ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როცა ისინი დაგვინახავენ

ფილმები ძალიან კარგი რესურსია. როცა დისტანციურ სწავლებაზე გადავედით, გავხსენი საქაღალდე, სადაც ჩემ მიერ ნანახი ფილმები მაქვს შენახული მცირე აღწერებით. დავიწყე ფიქრი მათზე, როგორც სასწავლო რესურსზე, შესაბამისი თემებისა და საკითხების მიხედვით. ჩემი ყურადღება მიიქცია 2019 წლის კომპანია NETFLIX-ის გახმაურებულმა მინისერიალმა „როცა ისინი დაგვინახავენ“.

მე რომ მკითხოთ, როგორ იქცა ამერიკა ოცნების ქვეყნად, გიპასუხებდით, რომ – შეცდომებზე ისწავლეს. წინსვლისთვის, მნიშვნელოვანია, აღიარო, რომ შეცდომა ნამდვილად დაუშვი. ფილმი, რომელზეც ვაპირებ გესაუბროთ, რეალურ ამბავს ასახავს, რომელმაც მსოფლიო შეძრა.

1989 წლის 19 აპრილის ღამით 28 წლის თეთრკანიანი გოგონა, ტრიშა მეილი სარბენად გამოვიდა… დანარჩენი თავად უნდა ნახოთ, აივსოთ მძაფრი შეგრძნებებით და იფიქროთ, როგორ შეცვლით სამყაროს უკეთესობისკენ. იმ ღამით, ცენტრალპარკში განვითარებული მოვლენები ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დანაშაულად შეაფასეს.

ენთრონ მაკრეი, რეიმონდ სანტანა, იუსუფ სალაამი, კევინ რიჩარდსონი, კორი ვაიზი… – ეს სახელები მრავალჯერ გაიჟღერებს ოთხივე სერიაში და მოიცავს თქვენს გონებას. სწორედ ისინი დააკავეს, ე.წ. მორბენალის საქმეზე და მათგან სრულწლოვანი მხოლოდ კორი ვაიზი იყო.

ბრალდების მხარეს წარმოადგენს ნიუ-იორკის პროკურორი – ლინდა ფეირსტეინი. ფილმის მსვლელობისას ჩნდება განცდა, რომ ამ ქალბატონში საქმისადმი სამართლიანი დამოკიდებულების ნაცვლად ვაწყდებით რასისტულ და ფემინისტურ განწყობას. სწორედ ესაა მთავარი შეცდომა, რომელიც არ უნდა დაეშვათ. შედეგად, ყურადღების მიღმა დარჩა არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალები, რომელთა გათვალისწინებაც ხელს შეუწყობდა გამოძიების სწორად წარმართვას.

საინტერესოა, რას ფიქრობდა ამერიკელი ხალხი, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომელთაც საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა შეეძლოთ. მაგალითად, დონალდ ტრამპი (მილიარდელი ნიუ-იორკიდან) მოითხოვდა – სიკვდილით დაესაჯათ „დამნაშავეები“ და ხარჯავდა უამრავ ფულს შემდეგი შინაარსის შემცველი რეკლამების განსათავსებლად: „დააბრუნე სიკვდილით დასჯა“, „დამიბრუნე ჩვენი პოლიცია“. მისი გამოსვლები გაჯერებული იყო ზიზღნარევი, დისკრიმინაციულ-რასისტული განცხადებებით. მსგავსი ფაქტების გამო, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე ამერიკელი საზოგადოების დიდი ნაწილი უხეშად არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმფციას.

ზემოთ განხილული საკითხების გარდა, ფილმში გადმოცემულია ქართული რეალობისთვის, არცთუ უცხო, სისტემური დანაშაულის შემთხვევები. დარწმუნებული ვარ, ყურების დროს, გაავლებთ პარალელებს ჩვენს ქვეყანაში მომხდარ მსგავს გახმაურებულ საქმეებთან.

ფილმის დასასრულს, ერთ წამს, გრძნობ სიმშვიდეს, რომელიც გამოწვეულია ამერიკის მთავრობის მიერ შეცდომის აღიარებით, „სამართლიანობის აღდგენით“ და თითქოს ყველაფერი კალაპოტში დგება. მაგრამ მოსწავლეებმა უნდა გააანალიზონ, რომ მილიონობით თანხა, რომელიც ამერიკამ ამ ადამიანებს გადასცა, ვერ აანაზღაურებს ციხეში დაკარგულ წლებს. ციხეში, სადაც ეპყრობოდნენ არაადამიანურად, შეურაცხყოფდნენ, აწამებდნენ „დანაშაულის“ აღიარების მიზნით, სამართალდამცველების არაპროფესიონალიზმის და დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამო მოხვდნენ.

მნიშვნელოვანია, ფილმი გამოვიყენოთ რესურსად საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან. უყურეთ სერიებად. ყოველი სერიის დასრულების შემდეგ მოაწყვეთ განხილვა. პირველ ეტაპზე სასურველია, კარგად მოსწავლეებმა დაიმახსოვრონ პერსონაჟები, გაერკვნენ ტერმინოლოგიაში. ყოველი სერიის ნახვის შემდეგ სასურველია, მოსწავლეებს შესთავაზოთ კითხვარი (მაგალითი იხილეთ ქვემოთ). საკითხის სიღრმისეული ანალიზისთვის, მინისერიალის ყურების პროცესში და დასრულების შემდეგ შესაძლებელია საინტერესო დავალებების შეთავაზებაც. მაგალითის სახით გთავაზობთ დისტანციური სწავლების პროცესში ჩემ მიერ განხორციელებულ რამდენიმე აქტივობას.

პირველი სერიის ყურების შემდეგ მოსწავლეებს სთხოვეთ, რომ შეავსონ მარტივი ცხრილი და უპასუხონ შეკითხვებს.

თქვენ როგორ მოიქცეოდით, რომ ყოფილიყავით:

მშობელი

 

გამოძიების-პროკურატურის თანამშრომელი
ეჭვმიტანილი ბავშვი

 

 

  • როგორ იკრიბებიან ახალგაზრდები პარკში? რამდენად აცნობიერებენ თავიანთ საქციელს?
  • როგორ აღმოჩნდებიან ახალგაზრდები პოლიციაში?
  • როგორ მიმდინარეობს გამოძიების პროცესი?
  • შეაფასეთ კორი ვაისის ქმედება, როცა ის მეგობარს პოლიციაში გაჰყვა?
  • რას ნიშნავს სისტემური ძალადობა? რამდენად ჩანს სისტემური ძალადობის ნიშნები პირველ სერიაში?
  • თქვენი აზრით, სად უშვებენ შეცდომას დაკავებული ბავშვები?
  • სწორად მიგაჩნიათ ჟურნალისტების თვალწინ ბრალდებული არასრულწლოვანების გამოჩენა?
  • სად იკვეთება დისკრიმინაციის ნიშნები?

 

მინისერიალის ყურებისას აწარმოეთ კინო-დღიური და აღწერეთ:

 

მინისერიალის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ, მოსწავლეებს შესთავაზოთ კომპლექსური დავალება. ამ დავალებით დაფარავთ სამოქალაქო განათლების ერთ-ერთ ცნებას – დემოკრატია.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ფილმის მთავარი გმირების ადვოკატი. შეადგინეთ საჩივარი/განცხადება გაეროს ბავშვთა ფონდის სახელზე. საჩივარში/განცხადებაში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:
ბავშვის უფლებები, რომლებიც დაირღვა არასრულწლოვანებთან მიმართებაში; ადამიანის ულფებები, რომლებიც დაირღვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში; დემოკრატიის პრინციპები, რომლის უგულველყოფაც ხდება საგამოძიებო სტრუქტურების, სასჯელაღსრულების დაწესებულებისა და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან.

 

ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოსწავლეებმა კარგად გაიაზრონ, როგორ იცავს კანონი მათ ინტერესებს საქართველოში.

სთხოვეთ ბავშვებს, პროკურორს – ლინდა ფეირსტეინს მიწერონ წერილი, რომელშიც განუმარტავენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო და ბავშვის უფლებათა კოდექსებით (X თავი) გარანტირებულ უფლებებს.

შექმენით აფიშა/პოსტერი, რომლითაც თქვენ მეგობრებს ამ ფილმით დააინტერესებთ.

ბუნებრივია, ფილმის შესახებ ვერ/არ გაწვდით ამომწურავ ინფორმაციას. სტატიის მიზანი თქვენი ამ მინისერიალით დაინტერესებაა. გიტოვებთ აქტივობებს სამუშაოდ. რა თქმა უნდა, თქვენც შეგიძლიათ მოიფიქროთ ახალი დავალებები. სიამოვნებით გავეცნობი რეკომენდაციებს, ემოციებსა და მიღებულ შედეგებს. მჯერა, რომ მოსწავლეებიც კმაყოფილი დარჩებიან, დაფიქრდებიან განვითარებულ მოვლენებზე და დაუკავშირებენ მას ქართულ რეალობას.

 

! შენიშვნა: ფილმში გამოყენებული ლექსიკისა და ძალადობრივი სცენების გამო დაწესებულია ასაკობრივი ზღვარი. მისი ყურება რეკომენდებული +16 წლის ასაკიდანაა.

 

გამოყენებული რესურსები:

როცა ისინი დაგვინახავენ – https://www.adjaranet.com/movies/1003307/When-They-See-Us?lang=GEO&quality=SD&season=1&episode=1;

ბავშვის უფლებათა კონვენცია – https://www.library.court.ge/upload/CRC_child_friendly-resized.pdf;

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია – https://ungeorgia.ge/uploads/UDHR-60Geo.pdf;

ბავშვის უფლებათა კოდექსი – https://teen.court.ge/appealAllFiles/files/appeal_docs/1587726512__-150909424.pdf;

არასრულწლოვნის ცალკეული უფლებები სისხლის სამართლის პროცესში

https://teen.court.ge/?news=104.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი