აუცილებელია. მთავარია, გამოვუმუშაოთ პასუხისმგებლობა და წერითი კულტურის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი: ასოების თანმიმდევრულობა, სუფთად წერისა და  ბადეში ჩატევის წესები. რა თქმა უნდა, თითოეული ბავშვის ინდივიდუალური ხელწერაც გასათვალისწინებელია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, მივაჩვიოთ მოსწავლეები შესაძლებლობების მაქსიმალურ წარმოჩენას. თუ ასოები კლაკნილი გამოსდის, თუ ვერაფრით ატევს ბადეში – ეს საგანგაშო არ არის. ნელ-ნელა სწორად წერასაც მიეჩვევიან.

თანდათან შეგვიძლია შემდეგ საკითხებზე გავამახვილებინოთ ყურადღება:

  • თარიღი – დაწერონ რიცხვი და თვე; მაგალითად, 25 მაისი;
  • დანომვრა – წინადადებები დანომრონ რიგის მიხედვით;
  • გადატანის წესები – თავდაპირველად ვასწავლოთ, რომ არ შეიძლება ერთი ასოს გადატანა ან დატოვება;
  • სიტყვებს შორის სივრცე – სიტყვებს შორის გამოტოვონ ორი უჯრა;
  • სასვენი ნიშნები – წინადადებების ბოლოს დასვან სათანადო სასვენი-ნიშანი და ჩავსან გულში, ყვავილში.

 

 

ილუსტრაციები – მთავარი დეტალების გამოკვეთა

როგორც უკვე აღვნიშნე, მეთოდის ინსტრუქციის ბოლო პუნქტი ილუსტრაციის დახატვაა. რაოდენ მნიშვნელოვანია ხატვის დაკავშირება წერა-კითხვასთან, ლიტერატურასთან, შეგიძლიათ, წაიკითხოთ სტატიაში.

წინადადებების შინაარსის ნახატად გადმოცემა ავითარებს ბავშვის წარმოსახვას, ამასთანავე, მთავარი დეტალის წარმოჩენას სწავლობს. ინდივიდუალური ხელწერაც კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება.

 

მშობლების ჩართულობა

მასწავლებლებმა მშობლებს უნდა განვუმარტოთ ამ მეთოდის მნიშვნელობა და ინსტრუქციის წესები. სწორედ ისინი არიან შუამავალი მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის. როგორ ვამეცადინოთ ბავშვები – უდავოდ საყურადღებოა წერა-კითხვის სწავლების ეტაპზე. ცნობილია, რომ ზედა საფეხურზე სწავლისადმი უარყოფითი დამოკიდებულებების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მშობლის არასწორი მიდგომის შედეგი შეიძლება იყოს. კერძოდ, მეტისმეტი სიმკაცრე, ყვირილი, ბრძანებითი კილო. სწორედ ამიტომ მასწავლებლებმა უნდა ვიზრუნოთ მშობლების ცნობიერების ამაღლლებისთვის. ისეც ხდება ხოლმე, რომ მშობლებთან საუბრისას ხშირად აღმომიჩენია სწავლების საინტერესო და სახალისო მიდგომები.

აღიარება, მოწონება, გამოფენა

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ მშობლების ჩართულობით მოსწავლეები მონდომებით ასრულებენ დავალებას და ყოველდღე წერენ დღის სამ მთავარ წინადადებას. რა არის შემდეგი ეტაპი? რა თქმა უნდა, ინტერესის გამოვლენა მათი ნაშრომისადმი. გულისხმიერად ვკითხულობთ და ვუწერთ/ვეუბნებით განმავითარებელ კომენტარებს, რომლებიც ასახავს ჩვენს ლოგიკურ უკუკავშირს. აღვნიშნავთ, რა მოგვეწონა განსაკუთრებულად, რა იყო ჩვენთვის სიახლე.

შესაძლოა, ერთი გვერდი ჩარჩოში ჩავსვათ და კედელზე ჩამოვკიდოთ.

გამოფენის მოწყობაც დიდ მოტივაციას აღძრავს, მაგალითად, ერთ-ერთი გაკვეთილი მხოლოდ დღის სამ მთავარი წინადადების ირგვლივ ავაგოთ. ბავშვებმა ერთმანეთს უნდა წაუკითხონ  საკუთარი ნამუშევრები, აჩვენონ ილუსტრაციები, გააკეთონ კომენტარები და ერთმანეთის დღეებს ამგვარად გაეცნონ.

პირადი მაგალითი

გიცდიათ პირველი კლასის ქართულის ბადეში წერა? რომ წარმოიდგინოთ, რამხელა ძალისხმევა სჭირდებათ ბავშვებს ასოების წესისამებრ გამოყვანისას, გირჩევთ, ბადეში თავადაც დაწეროთ. პირად მაგალითს ხომ ყველაზე დიდი ძალა აქვს. აღმოვაჩენთ, როგორი რთულია ბავშვების მსგავსად დავინახოთ სამყარო  და, ამასთანავე, ერთი სიამოვნებაა, ვიყოთ ისეთივე გულწრფელები, როგორებიც ისინი არიან.

დავთქვათ სავარაუდო დრო – ერთი კვირა, ერთი თვე და მათთან ერთად ჩვენც ვწეროთ დღის სამი მთავარი წინადადება. ვიფიქროთ ხმამაღლა. შევარჩიოთ სათანადო სიტყვები. ვკითხოთ რჩევები. ამგვარი ქმედება საუკეთესო გზაა ერთმანეთის გასაცნობად და ბავშვების წასახალისებლად.

რაც მთავარია, ვწერთ დიდი მონდომებითა და ხალისით.

კითხვის სწავლება წერით – საკუთარი ნაწერის კითხვა

ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ პირველკლასელებს საკუთარი ნაწერის კითხვა უჭირთ და თუ ამ მხრივ მიზანმიმართულად არ ვიმუშავებთ, პრობლემა გადაუჭრელი დარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი ხელნაწერის წაკითხვა მუდამ გაუჭირდებათ. ამიტომ მეთოდი – დღის სამი მთავარი წინადადება – საუკეთესო გზაა წერით კითხვის სწავლისთვის. როგორც იცით, წერა-კითხვის სწავლება ჯაჭვური პროცესია: ის, ვინც ბევრს კითხულობს, წერა უადვილდება და, პირიქით, წერისას კითხვისთვის საჭირო უნარები ვითარდება.

დღის სამი მთავარი წინადადების დაწერისა და ილუსტრაციის დახატვის შემდეგ კითხვის დრო დგება. ვთხოვოთ საკუთარი ნაშრომის წაკითხვა, მოვუსმინოთ გულისხმიერად, შევაქოთ და გავიხაროთ.

ფრთხილად!

თუ ბავშვს დღის განმავლობაში ბევრი წერითი დავალება აქვს, დღის სამი მთავარი წინადადება შეიძლება დამღლელ რუტინად გადაიქცეს. არ უნდა გამოგვეპაროს მათი განწყობა. მთავარია, სიამოვნებითა და სიხარულით წეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ მეთოდის კეთილი მიზანი გაცუდდება და  უმჯობესია, აღარ წერონ.

რამდენიმე ნიმუში

ცხოვრებაში ხშირად არ ხდება ისე, რომ ერთდროულად იყო პირველკლასელი ბიჭის დედა და მასწავლებელი. წელს ასე დაემთხვა. მეც ბეწვის ხიდზე სიარული მიწევს, თუმცა, ჩემი საქმიანობის ანალიზისთვის კიდევ უფრო მყარი არგუმენტები დამიგროვდა.

პირველკლასელი ბიჭის ნებართვით გიზიარებთ მის რამდენიმე ნამუშევარს, რათა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდეს სტატიაში აღწერილი რჩევები.

ეს სამი წინადადება გუშინ საღამოს დაწერა. მე ვახშამს ვამზადებდი და გაბრიელს დამოუკიდებლად მოუწია მუშაობა.

  • დღის სამი მთავარი წინადადების დასაწერად საღამოს ჯდება. მანამდე ამბობს, რომ იქნებ კიდევ რამე მოხდესო. პირველი ნაბიჯი რვეულის ძებნაა. რამდენჯერ გადავწყვიტეთ, რომ აღარ დაკარგულიყო. მივუჩინეთ ადგილი, მაგრამ „ჩემი ფიქრების რვეული“ გამუდმებით იკარგება. ჩვენც თავქუდმოგლეჯილი ვეძებთ. განძის მიგნებასავითაა მისი აღმოჩენა;

 

  • შემდეგი ეტაპი მაგიდასთან მოკალათება და შესაფერისი კალმის ძიებაა. კალმები გამუდმებით ფუჭდებიან, სრიალებენ, ცუდად წერენ – პატარა ბიჭს არგუმენტები არ ელევა;

 

 

  • როდის-როდის იწერება თვე და რიცხვი;

 

  • იწყებს ფიქრს, რა დაწეროს. ვსაუბრობთ, ვახსენებ მთავარ მოვლენებს, ვუსვამ კითხვებს, თავადაც ხმამაღლა ფიქრობს. სამივე წინადადების მოფიქრების შემდეგ პირველი წინადადების ჩამოყალიბების პროცესია;

 

 

  • როგორც წესი, რამდენიმე ვერსია ჩნდება ხოლმე. აქ ჩემი ჩართულობა ამგვარია – წინადადებების გავრცობას ვთავაზობ, რომ უფრო ზუსტი და მისეული იყოს სიტყვებით გადმოცემული შინაარსი. მაგალითისთვის დავაკვირდეთ პირველ წინადადებას: 1. კოკისპირულად წვიმდა. სიტყვა „კოკისპირულად“ გაბრიელმა მოიფიქრა და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. „კოკისპირულის“ უკან კი ორთვიანი ფიქრი და სწავლების პროცესი დგას. ხშირად ამბობდა – „დღეს წვიმდა“. მე ვეკითხებოდი, ხომ არ დააზუსტებდი, როგორ წვიმდა? ამგვარად ეჩვევიან მთავარი დეტალის შემჩნევასა და გამოკვეთას;

 

  • მეორე წინადადების მოფიქრების დროა! თავად იხსენებს მეგობრების სტუმრობას, თუმცა აქ დიალოგი ჩვენ შორის გაიმართა. რაღაც ასეთი თქვა: „მეგობრებთან ერთად ვითამაშე“. მე ჩავეძიე, რა ითამაშე? ვისთან ერთად იყავი? ეზოში ითამაშე? ამ წინადადებაში ყველაზე მთავარი უნდა წარმოაჩინო, რომ შენი მეგობრები შენს სახლში იყვნენ. დრო რომ გავა, სწორედ ეს იქნება საინტერესო. „მეგობრებთან ერთად ვითამაშე“ კი – შეიძლება, სინანულის მიზეზი გახდეს – ნეტავ, მეტი დამეწერა ამ დღის შესახებო, იფიქრებ. რამდენიმე ვარიანტის მერე თავად მოიფიქრა: „ჩემს მეგობრებს ნაყინით გავუმასპინძლდი(თ)“. ოჰ, როგორი გრძელი და რთული აღმოჩნდა სიტყვა „გავუმასპინძლდის“ წერა! ამ დროს მასთან მისვლა და ასო-ასო კარნახი მომიწია. პარალელურად აღფრთოვანებას გამოვხატავდი ასეთი მშვენიერი და შესაფერისი არჩევნისთვის. ალბათ, გაინტერესებთ, საიდან გაჩნდა „თ“. საქმე ის არის, რომ ნაყინით გამასპინძლების იდეა მე დამებადა. ჰოდა, გაბრიელმა დედის იდეის გამოჩენა „თ“-ს დააკისრა. ამ ეტაპამდეც საუბრით მოვედით. ყურადღებას ვუმახვილებდი, „ვ“ რომ საკუთარ თავს გამოხატავს და „თ“ კი ბევრს გულისხმობს. ეს წინადადება ყოველთვის გამახსენებს გაბრიელის ოთხი მეგობრის კართან დახვავებულ ტალახიან ფეხსაცმელებს, კოკისპირული წვიმისას რომ დაესვარათ;

 

  • მესამე წინადადებაში სიტყვამ „საავადმყოფოში“ გაგვაწვალა. დიდხანს ფიქრობდა, რომელი სიტყვა უფრო გამოხატავდა ამბავს – „დააწვინა“ თუ „წაიყვანა“. რადგან გამოკვლევებისთვის ბებოს საავადმყოფოში დარჩენა მოუწია. ბიჭმა თავად გააკეთა არჩევანი და სწორი გადაწყვეტილებაც მიიღო – „დააწვინა“ ნამდვილად უფრო შესაფერისი სიტყვა იყო. „საავადმყოფოს“ წერისას ორ „ა“-ზე ყურადღების გამახვილებამ კი სიტყვის „დააწვინას“ წერის საქმე გააიოლა. თავად მიხვდა, რომ ორი „ა“ იყო საჭირო;

 

 

  • ალბათ, მიხვდით, რომ ილუსტრაციაზე მესამე წინადადების შინაარსია გაცოცხლებული. ჩემი თხოვნით ბებოს თმები დაუხატა, სხვაგვარად პატარა ბიჭს უფრო ჰგავდა, ვიდრე ბებოს;

 

  • ამასობაში უნდა წარმოიდგინოთ ჩემი მოძრაობის მრავალფეროვანი ტრაექტორია – ჭურჭლის რეცხვაში, კარადებში შემძვრალი ერთი წლის გოგონას თვალთვალში და გაბრიელის მეთვალყურეობაში რომ დავფარე.  სტარტიცა და ფინიშიც მისი რვეული იყო. ვკითხულობ და თვალში მხვდება „კოკისპირულდ“. მინიშნებას ვაძლევ, რომ იპოვოს ერთი დაკარგული ასო. ისიც ხალისით ბრუნდება და მწვანე კალმით „მერცხალს“ სვამს ასოებს შორის. მერცხლის ფრთებზე კი „ა“ დაუსკუპებია;

 

 

  • ბოლოს არის შექების, მადლიერების, სიხარულის გამოხატვის ეტაპი.

 

ადვილი მისახვედრია, რა რთულია ყველდღიურად დღის სამი მთავარი წინადადების წერა. თუმცა, თუ მის მნიშვნელოვნებას გავიაზრებთ და სულ ოდნავ მოვინდომებთ, დაუვიწყარი ემოციებით ავივსებით.

უნდა ვაღიარო, როდესაც ბავშვების წერით ნამუშევრებს მიგზავნიან, პირველად დღის სამ მთავარ წინადადებას ვეძებ, ვკითხულობ, ვაკვირდები ილუსტრაციებს და ეს არის ყველაზე საუკეთესო გზა მათზე ფიქრისთვის, მათ შინაგან სამყაროზე დასაკვირვებლად, ინდივიდუალიზმის წარმოსაჩენად. ჩვენ ვაპირებთ დღის სამი მთავარი წინადადება საზაფხულო არდადეგების დავალებად ვაქციოთ. ასე რომ, წინ საინტერესო აღმოჩენები გველის. ამასობაში კი ლიტერატურული გემოვნება (სიტყვების შერჩევა), მარტივი გრამატიკული წესები, წერითი სწავლების მნიშვნელოვანი უნარებიც გამყარდება.

 

ეს კი ჩემი ფავორიტი ამბავი და ილუსტრაციაა – როგორ დაგორდა პატარა ბიჭი „ველოთი“ თავდაღმართზე და როგორ გაუმსპინძლდა უცნობი კაცი მწვადით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი