სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

კორონას დღიურები (ბოლო ფურცელი)

ადამიანი, ეს უცნაური და ამოუცნობი არსება, ძალიან, ძალიან გამძლეა. ამ პატარა პლანეტაზე ის გამარჯვებისთვის დაიბადა, ოღონდ დაიბადა ასეთი – შურით, სიყვარულით, ბოროტებით, სიკეთით. ამას რა შეცვლის? ერთწლიანი ჩაკეტილობა? სასაცილოა. ადამიანები იცვლებიან, ოღონდ ფერისცვალების ძალა ცოტას აქვს და ეს ძალაც არ გულისხმობს ადამიანობიდან ბოლომდე ამოვარდნას. მარტის თვე იყო მგონი, მეც ვთქვი – სამყარო ვერასდროს იქნება იმგვარი, როგორიც აქამდე მეთქი და უფრო ემოციური სიტყვა გამოდგა ეს, ვიდრე ნაფიქრი. დიახ, რაღაც წესები შეიცვლება, მაგრამ ეს სულ იცვლებოდა – შურის, სიყვარულის, ბოროტების, სიკეთის საზღვრებში.

ვაკვირდები და ვხედავ, რაც აქამდე წიგნებიდან ვიცოდი – ის რაც ხანგრძლივია, რაც უნდა საშინელი და მომაკვდინებელი იყოს, ჩვეულებრივდება. ის, რაც ჩვეულებრივდება, ადამიანისთვის იოლი ლუკმაა. ადამიანს სძულს სიკვდილი, მაგრამ ვერ აშინებს. იმ შიშზე ვამბობ, სიცოცხლეს რომ არ შეგამჩნევინებს. სიცოცხლე თავს გაძალებს. ასეა ახლა აქაც, იტალიაშიც და ამერიკაშიც.
ჩვენ ადამიანები ვართ – ყველაზე გულმოწყალე და სასტიკი არსებები შემჩნეულ სამყაროში.
და ჩვენ გავიმარჯვებთ!

 

ერთმა მოსწავლემ, მეექვსეკლასელმა, ონლაინ-გაკვეთილისას მითხრა: მასწ, მე დილით ისევ ჩვეულებრივ ადრე ვდგები, საგარეო ტანსაცმელს ვიცმევ, ჩანთაში წიგნებს ვალაგებ, სადარბაზომდე ჩავდივარ და მერე ისევ უკან ვბრუნდები, სკოლა ისე მომენატრაო.
ხომ მაგარია? კინოკადრი.

 

შაბათ-კვირის მოხალისეობის აღსრულებისას, მორიგი მისამართის გზა მზეთუნახავის თმასავით დაგრძელდა, დაგრძელდა და უკვე რომ ლამის მართლა ზღაპარის ლაბირინთში გვეგონა თავი – რაღაც ვიცანი. ვერაფრით გავიხსენე საიდან ან რატომ – მაგრამ ძალიან ცხადად და მძაფრად ვიცანი. და დაღლისგან გამოვფხიზლდი. ვხედავდი, რომ ეს ,,შუკები” , არამხოლოდ იმ ოჯახისკენ მიმიძღოდნენ, არამედ სადღაც უკან, ოდნავ ბუნდოვანი წარსულისკენ მიდიოდნენ გზები. ერთი შესახვევი, მეორეც და მეხუთე ზარი: ” აგერ, ა, მკტარი ტრაკტორი გდია და მაქანით შემუუხოვ მარცხნივ და მერე მარჯვენა კედაროზე თხაი დგანა ამ დროიზა ძეგლივით და მაქანაც შემუუხოვ უკვე მარცხნივ და მე დაგხთებით ჭიშკართან” მივედით და ბახ! იქ, ორმეთის გადასახვევზე, ჭიშკართან ჩემი თავი დამხვდა. ოღონდ 2004 წელი იდგა და კეპი არ მეხურა. მე და ჩემი სამი მეგობარი ვიყავით. გადავწყვიტეთ მანდარინი გვეყიდა გურია-აჭარაში და აზერბაიჯანში გაგვეყიდა. მე გაზეთის გამოცემა მინდოდა, ლიტერატურულის – მათ საკუთარი გეგმები ჰქონდათ. ფული ძლივს ვისესხეთ და ვიყიდეთ. ნაწილი მატარებელში მოგვპარეს, ნაწილი საზღვარზე დაგვილპა – დიდხანს გაგვაჩერეს და რაღაც თავგადასავლები – ადრეც მომიყოლია. ჰოდა, იმ დროის გაკვეთილები იქით იყოს და დღეს, სრულიად მოულოდნელად იმ სახლის ჭიშკარს მივადექი, სადაც დიდიიიიი, დიდი ხნის წინ ერთი ავანტიურისტი ბიჭი, ყუთებში ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ – ,,იაშიკებში” მანდარინს გაყინული ხელებით მედგრად ვალაგებდი. ძალიან, ძალიან დავიბენი, პროდუქტები მეგობარმა მიაწოდა, თორემ დამავიწყდებოდა. ბოლოს იმ შესანიშნავ ქალსაც ვუთხარი, ვინც შვილებითურთ დაგვხდა და ოდნავ, სულ ოდნავ მოაგონდა ჩემი მაშინდელი სტუმრობა.
დიდი ამბავი იყო. დიდი ნადავლით. ზურგზე ლამის მივიწყებული ბავშვობა მოვიკიდე და მსუბუქად წამოვედი.

 

დღეს ერთმა ჟურნალისტმა მომწერა, თქვენი ყველაზე სასიამოვნო მოგონება მოგვიყევით ბავშვობიდანო. ცოტა დავიბენი და მერე გამახსენდა გზა მამაჩემის სამსახურიდან სახლამდე. ბაღიდან სამსახურში რომ მივყავდი და მერე სახლისკენ – კისერზე შემომჯდარი. გზაზე საღამოვდებოდა და ზოგჯერ მთვარე ამოდიოდა. მამაჩემი დაჟინებით მეუბნებოდა: ბიჯო, გახედე, გახედე, მთვარეც ჩვენთან ერთად მოდის! მე მარცხნივ ვატრიალებდი თავს და თვალი მიშტერდებოდა. მთვარე ოდნავი ბარბაცით მოდიოდა, ოზურგეთში, კალანდარიშვილის ქუჩაზე, # 12 – ისკენ. მე და მთვარე ერთმანეთს ვუყურებდით. იმ გზაზე ხშირად ვბრუნდები ხოლმე. იმ გზაზე, სადაც მე, მამა და მთვარე მოვდივართ. იქ, სადაც ხელებს ცამდე ვაწვდენდი. ადრე – მამაჩემის კისერზე შემომჯდარი. მერე, გავიზარდე და ხელები დამიმოკლდა და ცაც ამაღლდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი